asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კრისტენ სტიუარტი: "მზად ვარ, რობერტთან ერთად ხვალვე საკურთხეველთან დავდგე"
"მზად ვარ, რობერტთან ერთად ხვალვე საკურთხეველთან დავდგე"
კრისტენ სტიუარტი: "მზად ვარ, რობერტთან ერთად ხვალვე საკურთხეველთან დავდგე"

2011-11-20 15:38:35



ის კინოსამყაროს ოლიმპოზე სამი წლის წინ აღმოჩნდა. 18 წლის გოგონა ვარსკვლავად ფილმმა "ბინდმა" აქცია. ბელა სვონის როლმა მას უამრავი ჯილდო მოუტანა. ის პლანეტის ყველაზე სექსუალურ ქალად აღიარეს და მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობებს შორის მეხუთე ადგილიც მიანიჭეს. რაც მთავარია, ვამპირულმა საგამ მას რობერტ პატინსონის სიყვარული მოუტანა.

სულ მალე ეკრანებზე გამოვა ვამპირული საგას მორიგი ფილმი "განთიადი". პრემიერის წინ კრისტენ სტიუარტი უცხოელ ჟურნალისტებს შეხვდა და ინტერვიუ მისცა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.

– თქვენ და რობერტ პატინსონი 3 წლის წინ საუკეთესო კოცნისთვის დაგაჯილდოვეს. მაშინვე ყველა ალაპარაკდა, რომ თქვენ შორის რომანია, თუმცა ამას საგულდაგულოდ მალავდით. ეს საიდუმლო ისევ რობერტმა გასცა. ბევრი გოგო თქვენს ადგილას ყველაზე სექსუალურ მამაკაცთან რომანს არ დამალავდა, რატომ ასაიდუმლოებდით ამ ყველაფერს?

– გულახდილად რომ გითხრათ, ეგოისტი ვარ, არ მინდა, ადამიანებს ის გავუნაწილო, რაც ჩემთვის ძვირფასია. მეგონა, თუ ამ საიდუმლოს გავცემდი, მას ვუღალატებდი, გავაუბრალოებდი ჩვენს ურთიერთობას. ბევრჯერ დამისვამს საკუთარი თავისთვის კითხვა – როცა ყველას ეცოდინებოდა ჩვენი სიყვარულის ამბავი, ამით მე რა შემემატებოდა? მეორე მხრივ, მეშინოდა, "ბინდის" ფანები როგორ მიიღებდნენ ამას. ზუსტად ვიცოდი, რომ ნაწილს გაუხარდებოდა, ნაწილი კი შეგვიზიზღებდა ორივეს.

– რობერტი თქვენი პირველი ბოიფრენდია?

– არა, მანამდე 5 წელი მსახიობ მაიკლ ანგარანოს ვხვდებოდი, რომელიც გავიცანი ფილმის "ილაპარაკეთ" გადაღების დროს. მაშინ 13 წლის ვიყავი.

– რითია რობერტი მასზე უკეთესი?

– მას ძალიან ბევრი ღირსება აქვს, რობერტი ყველაზე ჭკვიანია, ყოველ შემთხვევაში, ყოველთვის ასეთი იერი აქვს, ძალიან სექსუალურია, მაღალი. მე 168 სმ ვარ და იმედი მაქვს, რომ მის გვერდით ცუდად არ ვჩანვარ. კიდევ, ძალიან მაგრად უკრავს გიტარაზე და როიალზე. კიდევ ერთი, ის ინგლისელია, შეუდარებელი იუმორით და განსაკუთრებული ხიბლით.

– მართალია, რომ რობერტი თავად დრაკულას შთამომავალია?

– კი, მართალია. რობერტი გრაფ ვლად მესამის ძალიან შორეული შთამომავალია. ეს ადამიანი ბრემ სტოკერის რომანის პროტოტიპი გახდა, შემდეგ კი დრაკულამ კინოშიც გადმოინაცვლა.

– როგორ განვითარდა თქვენი სიყვარულის ისტორია?

– ფილმის გადაღებების დროს მალევე გადავედით სასტუმროდან სახლში. გვინდოდა, უცხო თვალისაგან მაქსიმალურად იზოლირებული ვყოფილიყავით, ამიტომ ლუიზიანა ვარჩიეთ. ფოტოკამერების გარემოცვაში ცხოვრება ჩემთვის სასჯელია. მე, როგორც ბევრი მსახიობი, საშინლად მორიდებული და სახლის მოყვარული ადამიანი ვარ. როდესაც მეგობრები სადმე გასართობად მეპატიჟებიან, ვცდილობ, ისინი გადავარწმუნო, არ წავიდნენ კლუბში ან რესტორანში. საერთოდ, მეგობრებსაც ძალიან დიდი სირთულით ვიძენ. ჩემთვის დიდი სტრესია დაცვასთან ერთად სიარული, არადა ადამიანებს ჰგონიათ, რომ ეს ერთგვარი სიამოვნებაა. იცით, რომ ჩემს მცველს, ჯეიბის, თავისი ფანსაიტიც აქვს ინტერნეტში? ეს ხომ უკვე კოშმარია.

– ბავშვობიდან ასეთი ჩაკეტილი ხართ?

– კი, ალბათ. ერთი სული მქონდა, როდის დავამთავრებდი სკოლას. სწავლა ძალიან მიყვარდა, მაგრამ თანაკლასელებთან ვერასოდეს ვამყარებდი კარგ ურთიერთობას, ალბათ იმიტომ, რომ ბავშვობიდან კინოში ვიყავი ჩართული. ისინი თვლიდნენ, რომ, რადგან კინოში გადამიღეს, ესე იგი, განსაკუთრებული ვარ. ასეთი წარმოდგენა კი ხელს მიშლიდა ნორმალურ ურთიერთობაში. აინტერესებდათ ვარსკვლავებთან ურთიერთობა. მე მათზე არაფერს ვყვებოდი, ამის გამო ამითვალწუნეს. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ვითამაშე ფილმ "შიშის ოთახში", შემდეგ შერონ სტოუნთან და დენის ქუეიდთან ფილმში "ეშმაკის სახლი". არასოდეს ვჭორაობდი, როგორი არიან სინამდვილეში ის ვარსკვლავები, რას ჭამენ, რას სვამენ. ამის გამო სკოლის წლები გამწარებული მქონდა. ყველაზე უმტკივნეულო, რასაც თანაკლასელებისგან ვიღებდი, ეს იყო სიტყვა "დარტყმული".

დღემდე მაქვს უცხო ადამიანებთან ურთიერთობის შიში, ამიტომაც სპორტის სახეობებიდან ყველაზე მეტად გოლფი მიყვარს, სადაც ყველა მოთამაშეს იცნობ და უცხოები არ დადიან. როდესაც რომელიმე პრემიერაზე წითელ ხალიჩაზე მივდივარ, მთელი ძალებით ვიკავებ თავს, რომ არ ავფეთქდე. მგონია, რომ ნებისმიერ წუთს შეიძლება ხალხის მასიდან გამოვარდეს ვინმე იდიოტი, რომელიც მცემს და დაცვა ვერ გადამარჩენს. ერთი ტიპია გადაკიდებული, რომელიც ტელეფონზე მოსვენებას არ მაძლევს. ის ნამდვილ კოშმარად მექცა.

– ტელეფონის ნომერს ვერ გამოცვლით?

– უამრავჯერ ვცადე, მაგრამ ყველა ნომერს იგებს.

– ამ ყველაფრის გამო ოთხფეხა მეგობრებთან ურთიერთობა გერჩივნათ?

– კი, ისინი ძალიან მიყვარს, ყველგან თან დამყვება ჩემი კატა მაქსი, თუმცა მისთვის ჩემთან ერთად ხეტიალი უსიამოვნო პროცესია, სახლში ნებივრობა უყვარს.

– ამბობენ, რომ სახლში გაცილებით საშიში ცხოველებიც გყავთ.

– კი, ორი ძაღლი – ლილი და მეტისი, მგლის და ძაღლის ნაჯვარია. დედაჩემს უფრო მეტი შინაური ცხოველი ჰყავს სახლში. საერთოდ ჩვენ ძალიან დიდი ოჯახი გვაქვს, სამი ძმა მყავს და თითოეულს თავისი საყვარელი ცხოველი ჰყავს.

– მეგობრული ოჯახი გაქვთ?

– შეიძლება ასეც ითქვას, თუმცა ყველაფერი იდილიური არ არის. მამაჩემი (ტელეპროდიუსერი ჯონ სტიუარტი) და დედა (კინოსტუდიის რედაქტორი) ბავშვებს ყოველთვის დიდი ადამიანებივით გვექცეოდნენ. 13 წლის ვიყავი, როდესაც გადასაღებ მოედანზე აღმოვჩნდი და მახსოვს მამაჩემის რჩევა: "იჯექი ტრეილერში, ისწავლე ტექსტი, შემდეგ გამოდი გადასაღებ მოედანზე და ყველაფერი გააკეთე ისე, რომ რაც შეიძლება მეტი ფული გამოიმუშაო".

– თქვენი როლებით თუ ვიმსჯელებთ, ქალური სინაზით არ გამოირჩევით, ეს რეალურ ცხოვრებაშიც ასეა?

– ბევრი ქალური სისუსტე მაღიზიანებს, მაგალითად, ვერ ვიტან შოპინგს. სამაგიეროდ მიყვარს საჭმლის მომზადება, გასაგიჟებელ მექსიკურ სუპს ვამზადებ, მიყვარს კულინარიული პროგრამების ყურება ტელევიზორში. როდესაც რომელიმე რეცეპტს ვსწავლობ, ისეთი სახე მაქვს, თითქოს ცხოვრების სიბრძნეს ვიძენდე.

– ბელას როლი პირველად 18 წლის ასაკში ითამაშეთ, ახლა 21 წლის ხართ. იგრძენით, რომ გაიზარდეთ?

– რა თქმა უნდა, ადრე სექსუალურობის მერიდებოდა, ახლა კი – არა. შემიყვარდა ფერადი და სექსუალური ტანსაცმელი.

– თქვენ და რობერტი ცოტა ხნის წინ ყველაზე გემოვნებიან წყვილად გაღიარეს. სასიამოვნოა ეს თქვენთვის?

– რა თქმა უნდა, აღიარება ყოველთვის სასიამოვნოა. გაცნობიერებული მაქვს, რომ მე კინოინდუსტრიის ნაწილი ვარ. ადამიანები ჩვენი როლებით გვაფასებენ, თორემ მე და რობერტს სახლში რომ გვხედავდნენ, ვერავინ იტყოდა, რომ ყველაზე გემოვნებიანები ვართ.

– არსებობს სიმღერა, სახელწოდებით "მას სურს, რომ გახდეს მისის რობერტ პატინსონი". ეს თქვენზეა?

– ვფიქრობ – არა. ალბათ ამ სიმღერის ავტორმა თავისი თავი წარმოიდგინა მისის პატინსონის როლში.

– გათხოვებაზე არ ფიქრობთ?

– არ მოგატყუებთ და, ძალიან გაგიკვირდებათ, როცა გეტყვით, მინდა, ნამდვილი ტრადიციული ოჯახი მქონდეს. არ მომწონს, დღეს მოდად რომ იქცა არაოფიციალურ ქორწინებებში ცხოვრება. ჩემს თაობაში ეს ნამდვილი მანიაა. რა თქმა უნდა, მზად ვარ, ხვალვე საკურთხეველთან დავდგე. მე და რობერტმა ჩვენი ქორწილის რეპეტიცია ფილმის გადაღებების დროს გავიარეთ და ეს პროცესი ძალიან მომეწონა. ისე ვნერვიულობდი ქორწილის წინ, თითქოს მართლა მივყვებოდი ცოლად.

– ანუ თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი წინაა – ქორწილი, თაფლობისთვე, ბავშვის დაბადება და ტრადიციული ოჯახი.

– რა თქმა უნდა, მაგრამ წინასწარ არაფერს ვგეგმავ, არც ბავშვის სახელი ვიცი. გათხოვების შემდეგ, როგორც ინგლისელები იტყვიან, სახლი ჩემი ციხესიმაგრე იქნება.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: კრისტენ სტიუარტი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online