| ქალი და მამაკაცი |

ნატალია ბერეჟიანის გმირს – ციცინოს, სერიალიდან "გოგონა გარეუბნიდან", დიასახლისობა და ყველანაირი საოჯახო საქმე ეხერხება. თავად მსახიობი როგორი დიასახლისია, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ნატალია, ოჯახში როგორი ხართ?
– თავის ქებაში თუ არ ჩამომართმევთ, ვფიქრობ, რომ კარგი დიასახლისი ვარ. ვგიჟდები სისუფთავეზე, წესრიგზე. ყოველთვის ყველაფერი უნდა იყოს დალაგებული და თავის ადგილზე დადებული. ძალიან ცუდად მხდის არეულობა, მიყრილ–მოყრილი ნივთები. ამ თემასთან დაკავშირებით ყველა ჩემი ახლობელი დამცინის, რადგან მეუბნებიან, რომ ცოტა შიზოფრენიაში გადაგდის ამდენი ლაგებაო. მაგალითად, ლონდონში გასტროლებზე რომ წავედით (მე მეგობრებთან ერთად ცოტა ადრე ჩავედი, მერე ჩამოვიდა თეატრი) და ჩემი მეგობრის სახლში შევედი, აბაზანა საშინელ დღეში დამხვდა. ჩემს მეგობარს ვუთხარი, რომ ამ აბაზანაში ვერ დავიბან–მეთქი. მაშინვე გავაგზავნე ჩემი კლასელი ბიჭები მაღაზიაში და აბაზანის გასაწმენდი საშუალებები მოვატანინე. აბაზანას რომ ვხეხავდი, კარებში ჩემი მეგობარი დადგა და მითხრა, რა მნიშვნელობა აქვს შენთვის, გინდ ლონდონში წაგიყვანონ და გინდა ხაშურში, მაინც ერთადერთი, რითაც კავდები, ხეხვააო. იმდენადად ცუდად მხდის უსუფთავობა, რომ მირჩევნია ყველაფერი დალაგებული იყოს.
– როდესაც საოჯახო საქმეს აკეთებთ, როგორ ფორმაში ხართ?
– საშინაო ფორმა მაცვია, ხეხვის დროს ქლორი რომ დამესხმება, გული რომ არ დამწყდეს. აკო სულ ამას მეუგნება, ნუ დადიხარ სახლში დაძონძილი, სახლშიც ხომ უნდა იყო ლამაზადო. მე კი ვპასუხობ, საქმეს თუ აკეთებ, გამოპრანჭული ვერ იქნები–მეთქი.
– ზაფხულობით, როდესაც დასასვენებლად მიდიხართ, იქ როგორ იქცევით?
– როდესაც ზღვაზე მოვდივართ და დიასახლისი გვეტყვის, ოთახი დალაგებულია და შებრძანდითო, მოვითხოვ მტვრის საწმენდ ჩვარს და თავიდან ვალაგებ ოთახს. კარადაში ტანსაცმელს მანამდე არ შევალაგებ, სანამ არ გავწმენდ და სუფთა ქაღალდს არ დავაფენ.
– თქვენ პატარა გყავთ, თანაც, გადაღებების გამო, ხშირად დაკავებული ხართ, როგორ ასწრებთ საოჯახო საქმეებს?
– ჩემი დედამთილი ძალიან კარგი დიასახლისია და ყოველთვის ხელს მიწყობს. მარტო ნამდვილად ვერაფერს მოვახერხებდი, რადგან ძალიან დატვირთული ვარ. როცა გადაღება არა მაქვს, ყველაფერს ვაკეთებ. ბავშვიც ყოველთვის სუფთა და მოწესრიგებული უნდა იყოს.
– დამხმარე ქალი არა გყავთ?
– როგორ არა. კვირაში ორჯერ მოდის ქალი, რომელიც გვეხმარება.
– ხშირად დიასახლისები დამხმარე ქალების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამენ, ამბობენ, რომ ჩვენს გემოზე ვერ ალაგებენო.
– ასე ვარ მეც, მაგრამ ძალიან დიდი სახლია, თან ეზოც მისახედია. ამიტომ ერთი ქალი ამ ყველაფერს ვერ გასწვდება. სად ერთი ქალი რომ გააკეთებს საქმეს და სად ორი.
– არის მომენტები, როდესაც დედამთილს რძლის გაკეთებული საქმე არ მოსწონს და პირიქით, თქვენ უთანხმოება არა გაქვთ?
– ჩვენთან ასეთი უთანხმოება არ არის, თუმცა, პატარა რაღაცეები არსებობს. მაგალითად, როდესაც ჩემი დედამთილი – ხათუნა კერძს ამზადებს და საჭმლის სუნი დგება სახლში, სულ ვეუბნები, ფანჯარა გააღე, რა სუნია–მეთქი. ისიც ხუმრობით მპასუხობს, ჭამა ხომ კარგად გიყვარს, მაგრამ სუნი არ მოგწონსო. ჩვენ უფრო მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. საშინელი წიკები მაქვს, როდესაც სახლში საჭმლის სუნი დგას, ცუდად ვხდები, ასე მგონია, ეს სუნი მეც ამდის და ტანსაცმელს ვიცვლი.
– კერძებს ამზადებთ?
– ხათუნა ამზადებს გემრიელ კერძებს, თუმცა, საჭმელებს მეც ვაკეთებ.
– ყველაზე ძალიან რომელი კერძის მომზადება გიყვართ?
– ძალიან ბევრი რაღაცის, კონკრეტულად ვერ გეტყვით. სანამ გავთხოვდებოდი, სახლში მე და დედას საქმეები გვქონდა გადანაწილებული. დედა ალაგებდა, მე საჭმელებს ვაკეთებდი. ახლა ხათუნა ისეთ გემრიელ საჭმელებს ამზადებს, რომ აღარ ვეჩხირები.
– კონკრეტულად რომელი კერძები გიყვართ?
– პრეტენზიული არა ვარ. ყველაფრის ჭამა შემიძლია, მაგრამ სადილი აუცილებლად უნდა მივირთვა, რათა მთელი დღე დანაყრებული ვიყო. მიყვარს ხორციანი კერძები. ხორცს თუ არ ვჭამ, მგონია, რომ მშიერი ვარ. ძალიან მიყვარს შემწვარი ქათამი. ერთადერთი, იმიტომ არ ვჭამ მთლიან ქათამს, რომ სხვამაც უნდა ჭამოს. ასევე მიყვარს ყველი, თითქმის ყველა კერძს ყველს ვაყოლებ. მიუხედავად იმისა, რომ შემწვარი ქათამი მიყვარს, ქათამს ვერ დავკლავ და ვერ გავბუტავ. როდესაც ქათამი იპუტება, რაღაცნაირი სუნი აქვს და ამიტომ ვერ გავპუტავ.
– ცომეულსა და ნამცხვრებთან როგორ ხართ?
– ტორტები არ გამომიცხვია, თუ დამჭირდა, გამოვაცხობ, მაგრამ უფრო "პეროგებს" ვაკეთებ.
– წონაში მომატების არ გეშინიათ?
– პურს ნაკლებად ვჭამ. თუ ერთი დღე ცოტა მეტი მომივიდა, მეორე დღეს ვცდილობ, განტვირთვა მოვიწყო. ორსულობის პერიოდში 30 კილო მოვიმატე, მაგრამ სამ თვეში დავიკელი.
– უცხოური სამზარეულოდან რომელს გამოარჩევდით?
– ძალიან მიყვარს ჩინური სამზარეულო. მიყვარს პიკანტური გემოს მქონე კერძები. ეგზოტიკური კერძებიც მიყვარს. შევჭამ გველს, ბაყაყს, ზღვის პროდუქტებს, მაგრამ არასდროს გავსინჯავ ძაღლისა და ცხენის ხორცს.
– ამბობენ, მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადისო, თქვენ თუ გამოგიყენებიათ ეს მეთოდი?
– არ გამომიყენებია. სანამ კუჭამდე მივედი, მანამდე აკოს გული მოგებული მქონდა. ისე, ყველა კაცს სიამოვნებს, როდესაც ემსახურები, მიართმევ, მოართმევ, მაგრამ ასეთ საკითხებში ცოტა მოვიკოჭლებ, რაზეც ჩემი მეუღლე ბუზღუნებს. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ქალის მოვალეობა არ არის, მეუღლეს სუფრა აუცილებლად გაუშალოს. როგორც მე ვიღლები, ისე ის იღლება.
– ამაზე თქვენს მეუღლესთან კონფლიქტი არ მოგდით?
– არა. იმიტომ, რომ თავის თავს მიხედავს, ხოლო ჭურჭელს მერე მე დავრეცხავ.
– აკოს თქვენთვის თუ მოუმზადებია რამე?
– კი. კერძების მომზადება არ ეხერხება, მაგრამ ჩაი, ყავა, ხანდახან ბუტერბროდები მოუმზადებია.
– დათუნას რა უყვარს დედის გაკეთებული?
– დათუნას ყველაზე ძალიან არაჯანმრთელი პროდუქტები უყვარს: ჰამბურგერები, კანფეტები, შოკოლადები, ნაყინი. კოკა–კოლასა და შოკოლადისთვის სამშობლოს გაყიდის. თუმცა, სულ ვცდილობ, ნატურალური საკვები მივცე. სადამდეც შემიძლია ვაკონტროლო მისი რაციონი, გავაკონტროლებ.
– დათუნა 5 წლისაა, თუ აპირებთ მეორე შვილის გაჩენას?
– კი. თუ ყველაფერი კარგად იქნება, ამ შემოდგომაზე ვიფიქრებთ მეორე შვილზე. ცოტა ვნერვიულობ, რომ მეორე შვილი კარიერაში ხელს შემიშლის, მაგრამ მირჩევნია ახლა გავაჩინო, ვიდრე მერე, თან ჩემი დედამთილი ხელს ძალიან მიწყობს.
– ოჯახში ზამთრის მარაგს თუ აკეთებთ?
– კი. ძირითადად ხათუნა აკეთებს, თუმცა, მეც ვეხმარები. ბაზარშიც ხათუნა დადის.
– ბაზარში თქვენ არ დადიხართ?
– სტაბილურად ხათუნა დადის, ისე, მეც დავდივარ.
– ამბობენ, ოჯახში ორი დიასახლისი ზედმეტიაო.
– კი, რაღაც დისკომფორტი არის, მაგრამ პრობლემას ერთმანეთს არ ვუქმნით. გააჩნია, როგორი ადამიანები და როგორი დიასახლისები არიან. ადამიანს შეიძლება დედასთანაც მოუვუდეს კონფლიქტი. ეს ჩვეულებრივი მომენტია. როდესაც ნორმალური ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან, შენიშვნა საწყენი არ უნდა იყოს. როდესაც 6 წელი ერთად ცხოვრობთ, ერთმანეთისთვის რძალ–დედამთილზე ახლობლები ხდებით.
– სასმელებთან დაკავშირებით რას გვეტყვით?
– ძალიან მიყვარდა დალევა და სტუდენტობის პერიოდში კარგი კაცივით ვსვამდი. კაცი ვერ გაუძლებდა, იმდენს ვსვამდი. ამ ბოლო დროს ვეღარ ვსვამ და ცუდად ვხდები. აკო მეუბნება, დაბერდიო.
– კონკრეტულად რას სვამდით?
– ღვინო არ მიყვარს. ვსვამდი არაყსა და კონიაკს.
– ბევრში რამდენ ჭიქას გულისხმობთ?
– სტუდენტობის პერიოდში დამილევია ნახევარი ბოთლი კონიაკი. ახლა, ამდენი რომ დავლიო, მოვკვდები.
ლია ოსაძე, ჟურნალი გუმბათი. N 27

|
დღის სიახლეები
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ყვავილოვანი კომბოსტო კიბოს წინააღმდეგ
კულინარიული შედევრები
ხილი დიაბეტის წინააღმდეგ
დიეტა მოგბეზრდათ? ნაყინი შეჭამეთ












ფასტფუდი დეპრესიას იწვევს
კულინარიული შედევრები
ნინო თოლორდავას ქმარი წელიწადში ორჯერ შემწვარი კვერცხით აბედნიერებს 

კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები
გია ბაღაშვილი: "ჩემმა ცოლმა ზუსტად იცის, როგორი კერძები უნდა მომიმზადოს!"
თქვენთვის, გურმანებო
გუშინ მაკარონი ხომ არ მოგიხარშავთ?
თქვენთვის, გურმანებო
თამუნა ლეკვეიშვილი: "საჭმელს ყოველთვის მოვალეობის მოხდის მიზნით ვაკეთებ"
თქვენთვის, გურმანებო
კულინარიული შედევრები 






















































































