asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მონიკა ბელუჩი: "ბრძენი ვარ, მაგრამ არა – ქორწინების საკითხებში"
”მე და ვენსანი ისე ვცხოვრობთ, როგორც გვინდა”
მონიკა ბელუჩი: "ბრძენი ვარ, მაგრამ არა – ქორწინების საკითხებში"

2011-11-02 19:03:07



30 სექტემბერს მონიკა ბელუჩი, რომელიც პლანეტის ყველაზე ლამაზი ქალების სიაში ლიდერობს, 47 წლის გახდა. ნიჭიერი მსახიობი კვლავ მშვენივრად გამოიყურება, კვლავ სექსუალურია, პოპულარობის პიკზეა და ქორწინებაშიც ბედნიერია ფრანგ მსახიობ ვენსან კასელთან ერთად. ცოტა ხნის წინ კი ვენეციის კინოფესტივალზე წარადგინა თავისი ახალი ფილმი "ის ვნებიანი ზაფხული", რომელიც მსოფლიო კინოთეატრებში უკვე გადის.
გთავაზობთ მონიკა ბელუჩისთან ინტერვიუს, რომელიც უცხოელმა ჟურნალისტებმა ჩამოართვეს.
– მონიკა, ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავთ, რომ თქვენ ბოშურად ცხოვრობთ, მუდმივად მოგზაურობთ. რამე თუ შეიცვალა ამ მხრივ მას შემდეგ, რაც მეორე ქალიშვილი გააჩინეთ?
– მხოლოდ ის შეიცვალა, რომ ახლა სამის ნაცვლად ოთხნი ვმოგზაურობთ. მარშრუტიც ძველებურია. ხარ პარიზში ვცხოვრობთ და ვმუშაობთ, ხან რომში და ხან ლონდონში. თუ აღმოჩნდა, რომ თავისუფალი დრო გვაქვს, ვცდილობთ, ბრაზილიაში გავიქცეთ. იქ ვენსანმა რამდენიმე წლის წინ სახლი იყიდა. ვტკბებით ბუნებით, პლაჟით, მაგრამ ასეთი პერიოდები იშვიათად გვაქვს. ისე მივეჩვიეთ მუშაობას, რომ საკუთარ თავს დიდხანს დასვენების უფლებას ვერ ვაძლევთ. ჩვენი უფროსი ქალიშვილი, დევა ერთდროულად რამდენიმე სკოლაში სწავლობს – საფრანგეთის, იტალიისა და ინგლისის სკოლებში. ხოლო უმცროსი, ლეონი, წლინახევრისაა და გადაღებებზე მუდამ თან მახლავს. ყველანაირად ვცდილობ, ჩემს გოგონებს არასოდეს დავშორდე. რამდენიმე საათში ისინი საშინლად მენატრებიან. ჩემს ბოშურ ოჯახში რამდენიმე ენაზე ვლაპარაკობთ. დელას მე იტალიურად ვესაუბრები, ვენსანი – ფრანგულად. ამის გარდა, ის თავისუფლად ლაპარაკობს ინგლისურად.
– თქვენ და ვენსანი მეორე შვილის გაჩენას გეგმავდით?
– არა, რა თქმა უნდა. როგორ შეიძლება, ასეთი ცხოვრების რიტმში რამე დაგეგმო? როგორც პირველი, ასევე მეორე ორსულობაც ჩემთვისაც და ვენსანისთვისაც მოულოდნელი საჩუქარი იყო. ჩვენ ძალიან ბევრი წელი მხოლოდ კარიერით ვიყავით დაკავებული. ვფიქრობდით, რომ ჯერ არ იყო დრო, შთამომავლობისთვის გვეზრუნა, მაგრამ შვილები მაინც ძალიან გვინდოდა. გასულ წელს ფრანგულ ტელევიზიაში ერთ–ერთ გადაცემაში მიმიწვიეს. თემა ოჯახური ურთიერთობები და ბავშვები იყო. გადაცემის წამყვანმა სხვა ქალებს ჩემი მაგალითი მოუყვანა, რომ 40 წლის შემდეგ გავრისკე და ბავშვები გავაჩინე. მე თავი უხერხულად ვიგრძენი, რადგან 40 წლის შემდეგ ქალებისათვის სასურველი არ არის მშობიარობა. გაცილებით უკეთესია, როცა ქალი ახალგაზრდაა. ამ დროს მისი ორგანიზმიც უფრო გამძლეა. ჯანმრთელობის მხრივ არ ვწუწუნებ. საკმაო ძალები მაქვს შვილების გასაზრდელად, მაგრამ ეს, შეიძლება ითქვას, გამონაკლისია ჩემი ასაკის ქალების ცხოვრებაში. პროპაგანდა არ უნდა გავუწიოთ იმას, რომ ქალებმა 40 წლის შემდეგ იზრუნონ შვილების გაჩენაზე. პირველად რომ დავრჩი ორსულად, მაშინვე წავედი და მთელი ორგანიზმი გამოვიკვლიე. ექიმებსაც გაუკვირდათ, ყველაფერი ნორმაში გაქვთო. დევა 2004 წელს გავაჩინე და ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა. 9 თვე ძუძუთი ვკვებავდი. უმცროსს კი ერთ წელზე მეტს ვაწოვებდი ძუძუს. ცოტა ხნის წინ დევამ მითხრა, როცა გავიზრდები, შენნაირად უნდა ვიცხოვროო. თან ამიხსნა, მეც შენნაირად ვიმოგზაურებ ჩემს შვილებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნებშიო.
– თქვენი ოჯახი ყოველთვის ყურადღების ქვეშაა. რას არ წერენ თქვენზე: "მონიკა და ვენსანი გაყრის ზღვარზე არიან", "კასელმა ოჯახი მიატოვა და ბრაზილიაში გაიქცა", "ბრძენმა მონიკამ ქმარს სრული თავისუფლება მისცა, რომ ოჯახი შეინარჩუნოს"... არის თუ არა ამ ყველაფერში სიმართლის მარცვალი?
– მე მართლაც ბრძენი ვარ, მაგრამ არა ქორწინების საკითხებში. სიმართლე რომ გითხრათ, არასოდეს მიცდია, რამე შემექმნა და შემენარჩუნებინა ოჯახურ ურთიერთობებში. მე და ვენსანი ისე ვცხოვრობთ, როგორც გვინდა. ორივეს გვაქვს უფლება, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მივიღოთ. ერთმანეთს არაფერში ვზღუდავთ. ჩვენ შეგვიძლია ერთადაც ვიმუშაოთ და ვიმოგზაუროთ და ცალ–ცალკეც. ერთმანეთს ვშორდებით და კვლავ ვხვდებით. ეს ძალიან რომანტიკულია. დაშორებისასაც არ ვწყვეტთ კონტაქტს, ოჯახურ საკითხებსაც ერთად ვაგვარებთ. ვენსანი გოგონებს აღმერთებს. ის გიჟი მამაა. მე და ვენსანს მარტივი ხასიათი ნამდვილად არ გვაქვს. ორივე ძალიან ტემპერამენტიანი, ფეთქებადი ადამიანები ვართ. ჩვენ რომ მუდმივად ერთ ჭერქვეშ ვიცხოვროთ, ერთმანეთს აუცილებლად გავექცეოდით. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენს ურთიერთობაში ერთმანეთის პოზიციას პატივს ვცემთ. რაც მთავარია, ორივენი ვცდილობთ, ერთმანეთისათვის საინტერესოები ვიყოთ. ძალიან დაკვირვებულები ვართ შვილებთან ურთიერთობაში. ვცდილობთ, მათ ისეთი ტრავმა არ მივაყენოთ, რაც ჩვენ გვქონდა ბავშვობაში.
– თქვენ, ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით, ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურებით, პაპარაცულ ფოტოებზეც კი. მაგალითად, არაერთხელ გამოქვეყნებულა ფოტო, რომელიმე ვარსკვლავი უმაკიაჟოდ, უფორმო ტანსაცმელში და ქვემოთ აქვს წარწერა: ბრედ პიტი, გვინეტ პელტროუ. თქვენ კი სუპერმარკეტშიც და აეროპორტშიც კარგად გამოდიხართ, გემოვნებით გაცვიათ და დავარცხნილი ხართ. მითხარით, როგორ ახერხებთ ამ ყველაფერს?
– როგორც უნდა გამოვიყურებოდე, ალბათ ბრედ პიტში არასოდეს აგერევით. გარწმუნებთ, რომ სახლიდან გასვლის წინ სპეციალურად არ ვემზადები. თავს არ ვაწვალებ კითხვით, დღეს რა ჩავიცვა–მეთქი. ვერ ვიტყვი, რომ სრულიად გულგრილი ვარ ტანსაცმლის არჩევისას. ჩემი გარდერობი დიდია და მასში ძალიან ბევრი კომფორტული კოსტიუმია. ყოველი შემთხვევისთვის ჯინსების მთელი კოლექცია მაქვს. არასოდეს მყვარებია უფორმო, წელვადი ტანსაცმელი. ყველანაირ ტანსაცმელს, მათ შორის პიჟამასაც კი, საკუთარ სხეულზე მორგებულს ვირჩევ. უპირატესობას ყოველთვის შავ ფერს ვანიჭებ. ხანდახან თეთრთან კომბინაციაში. ეს ჩემი საყვარელი დუეტია. კაპიუშონიანი მაისურები არ მიყვარს. კეპებსაც მხოლოდ ქალებისას ვირჩევ. რაც შეეხება თმას, ვარცხნილობას იშვიათად ვიკეთებ. სხვა შემთხვევაში თმის საშრობით ვცდილობ, ფორმა მივცე. დაბანის შემდეგ თმას გაშრობის საშუალებას ვაძლევ და მერე ვივარცხნი. ძირითადად გაშლილ თმას ვატარებ. პომადას კი ყოველთვის ვისვამ. ამის გარეშე სახლიდან ვერ გავალ. აი, ეს არის მთელი საიდუმლო. აუცილებლად გექნებათ კითხვა, კმაყოფილი ვარ თუ არა საკუთარი გარეგნობით და ხომ არ მეშინია სიბერის. აქვე გეტყვით, რომ სიბერე არ მაშინებს, რადგან ამ პერიოდში ძალიან ბევრი დრო მექნება ახლობლებთან ურთიერთობისთვის. თანაც აუცილებლად ვიპოვი ახალ საქმეს, რომელიც გამიტაცებს.
– თქვენი გარეგნობის მქონე სხვა ქალი ალბათ არჩევანს ყოველთვის რომანტიკულ გმირებზე გააკეთებდა, თქვენ კი ხშირად რთულ და ტანჯულ ქალებს თამაშობთ. მაგალითად, ფილმ "მალენაში" მეძავი ითამაშეთ, "ქრისტეს ვნებანში" – მარია მაგდალინელი, ხოლო ფილმში "უკან ნუ იხედები" – ზნედაცემული ქალი.
– არასოდეს მქონია მიზნად, რომანტიკული გმირები მეთამაშა. ის როლები, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ, ჩემთვის საინტერესო იყო სიღრმით, ტრაგიზმით და შინაარსით. შეუძლებელია, არ დამაინტერესოს ფილმმა, სადაც მე და სოფი მარსო ერთ გმირს ვთამაშობთ სხვადასხვა პერიოდში.
– ახალ ფილმში "ის ვნებიანი ზაფხული" არის ეპიზოდი, სადაც სრულიად შიშველი წევხართ საწოლზე და კამერა დეტალურად ათვალიერებს თქვენს სხეულს. გაგიჭირდათ ამის გაკეთება?
– შიშვლად გადაღებას მივეჩვიე და ამას ჩემი საქმის ნაწილად მივიჩნევ. ბევრი მსახიობი შიშველ სცენებს გაურბის, მე კი ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ის სცენა, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, მაშინ გადაიღეს, როცა ლეონიზე ვიყავი ფეხმძიმედ, თუ არ ვცდები, მეოთხე თვეში, ამიტომ ჩემი სხეული ცოტა შეცვლილი იყო. ფილმში ვთამაშობ ახალგაზრდა მხატვრის ცოლს, მსახიობს, რომელიც დიდ როლებზე და კარიერაზე ოცნებობს. იმის გამო, რომ კარიერა არ გამოსდის, ის თავის ქმარს ტანჯავს ეჭვიანობით.
– როგორ ფიქრობთ, რა უნდა ქალს სრული ბედნიერებისთვის?
– რთული სათქმელია. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ქალზე, რომელიც პატივს სცემს საკუთარ თავს და უნდა, იყოს ბედნიერი, მაშინ მას სამი ძირითადი რამ სჭირდება: საყვარელი საქმე ცხოვრებაში, მყარი ოჯახი და გადაწყვეტილებებში თავისუფლება.
– სილამაზე?
– ვფიქრობ, სილამაზე არავითარ კავშირში არ არის ბედნიერებასთან. რა თქმა უნდა, ლამაზ ქალს სხვებთან შედარებით კარგი სასტარტო მდგომარეობა აქვს, მაგრამ ცხოვრებამ აჩვენა, რომ ის ბედნიერების გარანტია არ არის.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: მონიკა ბელუჩი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online