asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

როგორ დაუთმო ქურდმა პაკრიშკამ ნუგზარ ჯუღელს გოგონა
ძველი ისტორიები
როგორ დაუთმო ქურდმა პაკრიშკამ ნუგზარ ჯუღელს გოგონა

2011-12-02 17:59:41



მსახიობს, სპორტულ კომენტატორსა და უბრალოდ თბილისის კოლორიტ ნუგზარ ჯუღელს წარსულიდან ბევრი რამ აქვს მოსაგონარი და გასახსენებელი. კარგად ახსოვს ძველი თბილისის ყველა ქუჩა, სადაც მეგობრებთან ერთად სეირნობდა და ქალაქის ლამაზმანები, რომლებსაც ბიჭები შეტრფოდნენ. თბილისური რომანტიკა ენატრება, მაგრამ არ მისტირის, არც იმას ამბობს, რომ მაშინ ყველაფერი კარგად იყო, ახლა კი ყველაფერი უარესად არის. არც ახალ თაობას ემდურის, მათში მოსწონს პროგრესულობა. ბატონი ნუგზარი შეგუებულია ჟამთა სვლას და მის კანონებს – მე რომ მამაჩემივით მეცხოვრა, იმას კიდევ მამამისივით და ასე შემდეგ, ქვის ხანაში ვიქნებოდით ჩარჩენილებიო.
– ბატონო ნუგზარ, მოდით, საუბარი თაობებს შორის პარალელების გავლებით დავიწყოთ. რა მსგავსება ან განსხვავებაა თქვენსა და ახალ თაობას შორის?
– მე საბჭოთა პერიოდში გავიზარდე. მაშინ გოგონები ცალკე სწავლობდნენ და ბიჭები – ცალკე. ჩემი აზრით, დღეს თაობებს შორის განსხვავებები არ იგრძნობა. ჩვენს დროსაც იყო კარგი და ცუდი და დღესაც ასეა. ჩვენს დროსაც იყვნენ კარგი და ცუდი ბიჭები და გოგონები და დღესაც არიან.
– თუმცა მენტალიტეტში განსხვავება ალბათ მაინც არის.
– კი, გეთანხმებით. შეიძლება მენტალიტეტში გარკვეული რაღაცეები შეიცვალა, მაგრამ არა – ძირფესვიანად. მაშინ "შატალო" კარგ ტონად ითვლებოდა და ახლაც აცდენენ ბავშვები სკოლას. ჩვენს დროს არ იყო ტელევიზორი, ინტერნეტი, მაგრამ სამაგიეროდ თინეიჯერობის დროს კინოფილმებით ვიყავით გატაცებული. კინოთეატრებში დავდიოდით და ფილმებს ვნახულობდით. მაგალითად, თბილისელი მოსწავლისთვის ყველაზე კარგ დღედ ორშაბათი ითვლებოდა. ამ დღეს ბავშვები სკოლას აცდენდნენ და კინოში მიდიოდნენ. სტუდენტი ვიყავი, თბილისში ინდოელი მსახიობი რაჯ კაპური რომ ჩამოვიდა და უნდა გენახათ, რა ამბავი იყო!
ჩემს ბავშვობაში ხალხი შიმშილობდა. მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო და მაღაზიაში თეთრი პური პირველად რომ ვნახეთ, გაკვირვებულები ვიყავით. ვამბობდით, თურმე თეთრი პურიც არსებობს–თქო.
– თქვენს შვილიშვილებს რა რჩევას აძლევთ ან რა შენიშვნას?
– შეიძლება ჩემი ნაკლია, რომ შვილიშვილებს არაფერს ვუშლი, რადგან ვიცი, აკრძალვით არაფერი კეთდება. კი, ბავშვი უნდა გაზარდო, ეცადო, რომ კარგი მიმართულებით წაიყვანო, მაგრამ ჩარჩოში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩასვა. მე რომ ისე მეცხოვრა, როგორც იცხოვრა მამაჩემმა, მას კი ისე ეცხოვრა, როგორც ბაბუაჩემი ცხოვრობდა და ა.შ., ახლა ისევ ქვის ხანაში ვიქნებოდით. რა თქმა უნდა, ამ საუკუნეს ბევრი ცდუნება ახლავს თან, მაგრამ ჯობია, თინეიჯერმა თავად დაძლიოს ნაკლი, თავად გაარჩიოს, რა არის კარგი და რა – ცუდი, ვიდრე რაღაც აუკრძალო და მერე ის ჩუმად გააკეთოს. ბევრი მაგალითი ვიცი, როცა გოგოს უკრძალავდნენ, ეს არ გააკეთო, ისე არ მოიქცეო და გზას სწორედ ისეთი აცდებოდა ხოლმე. როცა გოგო თავისუფლად იზრდებოდა, სწორედ ის გამოდიოდა პატიოსანი, ნორმალური ადამიანი.
– როგორი გახსოვთ ძველი თბილისი და თბილისელები?
– ჩემი აზრით, ჩვენ არც ევროპელები ვართ, არც აზიელები და არც კავკასიელები. უბრალოდ ჩვენ ვართ ქართველები! ჩვენ როგორ გარემოშიც ვიზრდებოდით და რა ურთიერთობაც გვქონდა ერთმანეთთან, იმას დავარქმევდი თბილისელობას. ჩვენს ქალაქს ყოველთვის ჰქონდა თავისი წესი და კანონი, რაც მერე მთელ საქართველოზე ვრცელდებოდა. თბილისს კარგი კანონები ჰქონდა – კაცთმოყვარეობა, ჯენტლმენობა, სიყვარული... ახლა ადამიანები მერკანტილურები და მატერიალისტები გახდნენ. ცუდია, რომ რომანტიკა დაიკარგა. ჩემი აზრით, თბილისი რომანტიკული საუკუნიდან გაცილებით გვიან გამოვიდა, ვიდრე დანარჩენი სამყარო. ჩემს თაობაშიც იყვნენ ყარაჩოხელები.
– ქალისა და მამაკაცის თანაბარუფლებიანობაზე რას ფიქრობთ?
– აიღეთ ნებისმიერი ეროვნების შეყვარებული წყვილი და მიხვდებით, რომ მთელ მსოფლიოში მამაკაცია უპირატესი, ქალი მეორეა და ამაში ნურავინ შემეწინააღმდეგება! შეიძლება უცებ ცოლი გახდეს კინოვარსკვლავი და ქმარი კი ისევ ძველებურად დარჩეს, სწორედ ამის შემდეგ დაიწყება ბრძოლა გენდერულ თანასწორობაზე. თორემ ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობის საწყისი ყველა ქვეყანაში ერთი და იგივეა.
– რას ნიშნავს "მამაკაცის უპირატესობა"?
– იმას, რომ ურთიერთობაში უპირატესობა ყოველთვის მამაკაცს აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მე ორი ქალიშვილის მამა ვარ და ჩემი შვილიშვილიც გოგოა, მაინც ვამბობ, რომ მამაკაცი მამაკაცია, დედაკაცი – დედაკაცი. ბოლოს და ბოლოს ჩვენი ერთი ნეკნი თქვენ გაქვთ.
– დღეს მამაკაცის "ნეკნს" ბევრი ფუნქცია აქვს აღებული საკუთარ თავზე. ადრე თუ ცოლი სახლში იჯდა და მამაკაცს შესჩერებოდა ხელებში, ახლა ასე აღარ ხდება. ქალები კაცებზე არანაკლებს მუშაობენ, თუ მეტს არა. მოგწონთ მათი ასეთი გააქტიურება?
– სიტუაციას გააჩნია. პროფესიით მეც მსახიობი ვარ და ჩემი მეუღლეც. ოჯახი რომ შევქმენით და ორი შვილი გაგვიჩნდა, ბავშვები ხომ უნდა გაგვეზარდა? მამაკაცი ხომ ვერ გაზრდის შვილებს? ეს ხომ ქალის უმთავრესი მოვალეობაა? ვერც ამერიკელი კაცი აჭმევს ძუძუს ბავშვს და ვერც – ქართველი. ამ დროს ქალი ვერ იმუშავებს. კაცს სწორედ მაშინ ეკისრება დიდი პასუხისმგებლობა, რომ ცოლ–შვილს არაფერი მოაკლოს, მიხედოს, იმუშაოს. ქალის სიძლიერე მის უძლურებაშია, მამაკაცის სიძლიერე – მის ძლიერებაში. სადაც ეს ირღვევა, მაშინ ყველაფერი თავდაყირა დგება.
– ბევრი ამბობს, რომ თქვენი თაობა ქალს განსაკუთრებულ პატივს სცემდა. მაინც როგორი იყო ეს ურთიერთობები?
– ჩვეულებრივი ბიჭი ვიყავი, კუნთები არ მასკდებოდა. არასოდეს მიტრაბახია, რომ ქუჩაში გავიზარდე. მე ჩამოვყალიბდი ოჯახში, ეზოში და საჯარო ბიბლიოთეკაში. როგორც ჩვეულებრივ ყმაწვილს, მეც მყავდა შეყვარებული. მასთან ერთად აქეთ–იქით ვსეირნობდი. ჩემს შეყვარებულს ერთმა ცნობილმა ქურდმა, ვინმე პაკრიშკამ დაადგა თვალი. მას ასე ეძახდნენ. ერთხელ მთაწმინდიდან მოვდიოდით და დავინახეთ, რომ ჩვენ წინ ის ქურდი მიდიოდა. პაკრიშკამ შემომხედა, მითხრა, ჩემთან მოდიო. მკითხა, რა ხდებაო. ვუთხარი, მიყვარს და ერთად ვართ–მეთქი. კარგი, მაშინ წადითო, თქვა და ეს ამბავი ასე დასრულდა, ის პაკრიშკა აღარ გამოჩენილა.
ერთ ამბავსაც მოგიყვებით. რუსთაველზე ცხოვრობდა მებურიშვილის გოგო, სახელად მედიკო. შესახედავად ცუდი ბიჭი არ ვიყავი... მოკლედ, ერთ დღეს ბიჭები თეატრალურის წინ ვიდექით. ამ გოგომ ჩამოიარა და ხმამაღლა მითხრა, ოხ, ერთი შენი თავი მომცაო. გავშრი, გავწითლდი ბიჭი... ეს ამბავი, იცით, რას მოვაყოლე? მაშინ ისეთი რაღაცეები ხდებოდა, დღევანდელი თაობა რომ ვერ წარმოიდგენს.
– სუფრის ტრადიციაზეც გკითხავთ. ამბობენ, ქართულ სუფრასთან თაობები იზრდებოდა, აკადემია იყოო. თქვენც ასე თვლით?
– სუფრა აკადემია არასოდეს ყოფილა. ჩვენთვის აკადემია იყო რუსთაველის, მარჯანიშვილის, ოპერისა და ბალეტის თეატრები და ა.შ. სუფრა არც დღეს არის აკადემია და არც მაშინ იყო. ჩვენთვის დღეობა ღამის 10 საათზე იწყებოდა და სუფრასთან დილის 6 საათამდე უნდა მჯდარიყავი. მერე ვიშლებოდით და სურათის გადასაღებად მივდიოდით. ესეც ტრადიცია იყო. მე ახლა ვერ წარმომიდგენია, ჩემი შვილიშვილი როგორ უნდა იჯდეს სუფრასთან საღამოს 10 საათიდან დილის 6 საათამდე. ჩვენს თაობაში კი ეს მოდური იყო. დღევანდელი თაობის სუფრებს ვუყურებ და ვერაფერს ვუწუნებ. სხედან, ლაპარაკობენ, იცინიან, უკრავენ, მღერიან და ცეკვავენ. ასე რომ, მათთან შენიშვნები ნამდვილად არ მაქვს.
ანა ნოდია


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online