asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ლალი ბადურაშვილი ხინკალს არაყს აყოლებს
”გოგლა ლეონიძემ იოსებ ნონეშვილის ცოლს შემწვარი ინდაური გაარეცხინა”
ლალი ბადურაშვილი ხინკალს არაყს აყოლებს

2011-06-30 00:30:34



მსახიობი ლალი ბადურაშვილი ქართული ტრადიციული სამზარეულოსა და სუფრის თაყვანისმცემელია, არ მოსწონს კაფეებსა და დისკოტეკებზე აღნიშნული დაბადების დღეები თუ სხვა დღესასწაულები. დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, თუ ვისთან ერთად ზის სუფრასთან. მრავალი წლის წინ სწორედ ამ ტრადიციამ აჩუქა პირველი და მთავარი როლი. ქართული ლხინის სუფრასთან იჯდა, როცა მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ და რეჟისორმა ვახტანგ ტაბლიაშვილმა ნახეს და მასში შორენა კოლონკელიძის როლის შემსრულებელი აღმოაჩინეს ფილმისათვის "დიდოსტატის მარჯვენა".
საკუთარ კულინარიულ ოსტატობას ქალბატონი ლალი ზედმეტად კრიტიკულად უდგება, არადა დღეში ოჯახისთვის რამდენიმე სხვადასხვანაირი კერძის მომზადება უწევს.
– ქალბატონო ლალი, როდესაც ინტერვიუს შესათანხმებლად დაგირეკეთ, მითხარით, რომ სამზარეულოში ტრიალი დიდად არ გიყვართ. სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო.
– ვტრიალებ სამზარეულოში, მაგრამ განსაკუთრებული კულინარიული შესაძლებლობებით არ გამოვირჩევი. მაგ საქმეში დედაჩემი იყო ძალიან მაგარი. სამზარეულოში ისეთ ამბებს დაატრიალებდა ხოლმე, რომ მას შემდეგ მე ვეღარ ვიტყვი, რომ კულინარია კარგად მესმის.
– რომელი კერძები უყვართ თქვენს ოჯახში?
– სახლში ყველას სხვადასხვა გემოვნება გვაქვს. მე ცხარე და მწარე საჭმელები მიყვარს, მაგრამ ყველას გემოვნებას ვითვალისწინებ, ამიტომ დღეში რამდენიმე სახეობის საჭმელს ვაკეთებ. ყველაზე მეტად ქართული სამზარეულო მიყვარს. რა შეედრება ჩვენს ნიგვზიან საჭმელებს!
– როგორ ფიქრობთ, ქალი კულინარიული შესაძლებლობებით ფასდება? გემრიელი ხელი მისი პლუსია?
– რასაკვირველია! ქალისთვის კულინარიის ცოდნა წამყვან როლს თამაშობს. როცა ოჯახის წევრებს, შვილებს შენ მიერ მომზადებულ გემრიელ კერძებს მიართმევ, ამას რა შეედრება? ამის მაგალითი დედაჩემი იყო. სამწუხაროდ, მისი მეოთხედიც არ ვარ. ჩემი შვილები დღესაც მისტირიან ქეთო ბებოს ნახელავს. მას არაფრისგან შეეძლო უგემრიელესი საჭმლის მომზადება. მესმის, რომ 12 საათიანი სამუშაო რეჟიმის შემდეგ სახლში საჭმლის გაკეთება რთულია, მაგრამ როცა ქალი ხარ, გაცნობიერებული უნდა გქონდეს, რომ სამზარეულო შენი მოვალეობაა.
– დედისგან ალბათ მემკვიდრეობით გერგოთ რეცეპტები.
– დედაჩემი სქელ მჭადებს აცხობდა. ცხელ–ცხელს ზემოდან კანს გადააცლიდა და შუაგულში ყველს ჩააზელდა. ყველი შიგნით დნებოდა. ბოლოს გადაახვევდა და ბურთულებს აკეთებდა. თვითონ ფუნჩხულას ეძახდა. ჩემი შვილები სულ უკან დასდევდნენ, ფუნჩხულა გაგვიკეთეო. ახლა მე მეხვეწებიან, მაგრამ მისი ტყლიპვა მეზარება.
– როგორც მივხვდი, ქართული მამაპაპური სუფრები გირჩევნიათ ე.წ. ევროპულ სუფრებს.
– ევროპული სუფრებიც მიყვარს, მაგრამ ქართული მირჩევნია. კარგ ცხელ ხაჭაპურს, ხინკალს, ქართულად შეკმაზულ სალათებს, ტყემალს, შემწვარ წიწილას რა შეიძლება შეადაროს კაცმა?!
– ამ ყველაფერს რომ ზედმეტი კილოგრამები მოაქვს?
– ქართველებს ღამე გვიყვარს ჭამა და ეს ძალიან ცუდია. საღამოს 7 საათის შემდეგ დილის 12 საათამდე არ უნდა ვჭამოთ. შუალედში ყველაფრის ჭამა შეგვიძლია. თუ გვენდომება, ტკბილეულსაც ნუ მოვიკლებთ. თუ ასე მოიქცევით, პირობას გაძლევთ, რომ მოიმატებთ კი არა, პირიქით, ნელ–ნელა დაიკლებთ წონაში.
– თქვენ ასეთ რეჟიმში კვებას ახერხებთ?
– ჩემი ორგანიზმი ისე მიეჩვია ამ რეჟიმს, რომ ზუსტად საღამოს 6–დან 7 საათამდე მშივდება, ამ დროის მონაკვეთში კარგად ვვახშმობ და მერე დილის 12 საათამდე აღარაფერს გეახლებით. ყველა აღნიშნავს, რომ კარგ ფორმაში ვარ. ხანდახან გამონაკლისი შემთხვევებიც არის ხოლმე. თუ კარგ სუფრასთან მოვხვდები, რეჟიმს ვარღვევ.
– თქვენს ოჯახში გაშლილ სუფრებზე რა კერძებია ხოლმე?
– ჩვენს სახლში გაშლილ სუფრებზე აუცილებლად უნდა იყოს თევზი, ფხალი და ხორცეული. თუ გოჭი და საცივიც იქნება, მაგას რა სჯობია!
– თქვენი შვილების და შვილიშვილების თაობასაც უყვარს ოჯახური სუფრები?
– თქვენს თაობას სახლში გაშლილ სუფრებს კაფეებში ყოფნა გირჩევნიათ. ჩემი შვილიშვილი ნინიც (მომღერალი ნინი ბადურაშვილი. ავტ.) თავის დაბადების დღეებს სულ კაფეში იხდის. ეს უკვე თქვენი ცხოვრების წესია. ამას აქვს თავისი პლუსიც და მინუსიც. კარგია, რომ აღარ გიწევთ სუფრების გაშლა–ალაგება, მაგრამ ვერ ხვდებით, სახლში გაშლილი სუფრები რამდენ კარგ რამეს გაძლევთ. როცა სუფრის გარშემო საინტერესო ადამიანები სხედან, მათთან ერთად ყოფნა ძალიან სასიამოვნოა. მე ყოველთვის საინტერესო ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა. მათთან ერთად ქეიფი დღესასწაული იყო. ახალგაზრდა ქალსა და მამაკაცს შორის იმიტომ ვერ ლაგდება ურთიერთობა, რომ დისკოტეკებზე დადიან, იქ ყველა თავისთვის ცეკვავს და ერთმანეთთან კონტაქტს ვერ ამყარებენ. სახლში გაშლილ სუფრებთან ყველა კარგად წარმოჩინდება, ზოგჯერ მსუბუქი ფლირტიცაა. რასაც თქვენ ქეიფს და დროსტარებას ეძახით, არაა ქეიფი. ამის გამო მეცოდებით, რადგან თქვენ ამ ურთიერთობებს კარგავთ.
– თქვენი ლხინის სუფრებიდან ალბათ ბევრი კარგი მოგონება შემოგრჩათ.
– ერთხელ იოსებ ნონეშვილთან შევიკრიბეთ. მისი მეუღლე, მედეა, ძალიან კარგი კულინარი იყო, შეეძლო, არაფრისგან ულამაზესი სუფრა გაეშალა. იმ დღეს ინდაური შეწვა, საცივში ამოავლო და სუფრაზე მოიტანა. გოგლა ლეონიძემ შეუბღვირა, წაიღე ეს გათხუპნული ინდაური, გარეცხე და ისე მოიტანეო. მედიკომ მართლა წაიღო და გარეცხა ინდაური. ამის გამო ყველამ კარგად ვიცინეთ.
ჩემი მეუღლე ერთი პერიოდი კულტურის მინისტრი იყო. მასზე წინ ეს თანამდებობა ოთარ თაქთაქიშვილს ეკავა. ქუთაისში მოგვიხდა წასვლა. იქ ჯემალ ჭკუასელი დაგვხვდა. მან თავის გუნდთან ერთად კახური მრავალჟამიერი იმღერა. ჩემი მეუღლეც გულდამწვარი კახელია. უცებ დაიყვირა, თქვენი მრავალჟამიერი ნამდვილი ჰიმნიაო. გიგა ლორთქიფანიძე მოუტრიალდა და უთხრა, კარგი, რა, თაქთაქიშვილს მინისტრობა ხომ წაართვი და ჰიმნი მაინც დაუტოვეო (საბჭოთა საქართველოს ჰიმნი ოთარ თაქთაქიშვილს ეკუთვნოდა, ავტ.). ასეთი ეკლიანი იუმორიც საინტერესოს ხდის სუფრას.
რუსეთში ერთ–ერთ რესტორანში დაახლოებით 20 კაცი ვისხედით. თამადა ოთარ ფხალაძე იყო. თქვენ არ იცით, ეს რა კაცი იყო! გვერდითა მაგიდიდან 20 ჭიქა შამპანური გამოგვიგზავნეს და შემოგვითვალეს, თუ შეიძლება თქვენს მაგიდას შემოვუერთდებით, გიყურებთ, ამდენი საათის განმავლობაში მხოლოდ ერთი კაცი ლაპარაკობს და სიცილით იხრჩობით, გვაინტერესებს, რას ლაპარაკობს ასეთსო. ჩემი მეუღლე თემოც ძალიან ენამოსწრებული ადამიანია. კახელებს აქვთ მოკლე, მკვეთრი, მკვახე და ზუსტი იუმორი. ყოველთვის საინტერესოა მათთან ერთად სუფრასთან ჯდომა. ერთხელ მახსოვს, ჩემთან, სახლში სუფრასთან ისხდნენ გოგი დოლიძე, დავით გოგიაშვილი (თავგასა), ზაურ ბოლქვაძე... ხომ წარმოგიდგენიათ, რა ამბავს დაატრიალებდნენ? გარშემო არც ერთი კორპუსის მცხოვრებს არ დაუძინია, ისე მოილხინეს. ხშირად ნინი ამბობს, ბაბუაჩემის, იმედას ამხანაგებში უფრო კარგ დროს ვატარებო.
– ღვინოებიდან რომელს ანიჭებთ უპირატესობას?
– კახელების რძალი ვარ და უპირატესობას კახურ თეთრ და შავ ღვინოებს ვანიჭებ. ორი ჭიქა შავი ღვინო ნებისმიერ დროს შემიძლია დავლიო. ხინკალთან არც არაყზე ვამბობ უარს.
ქეთი დინოშვილი, ჟურნალი სარკე. N 26


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ლალი ბადურაშვილი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online