asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ალ პაჩინო: "შეიძლება მალე ვიღაცის ქმარიც კი გავხდე"
"შეიძლება მალე ვიღაცის ქმარიც კი გავხდე"
ალ პაჩინო: "შეიძლება მალე ვიღაცის ქმარიც კი გავხდე"

2011-11-02 19:03:07



"ჩემზე ხშირად ამბობენ, რომ ძალიან მოსაწყენი და მიზანთროპი ვარ. ყველას ვაფრთხილებ, იმაზე გაცილებით ცუდი ვარ, ვიდრე წარმოგიდგენიათ", – ამბობს ლეგენდარული მსახიობი ალ პაჩინო საკუთარ თავზე და თვლის, რომ ამის თქმის უფლება ნამდვილად აქვს. ცოტა ხნის წინ მსახიობი და რეჟისორი ვენეციის 68–ე კინოფესტივალზე ახალი ფილმით "სალომეა უაილდი" და ახალი მეგობარი ქალით, ლუსია სოლათი გამოჩნდა. უყვარს პრემიერები, კინოფესტივალები, მაგრამ არ უყვარს ჟურნალისტები. მართალია, ხანდახან მათ ცნობისმოყვარეობას ინტერვიუებით მაინც აკმაყოფილებს, მაგრამ ეს დიდ იშვიათობას წარმოადგენს.

ვენეციის კინოფესტივალიც სწორედ ასეთი შემთხვევა იყო.

– თქვენზე ამბობენ, რომ ინტერვიუს მიცემას ვერ იტანთ და ყველანაირად ცდილობთ, ჟურნალისტებს ხელიდან დაუძვრეთ, ეს მართალია?

– დიდება და პოპულარობა ცუდი რამაა, იგივე შემიძლია ვთქვა ინტერვიუზეც. დროდადრო გაყენებენ კედელთან და ცდილობენ, ერთი და იგივე კითხვებით გიჩხვლიტონ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა საშინელებაა, როდესაც ყურში გიყვირიან: "ღმერთო ჩემო, ეს ხომ თვით ალ პაჩინოა, მე თქვენს ფილმებზე გავიზარდე!". რატომ ყვირიან, მე ხომ ყრუ არ ვარ, თანაც არც ჩემი ასაკის ხაზგასმაა საჭირო, მშვენივრად მახსოვს, როდის დავიბადე და რამდენი წლის ვარ. მაგალითად, ერთხელ ჟურნალისტმა მითხრა, რომ მაიკლ კორლეონეს ჩრდილში გაიზარდა, როგორც კი დრო აქვს, მაშინვე ფილმ "ნათლიას" უყურებს. ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ მე ძველ პალტოდ ვიგრძენი თავი, რომელსაც ხანდახან კარადიდან გამოიღებენ, შეხედავენ, გაახსენდებათ კარგი დრო და ისევ უკან, კარადაში შეკიდებენ.

– ალბათ პალტოსთან მაინც ცუდი შედარება გააკეთეთ, თქვენ, თქვენი ასაკის მიუხედავად, დღემდე სექსსიმბოლოდ ითვლებით. პირადად მე კარგად მახსოვს თქვენი ფილმი, სადაც ავტომრბოლელ ბოდი დირფილს თამაშობთ.

– ეშმაკმა დასწყევლოს, საიდან გაგახსენდათ! სასიამოვნოა, ამ როლით თუ გახსენდებით, რადგან თავის დროზე მას დიდი კრიტიკა მოჰყვა. ჩემთვის ეს ფილმი ძალიან ძვირფასია, გადაღებული იყო \ საუკუნის 70–იანი წლების მეორე ნახევარში. ჩემი გმირი ძალიან ბევრს ფიქრობს სიკვდილზე. მეგობრის სიკვდილის შემდეგ ვარდება დეპრესიაში, ხოლო მას შემდეგ, რაც შეხვდება უკურნებელი სენით დაავადებულ ქალს და შეუყვარდება, სრულიად გადააფასებს საკუთარ შეხედულებებს ცხოვრებაზე.

– რატომ გაკრიტიკებდნენ ამ როლის გამო?

– ძირითადად მადანაშაულებდნენ, რომ მთელი რემარკი ყირამალა დავაყენე. რატომღაც მუდამ მადარებდნენ მაიკლ კორლეონეს. იმ პერიოდში მეც ძალიან თვითკრიტიკული ვიყავი, განვიცდიდი იმას, რას ფიქრობდნენ სხვები ჩემზე. შემდეგ კი მივხვდი, რომ თუ გინდა, წინ წახვიდე, სხვისი აზრი მტკივნეულად არ უნდა აღიქვა.

– ერთ–ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ ტრილოგია "ნათლიაში" თამაშმა არამარტო პოპულარობა მოგიტანათ, არამედ კორლეონეს როლმა დიდი წყევლაც დაგატეხათ თავს.

– დიახ, რადგან ძალიან ბევრი წელი დამჭირდა იმისათვის, რათა მაყურებლისთვის დამემტკიცებინა, რომ მე მხოლოდ კორლეონეს როლის მსახიობი არ ვარ. ხშირად მეკთხებიან, როგორ გამოვძერწე კორლეონეს გმირი. ამ ყველაფერს ძალიან ნელა ვაკეთებდი, ეს პიროვნება ჩემთან თანდათანობით მოდიოდა. ის დაკავშირებული იყო კრიმინალურ სამყაროსთან, მაგრამ ნატურით განგსტერი არ ყოფილა. ცხოვრება თავის კანონებს გკარნახობს და მას უწევდა ამ კანონების მიღება თავისი ოცნებების მსხვერპლად გაღების ხარჯზე.

– თქვენ თუ მოგიწიათ ცხოვრებაში საკუთარი ოცნებების მსხვერპლად გაღება?

– საბედნიეროდ, ოცნებები ჩემთვის არავის წაურთმევია, მათ რეალიზებას დღემდე ვახდენ. რაც შეეხება ჯანსაღ აზროვნებას, აქ ყველაფერი რთულად არის. ხანდახან ჩვენ თვითონ არ ვიცით, სად გადის ზღვარი ჯანსაღ აზროვნებასა და ფანტაზიას შორის, სიბრძნესა და შიშს შორის. ბავშვობაში სამხრეთ ბრონქსში ვიზრდებოდი, მიყვარდა სახურავებზე სირბილი, სიმაღლიდან ხტომა. ყველაფერი მიყვარდა, რაც სახლის გარეთ იყო, რადგან სახლში ფული და საჭმელი არასოდეს გვყოფნიდა. მაგრამ ასეთი ყოფის მადლიერი ვარ, რადგან სწორედ ამის გამო მოვხვდი კინოში. რომ არ ყოფილიყო ბავშვობაში სიღარიბე, არ ვიოცნებებდი კინოზე, რომელიც სიღარიბისგან გაქცევის საუკეთესო საშუალება მეგონა. სკოლა იმიტომ მივატოვე, რომ ფულს ვერ ვიხდიდი. სახლიდან გავიქეცი და ძალიან ბევრი პროფესია მოვსინჯე, სანამ მსახიობი დამერქმეოდა. ვწმენდდი, ვრეცხავდი, რაღაცეებს დავატარებდი, ყველა საქმეს ხელს ვკიდებდი. 22 წლის ვიყავი, როცა დედაჩემი გარდაიცვალა, ის მხოლოდ 43 წლის იყო. ერთი წლის შემდეგ პაპაც მომიკვდა. მას შემდეგ მივხვდი, რომ ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან კონფლიქტი სისულელეა. ძალიან ბევრი რამის მონანიება მინდა დედაჩემთან ურთიერთობაში, მაგრამ უკვე ძალიან გვიანია.

– როგორი ურთიერთობა გაქვთ თქვენს შვილებთან (ალ პაჩინოს სამი შვილი ჰყავს: ქალიშვილი ჯული მერი – ჯენი ტარანტისაგან და ტყუპები ანტონ ჯეისი და ოლივია როუზი – მსახიობ ბევერლი დანჯელოსაგან)?

– სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ შვილები ჩემთვის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ჯილდოა. ყველანაირად ვცდილობ, მათ სათანადო ყურადღება დავუთმო, დავტკბე მათი საზოგადოებით. ჯული 22 წლის გახდა, მასთან ძალიან ახლოს ვარ, ხასიათით ჩემს ახალგაზრდობას მაგონებს. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ ალბათ მისთვის ცუდია ის, რომ გარკვეულწილად მე მგავს. იმპულსურობა, ხანდახან არაპროგნოზირებადი და უმართავი, ეს ნამდვილად ჩემგან ერგო. ახლა ცდილობს, საკუთარი ძალები სამსახიობო სფეროში მოსინჯოს, ოცნებობს, გახდეს რეჟისორი. ტყუპები არაფერზე ფიქრობენ, ისინი მხოლოდ 10 წლისანი არიან. ჯერჯერობით მხოლოდ ის უნდათ, რომ პარკში ნაყინის გამყიდველები იყვნენ.

– ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ კითხვას ქორწინებაზე დაგისვამთ. თქვენ არასოდეს ყოფილხართ ქორწინებაში, ეს თქვენი პრინციპული გადაწყვეტილებაა?

– ოჯახისა და ქორწინების საკითხს, როგორც წესი, იმ ადამიანებთან განვიხილავ, რომლებსაც არანაირი გამოცდილება არა აქვთ ამ საქმეში. ნამდვილად არ მაქვს პასუხი კითხვაზე, რატომ არ დავქორწინდი აქამდე. შეიძლება რომელიმე მამაკაცისთვის ჩემგან ეს გმირული ნაბიჯია, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ჩემს ბერბიჭულ ცხოვრებას უბრალოდ ახსნა არა აქვს. მერწმუნეთ, ამ ყველაფერში არაფერია ფილოსოფიური, უბრალოდ ისე მოხდა, რომ უცოლოდ დავრჩი. ყოველთვის მეგონა, რომ ეს პერიოდი მომავალში დადგებოდა. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, თუ ხვალ ან ზეგ დავემშვიდობები ჩემს თავისუფალ სტატუსს და ვიღაცის ქმარი გავხდები. შეიძლება ეს ჩემი საუკეთესო როლიც კი იყოს ცხოვრებაში.

– კინოში თქვენი როლებიდან საუკეთესოდ რომელს მიიჩნევთ?

– ძალიან გამიჭირდება ერთის ამორჩევა, ალბათ მაინც ყველაზე მეტად ტონი მონტანა მომწონს ბრაიან დე პალმას ფილმიდან "ადამიანი ნაიარევით". კიდევ ერთი საყვარელი როლი მაქვს ფილმიდან "ქალის სურნელი". მიყვარს ჩემი როლები იმიტომ, რომ თითოეულზე ძალიან ბევრი მაქვს ნამუშევარი.

– ვენეციის კინოფესტივალზე თქვენ სპეციალური ჯილდო მოგცეს. პარალელურად აჩვენეთ ფილმი "სალომეა უაილდი", სადაც მეფე ჰეროდეს, ოსკარ უაილდს და საკუთარ თავს თამაშობთ. ეს ფილმი დოკუმენტურად შეიძლება ჩაითვალოს?

– ეს უფრო ბიოგრაფიული ეტიუდია ოსკარ უაილდის შესახებ. დიდი ხანია მაინტერესებს უაილდის ბედი, ვცდილობ, უკეთ გავერკვე მის ნაწარმოებებში. სალომეა ნიჭიერმა მსახიობმა ჯესიკა ჩესტეირმა ითამაშა. ის თეატრის მსახიობია და ძალიან მიყვარს თეატრალებთან მუშაობა. დიდი სიამოვნება მივიღე ამ ფილმზე მუშაობით. არ ვიცი, ცხოვრებაში კიდევ რამდენჯერ განვიცდი ანალოგიურ ბედნიერებას, მაგრამ ეს ერთ–ერთი ყველაზე ბედნიერი პროექტი იყო ჩემთვის. მადლობელი ვარ უფლის, რომ ოცნებების ასრულებაში მეხმარება.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ალ პაჩინო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online