| ქალი და მამაკაცი |

მსახიობ ზურაბ ცინცქილაძეს მაყურებელი უკვე კარგად იცნობს სერიალიდან "გოგონა გარეუბნიდან". ახლა, ამ სერიალში მისი უმცროსი ქალიშვილი ანიც გამოჩნდა. ბატონ ზურას უკვე 38 წელია, რაც ოჯახი აქვს შექმნილი. მისი მეუღლე ასევე მსახიობი თამრიკო დათუაშვილია. მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ, მათ შორის კი განსხვავება 14 წელია. უკვე ორივე დააოჯახეს და ახლა ოთხი შვილიშვილი ჰყავთ. ქალბატონ თამრიკოსა და ბატონ ზურაბს რომ შეხედავთ, მაშინვე მიხვდებით, რომ მათ ერთმანეთი დღემდე ძალიან უყვართ და შეხმატკბილებულად ცხოვრობენ. "გუმბათი" მათ შეხვდა და ბევრ საინტერესო თემაზე ესაუბრა.
- ბატონო ზურაბ, რა სიახლეებია ამჟამად თქვენს საქმიანობაში?
ზურაბი: მე უკვე ჩავწერე დიდი დავითის ფსალმუნები, რომელსაც უწმინდესისა და უნეტარესის მუსიკა ადევს თან. ამ ბოლო დროს, სერიალთან ერთად, ხშირად ვარ რადიოეთერებში. გადაცემა გვაქვს "საქართველოს ხმაში" მამა ამირანთან ერთად, რომელსაც "კვირის საუბრები" ჰქვია. კიდევ სიახლე ჩემთან ის არის, რომ 4 დეკემბერს ბათუმში მივემგზავრები. არის ასეთი ანსამბლი "ბათუმი", რომელიც შესანიშნავ ქართულ-ხალხურ სიმღერებს მღერის. ახლა, ოცი წლისთავი უსრულდებათ და საღამოს წაყვანა მე მთხოვეს. ცოტა არ იყოს, ამ დღეებში სანერვიულო შეგვხვდა. მეგობრებმა ასეთი სისულელე გაგვაკეთებინეს, რომ ბინა ბანკში ჩაგვადებინეს და ახლა, დავკარგეთ. ჩვენი ბინა გაიყიდა და სხვა პატრონი ჰყავს. ასე რომ, არასასიამოვნო განწყობა გვაქვს ახლა მე და თამრიკოს, თუმცა, ჯვრისწერა გვაქვს დაგეგმილი. ყველაფერი მომზადებული გვაქვს უკვე. ჩვენი მოძღვარი მამა ამირანიც მზად არის, უბრალოდ, მთავარია, რომ ამისი განწყობა გვქონდეს.
თამრიკო: თანაც, განსაკუთრებული დღეა, თერთმეტი მეთერთმეტე თვე და ორიათას თერთმეტი წელი. თურმე, ჯვრისწერისთვის შესანიშნავი თარიღი ყოფილა.
- ამდენი წელი ჯვარდაუწერლები იყავით. ახლა, როგორ გადაწვყვიტეთ, რომ ჯვარი დაგეწერათ?
ზურაბი: სიზმრებმა შეგვაწუხეს.
თამრიკო: ჩვენმა შვილებმა გადაგვაწყვეტინეს. მათ ძალიან უნდათ, რომ ჯვარი დავიწეროთ.
- რამდენი წელია, რაც ერთად ცხოვრობთ?
ზურაბი: 38 წელია. სხვათა შორის, ერთი ისტორია გამახსენდა. ერთხელ, ზვიად გამსახურდია, მისი მეუღლე მანანა არჩვაძე, თამრიკო და მე მცხეთაში მივდიოდით ჯვრის დასაწერად. ზვიადის მანქანით წავედით და ერთად უნდა დაგვეწერა ჯვარი. სამწუხაროდ, რაღაც შემთხვევის გამო, რომელიც არც კი მახსოვს, ჯვრისწერა გადაიდო.
თამრიკო: ბატონ ზვიადთან უცხოელი სტუმრები იყვნენ ჩამოსულები და ამიტომ ჩაგვეშალა.
ზურაბი: მაშინ ვთქვით, რომ მოდი, მაშინ ხვალ დავიწეროთ ჯვარიო. თუმცა, ეს ხვალ ვერა და ვერ დადგა. ახლა, მაინც გვინდა, რომ ხელი აღარაფერმა შეგვიშალოს. საერთოდ, რა არის იცით? როდესაც საღვთო საქმეს აკეთებ, სულ რაღაც გიშლის ხელს. ეშმაკები და ბოროტი ძალები სწორედ მაშინ აღიძვრებიან შენ წინააღმდეგ. ყოველთვის იცოდეთ, რომ როდესაც სიკეთეს აკეთებთ, მას თან მოსდევს გაძლიერებული ბრძოლა შენ წინააღმდეგ.
- ალბათ, არაერთხელ გაქვთ თქვენი გაცნობის ისტორია მოყოლილი, მაგრამ ახლა ჩვენს მკითხველსაც უამბეთ, სად და როგორ გაიცანით ერთმანეთი?
თამრიკო: საერთოდ, მე ხალხმა გამიცნო კინოფილმიდან "კედელი", რომელშიც ძალიან პატარამ ვითამაშე. ამის შემდეგ პოპულარული გოგო ვიყავი და ყველა მცნობდა.
ზურაბი: არამარტო პოპულარული იყავი, არამედ ყველას უყვარდი.
თამრიკო: თეატრალურ ინსტიტუტში სანამ ჩავაბარებდი, მიხეილ თუმანიშვილის სპექატკლს დავესწარი "გუშინდელნი". დედაჩემმა თავად მიმიყვანა სპექტაკლზე და თავის მეგობარს, ვენერა ანდრონიკაშვილს ჩააბარა ჩემი თავი, რადგან მარტოს არსად მიშვებდა ხოლმე. სპექატკლის შემდეგ, ვენერა დეიდა გამომყვა, ოპერამდე მომაცილა. ისე კარგად მახსოვს, იქ იყო 2 ნომერი ტროლეიბუსის გაჩერება. ქალბატონ ვენერას ძალიან ეჩქარებოდა და დარდობდა, ბოლომდე რომ ვერ გამაცილებდა. მითხრა, ვიღაც გამოივლის ნაცნობი და მას გაგაყოლებო. მართლაც, ამ დროს დაინახა ერთი ბიჭი და ძალიან გაუხარდა. მითხრა, ახლა ისეთ ბიჭს გაგაყოლებ, რომ გული დამიმშვიდდებაო. ეს არის უწესიერესი, უპატიოსნესი, უკეთილშობილესი ბიჭი, რომელიც ჩემი სტუდენტიაო. შევხედე, რომ ძალიან სიმპათიური ბიჭი იყო. კარგად დავაკვირდი და ნაკვთებიც კი შევამჩნიე, მისი ცხვირი მომეწონა. მაგრამ მე არ გამკვირვებია. იმდენი კარგი ბიჭი იყო ჩემთან სკოლაში და ვიცოდი, რომ ყველას მოვწონდი.
ზურაბი: ანუ ჩემით თავიდანვე მოიხიბლე. შენ, ალბათ, იფიქრე, მთავარია, მე მომეწონოს, თორემ სხვა პრობლემა არ არისო.
თამრიკო: ტროლეიბუსში რომ ავედით, ჭყლეტვა იყო, უამრავი ხალხი იდგა ფეხზე. ზურას უკვე ფილმში ვყავდი მანამდე ნანახი და შეყვარებული იყო ჩემზე. მიმაცილა მარჯანიშვილის მოედნამდე, სადაც ვცხოვრობდი და მერე თვითონ ზევით ავიდა. მაშინ ზურა თავის დეიდასთან ზევით ცხოვრობდა. ეს იყო და ეს.
ზურაბი: იმ დღეს ჩვენ ერთმანეთს ისე დავშორდით, რომ არაფერი გვითქვამს.
- შემდეგ უკვე როგორ გაგრძელდა თქვენი ურთიერთობა?
თამრიკო : ინსტიტუტში ჩავაბარე იმ წელს, ზურაც იქ სწავლობდა. დოდო ალექსიძის ჯგუფში მოვხვდი და მარჯანიშვილის თეატრისთვის გვზრდიდნენ. მოკლედ, მე და ზურა თეატრალურში ისევ შევხვდით ერთმანეთს. ჩვენი შეხვედრები, იცით, როგორი იყო? კიბეებზე ავლა-ჩასვლისას დავინახავდით ერთმანეთს და გამარჯობას ვეუბნებოდით, მეტი არაფერი. შემდეგ უკვე ზურას მეგობრები მეუბნებოდნენ, იცი, როგორ უყვარხარო.
ზურაბი: შენ სასაცილოდ არ გყოფნიდა ეს, ხომ?
თამრიკო: არა, ასეც არ ყოფილა. გამჩნევდი, რომ ძალიან სერიოზული და არაქარაფშუტა იყავი, არა "ბაბნიკი". დანარჩენი ბიჭები, ვისაც მოვწონდი, ყველანი ასეთები იყვნენ და იმიტომ არ მომწონდა არავინ. ერთადერთი ბიჭი, ვისზეც კი მიფიქრია, რომ ცოლად გავყვებოდი, ეს იყო ზურა.
ზურაბი: შენც კაი ჭკვიანი ყოფილხარ!
თამრიკო: მეორე კურსზე რომ ვიყავი, ფილმში "ჩარი-რამა" გადაგვიღეს. ეს ყველაფერი უცბად მოხდა. ორი გოგო და ორი ბიჭი აგვარჩიეს, მათ შორის, მე და ზურა. დედამ როგორც იქნა მარტო გამიშვა გადაღებებზე, ისიც ჩემი მეგობრის, ლამარა დორეულის ხათრით. მატარებლით წავედით ქობულეთში და იქ უკვე მართლა მომეწონა ზურას ყურადღება. ყველა ქალს მოსწონს ყურადღება და ქათინაური.
ზურაბი: ხაზი უნდა გაუსვა იმას, რომ ჩემი ეს ყურადღება არაშემაწუხებელი იყო.
თამრიკო: მატარებელში კარგი დრო გავატარეთ, მერე გადაღებებზეც კარგი სიტუაცია იყო. იქ ვიცეკვეთ კიდეც მე და ზურამ.
ზურაბი: ცეკვა გადაღებისთვის დაგვჭირდა, თორემ მაშინ ბარები და ასეთი გასართობი ადგილები სად იყო.
თამრიკო: ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო. ერთ-ერთი გადაღებისას მე ფეხი ვიტკინე და ზურამ პლიაჟზე ხელში აყვანილი მიმიყვანა. საღამო იყო, ულამაზესი ბუნება, ზღვა და ზურას ხელში აყვანილი ვყავდი. ამაზე მეტი კარგი რაღა უნდა მომხდარიყო. ეს იყო ბედი, რომ თავიდან ქალბატონმა ვენერამ გაგვაცნო ერთმანეთი და მერეც ინსტიტუტში ვხვდებოდით. ქობულეთიდან რომ დავბრუნდით, ფილარმონიაში ცეკას მდივანი ჩამოვიდა. იქ მე, ზურა და კიდევ ორი ადამიანი გაგვიშვეს. ასე დავდიოდით ხოლმე მე და ზურა ერთად ხან სად, ხან - სად. მგონი, ეთერ გუგუშვილმა ჩააწყო, მე და ზურა რომ ერთად ვყოფილიყავით.
ზურაბი: კრემლმა ჩააწყო, მაგრამ კრემლზე ჩვენ მაინც ცუდი წარმოდგენა გვაქვს.
- დაქორწინების გადაწყვეტილება როდის მიიღეთ?
თამრიკო: ერთმანეთი სექტემბერში გავიცანით. მაისში კი ზურამ სიურპრიზი გამიკეთა. უცბად, მისი მშობლები ბათუმიდან ჩამოვიდნენ ჩემი მშობლების გასაცნობად. დედაჩემს ისე ვყავდი გაზრდილი, რომ უცებ მთხოვნელები რომ დაგვადგნენ, გავოცდით ყველა. მე ნერვიულობისგან გული ლამის გამისკდა. თუმცა, ჩემმა მეგობრებმა, დეიდა ნუცამ და ბებიაჩემმა დიდი როლი ითამაშეს ამ ამბავში. მოკლედ, იმ დღეს ჩვენი ქორწილი გადაწყდა და ერთ თვეში მართლაც ვიქორწინეთ.
ზურაბი: ისიც მოყევი, ჩემიანებმა ბათუმიდან რამდენი ოქრო ჩამოგიტანეს.
თამრიკო: უამრავი ოქრო ჩამომიტანეს, კილონახევარი იყო, ალბათ. მაგრამ დღეს აღარაფერი მაქვს, ზოგი დავკარგე, ზოგი გავაჩუქე.
ზურაბი: ჩვენ ოქროსმოყვარული ხალხი არ ვართ.
- ქორწილმა როგორ ჩაიარა?
ზურაბი: ქორწილმა ძალიან პომპეზურად ჩაიარა როგორც ბათუმში, ასევე აქ, თბილისში. თბილისიდან თამრიკოს ორი ვაგონი მაყარი წამოჰყვა. თამადა ბატონი გურამ საღარაძე იყო. ბათუმშიც უნდოდა წამოსვლა, რომ იქაც ეთამადა, მაგრამ იმ დღეს სპექტაკლი ჰქონდა.
თამრიკო: ჯვარი იმიტომ არ დავიწერეთ, რომ მაშინ ეს მაინცდამაინც მიღებული არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, რაღაცამ შეგვიშალა ხელი.
ზურაბი: ეშმაკმა შეგვიშალა, ალბათ, ხელი.
თამრიკო: გეთანხმები, რადგან ჩვენ იმ დროს მეტეხის ტაძარის თეატრში ვთამაშობდით. ეს თეატრი ჩვენ შევქმენით და წლების განმავლობაში ტაძარში ვთამაშობდით. გულდასაწყვეტია, რომ დღევანმდელმა თაობამ ამის შესახებ არაფერი იცის. შემდეგ, მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია დაგვეხმარნენ. დაიწერა წერილი, რომ ჩვენთვის ფართი გამოეყოთ და ეკლესია ისევ აღდგენილიყო. პირველი ჯვარი ზურამ და იმდროინდელმა მოძღვარმა ღამით ჩუმად დაადგეს.
- რაც შეეხება თქვენს შვილებს, როგორც ვიცით, თქვენს გოგონებს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა?
თამრიკო: დიახ, მეორე ქალიშვილი 14 წლის მერე გავაჩინე. მაშინ ჩემში დედობრივმა ინსტინქტებმა გაიღვიძა. იმდენად დიდი პაუზა მქონდა, რომ კიდევ ერთი შვილი ძალიან მინდოდა. შემდეგ უკვე ბევრი არეულობა იყო, საქმეს ვეღარ ვაკეთებდი. ასე რომ, მთელი ჩემი შემოქმედება, სიყვარული, სითბო, ნიჭი, ენერგია ყველაფერი ჩემს შვილებზე გადავიტანე და მათთან ურთიერთობით დიდი სიამოვნება მივიღე. ძალიან მიხარია, რომ მეორე შვილი გავაჩინე.
- მსახიობობას არ გაჰყვნენ თქვენი გოგონები?
ზურაბი: არა, ორივემ სხვა პროფესიები აირჩიეს. თეა პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა, ანიმ კი დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრა წელს. ანი უკვე სერიალში თამაშობს. მას ტყუპები ჰყავს - სამი წლის და სამი თვის. დიდ გოგონას ორი შვილი ჰყავს, 17 წლის რეზი და 11 წლის ლიზი. ასე რომ, სულ ოთხი შვილიშვილი გვყავს.
თამრიკო: გარდა ამისა, ანი ხშირად ჩნდება სარეკლამო კლიპებში. მაგალითად, "ბაკურიანის", "მაგთის", "თი ბი სის" და კიდევ სხვა რეკლამებშია გადაღებული.
- ბატონო ზურაბ, ორი ქალიშვილის მამობა როგორია?
ზურაბი: ბიჭიც რომ მყოლოდა, კარგი იქნებოდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ასე იყო საჭირო. ბედმა მარგუნა, რომ ვიყო გოგონების მამა და ძალიან ამაყი ვარ ამით. ერთი წამითაც არ ვავლებ პარალელს ჩემს შვილებსა და სიძეებს შორის. ეს ცოტა ისეთი ფრაზაა, მაგრამ ასეა ნამდვილად. ძალიან კარგად ვურთიერთობ მათთან, ვმეგობრობთ. როგორც ჩანს, მე ბიჭის გაზრდა უფრო გამიჭირდებოდა. ეს ძალიან რთულია. თუმცა, ახლა, შვილიშვილს ვზრდით, რეზის.
- მკაცრი იყავით გოგონების მიმართ?
ზურაბი: არა, მკაცრი არასდროს ვყოფილვარ. საერთოდ, ყველა მშობელს ვურჩევ, რომ თავისი ბავშვობა გაიხსენონ და იმის მიხედვით მოექცნენ თავიანთ შვილებს. შვილების დასჯა მიყვარდა, ვეტყოდი აი, ეს ისწავლეთ, თორემ დაგსჯით-თქო. ხანაც ოთახში გამოვკეტავდი. ეს უფრო სჭირდებოდა, უმცროსი კი, პირიქით, სულ მეცადინეობდა. ანი იმდენს მეცადინეობდა, გამოდი გარეთ-თქო, ვეუბნებოდი.
- როდესაც გოგონები გათხოვდნენ, ეს ამბავი როგორ მიიღეთ?
თამრიკო: თეა ისე გათხოვდა, რომ ჩვენ არაფერი ვიცოდით და უცებ გადაწყვიტა ყველაფერი. ზურაც და მეც ამას ძლივს შევეგუეთ. ანის შემთხვევაში, მე ყველაფერი ვიცოდი და ზურასაც მერე ვუთხარი. ეს ისეთი რაღაცაა, რომ, როდესაც ქალიშვილს შეყვარებული ჰყავს, ამ დროს მშობელი სწორად უნდა მოიქცეს, ხელი არ უნდა შეუშალოს. მე ბედის მჯერა და მოსახდენი მაინც მოხდება თავის დროზე. უბრალოდ, არ მინდოდა ანი სკოლიდან გათხოვილიყო. ვეუბნებოდი კიდეც, სკოლა დაამთავრე და მერე გათხოვდიო. ბევრჯერ დედა უფრო გაუგებს ქალიშვილს, ვიდრე მამა. რატომ უნდა წამერთმია ანისთვის შეყვარებულთან შეხვედრები, თუ ვხედავდი, რომ ეს სიყვარული მას სწავლაში ხელს არ უშლიდა. სხვათა შორის, ერთი რაღაც გამახსენდა. ბათუმში ვისვენებდით და ჩვენი მომავალი სიძეც იქ იყო. მანმადე, ზურას ვუთხარი, რომ ანის ჰყავდა შეყვარებული. ასე ვთქვათ, ეს ამბავი ნელ-ნელა შევაპარე. ხედავდა, რომ ერთი და იგივე ბიჭი ფანჯარასთან იდგა. მას ჩვენს პირდაპირ ჰქონდა სახლი ნაქირავები. ერთხელაც, ზურა ნასვამი იყო, თავის მეგობართან ერთად მოდიოდა და დაინახა ვაჟიკო. მისულა და უთქვამს, მე აქ ხშირად გხედავთო. მასაც უთქვამს, ვინც იყო. თეა და ანი რომ გათხოვდნენ, ზურამ ორივეს ქორწილში ცხარე ცრემლით იტირა. მეც ძალიან განვიცადე. ანი რომ გათხოვდა და საქორწინო მოგზაურობაში წავიდა, სანამ ჩამოვიდოდა, მის საწოლში, მის თოჯინებთან ერთად მეძინა.
- 38 წელია, რაც ერთად ხართ. ამ გადმოსახედიდან, როგორია დღეს თქვენი სიყვარული?
თამრიკო: ახლა უფრო მეტად გვინდა ერთად ყოფნა. არც აქამდე მინდოდა ზურას გარეშე სადმე წასვლა, მაგრამ ახლა მით უმეტეს. მის გარეშე თუ სადმე ვარ, იქაურობა არ მაინტერესებს. მე ისეთი ვარ, ვცდილობ, რომ ზედმეტად თავი არ მოვაბეზრო. არ ვეკითხები, სად მიდიხარ და როდის მოხვალ-თქო. ეს კითხვა არავის უყვარს, განსაკუთრებით, კაცებს. მით უმეტეს, ვიცი, რომ ზურას ბევრი საქმე აქვს და უმიზნოდ არსად წავა. ვიცი, რომ მას ძალიან ვუყვარვარ და ადამიანში ამას ძალიან ვაფასებ. მეც მთელი ჩემი გულით ვპასუხობ მის გრძნობებს.
ზურაბი: მე ვიტყვი იმას, რომ სიყვარული არის სიბრძნე. ამას წინათ, აღმოვაჩინე, რომ სიყვარულის ფუძე არის გონიერება. ასაკთან ერთად, ეს სიბრძნე გემატება და გრძნობა უფრო მეტად იზრდება. თავიდან არის მდარე ლტოლვები ამ გრძნობებში, მაგრამ თანდათან აუცილებელი ხდება იმ საღვთო წესის ასრულება, რომ ქალი და კაცი იყვნენ ერთად.
თეონა კენჭიაშვილი

|
დღის სიახლეები
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ალა პუგაჩოვა მომავალ შვილს ფილიპს დაარქმევს
გიგი გაჩეჩილაძე: "სალომემ ძალიან გამაწვალა"
კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ქორწინებაზე ალაპარაკდნენ
რასელ ბრენდს კეტი პერისთან გაყრა ყველაზე დიდ შეცდომად მიაჩნია












ნანკა კალატოზიშვილი: "ირაკლი კეიდიას ნახევარ წელიწადში ერთხელ მაშორებენ" 

მარკ ცუკერბერგი დაქორწინდა
ვენსან კასელის ბრაზილიური არდადეგები და უცნობი გოგონა
ჯონდი ბაღათურია: "18 წლის გოგო ერთ თვეში გავაბი მახეში!"
იზაბელი ფონტანა ცოლად ბობ მარლის ვაჟს მიჰყვება
ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს ვერტმფრენი აჩუქა
კიმ კარდაშიანის უზარმაზარი საჯდომი ვიწრო შორტებში ძლივს ჩაეკვეხა
რიზ უიზერსპუნის მამას ორცოლიანობაში ადანაშაულებენ
რაიან გოსლინგი და ევა მენდესი არ დაშორებულან
თინა კანდელაკმა ქმარს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია 













