asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ქეთა ლორთქიფანიძე შვილებს სოსისის სუპს უკეთებს
"სამზარეულოში ეშმაკობებს ხშირად მივმართავ"
ქეთა ლორთქიფანიძე შვილებს სოსისის სუპს უკეთებს

2011-12-08 15:41:50



მრავალშვილიანი დედის, მსახიობ ქეთა ლორთქიფანიძის სამზარეულოში ყოველდღე რამდენიმენაირი კერძი მზადდება, რადგან მისი ოჯახის წევრების გემოვნება ერთმანეთისგან განსხვავდება. უფროს ვაჟს, 15 წლის თომას, შემწვარი კარტოფილი ყველაფერს ურჩევნია. 4 წლის თეოდორას, 3 წლის სესილის და 2 წლის იოანეს დედის მიერ შედგენილი მენიუ აქვთ. ყველაზე უპრობლემო 11 წლის ნინოა, რომელიც დედას უკვე ეხმარება კიდეც სამზარეულოში. მის გარდა, დამხმარე ქალბატონიც ჰყავს, რომელიც სადილის საკითხს უგვარებს, მაგრამ ქეთას ყველაზე მეტად მეუღლესთან ერთად ეხალისება სამზარეულოში ფუსფუსი. არის დღეები, როცა ცოლ–ქმარი ერთად ამზადებენ რაიმე განსაკუთრებულს, მაგალითად, ტორტს და ამ დროს კარგადაც მხიარულობენ.

– ქეთა, ხუთი შვილის დედას ალბათ ძალიან მჭიდრო "კონტაქტი" გაქვთ სამზარეულოსთან.

– სამზარეულოში ყოფნა მართლაც ხშირად მიწევს, კერძების მომზადება მეხერხება და თან მიყვარს კიდეც.

– თქვენი საყვარელი კერძები რომელია?

– მიყვარს ხორცეული – მწვადი, ქაბაბი... აი, ცხვრის ხორცს არ გეახლებით. უპირატესობას ღორის ხორცს ვანიჭებ, მიყვარს კურდღლის ხორციც. ფრინველის ხორცი კი ბოლო ადგილზე დგას ჩემთვის.

– თავად შეგიძლიათ კურდღლის ხორცის მომზადება?

– კი, რა თქმა უნდა. მისი შეწვა მარტივია. იშვიათად ვამზადებ, მაგრამ ვიცი, რომ ყველაზე დიეტურია.

– გამიკვირდება, თუ მეტყვით, რომ დიეტაზე ხართ.

– არა, დიეტაზე არასოდეს ვარ, პირიქით, მაქსიმალურად ბევრს ვჭამ. მიყვარს ცხიმიანი ღორის ხორცი და საკმაოდ ხშირადაც გეახლებით. ასევე ძალიან ბევრ კარაქიან პურს ვჭამ თაფლთან ან ყველთან ერთად. ისე, უნდა გითხრათ, რომ ყველი არ მიყვარს.

– მგონი, ერთადერთი ხართ, ვინც ამას მეუბნება. ყველს სულ არ ჭამთ?

– ყველს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვჭამ, თუ სხვა არფერია. რა ვქნა, ასეთი "მინუსები" მაქვს. ქარხნული წესით მომზადებული, გამომშრალი ყველი მიყვარს. საღამოს თეფშზე დავჭრი ხოლმე და დილით უკვე გამომშრალი მხვდება. ყავასთან ერთად სიამოვნებით მივირთმევ. ჰოლანდიურ ყველსაც გეახლებით.

– თქვენი მრავალრიცხოვანი ოჯახის წევრების კულინარიული გემოვნება როგორია?

– ჩემს სახლში საკმაოდ მრავალფეროვანი კერძები მზადდება, რადგან ერთი სადილი არ გვყოფნის. სასუსნავი ყველასთვის მოიძებნება ხოლმე. რომ გითხრათ, პრეტენზიული შვილები მყავს–მეთქი, მოგატყუებთ. უფროს ბიჭს უზომოდ უყვარს შემწვარი კარტოფილი და თევზი, სხვაზე არაფერზე გიჟდება. თუ კარტოფილს შევუწვავთ, ჭამს, თუ ჩახოხბილი ან სოუსი გვაქვს, მაშინ მშიერი რჩება. უფროს ქალიშვილს, ნინოს, თითქმის ყველაფერი უყვარს, მაგრამ არის რაღაცეები, რასაც არ ჭამს. მაგალითად, ხშირად წუწუნებს წვნიანებზე, მაგრამ იმის გამო, რომ უმცროსები საკმაოდ პატარები არიან, მათთვის კი წვნიანი აუცილებელია, ჩემს სახლში ყოველთვის ვამზადებთ.

– შვილებისთვის ოდესმე დაგიძალებიათ, ის კერძი ეჭამათ, რომელიც არ უნდოდათ, მაგრამ მათთვის სასარგებლო იყო?

– ერთ სიბრძნეს ჩავწვდი: ადამიანს რაც სიამოვნებს, ის უნდა მიირთვას და არავინ არაფერი უნდა დააძალოს. თუ არ გიყვარს და კონკრეტული კერძის ყურებაც კი ცუდად გხდის, არა მგონია, იმ საკვებმა რამე კარგი მოგიტანოს. ვთვლი, რომ ადამიანისთვის განწყობაა უპირველესი.

– სამზარეულოშიც განწყობა გჭირდებათ?

– კი. კერძს მზარეულის განწყობა ეტყობა. მე საჭმელი მაშინ გამომდის გემრიელი, როცა ძალიან მშია. თუ დანაყრებული ვარ, გაკეთება მეზარება და კარგი ხარისხისაც აღარ გამომდის. უნდა გითხრათ, რომ მე სულ მშია. ვერ გეტყვით, ყოველდღე სამზარეულოში ვტრიალებ–მეთქი, რადგან მძიმე სამუშაო რეჟიმი მაქვს. მყავს არაჩვეულებრივი ძიძა, ნინო, ვისზეც ძირითადი დატვირთვა გადადის.

კერძის გაკეთებას ფაქტობრივად ბაზრიდან ვიწყებ. უზომოდ მიყვარს ბაზარში სიარული. ვერ ვიტყვი, რომ ხშირად დავდივარ, მაგრამ როცა დრო მაქვს, სიამოვნებით მივდივარ. ბაზარში პროდუქტს რომ ვხედავ, უკვე ვიცი, რაში რას ჩავყრი, რას რას დავუმატებ. წიწაკასაც კი ბევრნაირს ვყიდულობ და ხშირად წვნიანში არომატისთვის ცოტ–ცოტას ყველანაირს ვყრი. ვთვლი, რომ დიასახლისმა კერძის გაკეთება სწორედ პროდუქტების შერჩევით უნდა დაიწყოს. რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლეც კარგად ახერხებს ყიდვას, მაგრამ მიყვარს, როცა ამას მე ვიღებ საკუთარ თავზე. ბაზარში თითქოს ფანტაზია მეხსნება და კერძის ახალ კომპოზიციებს იქვე ვქმნი.

– გემრიელი ხელი გაქვთ?

– ხანდახან მთელი თვე ან ორი კვირა ისეთი დატვირთული ვარ, რომ საღამოს მხოლოდ იმისთვის შევდივარ სამზარეულოში, ყავა ან ჩაი დავისხა. ასეთ დროს ხელიც მიზარმაცდება და გონებაც. მერე თითქოს ყველაფრის თავიდან დაწყება მიწევს, მაგრამ თუ ისე მიეწყობა, რომ კვირაში ხუთჯერ მაინც გავაკეთებ სადილს, მაშინ ხელიც გაწაფული მაქვს და გონებაც. ხანდახან სუნით ვხვდები, რომელი სუნელი უნდა ჩავამატო და სადილს მარილი აკლია თუ არა. ამ ყველაფერს ალღო სჭირდება. საკმაოდ ბევრ რეცეპტს ინტერნეტით ვპოულობ. ხოფერიას და ლომიძის წიგნებითაც ვსარგებლობ. ეს ორი წიგნი სამზარეულოს კარადაში მიდევს.

როდესაც ოჯახში მარტო ერთი ქალი დავრჩი და სადილების კეთება მომიხდა, ძალიან ავღელდი. მაშინ ბებიაჩემი ცოცხალი იყო (სამწუხაროდ, უკვე ერთი წელია აღარ მყავს). მას ვურეკავდი, ბე, ხორცი ჩავყარე და ახლა რა გავაკეთო–მეთქი. ის მარიგებდა, სადილებს მისი რჩევებით ვამზადებდი. ზუსტადაც რომ ვიცოდე რომელიმე კერძის მომზადება, წიგნს მაინც გადმოვიღებ და გადავხედავ, რომ რამე მნიშვნელოვანი არ გამომრჩეს. მერე კი სხვადასხვა ინგრედიენტს ჩემი ფანტაზიით ვამატებ.

– ქმარი როგორ აფასებს თქვენს ნახელავს?

– სახლში უზარმაზარი ქვაბი და ტაფა მაქვს, რომლებიც ჩვენი შეუღლების პირველივე თვეს შევიძინე. ალბათ გული მიგრძნობდა, რომ მალე გავმრავლდებოდით. თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთ დიდ ქვაბში მომზადებული სადილიდანაც კი უცებ აღარაფერი რჩება. სწორედ ესაა ალბათ იმის ნიშანი, ჩემი მომზადებული საჭმელები მოსწონთ.

ჩემი მეუღლის მეგობრებიც ხშირად მაქებენ. როდესაც სადილების კეთება დავიწყე, ძალიან ვღელავდი, უფრო მეტიც, ვიტანჯებოდი. როცა რამეს ვაკეთებდი, მერე ვიჯექი და ყველას პირში შევყურებდი, ვაკვირდებოდი, როგორი რეაქციით ჭამდნენ. ამ შეგრძნებას ალბათ იმასთან გავაიგივებდი, პრემიერაზე რომ უნდა გახვიდე სცენაზე. მერე და მერე ღელვა მინელდა და ეს ყოველივე ყოველდღიურობად იქცა. ახლა უკვე მე თვითონ ვხვდები, რა გამომდის კარგი და რა – ცუდი.

– რომელი კერძის რეცეპტს შესთავაზებდით ჩვენს მკითხველს?

– ჩემს სახლში მაცივარი ძალიან სწრაფად ცარიელდება. როცა საღამოს შინ ვბრუნდები, ყველა მაღაზია დაკეტილია, ამიტომ თუ სახლშიც არაფერი მხვდება, ვიწყებ ძებნას – სად მაკარონი მაქვს დარჩენილი, სად – წიწიბურა, კარტოფილი... ასეთ შემთხვევაში რაღაცეების გამოგონება მიწევს.

ახლა გასწავლით მარტივად მოსამზადებელ სამარხვო კერძს. ავიღებთ კარტოფილს, გავთლით, გავჭრით შუაზე და ქვაბში ჩავალაგებთ. შემდეგ დავასხამთ სამარხვო ცხიმს და ისე ჩავშუშავთ, რომ ფორმა არ დაკარგოს. შემდეგ მოვაყრით ხახვს და შუშვას გავაგრძელებთ. აუცილებლად დაგვჭირდება ქონდარი. შეგვიძლია მწვანილიც მოვაყაროთ. თუ მარხვა არ არის, ყველსაც მოვახეხავთ. ვისაც პომიდორი უყვარს, შეუძლია თხლად დაჭრილი ზემოდან დაალაგოს. ვიცი, რომ ჩვენს დიასახლისებს უშრეტი ფანტაზია აქვთ და მოიფიქრებენ, კიდევ რა შეიძლება ჩააყარონ. ბოლოს ზემოდან უნდა მოვაყაროთ დაჭყლეტილი ნიორი, დავახუროთ თავსახური და ცოტა ხანი დავაცადოთ, რომ გემო გაუჯდეს. ასევე შეგვიძია გამოვიყენოთ მაიონეზი, არაჟანი და სხვა ათასი რამ. ძალიან მალე მზადდება. მარხვის დროს იდეალური საჭმელია. ეჭვი არ მეპარება, თქვენც კარგი გამოგივათ.

– აქცევთ ყურადღებას, თქვენს სუფრაზე ჯანმრთელობისთვის რამდენად სასარგებლო პროდუქტი ალაგია?

– სიმართლე გითხრათ, ყურადღებას არ ვაქცევ. ეს ალბათ ძალიან ცუდია, რადგან მშობელი ვარ. ვცდილობ, ხილი და ბოსტნეული ყოველთვის მქონდეს სახლში. ჩემი შვილები მხოლოდ შვრიის ფაფას ჭამენ. ასევე ჭამენ წიწიბურას, რომელიც ძალიან ბევრ რკინას შეიცავს. ჩემს მეუღლეს სასტიკად არ უყვარს ეს საჭმელი, ამიტომ იმდენს ვაკეთებ, რომ მხოლოდ ბავშვებს ეყოთ. ჩვეულებრივად ვხარშავ წიწიბურას, შემდეგ დავუმატებ მოშუშულ ხახვს, მოვაყრი სვანურ მარილს და საკმაოდ გემრიელი გამოდის. ძალიან გვიყვარს გოგრა. ხშირად ვამზადებ ყაბაყის წვნიანს, რომელიც დიდი მოწონებით სარგებლობს ჩემს შვილებში. ასევე ხშირად ვაკეთებ სოსისის სუპს.

– სოსისის სუპს? ეს როგორ მზადდება?

– წვნიანს ჩვეულებრივად მოამზადებთ. მე ერთი მინუსი მაქვს – წვნიანში არ მიყვარს მოშუშული ხახვი, ამიტომ მთლიან თავს ვდებ და ისე ვხარშავ. კერძი ასე უფრო გამჭვირვალე და მსუბუქი გამოდის. წვნიანი რომ მომზადდება, სანამ მწვანილს ჩაყრით, შეგიძლიათ შემწვარი ან უმი სოსისი მრგვლად დაჭრათ და ჩაყაროთ. შეეცადეთ, სოსისი კარგი ხარისხის და, რა თქმა უნდა, ახალი იყოს. ბოლოს მწვანილს უზამთ და გემრიელი გამოდის. ჩემს ბავშვებს ძალიან უყვართ. სოსისის ხათრით, წვნიანსაც გემრიელად ჭამენ. ასეთ ეშმაკობებს ხშირად მივმართავ.

– დელიკატესებს გემოს თამამად უსინჯავთ?

– არ მიყვარს თევზი, სამაგიეროდ ძალიან მიყვარს სხვა დანარჩენი ზღვის პროდუქტები. ვგიჟდები ლოკოკინებზე და ყველას მოვუწოდებ, დააგემოვნონ. უზომოდ მიყვარს მიდიები. ბაყაყის ხორციც გასინჯული მაქვს. ძალიან მაინტერესებს გველის ხორცის გასინჯვა, მაგრამ ჯერჯერობით შანსი არ მომეცა. სიხარულით დავაგემოვნებდი.

– ცხობაში როგორი ხართ?

– ყველაფრის მომზადება შემიძლია, გარდა ნამცხვრებისა. სიმართლე გითხრათ, არც მიცდია. არც მაინტერესებს და ალბათ ამიტომ არ გამომდის.

ახლახან ჩემს ცხოვრებაში საოცრება მოხდა. სექტემბერში ჩემი ქალიშვილი 11 წლის გახდა. მისი დაბადების დღისთვის გადავწყვიტე, ტორტის ბისკვიტი მეყიდა და დანარჩენი მე თვითონ გამეკეთებინა. კრემი საკმაოდ გემრიელი გამომივიდა. მოვიტანე უამრავი ხილი, რომ შიგ ჩამეტენა. ვიყიდე მარციპანიც, რომელიც მე და ჩემმა მეუღლემ ძლივს გავაბრტყელეთ. თან ძალიან გავერთეთ. ვთვლი, რომ კულინარია მხოლოდ დანაყრების საშუალება არ არის. საკმაოდ სახალისო პროცესია, თუ რომელიმე ოჯახის წევრიც ჩაერთვება ამ ყველაფერში. ამ ბოლო დროს მე და ჩემი ქალიშვილი, ნინო, ხშირად ერთად ვამზადებთ სადილებს და თან კარგად ვერთობით. ხშირი სტუმრიანობის გამო მე და ჩემს ქმარს სამზარეულოში ერთ ტემპში გვიწევს მუშაობა, ამიტომ ძალიან მსიამოვნებს იქ ყოფნა. ერთი სიტყვით, ასე ერთად გავაბრტყელეთ მარციპანი, რომლისგანაც ზაზამ, ჩემმა მეუღლემ, ჩვენი შვილის სახელი და ასაკი გამოჭრა. საბოლოოდ ულამაზესი და უგემრიელესი ტორტი გამოვიდა. ჩემი შვილიც უბედნიერესი იყო და, მგონი, მისი მეგობრებიც ნასიამოვნები წავიდნენ. ახლა მეოთხე შვილის დაბადების დღე მოდის და მინდა, ორსართულიანი ტორტი გავუკეთო. ვნახოთ, როგორ განხორციელდება ჩემი ჩანაფიქრი.

– ალკოჰოლთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

– ყველაზე მეტად ღვინო და გაუფილტრავი ლუდი მიყვარს. დიდი სიამოვნებით ვსვამ ყვლანაირ ღვინოს. ერთადერთი, ადესის ჯიშის ყურძნისგან დაწურული ღვინო არ მომწონს. როდესაც გოგონებზე ვიყავი ფეხმძიმედ, სასმელის ისეთი მოთხოვნილება მქონდა, რომ დღეში ორ კათხა ლუდს ვსვამდი. ყველა ორსულს ვურჩევ, რომ ეს არ გააკეთოს. მე უბრალოდ ძალიან მინდებოდა და ამაზე უარს ვერ ვამბობდი.

თეორიულად ვიცი, რომელი ღვინო რომელ საჭმელს უხდება. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ შავი ღვინით ქეიფი კარგი არ არის. კახური ღვინო ძალიან მიყვარს. ჩემი ქმარი თავად აყენებს და სახლში სულ გვაქვს. ყოველდღე ძილის წინ ერთ ჭიქა შავ ღვინოს აუცილებლად ვსვამ. ხანდახან ისეთი დაღლილი მივდივარ სახლში, რომ ძილის თავიც კი არ მაქვს. ამ დროს უაზროდ ვზივარ და ვცდილობ, ძილისთვის მაინც მოვიკრიბო ძალა. ერთი ჭიქა ღვინო კი დადებითი განწყობისა და მოდუნების საუკეთესო საშუალებაა.

ქეთი დინოშვილი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online