asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

თქვენთვის, გურმანებო
თქვენთვის, გურმანებო
თქვენთვის, გურმანებო

2012-02-08 14:21:52



იმერული ხაჭაპური საფუვრიანი ცომით

მასალა: 1 კგ ფქვილი, 700 გრამი ყველი, 2-3 სუფრის კოვზი საფუარი.

მომზადება: მოვზილოთ საფუვრიანი ცომი, დავდგათ თბილ ადგილას, ცომი რომ გაფუვდება, დავჭრათ 6-7 ნაწილად, ამოვაგუნდაოთ, გავაბრტყელოთ, თითოეულზე მოვათავსოთ დაფშვნილი ჭყინტი ყველი და გავაბრტყელოთ, გამოვაცხოთ ჰაერღუმელში (ჯობს კეცებზე). მზა ხაჭაპურს ზემოდან წავუსვათ კარაქი.

კიბორჩხალას სალათა

1 ქილა დაკონსერვებული კიბორჩხალა გადმოვიღოთ თუშფალანგზე, გადავავლოთ ცივი წყალი, როცა დაიწრიტება, დავჭრათ წვრილად. შევურიოთ 1 ცალი წვრილად დაჭრილი მჟავე ვაშლი. კარგად ავთქვიფოთ 174 გრამი არაჟანი, 125 გრამი მაიონეზი, 2 ჩაის კოვზი პამიდვრის პასტა, ნახევარი ლიმნის წვენი, 1,5 სუფრის კოვზი კონიაკი, შავი და წითელი პილპილი, ერთი მწიკვი შაქარი, დავასხათ მომზადებულ მასალას, კარგად ავურიოთ, ჩავდოთ შესაფერ ჭურჭელში და მოვრთოთ თხლად დაჭრილი ლიმნით.

სოკოს სალათა

50 გრამი გაწმენდილ და გარეცხილ სოკოს დაასხით 250 გრამი თეთრი ღვინო, უყავით ერთი მწიკვი მარილი და 8-10 წუთი შუშეთ თავდახურულ ჭურჭელში, დაწრიტეთ თუშფალანგზე და მერე დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. თუ სოკო წვრილია, ნუ დაჭრით. 2 საშუალო ზომის სტაფილო გახეხეთ, დააჭერით 2 თავი ხახვი, 1 პამიდორი და რამდენიმე ღერი კამა, აურიეთ სოკოში და სალათა შეაზავეთ ცალკე მომზადებული სოუსით: კარგად ათქვიფეთ 4 სუფრის კოვზი ზეთი, 1 ლიმნის წვენი (ან ძმარი), ცოტა მარილი და შავი პილპილი.

მაკარონი ტომატში

მასალა: 400 გრამი მაკარონი. 4 სუფრის კოვზი ტომა-პიურე, 3 სუფრის კოვზი ზეთი, მწვანილი გემოვნებით.

მომზადება: ტომატ-პიურეს დავუმატოთ ცხიმი, ავადუღოთ და შემდეგ მივუმატოთ მოხარშული მაკარონი, კარგად ავურიოთ. თავზე მოვაყაროთ მწვანილი.

მწვანილის სალათი პამიდვრითა და ნიგვზით

მასალა: 1/2 კონა მწვანე სალათის ფოთლები, 150 გრამი მინდვრის ფხალი, 1 კონა დანდური, 1 კონა სხვადასხვა მწვანილი, 3 სუფრის კოვზი ნიგოზი, 200 გრამი პატარა პამიდორი, 2 სუფრის კოვზი ძმარი, 1 ჩაის კოვზი მდოგვი, მარილი, პილპილი, 4 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.

მომზადება: ფხალს მოვაცილოთ ფოთლები. გავარჩიოთ, გავრეცხოთ დანდური და დავჭრათ მსხვილად, მწვანილი კი - წვრილად. მოვხალოთ ნიგოზი, პამიდვრები გავჭრათ შუაზე. დავასხათ ძმარი, ზეითუნის ზეთი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და ავთქვიფოთ. შემდეგ ყველაფერი მოვათავსოთ სასალათეში. მოვასხათ მდოგვის მასა და კარგად ავურიოთ. გადმოვიღოთ თეფშებზე და მოვაყაროთ მოხალული ნიგოზი.

აჭარული კერძი - იახნი

მასალა: ხორცი - 2 კგ; ხახვი - 0,5 კგ; ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა; ზაფრანა - 3 კოვზი; ხმელი ქინძი - 3-4 სუფრის კოვზი; ნიორი - 2-3 თავი; მარილი, პილპილი - გემოვნებით.

მომზადება: მსუქანი ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად (შეიძლება ძვლებიანიც), დავასხათ წყალი ისე, რომ კარგად ფარავდეს და ვადუღოთ. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. ნახევრად მოხარშულ ხორცს დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, წმინდად დანაყილი ნიგოზი შეზავებული ზაფრანით, შავი პილპილით, ხმელი ქინძით და მარილით. ქურიდან გადმოდგომისას დავამატოთ დანაყილი ნიორი.

დატენილი კვერცხი

მასალა: 5 კვერცხი, 2 სუფრის კოვზი ზეთი, 1 კონა მწვანე ხახვი, 1 კონა ოხრახუში, მარილი, პილპილი, 200 გრამი ყველი.

მომზადება: მაგრად მოხარშული კვერცხი ნაჭუჭიანად ფრთხილად დავჭრათ სიგრძეზე ორად. მთლიანად მოვაცილოთ მოხარშული ცილა და გული წვრილად დავკეპოთ.

ტაფაზე ორ სუფრის კოვზ ზეთში მოვხრაკოთ წვრილად დაკეპილი მწვანე ხახვი, კამა, ოხრახუში, კვერცხი, გემოვნებით შევკმაზოთ მარილით და შავი პილპილით. გამზადებული სატენით ამოვავსოთ კვერცხის ნაჭუჭი. დავაწყოთ ტაფაზე, დაჭრილი პირით ზევით. მოვაყაროთ წვრილ სახეხზე გატარებული ქართული ან ჰოლანდიური ყველი და შევდგათ 10-15 წუთი ცხელ ღუმელში, შემდეგ ლამაზად დავაწყოთ თეფშებზე.



ღვეზელი ჩაისთვის

მასალა: 300 გრამი ფქვილი, 1 ჩაის კოვზი საფუარი, 2 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი, 1 კვერცხი, 4 სუფრის კოვზი რძე, 1 ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი, ნახევარი ლიმნის წვენი, 150 გრამი გამდნარი ნაღების კარაქი, 150 გრამი შაქრის ფხვნილი, 150 გრამი ნუში ან ნიგოზი, 250 გრამი ჟოლოს ჯემი, 2-3 სუფრის კოვზი არაჟანი, შაქრის პუდრა.

მომზადება: მოვზილოთ ცომი ფქვილის, საფუარის, კვერცხის, რძის, არაჟნის, მუსკატის კაკლის, კარაქის, შაქრისა და ნახევარი ულუფა ნიგვზისგან (საფუარი ოდნავ შემთბარ რძეში გავხსნათ), დავაფაროთ ფოლგა და შევდგათ 1 საათით მაცივარში.

ცომის ორი მესამედი გავაბრტყელოთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე. ჩავდოთ ცხიმწასმულ ფორმაში და ნაპირები კარგად შევასწოროთ. ჟოლოს ჯემში ჩავწუროთ ნახევარი ლიმონი. ავურიოთ დარჩენილი, დაჭრილი ნიგოზი და წავუსვათ ცომს. გავაცხელოთ ჰაერღუმელი 100 გრადუსამდე. დარჩენილი ცომით გავაკეთოთ ბრტყელი ზოლები, დაახლოებით 1,5 სმ სიგანის და ბადესავით დავაფინოთ ღვეზელის ცხიმმოსმულ ზედაპირს. წავუსვათ კვერცხის გული მხოლოდ ცომის ნაჭრებს და შევდგათ გამოსაცხობად 45-50 წუთი. როცა მომზადდება და გაცივდება, მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

კარტოფილის ღვეზელი სოკოთი

მასალა: 800 გრამი კარტოფილი, 4 კვერცხი, 1 კგ ნედლი სოკო, 1 სუფრის კოვზი ერბო, 1 თავი ხახვი, 2 სუფრის კოვზი არაჟანი, 1 ჩაის კოვზი ფქვილი, 1 ჩაის კოვზი საფანელი.

მომზადება: კარტოფილი გავფცქვნათ, მოვხარშოთ, რომ გაცივდება, გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. შევურიოთ 4 კვერცხის გული, შემდეგ ათქვეფილი ცილა და მიღებული მასა გავყოთ ორ ნაწილად. ერთი ნახევარი გავაბრტყელოთ ერბოწასმულ ღრმა ტაფაზე და მოვაწყოთ ზედ სოკოს ფარში. მეორე ნაწილს მივცეთ ლილვის ფორმა და მოვათავსოთ ღვეზელის ირგვლივ, წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი. სოკოს მოვაყაროთ საფანელი. შევდგათ ჰაერღუმელში და გამოვაცხოთ საშუალო ცეცხლზე.

სოკოს ფარშის მომზადება: სოკო კარგად გავრეცხოთ, დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად. ხახვი დავჭრათ წვრილად, მოვშუშოთ, ჩავაყაროთ სოკო, ვშუშოთ, სანამ სითხე არ ამოშრება და სოკო არ შეიბრაწება. გავაცივოთ. შევურიოთ ფქვილში და მარილში არეული არაჟანი.

ყავის ფლიპი

2 ჭიქა ყავის ლიქიორი, 1 კვერცხი, 2 ჭიქა უნალექო მაგარი ყავა, 1 ჭიქა შაქრის სიროფი, 1 ჭიქა ნაღები კარგად ავთქვიფოთ მიქსერით, ჩამოვასხათ ჭიქებში და მოვაფრქვიოთ ცოტაოდენი დარიჩინი ან წმინდად დაფქული ყავა.

ჩაის ფლიპი

წინასწარ გაციებული 1 ჭიქა არაყი, 1 ღვინის ჭიქა მაგარი ჩაის ნაყენი, 1 კვერცხის გული და 1 ჭიქა ნაღები ავთქვიფოთ მიქსერში და ჩამოვასხათ ჭიქებში.

ლიმნის კრუშონი

3 ლიმნის წვენს და 1 ლიმნის დახეხილ ცედრას დავუმატოთ 100 გრამი შაქარი, 2 ბოთლი თეთრი ღვინო და 1 საათით გვედგას მაცივარში თავდახურულ ჭურჭელში. სუფრაზე მიტანის წინ შევურიოთ 1 ბოთლი შამპანური ან 2 ბოთლი ლიმონათი.



დეკეულის ხორცის გულიაში

მასალა 1 ულუფაზე: დეკეულის ხორცი - 250 გრამი; კარტოფილი - 50 გრამი; ხახვი - 40 გრამი; ნიორი; ცხიმი - 20 გრამი; თეთრი ღვინო - 10 გრამი; კამა-ოხრახუში; ტომატის საწებელი - 100 გრამი; მარილი და პილპილი - გემოვნებით.

მომზადება: დეკეულის ბარკლის რბილი ხორცი ულუფაზე 8 ერთნაირ ნაჭრად დაჭერით. დაჭრილ ხორცს მოაყარეთ მარილი და პილპილი, აურიეთ და შეწვით ცხიმში. როდესაც ხორცი კარგად შეწითლდება, გადაიღეთ დაბალ, ფართო ქვაბში. ხორცის ნაწვავ ტაფაზე დაასხით ღვინო, წამოდუღებისთანავე ღვინო დაასხით ხორცზე, დაახურეთ სახურავი და 10-15 წუთი შუშეთ. ამის შემდეგ დაასხით ტომატის თხელი საწებელი იმდენი, რომ ხორცი დაიფაროს, ჩაუმატეთ მრგვლად შემწვარი თანაბარი ზომის კარტოფილი, ამასთან ერთად, ნივრისებურად დაჭრილი, მოშუშული ხახვი და დაკეპილი ნიორი, კამა-ოხრახუშის კონა და დაფნის ფოთოლი.

როდესაც მზად იქნება, სუფრაზე მიიტანეთ ღრმა ჭურჭლით. მანამდე ულუფას მოაყარეთ ახალი კამა ან ოხრახუში.

წვნიანი ცხვრის ნეკნებით და ფეტვით

მასალა: 500 გრამი წითელი ფეტვი, 3 კარტოფილი, 2 ძირი ნიახური, 3 კბილი ნიორი, 2 პამიდორი, 1 პატარა მწარე წიწაკა, 1 კონა ოხრახუში, 1 ცალი დაფნის ფოთოლი, 3 სუფრის კოვზი ზეთი.

მომზადება: გავრეცხოთ ფეტვი, სანამ წყალი არ გახდება გამჭვირვალე, დავასხათ ცივი წყალი და დავტოვოთ 1 საათით.

გავრეცხოთ ნეკნები, კარტოფილი გავთალოთ და დავჭრათ მსხვილად, ნიახური, წიწაკა და პამიდორი გავრეცხოთ, ნიახურის ძირი დავჭრათ ირიბად, 2 სმ სიგანით, პამიდორი - კუბიკებად, წიწაკა - შუაზე და გავასუფთავოთ.

ქვაბში გააცხელეთ ზეთი და 4 წუთის განმავლობაში შეწვით ნეკნები, დაამატეთ კარტოფილი, ნიახური, წიწაკა და ნიორი. ადუღეთ საშუალო ცეცხლზე 5 წუთი.

ჩაასხით 1 ლიტრი წყალი, მოუმატეთ ცეცხლი და მიიყვანეთ დუღილამდე. ადუღეთ კარტოფილის ნახევრად მოხარშვამდე 4 წუთი. დაამატეთ პამიდორი, ფეტვი და დაფნის ფოთოლი. ადუღეთ საშუალო ცეცხლზე კიდევ 10 წუთი. დაამატეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და დაახურეთ თავსახური. გადმოდგით ცეცხლიდან და ამოიღეთ დაფნის ფოთოლი. დააყენეთ 20 წუთის განმავლობაში.

ბატკნის ხორცის წვნიანი

მასალა: 1 კილოგრამი ბატკნის ხორცი, 3 კვერცხი, 2-3 თავი ხახვი, 150 გრამი კარაქი, 3 სუფრის კოვზი ფქვილი, 2 კონა ქინძი, 1 კონა კამა, 1 კონა პიტნა, 2 ჩაის კოვზი ყვითელი კოჭა (კურკუმა), 2 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი, ძმარი, მარილი და პილპილი გემოვნებით.

ბატკნის ხორცი დავჭრათ, დავასხათ დაახლოებით 3 ლიტრი წყალი და დავადგათ ცეცხლზე. ხარშვისას ქაფი მოვხადოთ. ხახვი დავჭრათ და კარაქში მოვშუშოთ, ჩავუმატოთ კოჭა და ყვითელი ყვავილი. კვერცხი გავთქვიფოთ ცოტაოდენ ძმართან და ფქვილთან ერთად და დავუმატოთ იმდენი ბულიონი, რომ მივიღოთ თხელი არაჟნის სისქის მასა, წამოვადუღოთ და თან გამუდმებით ვურიოთ. ადუღების შემდეგ კვერცხისა და ფქვილის კრემისებურ ნაზავს შევურიოთ მოშუშული ხახვი, გავხსნათ დანარჩენ ბულიონში და წამოვადუღოთ, თან ვურიოთ. როდესაც წამოდუღდება, დავაყაროთ დაჭრილი მწვანილი და კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ. მარილი, პილპილი და ძმარი გავუწყოთ გემოვნებით.

ძროხის ხორცის ბულიონი

მასალა: 1 კილოგრამი ძროხის ძვლიანი ხორცი, გემოვნებით მარილი და ნიორი, 1 კონა კამა.

მომზადება: ძროხის ხორცს ბლომად დაასხით ცივი წყალი და დადგით ცეცხლზე, როგორც კი წამოდუღდება, მოხადეთ ქაფი, ქვაბს დაახურეთ სახურავი და ნელ ცეცხლზე ადუღეთ ხორცის მოხარშვამდე. გამზადებული ბულიონი გაწურეთ, ისევ წამოადუღეთ, შეაზავეთ დანაყილი ნივრით და მარილით. ცხელი ბულიონი ჩაასხით ხელიან ფაიფურის ჭიქებში და ისე მიიტანეთ სუფრასთან. ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაკეპილი კამა.



ცხვრის ხორცის წვნიანი

მასალა: 500 გრამი ცხვრის მჭლე ხორცი, 250 გრამი კარტოფილი, 4 სუფრის კოვზი ზეთი, 30 გრამი ოხრახუშის ძირები, ხახვი 1 თავი, სტაფილო 1 ცალი, პრასი 1 ცალი, 1,5 ჭიქა ხორცის ბულიონი, 4 სუფრის კოვზი ტომატი, 120 გრამი დაკონსერვებული მწვანე ბარდა, ნიორი 1 კბილი, პილპილი და დაჭრილი მწვანილი გასაფორმებლად.

მომზადება: ცხვრის ხორცი და კარტოფილი დაჭერით ოთხკუთხედ ნაჭრებად და ცალÖ-ცალკე შეწვით ზეთში. ოხრახუშის ძირები დაჭერით წვრილად და ოდნავ მოშუშეთ. ხახვი, სტაფილო და პრასი დაჭერით წვრილად. ხახვი და პრასი მოშუშეთ ზეთში, დაუმატეთ სტაფილო და შუშეთ კიდევ 5 წუთი. ცხვრის შემწვარ ხორცს დაასხით ბულიონი, ტომატი და შუშეთ. 20 წუთის შემდეგ შეურიეთ შემწვარი კარტოფილი, მოშუშული ხახვი, სტაფილო, პრასი და შუშეთ კიდევ 15 წუთი.

ცეცხლიდან გადმოდგმამდე 10 წუთით ადრე დაუმატეთ მწვანე ბარდა, 5 წუთით ადრე - Öსანელებლები და გახეხილი ნიორი. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.

სუპი საქონლის ხორცით

მასალა: საქონლის მჭლე ხორცი 350 გრამი, ხახვი 1 თავი, სტაფილო 2 ცალი, ღორის ქონი 30 გრამი, 2 სუფრის კოვზი ტომატი, ბულგარული წიწაკა 2 ცალი, კარტოფილი 3 ცალი, ნიორი 1 კბილი, პილპილი და მარილი გემოვნებით.

მომზადება: ხორცი დაჭერით და კარგად მოხარშეთ. ხახვი და სტაფილო დაჭერით გრძლად და მოშუშეთ ღორის ქონში. შეურიეთ ტომატი და შუშეთ კიდევ 5 წუთი.

ბულგარული წიწაკა დაჭერით გრძლად, კარტოფილი დაჭერით კუბიკებად. ხორცის მდუღარე ნახარშში ჩაყარეთ კარტოფილი და ხარშეთ 10 წუთი. შეურიეთ ბულგარული წიწაკა, ნიორი, მოშუშული ხახვი, სტაფილო და ხარშეთ კარტოფილის დარბილებამდე. დაუმატეთ მარილი, პილპილი და ადუღეთ კიდევ 5 წუთი.

ხაში ძროხის შიგნეულისა და ჩლიქებისაგან

მასალა: ძროხის შიგნეული და ჩლიქები - 2 კილოგრამი; ნიორი - 15-20 კბილი.

მომზადება: კარგად გასუფთავებული და თბილ წყალში გარეცხილი ძროხის ფაშვი, ნაწლავები, ჩლიქები დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად, ჩავყაროთ მდუღარე წყალში. ადუღდება თუ არა, წვენი გადავღვაროთ, ხელახლა დავასხათ ადუღებული წყალი და ვხარშოთ, სანამ წვენი არ შესქელდება და ჩლიქები კარგად არ ჩაიხარშება. სუფრაზე მიტანის წინ შევაზავოთ მარილითა და ნივრით. თუ გვსურს, ხაში თეთრი გამოვიდეს, შეგვიძლია დავამატოთ ცოტაოდენი რძე.

სუფრაზე ცალკე ჭურჭლით მივიტანოთ დანაყილი ნიორი და ღვინის ძმარი.

ხაში ცხვრის შიგნეულისა და ჩლიქებისაგან

მასალა: ცხვრის თავ-ფეხი - 2 კილოგრამი; გასუფთავებული ნაწლავები - 600 გრამი; ნიორი - 7-8 კბილი; ძმარი - 0,5 ჩაის ჭიქა; მარილი - გემოვნებით.

მომზადება: კარგად გასუფთავებული, თბილ წყალში გარეცხილი ცხვრის თავ-ფეხი და კუჭ-ნაწლავი მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და ვხარშოთ დაახლოებით 4-5 საათის განმავლობაში. შემდეგ ამოვიღოთ, გავაციოთ, დავჭრათ წვრილად და ისე ჩავყაროთ თავის წვენში, შევაზავოთ მარილითა და ძმრით. ცივ წყალში გახსნილი დანაყილი ნიორი სუფრაზე ცალკე მივიტანოთ.

ძროხის ხორცის ხარჩო

მასალა: ძროხის ხორცი - 1 კილოგრამი; ბრინჯი - 1 ჩაის ჭიქა; ხახვი - 4-5 თავი; ქინძი - 5 ძირი; ოხრახუში - 5 ძირი; ტყემლის ტყლაპი - 200 გრამი; ნიორი, მარილი, წიწაკა - გემოვნებით.

მომზადება: ძროხის მსუქანი ხორცი ნაჭრებად დავჭრათ, კარგად გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ ბლომად წყალი და დავდგათ მოსახარშად. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. ხარშვის დამთავრებამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე ჩავყაროთ შიგ დარჩეული და გარეცხილი ბრინჯი, დაჭრილი ხახვი, ქინძი, ოხრახუში, ტყემლის ტყლაპი, დანაყილი ნიორი, მარილი, წიწაკა და ვადუღოთ ნელ ცეცხლზე. ტყემლის ტყლაპის მაგივრად შეიძლება გამოვიყენოთ ტყემლის ან პამიდვრის საწებელი.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online