asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ანი ქორქია ჯვრისწერამდე საქმროსთან ერთად ცხოვრებაზე უარს ამბობს
”არ განვსჯი იმას, ვინც სხვა გზით შექმნის ოჯახს”
ანი ქორქია ჯვრისწერამდე საქმროსთან ერთად ცხოვრებაზე უარს ამბობს

2011-12-06 00:05:41



ტელეწამყვანი ანი ქორქია უკვე ნიშნობის ბეჭედს ატარებს და ეს იმას ნიშნავს, რომ თითქმის გათხოვილია. თავისი ოცნების მამაკაცს ის გასულ იანვარს შეხვდა და ზუსტად წლისთავზე ჯვარსაც იწერენ.
ანის რჩეული 25 წლის კახა ჩიქოვანია. მათი ურთიერთობა ოჯახის შექმნამდე ყველანაირი ტრადიციის დაცვით მივიდა. ცოტა ხნის წინ კი ოფიციალურად დაინიშნენ. ანი მომავალ დედამთილ–მამამთილს უკვე კარგად იცნობს და მათთან ერთად დიდ სახლში აპირებს ცხოვრებას.
როგორია საპატარძლოს სამზადისი, ამის გასაგებად "სარკე" ანის სტუმრად ეწვია.
ანი ქორქია:
– ნიშნობა ოქტომბერში გვქონდა და ჯვარს 19 იანვარს, ნათლისღებაზე დავიწერთ. შემდეგ წავალთ რომელიმე თბილ ქვეყანაში და გაზაფხულზე ღია ცის ქვეშ ლამაზი ქორწილი გვექნება ვიწრო წრეში. სხვისი ქორწილები მიყვარს, მაგრამ ჩემი ქორწილი, თანაც გრანდიოზული მასშტაბებით, არასოდეს მდომებია. ისიც კი არ ვიცი, ამ დღეს როგორი კაბა მეცმევა, დანამდვილებით მხოლოდ ის ვიცი, რომ ავთანდილი შემიკერავს. შევეცდებით, ტრადიციული ქორწილი გამოგვივიდეს, მაგრამ ძალიან პატარა.
– ჯვრისწერის დღეს საქორწინო კაბას არ ჩაიცვამთ?
– არა. ბევრი საღამოს კაბა მაქვს და ჯვრისწერისთვის რომელიმეს ავირჩევ ან ახალს ვიყიდი. ჯერჯერობით ამაზე წესიერად არც მიფიქრია. მინდა, ამ დღეს შინაგანად ვბრწყინავდე, მთავარი ამოცანა ეს მაქვს. აქამდე არასოდეს მიოცნებია საკუთარ ქორწილზე და არანაირი განსაკუთრებული მოთხოვნა არ მაქვს, მაინცდამაინც ასეთი და ასეთი უნდა იყოს–მეთქი. ის კი არა, ჩემს მომავალ მეუღლეს ძალიან გულუბრყვილოდ ვკითხე, ქორწილი საერთოდ უნდა გავაკეთოთ თუ არა–მეთქი. მას უნდოდა, ყველაფერი ქორწილით დაგვირგვინებულიყო და მეც დავეთანხმე, რომ ეს ძალიან შინაურულ წრეში გაკეთდეს. ჩემს ქორწილში არ იქნება ჩხუბი, ბავშვების სირბილი ლიმონათის ბოთლებით, სიგნალები და არ შემოვალ სიმღერაზე – "ვისია, ვისია ქალი ლამაზი". ამაში კახაც დამეთანხმა და ყველაფერი კარგად დავგეგმეთ.
– ანუ, ქალაქში რომ დადის ხმები თქვენი გათხოვების შესახებ, მართალი არ არის?
– მე მხოლოდ დანიშნული ვარ და ცალ–ცალკე ვცხოვრობთ. ჯვრისწერის შემდეგ გადავალთ ერთად საცხოვრებლად. ჩემთვისაც და მისთვისაც ჯვრისწერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხელიც რომ მოგვეწერა, ერთად მაინც არ ვიცხოვრებდით. ყველას თავისი შეხედულება აქვს და არანაირად არ განვსჯი იმას, ვინც სხვა გზით შექმნის ოჯახს, მაგრამ მე და კახას გვინდა, ჩვენი ოჯახი ჯვრისწერის შემდეგ შეიქმნას.
– თქვენი სიყვარულის ისტორია ძალიან სწრაფად განვითარდა და ოჯახის შექმნამდეც მივიდა საქმე. მოვლენების ასე განვითარებას ელოდით?
– 16 წლის როცა ვიყავი, ვამბობდი, 25 წლის ასაკში გავთხოვდები–მეთქი. მაშინ ამაზე ყველას ეცინებოდა. პირიქით, ეშინოდათ, ეს ნაბიჯი პატარა ასაკში არ გადამედგა. მე კი მიზნად მქონდა, მაშინ გავთხოვილიყავი, როდესაც ჩამოყალიბებული ადამიანი ვიქნებოდი. ყოველთვის ზუსტად მესმოდა ის რისკი, რომელიც პატარა ასაკში ოჯახის შექმნისას წარმოიქმნება. სხვათა შორის, ამ წლის იანვარში დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და ზუსტად ერთი წლის შემდეგ დავქორწინდებით. კარგი ადამიანი და ისეთი ტიპი აღმოჩნდა, რომელიც მე შემეფერება, ამიტომ ყველაფერი ძალიან ლამაზად წავიდა. არ ვარ ურთიერთობაში მარტივი. ვერ ვიტყვი, რომ რთული ხასიათი მაქვს, მაგრამ პარტნიორთან შეწყობა ცოტა რთულად გამომდის. რაღაც პრინციპებს არასოდეს ვღალატობ ხოლმე და, როგორც წესი, ქართველი მამაკაცების უმრავლესობა ჩემს კრიტერიუმებში ვერ ჯდებოდა.
– რა კრიტერიუმები გაქვთ ასეთი?
– არ შემიძლია ურთიერთობაში ეჭვიანობა, ღალატზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. ჩვენი თაობის ახალგაზრდები ხშირად სიყვარულის გამოვლენაში სწორედ ეჭვიანობას იყენებენ, ჰგონიათ, რომ ურთიერთობას აუცილებლად უნდა ახლდეს ეს, რაც მე საშინლად არ მომწონს. კახა არ არის ცარიელი ტიპი, ძალიან ნაკითხი და ერუდირებულია, ბევრი ღირსება აქვს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დავუფასე და ჩვენი ურთიერთობაც ძალიან კარგად წავიდა. როცა ხედავ, რომ ერთი წლის განმავლობაში ადამიანთან არ გაქვს კონფლიქტი, თავს კარგად გრძნობ და გიყვარს, ბუნებრივია, უნდა მიხვდე, რომ მის გვერდით იცხოვრებ. მანაც ჩემში ის დაინახა, რასაც ყოველთვის ეძებდა.
– თქვენმა ურთიერთობამ გამოცდები არ გაიარა?
– ერთადერთი გამოცდა ორივესთვის ალბათ ის იყო, რომ ჩვენი ურთიერთობის დროს აბსოლუტურად გაქრა ყველა სხვა კანდიდატი, ყველა თაყვანისმცემელი და ერთმანეთისთვის ერთადერთები გავხდით. ამ ადამიანის გვერდით ვიგრძენი სრული სიმშვიდე. კახა გახდა ჩემი საუკეთესო მეგობარი და ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად მიგებდა, მის გარდა აღარაფერი მაინტერესებდა. მე არ განვეკუთვნები იმ ტიპაჟებს, რომლებიც იტყვიან, ერთი ნახვით გადავირიეო. ჩემი სიყვარული ბევრ რამეზე უნდა იყოს დამოკიდებული იმისთვის, რომ მყარი გახდეს.
– სიყვარულს გონებით უფრო უდგებით, ვიდრე გულით?
– კი. გოგო ვარ და ადვილად შეიძლება ჩემი გულისტკენა. სწორედ ამიტომ ყოველთვის ვცდილობდი, არ შემყვარებოდა ადამიანი, რომელიც ბევრ ტკივილს მომაყენებდა. რეალურად ჩემს ცხოვრებაში ეს ერთწლიანი შეყვარებულობის პერიოდი საოცრად მშვიდი გამოდგა.
– როგორ მიახვედრეთ თქვენი თაყვანისმცემლები, რომ მათ შანსი არ დარჩათ?
– სხვათა შორის, ყველაფერი მარტივად მოხდა. კახასთან ურთიერთობა არავისთვის დამიმალავს და ბუნებრივია, ყველამ გაიგო. რა თქმა უნდა, ზოგიერთი დაინტერესდა, რა ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ მე არავისთან მქონია ისეთი ურთიერთობა და სიახლოვე, რომ ვინმეს პრეტენზია გამოეხატა. ამ ყველაფერში ძალიან დამეხმარა ჟურნალები და სოციალური ქსელი "ფეისბუქი", სადაც შეგიძლია განაცხადო, რომ შენ და იმ ადამიანს გიყვართ ერთმანეთი.
– ნიშნობა, ჯვრისწერა, შემდეგ ქორწილი – ამ ტრადიციების დაცვა ვისი ინიციატივა იყო?
– ჩემთვისაც მნიშვნელოვანია ტრადიციები, მაგრამ კახა უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ძალიან კარგ და ტრადიციულ ოჯახშია გაზრდილი და უნდოდა, ყველაფერი ტრადიციების დაცვით მომხდარიყო. ხანდახან მე ძალიან ქალურად ვფიქრობდი ხოლმე – კარგი იქნება, ჯვარი დაიწერო ჩუმად, ერთი თვის შემდეგ გაუმხილო მეგობრებს, რომ ჯვარდაწერილი ხარ... მაგრამ ეს ყველაფერი სისულელე იყო.
– ნიშნობამ როგორ ჩაიარა?
– ჩვენს სახლში მოვიდნენ კახას ოჯახის წევრები და ძალიან ახლო ნათესავები. ჩვენც მხოლოდ უახლოესი ნათესავებით და მეგობრებით დავხვდით. ძალიან მხიარული დღე გამოგვივიდა. ისე მომეწონა ეს ყველაფერი, რომ ჩემს შვილსაც აუცილებლად ვურჩევ, უარი არ თქვას ნიშნობაზე.
– ხომ არ ნერვიულობთ, დედამთილ–მამამთილს როგორ შეეწყობით?
– ჩვენთან რძალ–დედამთილის თემა ანეკდოტად არის ქცეული, ამიტომ თავიდან მეც მეშინოდა, მაგრამ ნამდვილად არ ვარ კონფლიქტური, ძალიან კომუნიკაბელური ვარ. საბედნიეროდ, კახას მშობლები კარგი ადამიანები აღმოჩნდნენ, დღემდე მოსიყვარულე და ახალგაზრდული წყვილია. თვითონ შემიწყვეს ხელი, რომ ურთიერთობაში თავისუფლად და მშვიდად მეგრძნო თავი. კახა ისეთი ტიპია, ჩვენ შორის ბარიერი რომ შექმნილიყო, მოაგვარებდა.
– ჯვრისწერის შემდეგ სად აპირებთ ცხოვრებას?
– ერთ დიდ სახლში დამოუკიდებლად ისედაც გამოგვდის ცხოვრება – კახას ოჯახს ძალიან დიდი კერძო სახლი აქვს და ერთ–ერთ სართულზე სრულიად იზოლირებულად ვიცხოვრებთ. კახას მშობლები ძირითადად საზღვარგარეთ არიან. არც გამჩენია იმის სურვილი, საერთოდ ცალკე მომეთხოვა ცხოვრება. მით უმეტეს, რატომ არ უნდა მომინდეს იმ ადამიანებთან ყოფნა, რომლებთანაც თავს კარგად ვგრძნობ?
– თქვენმა უმცროსმა დამ, ლიკამ, როგორ მიიღო სიძე, ეგოისტობა ხომ არ გამოავლინა?
– მე და ლიკა ერთ ბაღში დავდიოდით, ერთ სკოლაში. ძალიან დავფოფინებდი და ჩემი ყურადღებით ყოველთვის ვანებივრებდი. როცა ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც შემიყვარდა, ლიკას ეგონა, მისი სიყვარული მეორე პლანზე გადაიწევდა, მაგრამ მალე დაინახა, რომ კახას მიმართ სხვა სიყვარული მაქვს და დარწმუნდა, რომ მასთან ურთიერთობაში არანაირად შევიცვლებოდი. ხანდახან ისიც უკითხავს, რომ გათხოვდები, კვირაში რამდენჯერ უნდა გნახოო. მე კი ვეუბნები, რამდენჯერაც გაგიხარდება–მეთქი. როცა დარწმუნდა, რომ საფრთხე არ ემუქრებოდა, დამშვიდდა და ახლა კახა და ის კარგად უგებენ ერთმანეთს.
– თქვენც ასეთივე სიმშვიდით შეხვდებით ლიკას გათხოვებას?
– არა. მე მისი საქმროს მიმართ გაცილებით მეტი პრეტენზია და მოთხოვნა მექნება, ალბათ იმიტომ, რომ ჩემთან შედარებთი ლიკა ძალიან ნაზი ადამიანია. მე შემიძლია საკუთარი თავის დაცვა, მას კი – არა, ამიტომ მის რჩეულს ჩემი სახით გაცილებით მკაცრი შემფასებელი ეყოლება.
ავთო ჩიტიძე


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ანი ქორქია
კავშირი ტეგთან: საქმრო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online