asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

თქვენთვის, გურმანებო
თქვენთვის, გურმანებო
თქვენთვის, გურმანებო

2012-01-09 15:33:58



აჩმა

მასალა: 5 კვერცხი, 300-500 გრამი კარაქი, 1 კგ ყველი, 1 ჩაის ჭიქა წყალი, ფქვილი, რამდენსაც შეიზელს.

მომზადება: გავთქვიფოთ კვერცხები, დავამატოთ წყალი, ფქვილი და მოვზილოთ მაგარი ცომი. ცომი გავყოთ 6 ნაწილად და შევდგათ მაცივარში 1 საათის განმავლობაში. თასით ავადუღოთ წყალი, ჩავუმატოთ მარილი. ცომის ერთი ნაწილი ძალიან თხლად გავაბრტყელოთ, ჩავდოთ ადუღებულ წყალში 1-2 წუთით. ამოვიღოთ და მაშინვე ცივ წყალში მოვათავსოთ ერთი წამით, ამოვიღოთ, დავწუროთ ზედმეტი წყლისგან თუშფალანგზე. დავაწყოთ წინასწარ მომზადებულ კარაქწასმულ თუნუქის ფურცელზე და ზემოდან წავუსვათ კარაქი. ასევე გავიმეოროთ ექვსივე გუნდის გაბრტყელება-მოხარშვა.

დავდოთ ორი ფენა ცომი, ფენებს შუაში წავუსვათ კარაქი, ზემოდან თანაბრად მოვათავსოთ დაფშვნილი ყველი, მერე ისევ ორი ფენა ცომი დავდოთ, კარაქი წავუსვათ, ბოლო ფენა ყველაზე დიდი უნდა იყოს, ამოვუკეცოთ გვერდები ცომს, წავუსვათ კვერცხის გული და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად. შეგვიძლია გამოცხობამდე დავჭრათ.

"ანტრმე"

(ცხელი საუზმეული, დასაყოლებელი)

მასალა: 300 გრამი ძროხის ხორცი, 100 გრამი მარილიანი ქაშაყის ფილე, 400 გრამი კარტოფილი, ხახვი, 150 გრამი არაჟანი, 2 კვერცხი, პილპილი, მარილი, 50 გრამი ყველი, ორცხობილა, 30 გრამი კარაქი.

მომზადება: მოხარშული ან შემწვარი ძროხის ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში თევზის ფილესთან, მოხარშულ კარტოფილთან და ხახვთან ერთად. ამ მასას დავამატოთ არაჟანი, 2 უმი კვერცხი, პილპილი, მარილი და ავურიოთ. ტაფას წავუსვათ კარაქი, მოვაყაროთ დაფქული ორცხობილა. მოვათავსოთ ზედ მიღებული მასა, მოვაყაროთ გახეხილი ყველი. მოვასხათ გამდნარი კარაქი და გამოვაცხოთ.

პამიდვრის და კვერცხის სალათი

მასალა: 300 გრამი პამიდორი, 3 კვერცხი, 100 გრამი არაჟანი.

მომზადება: გარეცხილი პამიდორი, მაგრად მოხარშული კვერცხი და ხახვი დავჭრათ რგოლებად. დავაწყოთ თასზე მონაცვლეობით პამიდორი, კვერცხი, ხახვი. მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და მოვასხათ არაჟანი.

ჭინჭარი ერბოკვერცხით

მასალა: 1 კგ ჭინჭარი, 3 თავი ხახვი, 3-4 სუფრის კოვზი ერბო, 2 კვერცხი, ქინძი და მარილი გემოვნებით.

მომზადება: ჭინჭარი მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით და გადავიტანოთ თუშფალანგზე.

ტაფაზე ერბოსთან ერთად მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოვშუშოთ, შემდეგ შევურიოთ მოხარშული ჭინჭარი, წვრილად დაჭრილი ქინძი, ერბო, მარილი, ავურიოთ და კიდევ მოვშუშოთ. დავასხათ ათქვეფილი კვერცხი და ასე გავაჩეროთ ცეცხლზე კვერცხის მზადყოფნამდე.

შემწვარი კარტოფილი საწებლით

მასალა: 500 გრამი კარტოფილი, 2 სუფრის კოვზი ერბო, 0,5 ჩაის ჭიქა პურის ფქვილი, 2 კვერცხი, 2 ჩაის ჭიქა რძე, მარილი გემოვნებით.

მომზადება: კარტოფილი გავრეცხოთ და კანიანად მოვხარშოთ, გავფცქვნათ და თხელ ნაჭრებად დავჭრათ. ერბომოსმულ ტაფაზე ერთ წყებად დავაწყოთ კარტოფილი, მივუმატოთ ცოტა ერბო, დაფხვნილი ყველი, მერე ისევ კარტოფილი, ერბო და ყველი. ერთ სუფრის კოვზ ერბოში მოვშუშოთ 0,5 ჩაის ჭიქა პურის ფქვილი, დავამატოთ რძე, კარგად ავურიოთ, წამოვადუღოთ. ჩავყაროთ მარილი, გათქვეფილი კვერცხის გული და კარგად ავურიოთ ერთმანეთში. მომზადებული საწებელი გადავასხათ კარტოფილს, შევდგათ ცხელ ღუმელში და შევწვათ. როცა მზად იქნება, სუფრაზე თავისივე ჭურჭლით მივიტანოთ.



კარტოფილის კატლეტი თევზით

მასალა: 800 გრამი კარტოფილი, დამარილებული თევზი, 1 კვერცხი, 3 სუფრის კოვზი ფქვილი, 30 გრამი გახეხილი ყველი, კარაქი.

სოუსისთვის: 2 სუფრის კოვზი კარაქი, 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 200 მლ ლუდი, მარილი, 100 მლ ბოსტნეულის ბულიონი, 100 გრამი არაჟანი, შაქარი, ფქვილი, დარიჩინი.

მომზადება: მოვხარშოთ კარტოფილი და გავხეხოთ რკინის საცერზე. თევზი გავასუფთაოთ, მოვაშოროთ ძვლები და დავჭრათ ძალიან წვრილ ნაჭრებად. კარტოფილის პიურეში შევურიოთ დაჭრილი თევზი, კვერცხი, ყველი, ფქვილი, მარილი გემოვნებით, მივცეთ კატლეტის ფორმა, ამოვავლოთ ფქვილში და შევწვათ ზეთში.

ღრმა ტაფაში გავადნოთ კარაქი, დავუმატოთ 1 სუფრის კოვზი ფქვილი და ვადუღოთ გასქელებამდე. დავუმატოთ ბულიონი, ლუდი. ვადუღოთ 5 წუთი, თან ვურიოთ. შევურიოთ ლიმონის წვენი, მარილი, შაქარი, დარიჩინი გემოვნებით.

კატლეტებს მოვასხათ გამზადებული სოუსი.

მოხარშული კვერცხი სატენით

მასალა: 10 კვერცხი, 2 თავი ხახვი, 30 გრამი კარაქი, 4-5 ძირი კამა ან ტარხუნა, 3 ძირი მწვანე ხახვი, მარილი, პილპილი გემოვნებით, 1 ნაჭერი ყველი.

მომზადება: მაგრად მოხარშული, გაცივებული კვერცხი გავფცქვნათ და გავჭრათ სიგრძეზე. ამოვიღოთ გული (ისე, რომ ცილა არ დაზიანდეს). დავკეპოთ, დავუმატოთ მარილი, კარაქში მოხრაკული წვრილად დაჭრილი ხახვი, კამა ან ტარხუნა, მწვანე ხახვი და შავი პილპილი. ამ სატენით ამოვავსოთ ცილა, ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი ყველი.

ომლეტი ნიახურითა და კედრის კაკლით

მასალა: 2 ძირი ნიახური, 2 სუფრის კოვზი კარაქი, 120 გრამი კედრის კაკალი, 12 კვერცხი, მარილი, პილპილი (ნიახურის მაგივრად შეიძლება ავიღოთ 2 თავი კოლრაბის კომპოსტო, რომელიც უნდა გავასუფთაოთ და დავჭრათ სიგრძეზე).

მომზადება: დავჭრათ ოხრახუშის ფოთლები, ძირები კი ცალკე 1 სმ სიგრძის ნაწილებად და ვშუშოთ 1 სუფრის კოვზი კარაქი 8 წუთი. მოვხალოთ კაკალი ტაფაზე და გავაცივოთ. ავთქვიფოთ კვერცხი 100 მლ წყალთან, მარილთან, პილპილთან და მწვანილთან ერთად. ტაფაზე გავათბოთ 1 სუფრის კოვზი კარაქი, ჩავყაროთ მოშუშული ოხრახუშის ძირები, მოვასხათ კვერცხიანი მასა. დავახუროთ ტაფას და გავაჩეროთ 2 წუთი, რომ შემაგრდეს. გადავაბრუნოთ ომლეტი და გავაგრძელოთ შეწვა 3 წუთი. კიდევ ერთხელ გადავაბრუნოთ. სუფრაზე მიტანისას მოვაყაროთ მოხალული კაკალი.

ხინკალი

მასალა: 300 გრამი მსუქანი საქონლის ხორცი, 200 გრამი ღორის ხორცი, 2 თავი ხახვი, 1 ჩაის კოვზი ძირა, 500 გრამი პური ფქვილი, პილპილი, მარილი გემოვნებით.

მომზადება: დავჭრათ ხორცი და ხახვთან ერთად გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავუმატოთ შავი პილპილი, ძირა, მარილი. იმდენი თბილი წყალი, რამდენსაც შეიწოვს (დაახლოებით 1-2 ჩაის ჭიქა) და კარგად ავზილოთ.

გავცრათ პურის ფქვილი, მოვაგროვოთ გორაკად, შუა ადგილზე ჩავაღრმაოთ და ჩავასხათ ერთი ჩაის ჭიქა წყალი, დავუმატოთ მარილი და მოვზილოთ.

ცომი გავაბრტყელოთ თხელ ფენად და გამოვჭრათ სადესერტო თეფშისოდენა მრგვალ ნაჭრებად. თითოეულ ნაჭერზე დავადოთ 1 სუფრის კოვზი ფარში. შემოვუკეცოთ ნაპირები, მოვგრიხოთ, დავტკეპნოთ და მივცეთ მრგვალი ფორმა. შემდეგ მოვათავსოთ ზომიერად მარილიან, მდუღარე წყალში და ვხარშოთ. დროდადრო ფრთხილად ვურიოთ, რომ ქვაბის ძირს არ მიეკროს. როდესაც ხინკალი ამოტივტივდება, ორ წუთს კიდევ ვხარშავთ. შემდეგ ამოვიღებთ.



თევზის ბუღლამა

მასალა: 1 კგ თევზი, ამდენივე პამიდორი, 4-5 თავი ხახვი, 5-6 ძირი ქინძი, 2-3 დაფნის ფოთოლი, 1 ჩაის ჭიქა ზეთი, მარილი, პილპილი გემოვნებით.

მომზადება: თევზი გავასუფთაოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ ნაჭრებად. თევზის ნაჭრები ერთ ფენად მოვათავსოთ ქვაბში, მოვასხათ ზეთი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ხახვი, ლიმონი, მარილი, პილპილი, დაფნის ფოთოლი, შემდეგ დავაწყოთ თხელ ნაჭრებად დაჭრილი პამიდორი, მოვასხათ ზეთი, ქვაბს თავსახური დავახუროთ და შევდგათ ცეცხლზე მოსახარშად.

ღია ცეცხლზე თევზის მომზადებისას შეიძლება პროდუქტმა გემო დაკარგოს. ამიტომ ვიდრე მოვამზადებთ, ჩავაწყოთ ათიოდე წუთით სპეციალურად მომზადებულ მარინადში: აიღეთ თანაბარი რაოდენობის მცენარეული ზეთი, კამა, ოხრახუში, მშრალი, თეთრი ღვინო და ცოტაოდენი შავი პილპილი. აურიეთ კარგად და ვიდრე მასში თევზს ჩააწყობდეთ, მაცივარში კარგად გააცივეთ.

კარტოფილის კროკეტი

მასალა: 8-10 კარტოფილი, 1 კვერცხი, 1 თავი ხახვი, 4 სუფრის კოვზი მარგარინი, ორცხობილა, 1 ჩაის ჭიქა პურის ფქვილი, მარილი გემოვნებით.

მომზადება: კარტოფილი მოვხარშოთ მარილიან წყალში, გავხეხოთ, დავუმატოთ პურის ფქვილი, კვერცხის გული და მარგარინი, ავურიოთ, მივცეთ ბურთულის ფორმა. ამოვავლოთ პურის ფქვილის, ორცხობილისა და კვერცხის ცილის ნარევში. შევწვათ დიდი რაოდენობის ცხიმში. შეგვიძლია დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მოხრაკული ხახვი.

გამომცხვარი მაკარონი ხორცით და სოკოს სოუსით

მასალა: 500 გრამი მაკარონი, 4 კვერცხი, 300 გრამი ხორცი, 100 გრამი ერბო, 2 თავი ხახვი, 400 გრამი ნედლი სოკო, 1 ჩაის ჭიქა არაჟანი, 1/2 ლიტრი რძე, 1 სუფრის კოვზი ფქვილი, წიწაკა, მარილი გემოვნებით, 1 სუფრის კოვზი დაჭრილი მწვანილი.

მომზადება: მოვხარშოთ მაკარონი და გავაცივოთ. 1 თავი ხახვი წვრილად დავჭრათ, მოვშუშოთ, ჩავამატოთ გატარებული ხორცი, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა. ვშუშოთ, სანამ ხორცი არ შეწითლდება. ჩავასხათ 2 1/2 ჩაის ჭიქა ბულიონი ან წყალი, დავახუროთ თავსახური, ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ხორცი არ დარბილდება. ჩავაყაროთ მწვანილი, მოვურიოთ. 2 კვერცხი ავთქვიფოთ 2 ჩაის ჭიქა რძესთან, ჩავყაროთ მაკარონი. ცხიმმოსმულ ტაფაზე მოვაწყოთ ფენა-ფენა: მაკარონი, ხორცის ფარში მთლიანად, დანარჩენი მაკარონი და შევდგათ გახურებულ ქურაში 1 საათი. გამზადებულ მაკარონს მოვასხათ სოკოს სოუსი.

სოკოს სოუსის მომზადება: სოკო გავრეცხოთ, დავჭრათ მსხვილ, მრგვალ ნაჭრებად. ხახვი წვრილად დავჭრათ, მოვშუშოთ ცხიმში, ჩავამატოთ სოკო, მარილი გემოვნებით და მოვშუშოთ. არაჟანში ავურიოთ ფქვილი, გავხსნათ 2 ჩაის ჭიქა ბულიონში, ჩავასხათ მოშუშულ სოკოში და წამოვადუღოთ.



მოხრაკული ტკბილი წიწაკა ძმრით

მასალა: 10 ტკბილი წიწაკა, 20 პამიდორი, 3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი, მარილი, 1 სუფრის კოვზი ძმარი.

მომზადება: ტკბილი წიწაკა გავრეცხოთ და მოვხრაკოთ მცენარეულ ზეთში. გადმოვიღოთ ცეცხლიდან, დავუმატოთ მარილი და ძმარი. დავახუროთ თავსახური და დავაყოვნოთ 20 წუთი. გავაფორმოთ ახალი პამიდვრის ნაჭრებით.

სუპ-პიურე ლობიოსგან

მასალა: 2,5 ლიტრი წყალი, 2 ჩაის ჭიქა ლობიო, 1 სუფრის კოვზი ფქვილი, 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი, 2 თავი ხახვი, 50 გრამი ღორის ქონი, მარილი გემოვნებით.

მომზადება: ლობიო გავრეცხოთ თბილი წყლით, 3-4 საათის განმავლობაში ჩავალბოთ წყალში, შემდეგ მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი, დავუმატოთ ხახვი, სტაფილო, ოხრახუში და ვხარშოთ მზადყოფნამდე. ფქვილი მსუბუქად მოვხალოთ მცენარეულ ზეთში, შევაზილოთ ცოტაოდენი ნახარში და ჩავასხათ ქვაბში. ავადუღოთ, თან ვურიოთ. შევაზავოთ რძით, მცენარეული ზეთითა და მარილით.



ქადა

მასალა ცომისათვის: 7 ჩაის ჭიქა ფქვილი, 400 გრამი კარაქი, 1 ქილა მაწონი, 1 ჩაის კოვზი სოდა, ვანილი.

მასალა გულისათვის: 400 გრამი კარაქი, 500 გრამი შაქარი, 0,5 ჩაის კოვზი მარილი, ვანილი, ფქვილი თვალზომით (ისე, რომ ხელს არ ეკვროდეს).

მომზადება: ფქვილი და კარაქი ერთად ავკეპოთ დანით. შუაში ჩავაღრმავოთ და ჩავასხათ შიგ მაწონი, ჩავუმატოთ სოდა, ცოტა ვანილი და მოვზილოთ ცომი.

ქადის გული მოვამზადოთ ასე: დავადნოთ კარაქი, ავურიოთ შიგ შაქარი, მარილი, ცოტა ვანილი, ფქვილი იმდენი, რომ ფხვიერი გამოვიდეს.

ცომი ორად გავყოთ, სათითაოდ გავაბრტყელოთ, მოვაყაროთ ქადის გული და მილაკისებურად დავახვიოთ. დავჭრათ სამკუთხედებად. ზევიდან კვერცხის გული წავუსვათ და შევდგათ ჰაერღუმელში გამოსაცხობად.

ფახლავა

მასალა ცომისათვის: 1 კვერცხი, 200 გრამი კარაქი, 1 ქილა არაჟანი, 1 ჩაის კოვზი სოდა, 1 სუფრის კოვზი ძმარი, 0,5 მუსკატის კაკალი, დანაყილი ან დაფქული, 3 ჩაის ჭიქა ფქვილი.

მასალა გულისათვის: 2 კვერცხის ცილა, 1,5 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, 1,5 ჩაის ჭიქა წვრილად დაჭრილი მოხალული ნიგოზი, ეს ყველაფერი ავურიოთ ერთმანეთში და გავყოთ ორ ნაწილად.

მომზადება: კარგად შერბილებულ კარაქს შევურიოთ კვერცხი, შემდეგ არაჟანი, ძმარში გახსნილი სოდა, მუსკატი, ავურიოთ კარგად და შევაზილოთ ფქვილი. მიღებული ცომი გავყოთ 3 ტოლ ნაწილად. სამივე გავაბრტყელოთ ცალ-ცალკე. ერთი ნაწილის გაბრტყელებული ფენა მოვათავსოთ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ საცხობ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ საცხობ ყალიბში, მოვაყაროთ ზემოდან გული, დავადოთ მეორე ცომის ფენა და ასევე დავფაროთ გულით. შემდეგ დავაფაროთ ცომის მესამე ფენა, ზემოდან წავუსვათ ორი კვერცხის გული, დავსეროთ რომბისებურად (მჭრელი დანით) და შევდგათ გამოსაცხობად გაზქურაში ნაზ ცეცხლზე.

ნამცხვარი "სინაზე"

მასალა ბისკვიტისათვის: 200 გრამი კარაქი, 2 ჩაის ჭიქა შაქარი, 6 კვერცხი, 3 ჩაის ჭიქა ფქვილი, 4 სუფრის კოვზი მაწონი ან არაჟანი, 1 ჩაის კოვზი სოდა, ძმარი, ვანილი.

მასალა კრემისათვის: 4 კვერცხი, 1 ჩაის ჭიქა შაქარი, 2 სუფრის კოვზი კარტოფილის ფქვილი, 3 ჩაის ჭიქა რძე, 2 სუფრის კოვზი გამდნარი კარაქი, ვანილი.

მომზადება: დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ შაქართან ერთად. მერე სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხები, მაწონი ან არაჟანი, ძმარში გახსნილი სოდა, ბოლოს ჩავაყაროთ ფქვილი და კარგად ავურიოთ. ეს მასა დავასხათ კარაქწასმულ ცივ ტაფაზე და შევდგათ თბილ გაზქურაში. გამოცხობის შემდეგ გავაციოთ და ჩაის თხელი ჭიქით ფორმებად ამოვჭრათ. გავჭრათ სიბრტყეზე, წავუსვათ კრემი და ზემოდან მოვაყაროთ თავისივე ნაფხვენი. კრემისთვის კვერცხების გულისგან გავაკეთოთ გოგლიმოგლი. დავამატოთ კარტოფილის ფქვილი, გამდნარი კარაქი და ვანილი. მასა ჩავასხათ ცხელ რძეში და სწრაფი მორევით წამოვადუღოთ. გადმოვდგათ და დავუმატოთ ამავე კვერცხების თეთრად ათქვეფილი ცილა.

სასმელი სუფრისათვის

მასალა: 80 გრამი სუფრის წითელი ღვინო, 20 გრამი კონიაკი ან არაყი, 1/10 ნაწილი ლიმონი ან ფორთოხალი, 20 გრამი შაქარი, 0,1 გრამი მიხაკი და დარიჩინი, 0,1 გრამი მუსკატი (ჯავზი).

მომზადება: ღვინოს დავუმატოთ სანელებლები, ლიმონის ცედრა, შაქარი, მივიყვანოთ ადუღებამდე. სუფრაზე მიტანის წინ დავუმატოთ კონიაკი ან არაყი და ლიმონის ან ფორთოხლის ნაჭერი.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online