asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ნინო მუმლაძეს ჯენტლმენი მამაკაცები "კერავენ"
”ქალს მკერდიც უნდა ეტყობოდეს და უკანალიც”
ნინო მუმლაძეს ჯენტლმენი მამაკაცები "კერავენ"

2011-11-21 00:03:18



მსახიობი და ამჟამად უკვე ტელესახე ნინო მუმლაძე ოჯახის შექმნას არ ჩქარობს, რადგან გათხოვება გათხოვებისთვის ანუ გათხოვილი ქალის სტატუსი ნებისმიერ ფასად – არ აკმაყოფილებს. როცა თემაზე "ოცნების მამაკაცი" საუბრობს, ჩვენს რესპონდენტს ეტყობა, რომ ამ საკითხზე ბევრი აქვს ნაფიქრი და თავის გვერდით წარმოუდგენია ჩამოყალიბებული, შემდგარი, კულტურული პიროვნება, რომელთან ერთადაც, როგორც ნინო ამბობს, "უნდა გააკეთოს ყველაფერი", მომავალი ცხოვრება ააშენოს. ამიტომ იქ ზედაპირულობა და მოჩვენებითობა გამორიცხულია. ან ასე იქნება, ან ოჯახი არ შეიქმნება – პრინციპულად აცხადებს ნინო მუმლაძე.
– ნინო, არსებობს თქვენს ცხოვრებაში მამაკაცი, ვისთანაც სერიოზული გრძნობა გაკავშირებთ?
– არა, შეყვარებული არ ვარ.
– 27 წლის ასაკში რომ ამბობთ, შეყვარებული არ ვარო, როგორ ფიქრობთ, ეს თქვენი პრეტენზიულობის ბრალი ხომ არ არის?
– კი, პრეტენზიული ვარ და არა მარტო მამაკაცების მიმართ. არ ვიცი, ეს რამდენად სწორია. ასეთი რომ არ ვიყო, ალბათ უფრო კმაყოფილი ვიქნებოდი იმით, რაც მაქვს. სხვათა შორის, საკუთარი თავის მიმართაც მომთხოვნი ვარ და ყოველთვის ვცდილობ, ბევრად მეტი გავაკეთო. ხელფასი რამდენიც უნდა მქონდეს, ყოველთვის უკმაყოფილო ვარ; როგორი კარგი სამსახურიც უნდა მქონდეს, მაინც არ მაკმაყოფილებს. მერე კი ვხვდები, რა ტყუილად ვწუწუნებდი, მშვენიერი სამსახური მქონია–მეთქი. მამაკაცებსაც ბევრ მოთხოვნას ვუყენებ.
– რამდენიმე შეიძლება ჩვენც გაგვაცნოთ?
– ვერ ვიტყვი, რომ იმ გოგონების კატეგორიას მივეკუთვნები, ვინც თაყვანისმცემლებს ბევრ ფულს ახარჯვინებს. უბრალოდ რეალურად ძალიან იშვიათად მომწონს ვინმე. ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმე მომწონებია, მაგრამ მერე გამიცნობიერებია, რომ ეს უბრალოდ გატაცება იყო.
– მგონი, თქვენ რაღაც კონკრეტულ თვისებას ვერ პოულობთ მამაკაცში, რაც გჭირდებათ, ასეა?
– შეიძლება, მაგრამ არ ვიცი – რას. როცა დამირეკეთ და მითხარით, ოცნების მამაკაცი უნდა დამეხასიათებინა, მაშინ ვიფიქრე, რომ ისეთი არავინ მყავს, ვისზეც დაზუსტებით ვისაუბრებ. შემიძლია ვთქვა, რა არ მომწონს მამაკაცში და რა არ მაწყობს ურთიერთობის დროს.
– კი, ბატონო, ვისაუბროთ ამაზე.
– რასაც ძალიან ხშირად ვაწყდები თანამედროვე მამაკაცებში და მაღიზიანებს, არის მათი დამოკიდებულება ქალის მიმართ. მოდი, ვნახოთ, როგორ გოგონებს ჰყავთ ყველაზე ხშირად შეყვარებული: თავქარიანებს, ცალტვინებს, რომელთაც არც პრეტენზია აქვთ ბევრი და არც ცდილობენ, მამაკაცის გვერდით პიროვნებებად გამოჩნდნენ. მათ მხოლოდ გარეგნობა აქვთ. ქალი რომ კარგად უნდა გამოიყურებოდეს, ეს სადავო არ არის, მაგრამ კაცსაც მოეთხოვება იგივე. რატომღაც მიაჩნიათ, რომ კაცი შეიძლება ნივრის სუნად ყარდეს, ჰქონდეს ღიპი და ამავდროულად გვერდით ულამაზესი ქალი ედგას. თუ უნდა, რომ გვერდით ლამაზი ცოლი ჰყავდეს, ნება იბოძოს და, თავადაც მოიწესრიგოს თავი! თანამედროვე მამაკაცებმა შეიძლება ქალი გაართონ, მას ფულიც დაახარჯონ, მაგრამ ამას საკუთარი სიამოვნებისთვის აკეთებენ და მხოლოდ იმ მომენტში, როცა მოეპრიანებათ. ქალი კი ამ ყველაფრით აღფრთოვანებული უნდა იყოს.
ქართველი მამაკაცები ვერ იტანენ, როცა ქალი ამბობს, რომ მას თავისი საქმე აქვს და კარიერა უნდა მოიწყოს; ვერ იტანენ, როცა ქალი ცდილობს, დაანახოს, რომ შეიძლება მისი რჩევა გამოადგეთ. "ვის რად უნდა ქალის რჩევა!" – ასეთი დამოკიდებულება აქვთ. ეს ყველაფერი მაღიზიანებს. კაცი რომ შეგიყვარდება, მასში მეუღლის დანახვას ცდილობ და ეს ბუნებრივია.
– როგორი უნდა იყოს თქვენი მეუღლე?
– მეუღლე ჩემთვის ნიშნავს ადამიანს, ვისთან ერთადაც უნდა გავაკეთო ყველაფერი. თანაბრად უნდა ვიზიარებდეთ პრობლემებს, სიხარულს და ა.შ. შეიძლება გარკვეულ მომენტში მას სამსახური არ ჰქონდეს, მაგრამ მეც ნუ დამსვამს სახლში. არ მაქვს პრობლემა იმაზე, რომ ყველა შემთხვევაში კაცი უნდა იყოს ოჯახში შემომტანი. მე სახლში არასდროს დავჯდები! ქართველების პრობლემაა, ოჯახში გაურკვევლობა რომ ჩნდება, ვერ ხვდებიან, რომ ამაზე გულწრფელად უნდა ისაუბრონ. პრობლემებზე არავინ ლაპარაკობს, გადის დრო, გროვდება ეს ყველაფერი და შემდეგ ცოლ–ქმარს ერთმანეთი ბეზრდება, ქალი ზის სამზარეულოში და კაცი კი ღალატობს. ამას ვერაფრით შევეგუები!
– რა პრობლემებზე უნდა ისაუბრონ ცოლ–ქმარმა?
– შეყვარებულობის დროს ორი ადამიანი ცდილობს, ერთმანეთს მხოლოდ საუკეთესო მხარე აჩვენონ. ამიტომ ცუდი თვისებები იმალება და პრობლემებიც ნაკლებია. ყოველდღიურობაში კი უარყოფით მხარეებს ვეღარ დამალავ. ცოლ–ქმარმა ინტიმურ პრობლემებზეც უნდა ისაუბრონ. საქართველოში ჯერ კიდევ ითვლება, რომ თუ ინტიმურ სფეროში გაჩნდა პრობლემები, ამაზე საუბარი უხერხულია. ეს საშინელებაა! იმიტომ ხარ ჩემი მეუღლე, რომ შენთან თავი ყველანაირად კარგად ვიგრძნო და თუ უხერხულად ვგრძნობთ თავს, მაშინ ცოლ–ქმარი რატომღა ვართ?! ან, ელემენტარულად, შეიძლება მაღიზიანებდეს მისი ჩვევა, რომ ჯინსის შარვალს სადაც იხდის, იქ აგდებს. ამის შესახებ უნდა ვუთხრა იმიტომ, რომ თუ ორი–სამი თვე არ ვეტყვი, ერთხელაც ამომასხამს და უაზრო მიზეზის გამო სკანდალს მოვაწყობ. ამას ჯობია, თავის დროზე უთხრა. ის რომ კომპრომისზე წავა, მეც რაღაცას დავთმობ და ა.შ.
– როცა მამაკაცს პირველად ხედავთ, რითი აფასებთ მას?
– ალბათ ვიზუალია პირველი, რითიც ახალგაცნობილ ადამიანს აფასებ. სასიამოვნო გარეგნობის მამაკაცები მიზიდავენ. არ ვამბობ, რომ აუცილებლად ალენ დელონი ან ჯონი დეპი უნდა იყოს, მაგრამ სასიამოვნო გარეგნობა უნდა ჰქონდეს.აუცილებლად უნდა იყოს მოვლილი და მოწესრიგებული. არ არის აუცილებლი, ათლეტის ტანი ჰქონდეს, პირიქით, მეზიზღებიან მამაკაცები, რომლებსაც მარტო კუნთები აქვთ და თავში არაფერი უყრიათ. მირჩევნია, არ იყოს დაკუნთული და აზროვნების უნარი ჰქონდეს. ჩაცმულობასაც ყურადღებას ვაქცევ. გემოვნებით და სადად უნდა ეცვას.
– ურთიერთობაში რას ანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას?
– კაცს, რომელიც ვერ ხვდება, რომ მასთან ლაპარაკი არ მსიამოვნებს, აუცილებლად ვეტყვი, რომ წავიდეს. ჩემთან კონტაქტში შემოსვლის საშუალებას ვაძლევ ისეთ ტიპებს, ვინც არ არიან თავხედები, არ მაწუხებენ, სასიამოვნო გარეგნობა აქვთ და შეუძლიათ მხიარული გარემოს შექმნა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იუმორის გრძნობა, ქალთან მოქცევის ელემენტარული კულტურა გააჩნია თუ არა. ყველა ქალს სიამოვნებს, როცა მანქანიდან გადმოდის და კარს უღებენ, როცა მაგიდასთან ჯდება და სკამს დაუდგამენ, როცა პალტოს ჩაცმაში ეხმარებიან და ა.შ. ამაზე არ მყარდება ურთიერთობა, მაგრამ გიქმნის განწყობას და სურვილს, რომ იმ მამაკაცთან ურთიერთობა გქონდეს. შეიძლება კაცის ამგვარმა საქციელმა "დამკეროს" კიდეც. ოღონდ ეს ბუნებრივი ჯენტლმენობა უნდა იყოს, რადგან, თუ ხელოვნურია, ერთხელაც სადღაც დაავიწყდება და შეეტყობა.
– თითქოს დაუწერელ კანონად იქცა, რომ სილამაზე და სიგამხდრე ერთი და იგივეა. თქვენი ნაცნობი მამაკაცებიც ასე აფასებენ ქალებს?
– არა, რადგან ძალიან ბევრი მამაკაცისგან მსმენია, რომ ხორციანი ქალები უფრო მოსწონთ, ვიდრე ძალიან გამხდრები. რა თქმა უნდა, ზედმეტ წონას არ ვგულისხმობ. ქალს მკერდიც უნდა ეტყობოდეს და უკანალიც. ახლა დიეტაზე ვარ და ვცდილობ, ფორმაში ჩავდგე. მქონდა პერიოდი, როცა წონა "გამექცა".
– შეგიძლიათ გულწრფელად მითხრათ, მამაკაცის ფინანსურ მდგომარეობას ყურადღებას აქცევთ თუ არა?
– კი, ყურადღებას ვაქცევ. არ ვამბობ, რომ მილიონერი უნდა იყოს და აუცილებლად იბიცაზე დამასვენოს, მაგრამ ელემენტარულ მოთხოვნებს თუ არ დამიკმაყოფილებს, შეიძლება მიყვარდეს, მასთან თავს კარგად ვგრძნობდე, მაგრამ ოჯახს არ შევქმნი. ოჯახში როგორც კი ყოველდღიურობა შემოდის, რომანტიკა იკარგება. სარდაფში რომ ვიცხოვრო, საჭმლის ფული არ მქონდეს, ჩექმა ვერ ვიყიდო და ზამთარში ვერ გავთბე, აუცილებლად გაჩნდება კონფლიქტი და ოჯახი დაინგრევა. ასე რომ, ჯობია, ასეთ პირობებში ოჯახი არ შევქმნა.
– ალბათ ბევრი გეკითხებათ, რატომ არ თხოვდებიო.
– ეს კითხვა არ მიყვარს. მხოლოდ იმისთვის, რომ გათხოვილი ქალის სტატუსი მქონდეს, ამ ნაბიჯს ვერ გადავდგამ. ჯერ ისეთი ადამიანი არ შემხვედრია, რომელსაც ჩემს მეუღლედ წარმოვიდგენდი.
– ბოლო დროს ქორწინებამდე სექსზე და ე.წ. გერლფრენდ–ბოიფრენდის ინსტიტუტზე ბევრს საუბრობენ. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
– ჩემთვის გერლფრენდ–ბოიფრენდობა მისაღებია. ეს განსაზღვრავს ოჯახის სიმყარეს, რადგან იმ ადამიანს უკავშირებ ცხოვრებას, რომელსაც ბოლომდე იცნობ.
მანანა ნოდია


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online