asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ანატოლი ბოისამ ვაკეში ცხოვრებისთვის რუსთავის ბინა და მანქანა დათმო
ვაკეში ცხოვრებისთვის რუსთავის ბინა და მანქანა დათმო
ანატოლი ბოისამ ვაკეში ცხოვრებისთვის რუსთავის ბინა და მანქანა დათმო

2011-11-07 11:12:41



კალათბურთელი ანატოლი ბოისა წელიწადზე ცოტა მეტია ცოლთან, თეა ჩიხრაძესთან ერთად რუსთავიდან თბილისში, ვაკეში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ახალი კორპუსის სამოთახიან ბინაში გადავიდა. ახალ სახლში ცოლ–ქმარი თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ. ბინის ინტერიერზე თეამ იზრუნა, რადგან ანატოლიმ ამისთვის ვერ მოიცალა, თუმცა მისი სურვილები გათვალისწინებულ იქნა.
ახალგაზრდა ცოლ–ქმრის სახლში მუდმივად ხალხმრავლობაა. ამიტომ ხშირად უწევთ სუფრის გაშლა–ალაგება. მართალია, თეა თავისი ნახელავით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ანატოლის ისიც უხარია, რომ ამ ეტაპზე მის ცოლს კულინარიაში წინსვლა ეტყობა და, სხვა თუ არაფერი, გემრიელი მაკარონის მომზადება მაინც შეუძლია.
მათ სახლში შეხვალთ თუ არა, მაშინვე თვალში მოგხვდებათ წყვილის ფოტოები, რომლებიც თეას მზრუნველ ხელს ჩარჩოებში ჩაუსვია და კედელზე დაუკიდია. როცა ტოლიკა გვერდით არ ჰყავს, თეა მისი ფოტოების ყურებით იქარვებს მონატრებას.
ანატოლი: 29 აგვისტოს ერთი წელი შესრულდა, რაც ამ ბინაში ვცხოვრობთ. როცა მე და თეამ ვიქორწინეთ, გადავწყვიტეთ, ცალკე გვეცხოვრა. რუსთავშიც, საიდანაც ვარ, ნახევარი წელი მარტოებმა ვიცხოვრეთ. მერე ეს ბინა გამოჩნდა, შანსი არ გავუშვით ხელიდან და შევიძინეთ. ამ ბინისთვის რუსთავის ბინა და ჩემი მანქანა დავთმე. სახლი თავიდან ბოლომდე თეამ გააწყო.
თეა: მინდოდა, ერთ ფერში ყოფილიყო. იმის გამო, რომ ტოლის მუქი ფერები არ უყვარს, გადავწყვიტეთ, ყველა ოთახი ღია ფერებში გაგვეკეთებინა. მე მუქი ფერები ძალიან მიყვარს. ამ შემთხვევაში კი ტოლიმ გაიმარჯვა.
ანატოლი: ისე უცებ გადმოვბარგდით, რომ ფაქტობრივად წინასწარ არაფერი დაგვიგეგმავს. სახლი ნელ–ნელა მოვაწყვეთ, ეტაპობრივად ვიზრუნეთ მის შევსებაზე. ცოტა ხნის წინ ისე გამოიყურებოდა, მანამდე რომ ყოფილიყავით ნამყოფი, ახლა ვეღარ იცნობდით.
– ახალგაზრდულ ოჯახში მოსვლა ალბათ ძალიან უყვართ თქვენს მეგობრებს.
ანატოლი: მიყვარს, როდესაც ჩვენს სახლში სტუმრად მეგობრები მოდიან. ძირითადად მისაღებ ოთახში ვიკრიბებით ხოლმე.
თეა: ჩვენს სახლში სულ ხალხმრავლობაა. ჩვენს მეგობარ ლეჟავებს უკვე თავიანთი საძინებელი აქვთ აქ.
ანატოლი: როცა დასვენების დღე მაქვს, ჩვენს სახლში მისვლა–მოსვლაა. ხან იმდენი ვგროვდებით, რომ თავისუფალი სკამიც კი აღარ რჩება. ეს ძალიან მომწონს, ბევრს ვხალისობთ და ვერთობით. ჩემი დატვირთული გრაფიკის გამო მეგობრებთან ყოველდღიური ურთიერთობა არ მაქვს და ამ დანაკლისს დასვენების დღეებში ვინაზღაურებ.
– თეა, სტუმრებს როგორ უმასპინძლდებით, დიდ სუფრებს შლით თუ ყავაზე გადადიხართ?
თეა: მოგატყუებთ, რომ გითხრათ, მეგობრებს სულ ჩემი გაკეთებული კერძებით ვუმასპინძლდებით–მეთქი. საჭმელებს ძირითადად ვყიდულობთ ან ვუკვეთავთ.
ანატოლი: ამ ბოლო დროს თეა დაიხვეწა. თქვენ ჩვენი ქორწინების პირველ თვეებში უნდა გენახათ. ამ საკითხში ცოტა გვიჭირდა.
– არადა, სპორტსმენებისთვის კარგი კვება აუცილებელია.
ანატოლი: ჰო, მაგრამ ახლა ჩემმა ცოლმა ბევრი რამის გაკეთება ისწავლა. კერძების მომზადება მეც მიყვარს. ჩვენი მეგობრებისთვისაც მომიმზადებია რაღაცეები. ასე რომ, სანამ თეა საჭმელების კეთებას ისწავლიდა, არც მაშინ გვქონია კვებაში პრობლემა. რუსთავში ჩემს მშობლებთან ახლოს ვცხოვრობდით. როცა სახლში საჭმელი არ გვქონდა, ჩემებთან მივდიოდით, ვჭამდით და შინ ვბრუნდებოდით. როცა თეას დედა ამზადებს ისეთ კერძებს, რომელიც მიყვარს, გვირეკავს და მივდივართ.
– რას ამზადებს თეა ყველაზე გემრიელად?
ანატოლი: რამდენიმე დღეა, რაც საქართველოში ჩამოვედი და ეს დღეები სულ თეას მომზადებულ მაკარონს ვჭამ. აღმოჩენა გააკეთა და სულ ამას ამზადებს.
– თეა, გვიამბეთ თქვენი აღმოჩენის შესახებ.
თეა: აღმოვაჩინე მაკარონი, რომელსაც თან მოჰყვება სოუსი და ძალიან მარტივად მზადდება. მე არაფერ შუაში ვარ. ამას ჩემი გაკეთებული არ ჰქვია.
ანატოლი: ფაქტია, რომ მე ძალიან კმაყოფილი ვარ და შენ რაც გინდა, ის დაარქვი. მართლა გემრიელი საჭმელია და, რაც მთავარია, სპორტსმენისთვის სპაგეტი სასარგებლოა.
– სახლში რომ კომფორტულად იგრძნოთ თავი, რა უნდა გქონდეთ აუცილებლად? რის გარეშე ვერ გაძლებთ?
ანატოლი: სიყვარულის გარეშე. რუსთავში ფაქტობრივად ცარიელ სახლში გადავედით. მერე ყველაფერი გავაკეთეთ. პატარა ფართის მიუხედავად, მაინც ყველაფერი გვქონდა. როცა გიყვარს და უყვარხარ, ყველაფერი მშვენივრად არის. შენ ქმნი სახლში სითბოს და არა რაღაც ნივთები და შეღებილი კედლები. ჩემთვის მთავარი სიყვარულია.
– თეა, თქვენც შეგიძლიათ ნებისმიერ სახლში იცხოვროთ სიყვარულის ამარა?
თეა: ჩვენ ყველაფერი გამოვიარეთ, მაგრამ, რომ გითხრათ, ძალიან რთული იყო–მეთქი, ასე არაა. შეიძლება იმიტომ ვფიქრობთ ასე, რომ ზუსტად ვიცოდით, რაღაც დროის შემდეგ კარგ ეტაპამდე მივიდოდით. შეიძლება სახლში ყველაფერი გქონდეთ, მაგრამ თავს მაინც ვერ გრძნობდეთ კომფორტულად. შეიძლება არაფერი გაგაჩნდეთ, მაგრამ მაინც ძალიან ბედნიერები იყოთ.
ანატოლი: მე და თეა მაქსიმალურად ვეცადეთ, ეს ბინა კომფორტული და მშვიდი გამოსულიყო. მინდოდა, ისეთი გარემო შეგვექმნა, სადაც კარგად დასვენებას შევძლებდი და ჩემი მეგობრებიც ასევე კარგად იგრძნობდნენ თავს.
თეა: ჩვენთან ყოველთვის ისეთი ამბავია, რომ ალბათ ამაზე პატარა სახლში ვერც ვიცხოვრებდით. რუსთავში ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდით, საკმარისი სკამიც კი არ გვქონდა, გოგოები საწოლზე ჩამოსხდებოდნენ ხოლმე.
ანატოლი: ამაშია მთელი ხიბლი. სიტუაციას ჩვენ ვქმნით და არა – ნივთები და ავეჯი. მე შემიძლია გორში ვიცხოვრო, მაგრამ იქაც კომფორტულად ვიგრძნო თავი და ჩემი მეგობრებიც სიხარულით მოვლენ. არ აქვს მნიშვნელობა, სახლში დივანი გექნება თუ ხის პატარა სკამი. ნელ–ნელა შევიქმენით ოჯახური კომფორტი და ახლა გემრიელად ვცხოვრობთ. გაჩერებას არ ვაპირებთ, გვინდა, ჩვენს სახლს რაღაცეები კიდევ შევმატოთ. დარწმუნებული ვარ, მე თუ არა, თეა აუცილებლად ეცდება სახლში რაღაც ნივთების დამატებას.
– თეა, რისი ყიდვა გინდათ სახლისთვის?
თეა: ამჟამად არაფრის შეცვლა და დამატება არ მინდა. დროთა განმავლობაში შეიძლება სახლის ფერების შეცვლაზე ვიფიქრო და ცოტა გავამუქო. ძალიან ნათელია და მართლა არ აწყენდა ჩამუქება, მაგრამ უახლოესი ორი წლის განმავლობაში არაფრის შეცვლას არ ვაპირებ.
– თქვენი საყვარელი კუთხე რომელია?
თეა: ძირითად დროს მისაღებ ოთახში ვატარებთ. ყველაზე მეტად აქ გვიყვარს ყოფნა.
ანატოლი: კი, სულ აქ ვართ, აქ ვუმასპინძლდებით ყველას.
– სახლს ეტყობა, რომ კალათბურთელი ცხოვრობს – კალათბურთის ფორმაში ჩაცმული ბოისას ფოტოები, მისაღებში გაქვთ პატარა კალათბურთის კალათი...
ანატოლი: კი, მართლა ეტყობა ამ სახლს, რომ კალათბურთელი ცხოვრობს. თეას უყვარს ჩემი ფოტოების გამოფენა. მე მხოლოდ ის სურათები მიყვარს, სადაც ერთად ვართ. ეს კედელზე ჩამოკიდებული ჩვენი კარიკატურებიც ძალიან მიყვარს. თეას ისეთი სურათები უყვარს, სადაც მარტო მე ვარ. ის ფოტოები, სადაც მე და თეა ვართ, უფრო მმატებს სითბოს.
თეა: ტოლიკა არასოდესაა სახლში და ვცდილობ, ფოტოების ყურებით ავინაზღაურო მისი არყოფნა.
– თქვენს ბინაში არც ერთი ძველი ან ანტიკვარული ნივთი არ მოიძებნება. ყველაფერი ახალია. სიძველეები არ გიტაცებთ?
ანატოლი: ანტიკვარიატი არ გვიყვარს. გადატვირთული სახლები არც მე მიყვარს და არც თეას, ამიტომ ვეცადეთ, სადად მოგვეწყო.
თეა: ძველი ნივთები არ მიყვარს. სხვის სახლში რომ ვხედავ, ცუდ განწყობას მიქმნის. ისე ვგრძნობ თავს, როგორც მუზეუმში.
ანატოლი: თითქოს ყველაფერს უფრთხილდები, რომ არ გატყდეს და რამე არ დაემართოს. ჩვენთან მეგობრები რომ დათვრებიან ხოლმე, აეეე!..
თეა: მე სხვის ნახმარ ნივთებს და ავეჯს ვერ გამოვიყენებ, მით უმეტეს, სარკეს. ამიტომ ვეცადე, სახლი თანამედროვე ავეჯით მომეწყო.
– ავეჯი ორივემ ერთად შეარჩიეთ?
თეა: ტოლიკას ავეჯის ასარჩევად კი არა, მეზობლებისთვის გამარჯობის სათქმელადაც არ სცალია.
ანატოლი: რასაც აქ ხედავთ, ყველაფერი თეას არჩეულია.
– თეა, იმის პრობლემა არ გქონდათ, ქმარს რომ არ მოსწონებოდა თქვენი არჩეული ავეჯი?
თეა: უკმაყოფილო თუ დარჩებოდა, გამოვცვლიდით.
ანატოლი: არა, ამ საკითხში თეა უფრო გემოვნებიანია, ვიდრე მე. კარგად არჩევს, რას რა მოუხდება. მე რომ თეასგან დამოუკიდებლად შემერჩია ავეჯი, ამ დივნის ნაცვლად ტყავისას ვიყიდდი. ამაზე რომ წამოვწვები, მაშინვე მეძინება და ვისვენებ. ტყავზე ზამთარში გცივა და ზაფხულში გცხელა.
– ანუ ყველაფერში სრული თანხმობა გქონდათ, რასაც თეა იტყოდა, იმას ყიდულობდით?
ანატოლი: ერთადერთი შემთხვევა მახსენდება. მე და თეა მაცივრის საყიდლად წავედით და ტელეფონი ვუყიდე. მერე მაცივარიც შევიძინეთ. ამ ტელეფონის რეკლამები რომ ტრიალებდა, სულ იმას ამბობდა, ძალიან მაინტერესებს, როგორიაო და გადავწყვიტე, მისთვის მეყიდა. გზაში ვიყავით, რომ ვუთხარი, წამოდი, ვნახოთ, ის ტელეფონი როგორია, იქნებ არ მოგეწონოს–მეთქი, მაგრამ, რომ შევედით, ისე მოეწონა, არ შემეძლო, არ მეყიდა. მაცივრისკენ გზა აღარ გავაგრძელეთ.
– ეს ზუსტად ის სახლია, როგორზეც ოცნებობდით?
თეა: მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ. მის გამოცვლაზე არც კი ვფიქრობთ. თუმცა ცოტა მედიდება. ძირითადად მარტო მიწევს ყოფნა და მგონია, რომ ჩემთვის დიდია. როცა ტოლი აქ არ არის, მეგობრები მარტო არ მტოვებენ, მაგრამ მაინც. ტოლი მიდის თუ არა, ჩემი მეგობრები მაშინვე თავიანთი ბარგით მოდიან ხოლმე. აბაზანაში რომ შეხვიდეთ და ნახოთ, რამდენი კბილის ჯაგრისია, გაგიკვირდებათ. ყველას თავისი სახელი აწერია.
ანატოლი: მე რომ მივდივარ, აქ ხალხი საცხოვრებლად გადმოდის. ვხუმრობ ხოლმე, ერთი ყულაბა უნდა დავდო და ვინც დარჩება, გარკვეული თანხა ჩაყაროს–მეთქი. თეას მარტო დარჩენა არ უყვარს და მეც მშვიდად ვარ, როცა ვიცი, რომ ჩემს არყოფნაში აქ მისი მეგობრები იქნებიან. ცდილობენ, უჩემობა არ აგრძნობინონ.
– თეა, დიასახლისობა, დალაგება, წმენდა რამდენად კარგად გამოგდით?
თეა: რა თქმა უნდა, სახლს ვალაგებ, მაგრამ 1–2 საათში ისევ დასალაგებელი ხდება. ჯერჯერობით ოჯახის საქმეებს თავს ვართმევ. შეიძლება ავიტანო დაყრილი ტანსაცმელი, არეულობა, მაგრამ ვერ ვიტან სიბინძურეს.
– დალაგებულ სახლს ანატოლი თუ უფრთხილდება?
თეა: ამ საკითხში ტოლიკა უფრო მოწესრიგებულია, ვიდრე მე. ამ ბოლო დროს კი რაღაც ესეც ამყვა.
ანატოლი: ერთი საძინებელი გამოუყენებელი გვაქვს, ჩვენი საწყობია. თეას ტანსაცმლის თოკებიდან ჩამოხსნა რომ უნდა, მეხვეწება, წამოდი, ჩამომახსნევინეო. მე ვდგავარ ხელებგაშლილი, თეა ზედ ტანსაცმელს მალაგებს, ბოლოს შემოვბრუნდები ოთახში და მთელ გროვას იქვე ვყრი. ვეტყვი, ხვალ დავალაგოთ–მეთქი, მერე ისევ მეორე დღისთვის ვდებთ და ასე, სამ დღეში ერთხელ თუ დავალაგებთ.
თეა: აღიარე, ბოლოს რომ ჩამოხვედი, როგორი დალაგებული კარადა დაგახვედრე!
ანატოლი: კი, მაგას ვაღიარებ. ორი კვირა დრო ჰქონდა, ალბათ დღეში ერთ რაღაცას კეცავდა და დებდა კარადაში. რომ შემოვედი, კარადის კარი ღია დამხვდა. გავიარე–გამოვიარე, გავიარე–გამოვიარე... მელოდებოდა, როდის დავინახავდი დალაგებულ კარადას და როდის შევაქებდი.
თეა: დაფასება იცის. ეგ არ ეშლება.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ანატოლი ბოისა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online