asdas
ცნობილი ადამიანები
როგორ მოვამზადოთ სოკოს სალათა
როგორ მოვამზადოთ სოკოს სალათა
როგორ მოვამზადოთ სოკოს სალათა

2011-04-04 15:41:44



სალათის მომზადება ერთი შეხედვით ადვილი საქმეა. დიასახლისებს კი, ყოველთვის ურჩევნიათ საღი, ახალი და რაც მთავარია, ბოსტნეულით გამდიდრებული საკვები. ასე თუ ისე, ყველა ქალბატონს მზარეულები ურჩევენ, სალათები საკუთარი რეცეპტებითაც მოამზადონ. მარხვის დღეებში ყველაზე აქტუალური სოკოს სალათებია, აგრეთვე არანაკლებად აქტუალურია ტკბილი და მარილიანი ფლავი. როგორ მოვამზადოთ სოკოს სალათი და რა არ უნდა დაგვავიწყდეს კარგი ფლავის მომზადებისას, ამ საკითხთან დაკავშირებით ერთ–ერთი რესტორნის შეფ–მზარეულ, დავით ნემსიწვერიძეს ვესაუბრეთ.

– რომელი სალათია ამჯერად ყველაზე აქტუალური?

– სოკოს სალათი მარხვის დღეების მენიუს მთავარი ნაწილია. მე ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ სოკოს კეცზე, მით უმეტეს, ქამას, არაფერი ჯობია, თუმცა, ოჯახურ პირობებში ამ ყოველივეს მომზადება ცოტა რთულია, რადგან კეცზე შემწვარ სოკოს თავისებური სუნი უნდა დაჰკრავდეს, ანუ ბოლის სუნი, რომელიც სახლის პირობებში, თუ, რა თქმა უნდა, ბუხარი არ გაქვთ, რთული საქმეა. აქედან გამომდინარე, დიასახლისები და ჩვენი სტუმრები სოკოს უმეტესწილად სალათების სახით მიირთმევენ, ან თუნდაც ჩაშუშულ სოკოს ითხოვენ, რომელიც ბლინებთან ერთად უგემრიელესია.

– როგორ მზადდება სოკოს სალათი?

– სოკო აუცილებლად ნარჩევი და ახალი უნდა იყოს. სასურველია, თუ დაფასოებულს და უკვე გამზადებულ სოკოს შეიძენთ. ქამა სოკო, მოგეხსენებათ, ყველაზე გემრიელია, აქედან გამომდინარე, შეეცადეთ, თქვენი სალათები, უმეტესწილად, ქამა სოკოთი მოამზადოთ და წესები დაიცვათ, რომელსაც რეცეპტში შემოგთავაზებთ. ამჯერად ისეთ რეცეპტს ჩაგაწერინებთ, რომელსაც ვერსად ამოიკითხავთ, უბრალოდ, იმ მინარევების ერთობლიობას ჩაგაწერინებთ, რომელიც მე თვითონ მოვიგონე. შეეცადეთ, ეს ყოველივე თანმიმდევრულად გაიმეოროთ.

– ანუ თანმიმდევრობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება?

– ამას ხშირად მეკითხებიან. დიახ, დიდი მნიშვნელობა აქვს, რის შემდეგ რა ინგრედიენტს გამოვიყენებთ. თქვენ მარილს პირველად ხომ არ ყრით ქვაბში, ანუ იცით, რომ მარილი ბოლოსთვისაა საჭირო, აქედან გამომდინარე, ყველაფერს თავისი წესები აქვს. თანმიმდევრობა იმისათვისაა საჭირო, რომ არ დაიკარგოს იმ ინგრედიენტის გემო, რომელიც გვინდა, რომ ამა თუ იმ საკვებში ფიგურირებდეს. ამჯერად ჩაიწერეთ სალათი, რომელსაც "სოკოს ბრინჯითაც" მოიხსენიებენ.

სოკო ბრინჯით

– მოსამზადებლად დაგვჭირდება: ერთი შეფუთვა – ქამა სოკო; 400 გრამი – იტალიური ბრინჯი; სამარხვო მაიონეზი და შავი წიწაკა; მარილი გემოვნებით და აგრეთვე მწვანილები: ქინძი, ოხრახუში და კამა.

მომზადების წესი: სოკო აუცილებლად უნდა იყოს თეთრი და ნარჩევი, მოხარშეთ, ისე, რომ არ ჩაგიცვივდეთ, გადმოდგით და გააცივეთ. მოხარშეთ იტალიური ბრინჯი, ისე, რომ იმარცვლებოდეს და ერთმანეთს არ ეწებებოდეს. შეგიძლიათ, ცივ წყალში გაავლოთ და ასე უკეთესი იქნება. დაჭერით მწვანილები ძალიან წვრილად, თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად გულიანად მოამზადებთ ყოველივეს. აიღეთ დიდი ჯამი და დაყარეთ ბრინჯის ფენა, მოასხით მაიონეზი და მოაყარეთ მწვანილები, ახლა, სოკოს დროა, თუმცა, ჯერ დაჭერით ალყა–ალყა და შემდეგ მოაყარეთ ბრინჯსა და მწვანილებს, კვლავ მოასხით მაიონეზი და გაიმეორეთ ყოველივე, სანამ ინგრედიენტები არ შემცირდება. დრო და დრო მოაყარეთ მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით. სოკო ბრინჯით მზადაა. არასამარხვო დღეებში, ამ ყოველივეს შეგვიძლია დავუმატოთ ლორი, ხოლო სამარხვო მაიონეზი არასამარხვოთი შევცვალოთ.

– კიდევ, სოკოს რომელი საჭმელია სამარხვო დღეებში მოთხოვნადი?

– სამარხვო დღეებში ძალიან მოთხოვნადია სოკოს ბლინები, რომლის მომზადებაც ძალიან მარტივია, თუმცა, ამ შემთხვევაში ცომს დიდი მნიშვნელობა აქვს, ბლინების ცომს, რომელიც ყველა დიასახლისს კარგად არ გამოსდის და ურჩევნიათ შეიძინონ. ყველას მოუმზადებია ხორციანი ბლინები, ასე რომ, სოკო უნდა ჩაანაცვლოთ ხორცს და სოკოიანი ბლინები გამოაცხოთ. ის უგემრიელესია. ჩვენი სტუმრების კიდევ ერთი გამორჩეული საფირმო სალათი, ინგლისური სალათია, მოდით, ამჯერად ამ სალათის რეცეპტს ჩაგაწერინებთ.

– რატომ მოსწონთ ინგლისური სალათი?

– ძალიან გემრიელი სალათია, რომელსაც ოდნავ მწარე გემო დაჰკრავს. ის მიმზიდველია ყველა ადამიანისათვის. ბოსტნეულების ერთობლიობა ამ სალათს ვიტამინებით გამდიდრებულს ხდის, აქედან გამომდინარე, მასზე მოთხოვნა ორმაგად მაღალია, თანაც, მზა საკვების მირთმევა ზოგჯერ თქვენი ჯანმრთელობისთვის რეკომენდებული სულაც არ არის. აქედან გამომდინარე, ჯობია ოჯახურ პირობებში მოამზადოთ სალათი და ისე მიირთვათ.

ინგლისური სალათი

– მოსამზადებლად დაგვჭირდება: 100 გრამი – ქამა სოკო; 10 გრამი – მჟავე კიტრი; 75 გრამი – ნიახურის ძირები; 35 გრამი – სამარხვო მაიონეზი; 5 გრამი – მზა მდოგვი, 15 გრამი – ბულგარული წიწაკა; 5 გრამი – სალათის ფოთლები და 50 გრამი – გახუხული ტოსტის პური. თუ სამარხვო დღეები არაა, შეგიძლიათ დაუმატოთ 200 გრამი წიწილის შემწვარი თეთრი ხორცი. მოხარშეთ სოკო და კანგაცლილი და თესლებამოღებული კიტრი დაჭერით ნაჭრებად. ნიახური გარეცხეთ, გაწმინდეთ და დაჭერით წვრილ და გრძელ ნაჭრებად. ყველა პროდუქტი შეურიეთ ერთმანეთს და მოაყარეთ გემოვნებით მარილი. მოასხით მაიონეზი და მცირეოდენი მდოგვი. სალათი გადაიტანეთ სასალათეში და შემდეგ მოაყარეთ გახუხული ტოსტის პურის კუბიკების ფორმის ნაჭრები, მორთეთ წიწაკითა და სალათის ფურცლებით, შეგიძლიათ ზეთის ხილიც გამოიყენოთ.

შეგიძლიათ სამარხვო ფლავი მოამზადოთ და დესერტის სახით მიიტანოთ სუფრასთან.

ტკბილი ფლავი

– მოსამზადებლად დაგვჭირდება: იტალიური ბრინჯი; გარგრის ჩირი; ქიშმიში; ზეთი და ცოტაოდენი მარილი; შაქარი საჭიროებისამებრ; თაფლი და ანანასი. მოხარშეთ იტალური ბრინჯი და მოაყარეთ ქიშმიში, რა თქმა უნდა, გარეცხილი, როგორც ქიშმიში, ასევე გარგრის ჩირი, ჩაშუშეთ ბრინჯში და მოასხით თაფლი, ზეთი, მოაყარეთ მარილი და შაქარი, რაოდენობა განსაზღვრეთ თვალით, რადგან ინგრედიენტები, შეგიძლიათ თქვენ თვითონ განსაზღვროთ რამდენი გინდათ. ამოჭერით ანანასი და მოათავსეთ ფლავი ამოჭრილ ანანასში, ეს ყოველივე მეტ სიტკბოებას შესძენს. თუ ტკბილი არ გიყვართ, თაფლი და შაქარი შეგიძლიათ საერთოდ ამოიღოთ ინგრედიენტებიდან.

თამარ ლაშხია



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: კვება
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523248
1523448 online