asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ქეთევან კანტიძე: "როცა ცუდ ხასიათზე ვარ, ბაზარში მივდივარ"
"როცა ცუდ ხასიათზე ვარ, ბაზარში მივდივარ"
ქეთევან კანტიძე: "როცა ცუდ ხასიათზე ვარ, ბაზარში მივდივარ"

2012-01-22 17:17:26



მსახიობი ქეთევან კანტიძე თურმე კარგი მზარეულია და ყველანაირ საჭმელს გააკეთებს, ოღონდაც სახლი არ დაალაგოს. დედა კარგი მზარეული ჰყოლია და ის პატარაობიდანვე აჩვევდა საჭმელების კეთებას. პირველი კერძი მამას მოუმზადა და სახელად მექუ დაარქვა. თურმე, პირველად, ეს გამოგონილი საჭმელი ცუდი გამოუვიდა, თუმცა, მეორედ მამას მოეწონა. საჭმელების გამოგონება და ერთმანეთში არევა დღესაც უყვარს, მაგრამ ისეთი რეჟიმი აქვს, რომ ყოველდღიურად რამის კეთება არ უწევს. ძირითადად, ნახევარფაბრიკატებს იძენს. თურმე, ქალბატონ ქეთევანს სულ ეშინოდა, რომ საცივს ვერ გააკეთებდა, მაგრამ წელს პირველად გააკეთა და კარგიც გამოსვლია. ცდილობს, უმეტესად დიეტური სალათები გაიკეთოს. წონის პრობლემის გამო, ცომეულს აღარ ამზადებს და არც მიირთმევს. თუ რატომ არა აქვს ქეთევან კანტიძეს რეცეპტების რვეული, რატომ არის ბაზარში სიარული მისთვის განტვირთვა და როგორ შეიძულა ცომეული, ამ ყველაფერს ჩვენი ინტერვიუდან გაიგებთ.

- ქალბატონო ქეთევან, როგორი მზარეული ბრძანდებით?

- ძალიან კარგი მზარეული ვარ და უგემრიელესი ხელი მაქვს. შესაბამისად, საჭმელებსაც ასეთ გემრიელს ვაკეთებ. დედა რაჭველი მყავდა, რომელიც არაჩვეულებრივად ამზადებდა. ყველაფრის გაკეთებას მასწავლიდა ხოლმე, ამიტომაც ამ სფეროს კარგად ვფლობ. ინტერესიც მქონდა ამ ყველაფრის მიმართ და მიყვარდა კიდეც მზადება. შემიძლია 500-კაციანი სუფრა გავაკეთო, ოღონდაც სახლს ნუ დამალაგებინებთ. ყველანაირ საჭმელს თავისუფლად გავაკეთებ.

- თქვენი პირველი ნახელავი რა იყო?

- VIII-IX კლასის მოსწავლე ვიყავი, დედა სახლში არ იყო და მამამ მითხრა, იქნებ რამე გააკეთოო. მეც მოვიფიქრე რა გამეკეთებინა. სახლში რაც იყო, ყველაფერი ერთად ავურიე. ქათმის ღვიძლები ჩავხრაკე სუნელებში, პამიდორიც ვუქენი. არც ჩახოხბილი იყო და არც სუნელებიანი კერძი. რაღაც საოცრება და საშინელება გამოვიდა. მამამ რომ მკითხა, ამ კერძს რა ჰქვიაო, ვუპასუხე მექუ-მეთქი. მკითხა ეს რას ნიშნავსო, ვუთხარი, რომ ჩემით დავარქვი-თქო. მამამ ეს რაღაც კი შეჭამა, მაგრამ არ მოეწონა. მეორედ რომ მითხრა, რამე გააკეთეო, ისევ ეს კერძი გავაკეთე და მაშინ მოეწონა. თანაც, ვუთხარი, რომ ეს მექუ-2 არის-თქო.

- ახლა რამდენად გიწევთ კერძების გამოგონება?

- ნაკლებად. დღევანდელ დღეს არ მიწევს ხშირად მზადება. უფრო მეტად ნახევარფაბრიკატებს ვყიდულობ და მერე მე ვამთავრებ ხოლმე. იმის დრო არ მაქვს, თვითონ რომ მოვამზადო. თუმცა, თუ დაემთხვა, რომ სახლში ვარ, რაღაცების კეთება მიყვარს. მარტო ტრადიციულ კერძებს არ ვაკეთებ, რაღაცებს ვიგონებ, ერთმანეთში ვურევ. ძალიან მიყვარს სუნელების ყველაფერში გამოყენება.

- უფრო ხშირად მაინც რისი გაკეთება გიწევთ?

- წვნიანებს ვაკეთებ ხოლმე, როცა ძალიან მომენატრება. ან ბოსტნეულის წვნიანს ვაკეთებ ან ყვავილოვანი კომბოსტოსას. სხვათა შორის, ძალიან საინტერესოდ ვამზადებ და გემრიელიც გამომდის. ეს წვნიანი მარტივად მზადდება. სამ თავ ხახვს დავჭრი და მოვთუშავ. ნახევარ კილოგრამ ყვავილოვან კომბოსტოს გავაცალკევებ და დავჭრი. ხახვი უკვე სიწითლეში რომ წავა, დაჭრილ კომბოსტოს დავაყრი და ასევე ორ ცალ დაჭრილ კარტოფილს. კარგად ავურევ ამ მასას ერთმანეთში და მოვთუშავ. შემდეგ ადუღებულ წყალს დავასხამ, ჩავაყრი ცოტა ბრინჯს, დაახლოებით ნახევარ ჭიქას. ბოლოს ჩავყრი მწვანილებს ცოტ-ცოტას და გემოვნებით. ოხრახუხშს, შავ პილპილს, შავ წიწაკასა და ერთ კბილ ნიორს დავამატებ. ეს წვნიანი იმდენად მიყვარს, მთელი ცხოვრების მანძილზე რომ ვჭამო, მაინც არ მომბეზრდება.

- არსებობს კერძი, რომელსაც ვერ ამზადებთ ან მისი გაკეთება სირთულის გამო არასდროს გიცდიათ?

- არა. ასეთი კერძი, ალბათ, არ არსებობს. ისეთი ხელი მაქვს, რომ ყველაფერი გამომდის. ახლახანს დედა გარდამეცვალა. საცივს სულ ის აკეთებდა ხოლმე, თანაც, შესანიშნავად. საახალწლოდ საცივის გაკეთება მე მომიწია და ჩემმა დამ მითხრა, დედას საცივი გამახსენდა, იმდენად კარგად გააკეთეო. ეს სიტყვები ძალიან მესიამოვნა. ერთადერთი ამისი მეშინოდა ხოლმე, რომ საცივს ვერ გავაკეთებდი, თუმცა, ფაქტია, რომ კარგად გავაკეთე.

- ბევრ ქალბატონს რატომღაც ხინკლის გაკეთება უჭირს. თქვენ?

- ხინკალს კარგად ვაკეთებ. კარგი ცომის მოზელა ვიცი. ხორცის ძირათი შეზავებაც კარგად გამომდის. სხვათა შორის, გატარებულ ხორცს მხოლოდ ცოტა ძირასა და მარილს ვუშვრები.

- ცომეულს თუ ამზადებთ ხოლმე?

- არა. საერთოდ, ჩემი ჰაბიტუსის გამო, ცომეული შევიძულე. ფსიქოლოგიურად მივუდექი ამ საკითხს. ამას წინათ, თეატრში ალა-ფურშეტი გაიმართა, სადაც ნამცხვრები და ტორტები იყო. მე დავდიოდი და ჩემს თავს ვეჩურჩულებოდი, ეს საშინელებაა, ქეთინო, ეს არ უნდა ჭამო-თქო. ხალხი, ალბათ, ჩემზე ფიქრობდა, რომ გაგიჟდაო. ადრე ვაცხობდი რაღაცებს, მათ შორის, ხაჭაპურსაც. ახლაც კი ვაკეთებ ხოლმე ხაჭაპურს, თანაც, საინტერესოდ. ვყიდულობ ფენოვან, გამზადებულ და უკვე გადაზელილ ცომს. გავაბრტყელებ მას და ნაჭრებად დაჭრილ ყველს დავაწყობ. არაჩვეულებრივი გამოდის. დღეს რამის გამოცხობა ძნელი აღარ არის, რადგან მზა ცომი იყიდება. თუმცა, ზოგჯერ ხაჭაპურს საფუარიანი ცომითაც ვაცხობ ხოლმე. კარგ ხაჭაპურს ვაკეთებ, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ყველაზე ნაკლებად ცომეული გამომდის. სადილებიდან ყველაფერი ვიცი. აფხაზურას ვაკეთებ უგემრიელესს, ასევე ფოლგაში შემწვარ ხორცს, რომელშიც ყველაფერს ჩავდებ და რულეტივით ვაკეთებ. თევზსაც ვწვავ ასე ფოლგაში. კიდევ ინდაურს ვაკეთებ ასე. ნახევრად მოხარშულ ბრინჯსა და სტაფილოს ერთმანეთში ავურევ და ოდნავ ცხიმში მოვთუშავ. მერე ამ მასას ინდაურის მუცელში ვაწყობ, გარედან გავკერავ და გაზქურაში ვწვავ. ინდაური თავის ცხიმს გამოყოფს და ზევიდან კოვზით ვასხავ ამ თავისივე წვენს. ძალიან ნელ ცეცხლზე უნდა შეიწვას. ასევე ვწვავ იხვსაც.

- ნამცხვრებსაც აღარ აცხობთ?

- აღარ. ადრე, ძირითადად, "პეროგებს" ვაცხობდი სხვადასხვა ხილისგან. ოღონდ ამ ხილს შიგნით კი არ ვაყოლებდი, ზევიდან ვალაგებდი და უფრო ლამაზი იყო. რაც ცომეული შევიძულე, ნამცხვრებსაც აღარ ვაცხობ.

- რეცეპტების მიხედვით ამზადებთ საჭმელებს თუ თვალის ზომით?

- ურეცეპტოდ ვაკეთებ. უკვე გამჯდარია ჩემში ეს რეცეპტები და ახლა უკვე გემოვნებით ვამზადებ. ნამცხვარს რაც შეეხება, რეცეპტის მიხედვით ცხობა აუცილებელია.

- საერთოდ, რეცეპტების წიგნი ან რვეული თუ გაქვთ?

- არ მაქვს. მე რომ შვილები მყავდეს, მაშინ რეცეპტების წიგნიც მექნებოდა. მაგრამ რადგანაც სტანდარტული ოჯახი არ მაქვს, ჩემს თავს მაინცდამაინც რეცეპტით გაკეთებული კერძებით არ ვანებივრებ.

- თუ სადმე რაღაც საჭმელი მოგეწონათ, არ იწერთ რეცეპტს?

- იშვიათად. თუ რამე მომეწონა, ვიკითხავ, რისგან არის მომზადებული. თუ დავიმახსოვრებ, მერე შეიძლება ამის გაკეთება მეც ვცადო.

- ბაზარში სიარული გიყვართ?

- ვგიჟდები ამ პროცესზე. ჩემთვის ყველაზე კარგი განტვირთვა არის ბაზარში სიარული. მახსოვს, "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეში" ვასო გოძიაშვილი ამბობდა, ბაზარში წავალ, თორემ დადარდიანებული ვარ და გულს მაინც გადავაყოლებო. მეც ზუსტად ასე ვარ ხოლმე. როცა ცუდ ხასიათზე ვარ, ბაზარში მივდივარ. შეიძლება ბევრი რამ არ მქონდეს საყიდელი, მაგრამ რომ ვუყურებ ამ ხილსა და სხვადასხვა პროდუქტს, ძალიან მომწონს. შემიძლია, დღეში ოთხჯერ ჩავიდე ბაზარში, დრო თუ მაქვს.

- მურაბებს, კომპოტებს, წვენებს აკეთებთ ხოლმე ზამთრისთვის?

- დედა სულ აკეთებდა. მე არ ვაკეთებ, იმიტომ, რომ კომპოტებსა და მურაბებს არ მივირთმევ. უფრო წვენები მიყვარს, რასაც დედა აკეთებდა ხოლმე. იმის გამო, რომ ჩემთვის ბევრი ტკბილი არ შეიძლება, ასეთ რამეებს არ ვაკეთებ. საერთოდ, ტკბილეულის მოყვარული არ ვარ. შეიძლება ერთი თვეც გავიდეს, რომ ტკბილეული არ მივირთვა. თქვენ წარმოიდგინეთ, არც ხილი მიყვარს. რა მასუქებს არ ვიცი. უბრალოდ, კარგი ჭამა მიყვარს - ხორცეული და სხვადასხვა სალათები.

- მაშინ თქვენეული სალათის რეცეპტი ჩაგვაწერინეთ, რომელსაც ხშირად ამზადებთ?

- სალათა ისეთი რაღაცაა, რომ ხან რითი ვაკეთებ, ხანაც რითი. რაც სახლში იქნება, ყველაფერს ერთად ვყრი. ყველაზე მეტად კომბოსტოს სალათი მიყვარს. ბოსტნეულის საჭრელში ვჭრი სტაფილოს, კიტრს, ბოლოკსა და კომბოსტოს. ერთმანეთში ვურევ და ვუმატებ ვაშლის ძმარს, მწვანილს, ცოტა წითელ პილპილსა და მარილს. ამ სალათს უფრო მეტად დიეტურად ვაკეთებ და პილპილსა და მარილს არ ვუშვრები ხოლმე. ლიმონს ვაწურავ და ძალიან ცოტა ზეთს. ეს სალათი მიყვარს, რადგან კარგი გემო აქვს და თან გასახდომია.

ბოლოკი ძალიან მიყვარს და მას ასეთნაირად ვაკეთებ. ბოლოკს გავხეხავ, მერე გავწურავ. შევურევ ვაშლის ძმარს, ცოტა ზეთს, პილპილსა და წვრილად დაჭრილ ქინძს. შეგიძლიათ მაიონეზი მოასხათ, მაგრამ თუ დიეტურად აკეთებთ, მაშინ მაიონეზი აღარ უნდა. გარდა იმისა, რომ ეს სასარგებლო საჭმელია, ძალიან გემრიელიცაა. შეიძლება ასეთი ვარიანტიც, რომ მოხარშულ, წვრილად დაჭრილ ხორცს და მოხარშულ კვერცხს ურევენ.

- წეღან ახსენეთ, თევზს ფოლგაში ვაკეთებო, მისი რეცეპტიც გაგვიმხილეთ.

- გავამზადებთ კალმახს ან ორაგულს. გავასუფთავებთ, ოღონდ არ დავჭრით, დავსერავთ. ფოლგაზე დავდებთ მთლიანად, მარილს დავაყრით და დასერილ ადგილებში შავი პილპილის მარცვლებსა და დაფნის ფოთოლს ჩავუწყობთ. შემდეგ ამას ფოლგაში გადავახვევთ და გაზქურაში ნელ ცეცხლზე შევდებთ. ცხიმი არ სჭირდება. თევზი თავის სითხეს გაუშვებს და მშრალი არ გამოდის. შესაბამისად, კარგი გემო აქვს, ნახევრად მოხარშული და ნახევრად შემწვარი გამოდის.

კიდევ ჩაგაწერინებთ ნიგვზიან ხარჩოს, რომელიც ჩემი უსაყვარლესი კერძია და ასევე ხშირად ვაკეთებ. ნახევარ კილოგრამ საქონლის ხორცს წვრილად დავჭრით და ნელ ცეცხლზე მოვხრაკავთ. მერე დავაყრით ძალიან წვრილად დაჭრილ ხახვს და კარგად მოვთუშავთ. შემდეგ ერთ ჭიქა ფქვილს მოვაყრით და ისევ მოვშუშავთ. მერე ჩავასხამთ ერთ კოვზ ტომატს. ცალკე გვექნება ორი ჭიქა გატარებული ნიგოზი, რომელსაც კარგად გავხსნით ადუღებულ წყალში. ნიგოზს სხვადასხვა უცხო სუნელებში ვაზავებთ. ესენია, ხმელი ქინძი, ხარჩოს სუნელი, ყვითელი ყვავილი, ცოტა გამხმარი აჯიკა. ამ ყველაფერს მოთუშულ ხორცს შევურევთ. წამოვადუღებთ და როცა ვნახავთ, რომ გასქელდა, ესე იგი მზადაა. ძალიან სქელი ხარჩოც არ უნდა გამოვიდეს. სხვათა შორის, ეს ხარჩო ღორის და ქათმის ხორცითაც შეგიძლიათ გააკეთოთ.

თეონა კენჭიაშვილი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ქეთევან კანტიძე
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online