| ქალი და მამაკაცი |

ტელეჟურნალისტი მარინა სალუქვაძე ამბობს, რომ მეგობრები და ახლობლები მას კარგ დიასახლისად მიიჩნევენ. ჯერ კიდევ პატარაობიდან იყო დაინტერესებული სამზარეულოთი და დედას ეხმარებოდა. როდესაც დედასა და ბებიას უყურებდა, როგორ ამზადებდნენ, თავადაც იმახსოვრებდა და მერე ნელ-ნელ აითვისა საჭმელების კეთება. ამ და სხვა საკითხებზე მარინა სალუქვაძემ "გუმბათთან" ისაუბრა და ჩვენი მკითხველისთვის რეცეპტებიც შემოგვთავაზა.
- ქალბატონო მარინა, რა სიახლეებია ამჟამად თქვენსკენ? როგორც მახსოვს, გადაცემის გაკეთებას აპირებდით. ამ მხრივ რამე ახალი არის?
- ამჟამად ჩემი მეუღლის, ზაზა მარჯანიშვილის კონცერტების დაგეგმვით ვარ მთლიანად დაკავებული. სხვა პროექტს რაც შეეხება, ამაზე, ჯერჯერობით, ვმუშაობ და წინასწარ ამაზე საუბარი არ მსურს.
- საოჯახო საქმეებს თავად აგვარებთ?
- კი. ყველაზე ხშირად სადილის კეთება და დალაგება მიწევს ხოლმე. მე უფრო სამზარეულოში ტრიალი და კერძების კეთება მსიამოვნებს.
- რასთან ასოცირდება თქვენთვის სამზარეულო?
- ოჯახთან, ოჯახურ გარემოსთან, კეთილგანწყობასთან, სიმშვიდესთან და საჭმელებთან. სამზარეულოში ყოფნა ძალიან მსიამოვნებს.
- საკუთარ თავს, როგორც დიასახლისს, როგორ დაახასიათებთ?
- საუკეთესო დიასახლისად, მეუღლეც ზუსტად ასე თვლის. პატარა რომ ვიყავი და დედას და ბებიას ვუყურებდი, მათგან ვსწავლობდი ყველაფერს. მერე ნელ-ნელა ხელი გავიწაფე. საუკეთესო ვარ-თქო, ეს ხუმრობით ვთქვი, თუმცა, როგორც ჩემი ახლობლები და მეგობრები ამბობენ, კარგი ხელი მაქვს. მეც მომწონს ეს პროცესი.
- თქვენი პირველი კულინარიული ნახელავი გახსოვთ?
- ეს, ალბათ, ეზოში სილაში თამაშისას გამოცხობილი ტორტი იყო. თორემ კერძები, რისი გაკეთებაც პირველად დავიწყე, არ მახსოვს. ყველაფრის კეთება ნელ-ნელა დავიწყე. ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, როდესაც დედას ვეხმარებოდი.
- დღეს უმეტესად რომელი კერძის კეთება გიწევთ?
- ყველაზე ხშირად ყავის კეთება მიწევს, ვიდრე კერძების. ჩემი მეუღლე რეაქტიული სისწრაფით მიირთმევს ყავას. საჭმელებს რაც შეეხება, ხან რას ვამზადებ, ხანაც რას. როდესაც საჭმლის კეთებას დავაპირებ, ჩემი ოჯახის წევრების გემოვნებას ვითვალისწინებ. ჩემმა მეუღლემ და შვილმა უნდა მიირთვან და ამიტომ ისეთს ვაკეთებ, რაც მათ მოსწონთ. უმეტესად ვცდილობ, რომ საჭმელი ნაკლებად ცხიმიანი და კალორიული იყოს და თან გემრიელი.
- არის ისეთი კერძი, რომლის გაკეთებაც არ გიცდიათ ან არ გამოგსვლიათ?
- კი, არის. მაგალითად, ტოლმასა და ლობიოს არ ვაკეთებ. ლობიო მწყენს, ტოლმა კი მძულს. ერთხელ ჩინური ტკბილეულის გაკეთება გადავწყვიტე და ისეთი გამოვიდა, რომ კინაღამ კბილი მოვიტეხე.
- ნამცხვრებთან და ცომეულთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- ნამცხვრებს ვაცხობ. ტორტსაც ვაცხობ და სააღდგომო პასქებსაც. ჩაგაწერინებთ ერთ-ერთი ნამცხვრის რეცეპტს, რომელსაც ხშირად ვაკეთებ. ეს არის ფორთოხლის კექსი.
უნდა მოვხარშოთ 2 ფორთოხალი. რომ გაცივდება, გავწუროთ და ხორცის საკეპ მანქანაში გავატაროთ. ასევე გავატაროთ ორი ჭიქა მოხალული ნიგოზი. ცალკე გათქვიფეთ 6 კვერცხის გული, 2 ჭიქა შაქარი, 100 გრამი კარაქი, ერთ ჭიქამდე საფანელი (3/4 ჭიქა), ორი კოვზი მაწონი და ერთი ჩაის კოვზი სოდა. შემდეგ შეურიეთ გატარებული ფორთოხალი და ნიგოზი. ცალკე ათქვიფეთ 6 კვერცხის ცილა და ძირითად მასაში აურიეთ. ეს მასა ღრმა ფორმაში ჩაასხით, რომელსაც ძირში კარაქი ექნება წასმული და ნელ ცეცხლზე გამოაცხვეთ.
- სამზარეულოში უცებ ამზადებთ ყველაფერს, ანუ სწრაფი ხელი გაქვთ?
- კი, სწრაფი ხელი მაქვს და ყველაფერს სწრაფად ვაკეთებ. უცებ სტუმარი თუ მოვა, მას ადვილად გავუმასპინძლდები.
- და თუ მაცივარში თითქმის არაფერია, მაინც შეგიძლიათ, რომ რაღაც მოამზადოთ?
- კი, რაღაცას მაინც გამოვნახავ, მაგრამ თუ სახლში საერთოდ არაფერია, ასეთ დროს გამიჭირდება რამე კერძის მომზადება.
- ნახევარფაბრიკატებს ან მზა პროდუქტებს იყენებთ?
- უმეტესად საჭმელს სახლში მივირთმევ, მაგრამ ზოგჯერ გარეთ ჭამაც მიწევს და სახლში მზა პროდუქტების მოტანაც. ნახევარფაბრიკატების მიმართ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. როდესაც იმის დრო არ მაქვს, რომ რაღაც მოვამზადო, მზა პროდუქტს ვყიდულობ.
- დიდი, სადღესასწაულო სუფრის თავად გაშლა გიწევთ ხოლმე?
- რა თქმა უნდა. თუ რამე სუფრა იშლება ჩვენს ოჯახში, თავად ვამზადებ ყველაფერს. ეს ჩემთვის სირთულეს არ წარმოადგენს.
- თავად გურმანი ხართ?
- კი და რაც გემრიელია, ყველაფერი მიყვარს. თუმცა, ყველაფერს ყავა და შოკოლადი მირჩევნია. რომ გითხრათ, ამას სპეციალურად მივირთმევ და დიეტურად ვჭამ-თქო, ასე არ არის. უბრალოდ, ასე გამოდის, რომ საჭმელებზე მეტად, ყავისა და შოკოლადის მიღება მიყვარს.
- ვიცით, რომ წლების წინ წონის პრობლემა გაწუხებდათ და დაძლიეთ. დღეს მის შესანარჩუნებლად რამეს აკეთებთ?
- მართლაც, ადრე ეს პრობლემა სულ მქონდა და ბავშვობის მერე 30 კილო მაქვს დაკლებული. ახლაც ვცდილობ, რომ ბალანსი დავიცვა. არ ვიცი, ადვილად ვიმატებ თუ არა, უბრალოდ, ნაკლებს ვჭამ.
- თქვენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს თქვენ მიერ მომზადებული კერძებიდან ყველაზე მეტად რომელი უყვართ?
- ყველაფერი უყვართ და ჩემთან დიდი სიამოვნებით მოდიან სტუმრად. ასევე ჩემს მეუღლესაც მოსწონს ის კერძები, რასაც მე ვამზადებ. რაც შეეხება ჩემს შვილს, მას განსაკუთრებით უყვარს ჩემი გამომცხვარი ნიგვზის ტორტი. ეს ტორტი ასე მზადდება:
უნდა გააკეთოთ 30-კვერცხიანი ბისკვიტი. 30 კვერცხს, 30 სუფრის კოვზ შაქარსა და ამდენივე ფქვილს ერთმანეთში აურევთ და გამოაცხობთ კრემისთვის დაგჭირდებათ: 5 ცალი კვერცხი, 3 ჭიქა შაქარი, 2 ჭიქაზე ნაკლები ფქვილი, 1 შეკვრა ვანილი და 2 ლიტრი რძე. ეს ყველაფერი ნელ-ნელა უნდა ათქვიფოთ და მოადუღოთ. უკვე რომ გასქელდება და გაცივდება, მიქსერით უნდა შეურიოთ 400 გრამი კარაქი, 5 სუფრის კოვზი ხსნადი ყავა და ამდენივე კონიაკი. ბისკვიტის დასანამად დაგჭირდებათ: 1 დიდი ჭიქა ხსნადი ყავა, რომელიც 2 სუფრის კოვზი ყავისგან და 4 სუფრის კოვზი შაქრისგან მზადდება. ამ გამზადებულ ყავას უნდა შეურიოთ ფორთოხლისა და ლიმონის ცედრა და ამ სითხით ბისკვიტს დანამავთ. ბისკვიტი 2 ნაწილად უნდა იყოს გაჭრილი. შემდეგ მომზადებულ კრემს წაუსვამთ და მორთავთ სურვილისამებრ.
- კონსერვების, მურაბების ან კომპოტების გაკეთება გიწევთ ხოლმე?
- არა, ასეთ რამეებს არ ვაკეთებ. კიდევ კარგი, რომ მურაბებიც, კონსერვებიც და სხვა დანარჩენიც იყიდება და მშვენიერი გემო აქვს.
- ბაზარში პროდუქტების საყიდლად თავად დადიხართ?
- დიახ, ბაზარში, ძირითადად, მე დავდივარ. როდესაც ჩემს მეუღლეს სცალია, ის მიდის საყიდლებზე, როცა მე მცალია, მე მივდივარ. ზოგჯერ ერთადაც მივდივართ ხოლმე. მომწონს ეს პროცესი, თანაც, პროდუქტის არჩევაც მეხერხება. შევაჭრებას რაც შეეხება, ეს ცოტათი მიჭირს ხოლმე. ვერ მოვთხოვ ვინმეს, რამეზე დამიკელი-თქო. რა ფასიც ადევს, იმ ფასში უნდა იყიდო. თუ არ გაწყობს, მაშინ სხვაგან იყიდე.
- რეცეპტების წიგნი ან რვეული გაქვთ, სადაც რეცეპტებს აგროვებთ?
- ბებიაჩემისდროინდელი რეცეპტების რვეული მაქვს, რომელიც დედაჩემს ჰქონდა და ახლა მეც ვიყენებ ხოლმე. თუმცა, მე დაზეპირებული მაქვს ყველაფერი და იშვიათად ვიხედები რეცეპტების რვეულში. თუ სადმე რამე კერძი მომეწონება, ვკითხულობ, როგორ მზადდება და ვიმახსოვრებ. თუმცა, საბოლოოდ მაინც ჩემებურად ვაკეთებ. ეს იმიტომ, რომ სამზარეულოში ექსპერიმენტების გაკეთება მიყვარს.
- რა რეაქცია გაქვთ, როცა ქალების ნაწილი ამბობს, სამზარეულოში არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ?
- მეცინება. ეს "გაპრანჭვის" ერთ-ერთი მეთოდია, თორემ, როგორ შეიძლება, ქალმა სცადოს საჭმლის კეთება და არ გამოუვიდეს.
- ბოლოს, მკითხველს მარინა სალუქვაძის საფირმო რეცეპტებიც გაანდეთ.
- დიდი სიამოვნებით. ახლახანს გავაკეთე ერთი სალათი და ძალიან მომეწონა. ქათმის ფილე ან ნებისმიერი მოხარშული ხორცი დაგჭირდებათ. თავდაპირველად, 300-400 გრამი ქამა სოკო და 2 თავი ხახვი უნდა მოთუშოთ, დაუმატეთ მარილი და ნახევარი კონა ქინძი. ეს ყველაფერი დიდ თეფშზე ერთ ფენად უნდა დადოთ. მოასხით იმდენი მაიონეზი, რომ დაიფაროს. მერე მოხარშულ, წვრილად დაჭრილ ხორცს დააწყობთ და ზევიდან ისევ ცოტა მაიონეზს გადაუსვამთ, რომელშიც არის შერეული დანაყული 1 კბილი ნიორი. შემდეგ ფენად გააწყობთ დაჭრილ მჟავე კიტრს, დაახლოებით, 100 გრამამდე. მერე 5 ცალ მოხარშულ კვერცხს დაჭრით წვრილად და მასაც ზემოდან დაალაგებთ. ბოლოს ისევ თხლად გადაუსვამთ დარჩენილ მაიონეზს და ზემოდან კამას მოაყრით. კამა 3-4 ღერი დაგჭირდებათ. ძალიან გემრიელი სალათი გამოდის და ამა თუ იმ ინგრედიენტის რაოდენობა იმის მიხედვით უნდა განსაზღვროთ, რამდენის გაკეთებაც გსურთ.
კიდევ ჩაგაწერინებთ წითელ ღვინოში შემწვარი ქათმის ფილეს რეცეპტს:
ერთი ქათმის ფილე უნდა დაჭრათ წვრილად და ღრმა ტაფაში მოათავსოთ. ზევიდან დაასხამთ 2 ჭიქა წითელ ღვინოს, ანუ იმდენს, რომ ხორცი დაიფაროს. ქათმის ფილე ღვინოში იხარშება და შემდეგ უკვე, როცა ღვინო ამოშრება, უნდა დავუმატოთ მარილი და 1 ჩაის კოვზი აჯიკა, რომ ძალიან ცხარე არ გამოგვივიდეს. შემდეგ 2 სუფრის კოვზი მაიონეზი და 2 სუფრის კოვზი კეტჩუპი უნდა დავამატოთ. ეს ყველაფერი კარგად უნდა აურიოთ და კერძი მალევე მზადდება.
თეონა კენჭიაშვილი

|
დღის სიახლეები
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ყვავილოვანი კომბოსტო კიბოს წინააღმდეგ
კულინარიული შედევრები
ხილი დიაბეტის წინააღმდეგ
დიეტა მოგბეზრდათ? ნაყინი შეჭამეთ












ფასტფუდი დეპრესიას იწვევს
კულინარიული შედევრები
ნინო თოლორდავას ქმარი წელიწადში ორჯერ შემწვარი კვერცხით აბედნიერებს 

კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები
გია ბაღაშვილი: "ჩემმა ცოლმა ზუსტად იცის, როგორი კერძები უნდა მომიმზადოს!"
თქვენთვის, გურმანებო
გუშინ მაკარონი ხომ არ მოგიხარშავთ?
თქვენთვის, გურმანებო
თამუნა ლეკვეიშვილი: "საჭმელს ყოველთვის მოვალეობის მოხდის მიზნით ვაკეთებ"
თქვენთვის, გურმანებო
კულინარიული შედევრები 















