asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მიშა მშვილდაძემ შემწვარი ნიანგის ხორცში 52 ლარი გადაიხადა
”ძირითადად არაყს ვსვამ, მაგრამ ღვინოც მიყვარს და ლუდიც”
მიშა მშვილდაძემ შემწვარი ნიანგის ხორცში 52 ლარი გადაიხადა

2012-02-09 00:07:52



სცენარისტი და პროდიუსერი, მიშა მშვილდაძე, მამაკაცთა იმ მცირერიცხოვან კატეგორიაშია, რომელიც ფხალეულს ანიჭებს უპირატესობას და არა – ხორცეულს. მის სახლში კვირაში ორჯერ თუ მომზადდება სადილი. მიშა იმ ჭკუაზეა, რომ ფიქრობს, მალე შეიძლება სახლში სამზარეულო აღარც დაგვჭირდესო. მისი საყვარელი სასაუბრო თემა ქართული სუფრის კულტურაა. ამ თემაზე შეუძლია ძალიან ბევრი ილაპარაკოს. და საერთოდ თვლის, რომ ის ნამდვილი ქართველი მოქეიფე მამაკაცია.
მიშა მშვილდაძე:
– მიყვარს დალევა, ქართველი მოქეიფე მამაკაცი ვარ. სუფრასთან მიდგომის ქართული წესი ექსკლუზიური და საინტერესოა. როცა სუფრასთან კარგი და საინტერესო ადამიანები სხედან, იქ ყველაფერი საინტერესოდ ხდება. თუ გულწრფელი ადამიანები არიან შეკრებილი, მაშინ, შეიძლება ითქვას, რომ სუფრა შემდგარია. ამ ყველაფრის საშუალებას ღვინო იძლევა. ზოგადად, ალკოჰოლი ადამიანებს შორის კომუნიკაციას აღრმავებს. თუ ფარისევლები იკრიბებიან, რომლებსაც თავიანთი უფროსების დალოცვა უნდათ და მერე მეზობლების სადღეგრძელოც არ გამორჩებათ, ასეთი სუფრები ყოველგვარ ინტერესს კარგავს. რაც შეეხება დედმამიშვილების სადღეგრძელოს, ამაზე ჩემი აზრი გამაჩნია. ყოველდღიურ ცხოვრებაში სიტყვა "დედმამიშვილს" არავინ ხმარობს და ვერ ვიგებ, მხოლოდ სუფრასთან რატომ ვხდებით დედმამიშვილები. ალბათ იმიტომ, რომ კი არ მოენატრე და გაახსენდი, უბრალოდ იცის, რომ დედმამიშვილების სადღეგრძელო უნდა დაილიოს და სვამს, რა. ეს არის დებილობა!
ჩემი აზრით, ერთი მთავარი ქართული ტრადიციაა დარღვეული – სუფრასთან ჯერ სალაპარაკო თემა უნდა გაჩნდეს და მას შეჯამებასავით სადღეგრძელო მოჰყვეს. როცა პირიქით ხდება, ანუ ჯერ სადღეგრძელოს ამბობ და მერე ავრცობ თემას, უკვე არასწორია. ბევრს წარმოდგენაც კი არ აქვს ქართული სუფრის ტრადიციაზე.
– თქვენ ასეთი მეთოდებით ცდილობთ, რომ ქეიფი საინტერესო გახდეს?
– მე არ მომწონს ტრადიციული მეთოდებით სუფრის გაძღოლა. არ "მევასება", როდესაც სუფრასთან ანეკდოტებს ყვებიან, რადგან, როგორც წესი, ისინი სხვა ბევრ სუფრასთან გაქვს მოსმენილი. არ მიყვარს, როდესაც გაუთავებლად და ცუდად მღერიან. მთავარია, ყველამ ის აკეთოს, რაც უნდა და თავისუფლად ვიყოთ. ვიღაცას ჭამა უნდა და ჭამს; ვიღაცას დალევა უნდა და სვამს. ახლა გამახსენდა ყველაზე მეტად, ვინ არ "მევასება" – ის, ვინც სუფრასთან ლექსებს ამბობს. იმ ადამიანების გაცოცხლება რომ შემეძლოს, ყველას მოვკლავდი, ვინც სუფრასთან ლექსებს ამბობდა, რადგან ეს კატასტროფული სიყალბეა!
– ანუ არ ეთანხმებით იმ აზრს, რომ სუფრას ამრავალფეროვნებს, ახალისებს ლექსები, სიმღერა, ცეკვა...
– სიმღერა მაშინაა კარგი, როდესაც ამის ხასიათზე ხარ. კარგად ნამღერი ყოველთვის "ასწორებს". სუფრასთან ყველაფერი დროული უნდა იყოს და, რაც მთავარია, თემატური. სამშობლოს სადღეგრძელოს რომ დალევენ და მერე დანებს ურტყამენ ერთმანეთს, რაღა სამშობლოს სიყვარულზეა ლაპარაკი?! ლექსებს მე გადაჭარბებულ პათეტიკას დავარქმევდი.
– რომელ ალკოჰოლურ სასმელს ანიჭებთ უპირატესობას?
– ძირითადად არაყს ვსვამ, მაგრამ ღვინოც მიყვარს და ლუდიც. ყველანაირ კარგ სასმელს ვსვამ. წითელი ღვინოც კარგია. მაგარია უნივერსალური რქაწითელის და საფერავის არქაული, ძველი ღვინო – ნამდვილი და გემრიელია. თან კარგადაც ათრობს.
– როგორც იტყვიან ხოლმე, კარგი მსმელი ხართ?
– როცა ადამიანს 7 ლიტრი ღვინის დალევა შეუძლია, სულაც არაა საამაყო, ეს პირუტყვობაა. სამწუხაროდ, ღვინის სმა ოლიმპიური სპორტის სახეობა არაა, თორემ ქართველები გაცილებით მეტს დავლევდით. ადამიანი ერთი ბოთლი ლუდით რომ თვრებოდეს, კარგი იქნებოდა. ვიღაც 5 ლიტრ ღვინოს რომ დალევს და ისევ ფხიზელი იქნება, უბედურებაა.
– თქვენი თამადობის დროს განსხვავებულ სასმისებს თუ ითხოვთ?
– ხასიათს გააჩნია. ყოფილა შემთხვევა, როცა ქეიფი ყოველგვარი განსხვავებული სასმისის გარეშე დაგვიმთავრებია. ვერ გეტყვით, რომ თამადა ხშირად ვარ. ჩვენთვის რომ ჩავსხდებით, ემოციებს სადღეგრძელოებში გამოვხატავთ. ხანდახან გვეხსნება, პირუტყვებს ვემსგავსებით და განსხვავებული სასმისებითაც ვსვამთ. ადამიანი, ერთი მხრივ, ღვთიური არსებაა, მეორე მხრივ – ჩვეულებრივი პირუტყვი. ამიტომ არქაული გართობებიც მისაღებია.
– ალბათ ნაბახუსევის "წამალიც" გეცოდინებათ.
– ეს ნაცნობი და მშობლიურია. დალევას ერთადერთი ეგ აქვს ცუდი. ამ დროს გამოსავალი ისევ დალევაა, მაგრამ მესამე დღესაც ხომ გვაწუხებს ნაბახუსევი? ამიტომ, თუ ქეიფს ვერ ახერხებ, მთელი დღე უნდა გეძინოს, რომ აზრზე მოხვიდე.
– სუფრის კულტურაზე ვსაუბრობთ და კულინარია ერთხელაც არ გიხსენებიათ. ნუთუ ქართული სამზარეულო არ გიყვართ?!
– ქართული სამზარეულო ექსკლუზიურია. ბევრი ქართული კერძი სხვა ქვეყნიდან არის შემოსული, მაგრამ ჩვენ ისეთი ფორმა მივეცით, რომ ქართული გახდა. ხინკალს რომ ჩინური ფესვები აქვს, ეს არაფერს ნიშნავს. ჩვენ ყველაფერი ჩვენი გვეგემრიელება. ქართული სამზარეულო მართლა ძალიან საინტერესოა. ჩვენთან ბინადრობენ ყველაზე "გემრიელი" ცხოველები და იზრდება ბევრი კარგი მცენარე. თევზიც გვაქვს, მაგრამ საქართველოში დიდად არ ვიცით თევზეულის მომზადება. სამაგიეროდ კულინარიაში მცენარეებს ვიყენებთ კარგად. ძალიან გემრიელია მეგრული, იმერული, კახური კერძები. შეიძლება ითქვას, რომ ქართულ სამზარეულოზე "ბლატაობას" ვიზიარებ.
– არის რამე, რასაც საერთოდ არ ჭამთ?
– კი, ვერ ვჭამ ქონიან საჭმელებს. ცხვრის ხორცს ვერაფრით შევჭამ, აი, ბატკნის ხორცი კი ძალიან მიყვარს.
– ბატკნის ხორცი ჩაქაფულთან ასოცირდება. იცით, როგორ მზადდება ეს კერძი?
– მე – არა, მაგრამ ჩემი სიმამრი ძალიან მაგრად ამზადებს და იმას გეახლებით. ყაურმა და ხაშიც გემრიელი გამოსდის.
– საერთოდ რაიმეს მომზადება იცით?
– აჯაფსანდალის და ჩიჟიბიჟის. რთული კერძების მომზადება არ ვიცი. მე ხორცეულზე მეტად ფხალეული მიყვარს. ძნელად მოსამზადებელი კერძებიდან, ერთადერთი, რასაც მოვამზადებდი, ჩახოხბილია. თეორიულად ვიცი, როგორც კეთდება და, მგონი, პრაქტიკულადაც გამომივიდოდა. ხინკალი ერთადერთხელ გავაკეთე და ძალიან ცუდი გამომივიდა, მას შემდეგ აღარ მიცდია.
– თქვენი ცოლი როგორი კულინარია?
– ჩემმა მეუღლემ ძალიან გემრიელი საჭმელების კეთება იცის, მაგრამ იშვიათად ამზადებს. კვირაში ორჯერ თუ გააკეთებს კერძს.
– აბა, ვინ ზრუნავს თქვენს კვებაზე?
– არავინ. ძირითადად შემწვარ კვერცხს ვჭამთ და მარტივად მოსამზადებელ საჭმელებს გეახლებით. თევზი და სხვა კერძები იშვიათად მზადდება ჩვენს სახლში.
– როგორც ჩანს, ამ საკითხში პრეტენზიული არ ხართ.
– არა. ჩემი აზრით, საკვების ერთადერთი დანიშნულება ენერგიის აღდგენაა. გამორიცხული არაა, სახლში სამზარეულო აღარ დაგვჭირდეს. ჯობია, რესტორანში ჭამო გემრიელი კერძი, ვიდრე – სახლში მეუღლის მომზადებული, რომელსაც კულინარიული ცოდნა არ აქვს. თუმცა სახლში სადილების კეთებაც კარგია, ერთგვარი რიტუალია. როცა ჩემი ცოლი სადილს აკეთებს, მეც ვეხმარები, მაგალითად, ხახვს ვჭრი.
– დელიკატესებს თამამად აგემოვნებთ?
– თუ არის, შევჭამ, თუ არა – არ მოვკვდები. ყველაზე დებილობა, რაც მიჭამია, შემწვარი ნიანგის ხორცია. ვიცოდი, რასაც ვჭამდი. კარგად მახსოვს, 52 ლარი გადავიხადე. ამ ყველაფერში მხოლოდ ფასი იყო საინტერესო. სულ ნიანგი ჭამს ადამიანებს და ერთხელ ჩვენც ვჭამოთ, არ შეიძლება?! საშინლად არ მომეწონა. ერთი შეხედვით, ზუთხის მწვადს ჰგავდა. თურმე ნიანგი ბოლოს რასაც შეჭამს, მის ხორცს იმის გემო ეძლევა. იმ ნიანგის ხორცს კი გაფუჭებული ზუთხის გემო ჰქონდა. ასე მივხვდით, ბოლოს რა ჰქონდა ნაჭამი. ხორცეულიდან ყველაზე გემრიელი ღორის მწვადია.
– გყოფნით ნებისყოფა, რომ საკუთარ თავს გემრიელად ჭამაზე უარი უთხრათ?
– კი, დაახლოებით 7 წლის წინ ვიყავი დიეტაზე და საკმაოდ ბევრი დავიკელი. მერე კი ერთბაშად ბევრი მოვიმატე. მას შემდეგ სტაბილურად ამ წონაზე ვარ. გამოდის, რომ, როგორც ყველას, მეც მაქვს ნებისყოფა.
ქეთი დინოშვილი


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ნიანგი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online