| ქალი და მამაკაცი |

პოპულარული ტელესახე, სალომე გოგიაშვილი, ორი შვილის დედაა და, უნდა თუ არა, სამზარეულოში ფუსფუსი ხშირად უწევს. ოჯახის წევრები მისი ნახელავით კმაყოფილები არიან, მეგობრებშიც კარგი კულინარის სახელი აქვს, ამიტომ მასთან სტუმრად მისვლა უხარიათ. სალომეს ექსპერიმენტების ჩატარებაშიც ბადალი არ ჰყავს. პურის "ბატონისგან" ისეთ პიცას ამზადებს, რომ... თავისი პატარ–პატარა კულინარიული საიდუმლოებები ჩვენს მკითხველებსაც გაუზიარა.
– სალომე, ორი შვილის დედობამ ჩამოგაყალიბათ კარგ კულინარად თუ გათხოვებამდეც გამოგდიოდათ ეს საქმე?
– მხოლოდ შვილებს კი არ ვუმზადებ სადილებს, არამედ მთელი ოჯახისთვის ვაკეთებ. საჭმელების კეთება არავისგან მისწავლია, მაგრამ ყველაფერი გემრიელი გამომდის. ქალს შინაგანად უნდა მოსწონდეს ამ ყველაფრის კეთება. თუ გულს დაუდებ, ყველა კერძი გემრიელი გამოვა.
– თქვენი კერძებიდან მეგობრებს ყველაზე მეტად რომელი უყვართ?
– ხშირად მთხოვენ ნაღებისა და სოკოსგან სტეიკის და პიცის გაკეთებას. ძალიან უყვართ.
– სტეიკს როგორ ამზადებთ?
– ვყიდულობ სტეიკის მოსამზადებლად განკუთვნილ ხორცს. ტაფაზე წყალს დავასხამ, ხორცს დავდებ და მოვხარშავ. ბევრ წყალს არ ვასხამ. ხორცი შიგ უნდა მოიშუშოს. ნაღების სოუსს სხვა ტაფაში ვაკეთებ. კარაქს გავადნობ, ნაღებს ჩავასხამ და ადუღებამდე ვურევ. მერე შიგ ყველის 5–6 ფირფიტას ვაგდებ. ყველი დნება და წელვადი ხდება. ამის შემდეგ ჩავამატებ სოკოს და ასევე – სოკოს კუბიკებს. ამ ყველაფერს ცოტა ხანს ერთად ვადუღებ. ბოლოს კი წყალში მოშუშულ ხორცს დავასხამ და ერთად შევწვავ. უგემრიელესი გამოდის. თუ ხორცს თეთრ ტკბილ ღვინოში მოხარშავთ, ნაღების სოუსი აღარ უნდა.
სტეიკს ბევრნაირად ვაკეთებ. გარნირად ბრინჯს ან კუსკუსს ვუკეთებ. ყველაზე მეტად კუსკუსი უხდება. ეს ჩემეული რეცეპტია.
რაც შეეხება პიცას, მას ორნაირად ვამზადებ. ერთს ჩვეულებრივად ვაკეთებ, მეორე კი ჩემი ექსპერიმენტის შედეგია და თქვენც გასწავლით. ვიყიდით "ბატონ" პურს და შუაზე გავჭრით. გულს ამოვუღებთ და იმ ყველა ინგრედიენტს ჩავდებთ, რაც პიცას სჭირდება. ზემოდან მეორე პურის ნაჭერს დავახურავთ და ძაფით გადავახვევთ, რომ ინგრედიენტები არ გადმოიყაროს. შემდეგ ღუმელში შევდგამთ. პური ძალიან ხრაშუნა ხდება. რომ გამოცხვება, რულეტივით დავჭრით. უგემრიელესია!
– სამზარეულოში, მგონი, უსაზღვრო ფანტაზია გაქვთ.
– კი. ხომ გეუბნებით, ყველანაირ კერძს ვაკეთებ – ქართულსაც, ევროპულსაც...
ერთადერთი, რაც არ გამომდის, ნამცხვარია. სულ ვცდილობ, მაგრამ ვერაფრით ვაცხობ. ერთი პერიოდი ხაჭოს ნამცხვარი გამომდიოდა გემრიელი, მაგრამ ახლა აღარ მახსოვს, როგორ მზადდება. ზოგჯერ ნამცხვრების და ტორტების გაკეთება მაინც მიწევს, მაგრამ ისეთი არ გამომდის, როგორიც მინდა.
– თქვენ აცხობთ ბისკვიტებს თუ ყიდულობთ და მხოლოდ კრემს უსვამთ?
– მე თვითონ ვაცხობ. ხშირად ვყიდულობ ტორტების ფორმებს, სპეციალური კრემების ამოსაყვანებს... აბსოლუტურად ყველა ხელსაწყო მაქვს, რაც ნამცხვრების და ტორტების ცხობას სჭირდება. ჩემს გამომცხვარს კი ჭამენ, მაგრამ ძალიან გემრიელი არ არის. ჩინურ ტორტს ხშირად ვაკეთებ. კრემს გავაკეთებ და შიგ ფხვიერ ნამცხვარს ჩავყრი. მერე ვჭრი ყველა იმ ხილს, რაც მიყვარს და ვაყრი. ასევე ძალიან უხდება ნიგოზი და ქიშმიში. ბოლოს მაცივარში ვდგამ და ვყინავ.
– თქვენს შვილებს რა უყვართ განსაკუთრებით?
– პრეტენზიულები არ არიან. მე რაც უნდა გავუკეთო, ყველაფერს ჭამენ. დილით ძირითადად შვრიის ფაფას ვუმზადებ, მაგრამ ვერ იტანენ. დიდი თამაშით და გართობით თუ მივაღწევ, რომ რამდენიმე კოვზი შეჭამონ. თუ ფაფა არ მოვამზადე, მაშინ ტოსტერში გახუხულ ყველიან პურს ვაჭმევ.
– თქვენთვის რა პროდუქტი ან საჭმელია მიუღებელი?
– ცხვრის ხორცს, კარაქს, რძეს და ხიზილალას არ ვჭამ. ჯემები და მსგავსი რაღაცეები გასინჯულიც არ მაქვს. ვერ ვიტან! არც თაფლი მიყვარს. მხოლოდ იმ შემთხვევაში ვჭამ, როცა ცუდად ვარ და მჭირდება.
– თქვენი გემოვნება შვილებს გამოჰყვათ?
– ღვთის წყალობით, ჯერჯერობით ორივეს უყვარს ხიზილალა, კარაქი და რძესაც სვამენ.
– უცხო, უცნაური საჭმელების გასინჯვა გიყვართ?
– ძალიან. თუკი რამე უცხო კერძის გასინჯვის საშუალება მომცემია, არაფერზე მითქვამს უარი. ერთადერთი, რასაც არასოდეს გავსინჯავ, ტარაკანები, კალიები, მწერებია... გველის და ბაყაყის ხორცი გასინჯული მაქვს და ძალიან მომეწონა. ინტერესის გამო გავსინჯე. ისეთია, ქათმის ხორცისგან ვერ განასხვავებთ.
ჩვენნაირი მრავალფეროვანი და ნოყიერი სამზარეულო არსად მოიძებნება, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ იტალიელებმაც გემრიელი კერძები იციან და ფრანგებმაც. ერთხელ მოლდოვის ქალაქ ბელციში ვიყავი. რესტორანში წაგვიყვანეს. იქ ისეთი გემრიელი რაღაცეები ვჭამეთ, რომ გავოცდი. უკან შთაბეჭდილებებით სავსე დავბრუნდი. სულ ვამბობდი, იქაური კერძების მომზადება უნდა ვისწავლო და გავაკეთო–მეთქი. სეიშელის კუნძულებზეც უგემრიელესი კერძები მაქვს გასინჯული. გემრიელ საჭმელებს ყველა ქვეყანაში ვპოულობ. საოცრად გურმანი ვარ. კაცივით მიყვარს ხორცეული, ცომეული. გემრიელად რომ შევჭამ, იდეალურ ხასიათზე ვდგები.
– მერე წონის პრობლემა არასოდეს გექმნებათ?
– კი, როგორ არა!
– გყოფნით ნებისყოფა, რომ ფორმაში ჩასადგომად გემრიელ კერძებზე უარი თქვათ?
– როცა წონაში ვიმატებ, განტვირთვის დღეებს ვიწყობ, მძიმე დიეტაზე ვჯდები. წონაში ახლაც მომატებული მაქვს და სტარტი ვერ ავიღე, რომ დიეტა დავიწყო.
– რომელ დიეტას იცავთ?
– ჩემი მოგონილი დიეტით ვხელმძღვანელობ, რომელიც ჩემს ორგანიზმს ძალიან უხდება. ორი დღე მოხარშულ ბრინჯზე ვარ, შემდეგი ორი დღე წიწიბურას ვჭამ, მერე – ბოსტნეულს და ბოლო ორ დღეს ხილს გეახლებით.
– ახალ წელს გიყვართ სადღესასწაულო სამზადისი?
– სამწუხაროდ, ასეთ დღეებში სახლში არ ვარ. ამ დროს გადატვირთული სამუშაო მაქვს ხოლმე. ახალი წლის დღეებში კონცერტები იმართება და გადარბენები მიწევს. თან, რომ გითხრათ, დიდად მეხალისება გოზინაყის კეთება–მეთქი, მოგატყუებთ. იმდენად ვერ ვიტან საჭმლის ნელა მომზადებას, რომ გოზინაყის გაკეთება არასოდეს მომინდება. არ მიყვარს რაღაცეების ჭრა. ამიტომ სულ ვამბობ, თუ გაიგებთ, რომ სადმე გოზინაყი იყიდება, მითხარით და ვიყიდი–მეთქი. შარშანწინ ბებიამ გოზინაყი ახალი მეთოდით გააკეთა და ისეთი გამოვიდა, რომ თეფშს ვერ ავაგლიჯეთ. მთელი ახალი წლის განმავლობაში ასე, თეფშზე დადებულს, შორიდან ვუყურებდით. მის ნაცვლად გოზინაყის კანფეტები მივირთვით.
– თქვენს ოჯახში ჯანსაღ კვებაზე რამდენად ზრუნავენ?
– ყველაზე მეტად ის მინდა, რომ ჩემმა შვილებმა ჯანსაღი საკვებით და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით იკვებონ, მაგრამ ამას ფიზიკურად ვერ ვახერხებთ. მაშინ ჩემი ბოსტანი და ვენახი უნდა მქონდეს, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მოვიყვანო. თბილისში ამას ვერ ვახერხებ. დილით თუ შვრიის ფაფას ვაჭმევ, საღამოს მაინც სწრაფი კვების ობიექტში წაყვანას მთხოვენ და უარი როგორ ვუთხრა?! ეს შეუძლებელია.
– ხშირად გიწევთ კაფე–რესტორნებში ჭამა?
– გამორიცხულია, ქუჩაში ფენოვანი ხაჭაპური ვიყიდო. შიმშილით რომ ვკვდებოდე, მაინც არ შევჭამ. სამსახურში ძირითადად ხილი მიმაქვს და შიმშილის გრძნობას იმით ვიკლავ. თუ დრო მაქვს, მაშინ კაფეში ან რესტორანში მივდივარ.
– ასაკთან ერთად გემოვნება შეგეცვალათ?
– ერთადერთი, ფეხმძიმობის დროს კვერცხი შემზიზღდა და მთელი 5 წელი არ ვეკარებოდი, მაგრამ ახლა გადამიარა.
– ამბობენ, ორსულობის დროს დედას რაც ეჯავრება, მერე შვილსაც არ უყვარსო. თქვენს შვილებს თუ უყვართ კვერცხით მომზადებული კერძები?
– კი, ორივეს ძალიან უყვარს კოკოკო. ასე ეძახიან კვერცხისგან მომზადებულ ყველანაირ კერძს, მაგრამ ვცდილობ, ყოველდღე არ მიიღონ, მაინც ალერგიული პროდუქტია.
– დედა როგორ გიფასებთ ნახელავს, მოსწონს თუ შენიშვნებს იმსახურებთ?
– ჩემი ნახელავი დედასაც ძალიან უყვარს. ფსიქოლოგიურად მთელ ოჯახს ვამზადებ ხოლმე და ვამბობ, დღეს მე გავაკეთებ საჭმელს–მეთქი. სულ დედას უწევს სადილების კეთება და როცა მე ვიღებ ამ საქმეს ჩემს თავზე, ისვენებს. მეუბნება, თუ გინდა, ხვალაც გააკეთე, ზეგაც, მე არ შეგეცილებიო, მაგრამ ვერ ვახერხებ.
– მოდით, თქვენი ექსპერიმენტული კერძებიდან კიდევ ერთის რეცეპტი გვითხარით.
– ლობიოს სალათს გასწავლით. მოვხარშავთ წითელ ლობიოს და არ ავზელთ. გავაციებთ და ავურევთ ბევრ მაიონეზში. დავჭრით ყველა იმ მწვანილის სახეობას, რაც გვიყვარს და ჩავაყრით. ბროწეულსაც დავამატებთ. უფრო გემრიელი გახდება, წვრილად და გრძლად დაჭრილ კომბოსტოს თუ შევურევთ. ვისაც ცხარე კერძები უყვარს, შეუძლია წიწაკაც დაუმატოს. მე ძალიან მიყვარს ცხარე საჭმელები და წიწაკის გარეშე ვერც ლობიოს სალათა წარმომიდგენია.
– რომელი პროდუქტის გარეშე არ არსებობს თქვენი სამზარეულო?
– სიგარეტისა და ყავის გარეშე. ესაა დედაჩემის ორი "ინგრედიენტი", რომლის გარეშეც არ შეუძლია. მე დიდად არც ყავაზე ვგიჟდები და არც ვეწევი. მაცივარში ყოველთვის – არა, მაგრამ ძალიან ხშირად გვაქვს წვენი, ცივი ჩაი ან გაზიანი სასმელი, რადგან მე წყალს საერთოდ არ ვსვამ.
– არადა როგორი აუცილებელია.
– გასინჯული მაქვს. ისეთი სიტუაციაც ყოფილა, რომ ძალიან მტკიებია რაღაც და წამალი წყლის გარეშე ვერ გადამიყლაპავს. ასეთ დროს წინასწარ ფსიქოლოგიურად ვემზადები, რომ წყალი დავლიო. ჩემი ორგანიზმი ამ სითხეს ვერაფრით იღებს, მაშინვე ცუდად ვხდები.
ქეთი დინოშვილი

|
დღის სიახლეები
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ყვავილოვანი კომბოსტო კიბოს წინააღმდეგ
კულინარიული შედევრები
ხილი დიაბეტის წინააღმდეგ
დიეტა მოგბეზრდათ? ნაყინი შეჭამეთ












ფასტფუდი დეპრესიას იწვევს
კულინარიული შედევრები
ნინო თოლორდავას ქმარი წელიწადში ორჯერ შემწვარი კვერცხით აბედნიერებს 

კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები
გია ბაღაშვილი: "ჩემმა ცოლმა ზუსტად იცის, როგორი კერძები უნდა მომიმზადოს!"
თქვენთვის, გურმანებო
გუშინ მაკარონი ხომ არ მოგიხარშავთ?
თქვენთვის, გურმანებო
თამუნა ლეკვეიშვილი: "საჭმელს ყოველთვის მოვალეობის მოხდის მიზნით ვაკეთებ"
თქვენთვის, გურმანებო
კულინარიული შედევრები 








