asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

იეჭვიანა თუ არა შალვა ნათელაშვილის ცოლმა გაშიშვლებულ უკრაინელ ქალებზე
ლეიბორისტთა ლიდერის ოჯახური იდილია
იეჭვიანა თუ არა შალვა ნათელაშვილის ცოლმა გაშიშვლებულ უკრაინელ ქალებზე

2011-11-01 09:51:19



ლეიბორისტული პარტიის ლიდერ შალვა ნათელაშვილის ოჯახს ამ ზაფხულს სოფლად კარგი მოსავალი ჰქონდა – საზამთრო, ნესვი, პომიდორი, კიტრი იმდენი მოიყვანეს, რომ ზამთრისთვის მარაგიც გაიკეთეს. ოჯახისთვის გასული ზაფხული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტით იყო გამორჩეული – უფროსმა შვილმა, ბექამ, ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.
შალვა ნათელაშვილი ბოლო დროს ტელეშოუებში სტუმრობაზე უარს ამბობს. ნანუკა ჟორჟოლიანი ბევრს ეცადა, რომ როგორმე თავის შოუში მიეტყუებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ადგა და პირდაპირ ეთერში ბატონ შალვას საპროტესტო აქცია გაუმართა. დასახმარებლად უკრაინელი გოგონები მიიყვანა – ნათელაშვილის გამოსახულებიანი მაისურები ჩააცვა და "შალვა, შალვა" აძახებინა. ეს ქალბატონები თავიანთ სამშობლოში აქციებზე წელზემოთ შიშვლები გამოდიან. ეს ტრადიცია არც ქართული აუდიტორიის წინაშე დაურღვევიათ. შიშველი ქალები გადაცემაში შალვას მისვლას ითხოვდნენ. ლეიბორისტების ლიდერის ცოლმა, ქალბატონმა ბელა ალანიამ "სარკეს" უამბო, რომ თურმე ამ "აქციის" ნახვის შემდეგ ბატონ შალვას უთქვამს, თუ ნანუკას სტუდიაში ასეთი ქალები მოჰყავდა, ეთქვა და მივიდოდიო.
– ქალბატონო ბელა, თქვენი შვილი უკვე სტუდენტი გახდა. ალბათ განსაკუთრებული ცხელი ზაფხული გქონდათ.
– 20 წელია, რაც მე და შალვა ერთად ვართ. ჩვენი უმცროისი გოგონა, დაკო, წელს აბიტურიენტია და მომდევნო ზაფხულიც ცხელი გვექნება. ისე, ჩვენთვის, ბოლო 20 წელია, სულ ცხელი ზაფხული და ზამთარია, რადგან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები ჩვენს ოჯახზე დიდ გავლენას ახდენს. რაც შეეხება გამოცდების სიცხელეს, ეს უფრო ადვილი ყოფილა. ჩვენი შვილები, საბედნიეროდ, დამოუკიდებლები არიან. ისინი რჩევას მეკითხებიან, მაგრამ ზოგჯერ არ ითვალისწინებენ, რადგან მთიულების ხასიათი აქვთ. ბექამ გაგვაფრთხილა, გამოცდების დროს არ გავყოლოდით. გამოიძახებდა 3 ლარიან ტაქსის და უკანაც ასე ბრუნდებოდა. რა ქენიო, რომ შევეკითხებოდით, ჩავაბარეო, გვპასუხობდა. გოგონაც ასეთივეა. ბავშვობიდან არ ვზღუდავდით და თავისუფლებას ვაძლევდით არჩევანშიც, ფიქრშიც, მოქმედებაშიც. ბექას თვითმფრინავში ჩავსვამდი და ისე ვაგზავნიდი თავის ნათლიასთან.
– ცოლ–ქმარს რამდენად ხშირად გიწევთ განშორებები?
– ამ ოცმა წელმა ისე ჩაიქროლა, რომ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სულ მის გვერდით ვიყავი. მასთან შეწეპებული ნაწილივით ვარ და ბავშვებს უფრო ვიმეტებდი გასაშვებად, ვიდრე მეუღლეს. მრცხვენია ამას რომ ვამბობ, მაგრამ ასე იყო. შემეძლო კარგი კარიერაც მქონოდა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ჩემი სიცოცხლე მთლიანად შალვას მივუძღვენი. ორი სპეციალობა მაქვს – ეკონომისტი და იურისტი გახლავართ.
– როგორ შეიცვალა ამ 20 წლის განმავლობაში ბატონი შალვა?
– შალვა ისეთივეა, როგორიც პირველად ვნახე – გულანთებული ახალგაზრდა, ენერგიული, სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული, მუდმივ ბრძოლასა და უსამართლობასთან ჭიდილში... როცა გავიცანი, დუშეთში მაჟორიტარად აპირებდა კენჭისყრას. მაშინვე არ მომეწონა მისი ეს გადაწყვეტილება და ვუთხარი, რომ ჯობდა, თავისი კარიერა სხვანაირად წარემართა. შალვა ნიჭიერი და პროფესიონალი იურისტია. თავიდანვე ვგრძნობდი, რა ჯოჯოხეთთან გვექნებოდა საქმე. მაშინ ჩალის ფასად, კუპონებად იყიდებოდა ყველაფერი. პარლამენტის დეპუტატს შეეძლო ნებისმიერი ობიექტი ძალიან დაბალ ფასად შეეძინა. მაშინ ვთხოვდი, აფთიაქი ან რამე ისეთი ვიყიდოთ, საიდანაც მუდმივად გვექნება პურის ფული–მეთქი. მაშინ შალვამ ამის გამეორება სასტიკად ამიკრძალა – იცოდე, პოლიტიკოსის ცოლი ხარ და დეპუტატის საქმიანობა ბიზნესთან შეუთავსებელიაო. მაშინ დავემორჩილე, მაგრამ ახლა, როცა უკვე 20 წელი გავიდა, ხანდახან ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერმა აზრი დაკარგა – წესიერებამ, პრინციპულობამ, პატიოსნებამ. ხალხისთვის სულ ერთი გახდა, ვინ როგორ და რა გზით იშოვა ფული.
– ახლა ხომ არ საყვედურობთ ქმარს მაშინდელი უარის გამო?
– როცა ფული არ მაქვს, ნამდვილად ვსაყვედურობ, შენი ბრალია, რომ სულ წვალებით მოვდივართ–მეთქი. ჩემს ოჯახს მოსკოვში ორი ბინა ჰქონდა. ორივე გავყიდეთ, რომ მე და ჩემს ძმას აქ საცხოვრებელი ბინები გვეყიდა. შალვას ჰქონდა ნუცუბიძის პლატოზე ოთახნახევრიანი ბინა. ისიც გავყიდეთ და ახლა სადაც ვცხოვრობთ, ამ ბინის ჩონჩხი შევიძინეთ. რამდენიმე წელი ნაგირავებში ვცხოვრობდით და ისიც სალაპარაკო გახდა, რატომ აქვს შალვა ნათელაშვილს თბილისში სამოთახიანი ბინაო. რომ ვსუნთქავთ და ვარსებობთ, ზოგს ისიც კი უკვირს. ეს ბინაა, "რუსთავი 2"–ის ჟურნალისტები რომ შემოგვიცვივდნენ. სასტუმრო ოთახში დიდი სარკე გვეკიდა. მათი ოპერატორი სულ სარკეში იღებდა კადრებს. მაშინ ვერ მივხვდი, ამას რატომ აკეთებდა. მერე, სიუჟეტს რომ ვუყურებდი, რამხელა ჩანდა ჩვენი სახლი... თურმე სარკეში იმიტომ უნდა გადაიღო, რომ მეტი სივრცე გამოჩნდეს. შალვას რომ გავყევი, ბაზალეთში სახლი მაშინაც ჰქონდა. ტელესიუჟეტში ისიც თბილისის სახლად გაგვისაღეს. მაშინ ეს სიუჟეტი მანანა მანჯგალაძემ გააკეთა და ცოტა ხანში პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი გახდა.
შალვას ცხოვრების წესი ძალიან მოკრძალებულია. ვერ დაინახავთ, რესტორანში ქეიფობდეს და ქალებში გრიალებდეს.
– ქალებში "გრიალს" ცოლს როგორ დაანახებს?!
– ვიცი, რომ მოკრძალებული და სხვანაირი ადამიანია... მე კი დავიღალე პოლიტიკით. მთელი ცხოვრება ვის წინააღმდეგაც ვიბრძოდით, სწორედ ის ხალხი მოვიდა ხელისუფლებაში, იმ ადამიანების დახმარებით, ვინც ჩვენთან ერთად მათ ებრძოდა. 2003 წელს ყველასგან გარიყულები რომ აღმოვჩნდით, მაშინ ვეხვეწებოდი, შალვა, წავიდეთ, საქართველოდან, სხვა ქვეყანაში ვიცხოვროთ და ვიმუშაოთ–მეთქი. მითხრა, არ მაქვს უფლება, გავიქცე და ჩემს იდეალებს ვუღალატოო.
– ბევრი თვლის, რომ ბატონი შალვა მუდმივად პრეზიდენტობაზე ოცნებობს.
– შალვას თავისი პრეზიდენტობის სურვილით არ შეუწუხებია ეს ქვეყანა. ერთადერთხელ იყარა კენჭი პრეზიდენტობაზე. ეს 2008 წელს იყო. 20 წელია შალვა თანამდებობაზე არ ყოფილა. მიშა სააკაშვილი ვარდების რევოლუციის შემდეგ მივიდა შალვასთან და უთხრა, თანამდებობა უნდოდა თუ რაიმე სახის ბიზნესი, ყველაფერში მხარში დაუდგებოდა. შალვამ უარი თქვა, რაც ძალიან ძვირი დაუჯდა. 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარლამენტის გარეთ დარჩა.
– ალბათ ქმარს იმაზეც უსაყვედურეთ, მიშას შემოთავაზებულ ბიზნესზე რომ უარი თქვა.
– არა, ამაზე არ მისაყვედურია, რადგან მიშა სააკაშვილის შემოთავაზებული ბიზნესი და ბელას ნაყიდი პატარა ფარდული, მგონი, განსხვავდება მასშტაბებითაც და მორალური მიდგომებითაც. ფულის შოვნასაც მორალური მიდგომა სჭირდება. არ უნდა გეშინოდეს, რომ ის საკუთარ შვილებს დაახარჯო. შალვასნაირი ადამიანები საქართველოში ალბათ არ არსებობენ. ახლა კიდევ ვიღაც მილიონერი გამოჩნდა. ალბათ მომავალშიც ასე იქნება. შალვა არასოდეს იქნება ვინმეს ვასალი.
– რა ხდება მაშინ, როცა ბატონი შალვა გაბრაზებული მოდის სახლში?
– გაბრაზება კარს აქეთ არ გადმოაქვს. მე კი ვატყობ, როგორ მდგომარეობაშია, მის ნაღველსაც ადვილად ვკითხულობ, მაგრამ არ სჩვევია წუწუნი და თავისი ემოციების ოჯახში გადმოფრქვევა. სახლში პოლიტიკაზე არასოდეს საუბრობს. ხანდახან, ჩემთვის, როცა ამ თემაზე ვფიქრობ, რაღაც ფრაზებს წამოვისვრი ხოლმე. მეუბნება, ქალო, ხომ არ გაგიჟდი, რას ამბობო და გაექცევა ამ თემას. თუ არ განიტვირთა, ცხოვრება აუტანელი გახდება. შალვა ძალიან ბევრს კითხულობს და ტელევიზორის ყურებაც უყვარს. რამდენიმე საინტერესო არხს უყურებს.
– მათ შორის ქართული არხები არის?
– ქართულ არხებს სახლში – არა და ოფისში ალბათ საინფორმაციო გამოშვებას უყურებს.
– "ნანუკას შოუსა" და სხვა მსგავს შოუებში რატომ არასოდეს მიდის?
– არიან ტელეარხები, რომლებიც პოლიტიკოსებს არ აძლევენ საშუალებას, რომ თავიანთი აზრი და პოზიცია დააფიქსირონ და უნდათ, მხოლოდ შოუში იხილონ ოპოზიცია. ეს ძალზე ცუდი ტენდენციაა. ვანო ჯავახიშვილის შოუშიც უნდათ დააკნინონ, დაამცირონ ოპოზიციის წარმომადგენლები. ესეც შავი პიარის ერთ–ერთი ფორმაა. მასხარის როლში წარმოაჩენენ ხოლმე და ეს ხელისუფლების საინფორმაციო პოლიტიკაა. ამიტომ შალვამ ბოლო რამდენიმე წელია, უარი თქვა შოუებში მონაწილეობაზე.
– ნანუკა ჟორჟოლიანმა შიშველი უკრაინელი ქალები რომ მოიშველია ბატონი შალვას მისაზიდად, ამაზე რა იფიქრეთ?
– სიმპათიური ახალგაზრდა ქალები ბრძანდებოდნენ. მეტი რა შეიძლება, რომ ვთქვა?! როცა შოუა, ალბათ იქ ყველაფერი დასაშვებია. მეორეა, ვის მოსწონს და ვის – არა ასეთი ტიპის შოუები და ემოციის ასეთი ფორმით გამოხატვა. როგორც ჩანს, ნანუკას ზემოქმედების დიდი ბერკეტები აქვს. უხერხულობაში ჩააყენა შალვა. მცდელობა აქვს, რომ თავისი გაიტანოს და უნდოდა, ეს მცდელობა ძალიან ეფექტური ყოფილიყო.
– ბატონმა შალვამ რა თქვა, როცა უკრაინელი ქალები დაინახა?
– იხუმრა, თუ ასეთი ქალები ჩამოჰყავდა, ეთქვა და მივიდოდიო.
– არ გეწყინათ?
– არა, რადგან მე ეს მივიღე, როგორც შოუს გაგრძელება.
– ეჭვიანი არ ხართ?
– ამ შემთხვევაში ეჭვიანობის მომენტი არ მქონია. მესაკუთრე ვარ. როგორც ყველა ქალში, ჩემშიც არის რაღაც ეჭვის ჭიები. კონკრეტული საბაბი არ მაქვს და ამიტომ ამ ჭიას ჯერ კარგად არ გაუღვიძია.
– თქვენს ქმარს რა მოთხოვნები აქვს თქვენ მიმართ?
– არ სიამოვნებს, როცა ფორმაში არ ვარ. მე კი განწყობის ადამიანი ვარ. თამაში არ შემიძლია. თუ კარგ ხასიათზე ვარ, გარეგნულადაც მეტყობა. თუ შინაგანად ვშფოთავ, არ ვარ წესრიგში. ამ დროს შენიშვნას მაძლევს ხოლმე – რა ცუდად გამოიყურები, ეს ფერი არ გიხდებაო. შვილების ჩაცმულობასაც აკვირდება და რჩევებს აძლევს.
შალვას სიამოვნებს, თუ გემრიელ კერძს დავახვედრებ. არ უყვარს ხორცეული, თევზეული ურჩევნია.
– როგორ ატარებს თავისუფალ დროს ლეიბორისტების ლიდერი, ხომ არ თევზაობს კიდეც?
– არა, არ თევზაობს. ვარჯიშობს, სპორტითაა დაკავებული – დარბის, სამსახურში კი ტრენაჟორები აქვს. კვირადღეს ბავშვებთან ატარებს. სოფელში მივდივართ ხოლმე, რომ სახლ–კარი მიტოვებული არ დაგვრჩეს. შალვას მებაღეობა ხიბლავს. ბაზალეთში, ეზოში, არაჩვეულებრივი მდელო გვაქვს – თვითონ დათესა ბალახი. საკრეჭი მანქანაც აქვს და მოიმარჯვებს ხოლმე სიამოვნებით. ბევრი ყვავილი დავრგეთ. ეზოში თითქმის 200 ძირი ნაძვი გვაქვს. თავიდან, ჩვენი შვილები რომ დაიბადნენ, მაშინ დავრგეთ მათ სახელზე, მერე კიდევ დავრგეთ. ულამაზესი ბაღი გვაქვს. ამ ზაფხულს, როცა ბავშვის ოთახს ვალაგებდი, კარადის უკნიდან რაღაც პატარა არსებამ შემოყო თავი. მეგონა, თაგვი იყო, მაგრამ როცა გადახტა, დავინახე, რომ ციყვი დაცუნცულებდა. უამრავი ციყვი და ზღარბი გვყავს სახლში. ჩვენს ეზოში ჩიტებიც კარგად გრძნობენ თავს. კატებიც გვყავდა, მაგრამ შეგვეშინდა, რომ ჩიტები არ შეეჭამათ და გავაჩუქეთ. საოცრად ლამაზი არსებებით არის ჩვენი ეზო სავსე.
– ეზოში ბოსტნეული მოგყავთ?
– დანაშაულია, მიწა გქონდეს და მოაცდინო მაშინ, როცა ქართულ ბაზარზე რა რაოდენობის პესტიციდების შემცველი ბოსტნეული იყიდება, კაცმა არ იცის. წელს საზამთრო და ნესვიც კი მოვიყვანეთ. გვქონდა აგრეთვე კიტრი, პომიდორი, მწვანილი, ლობიო, სიმინდი და ა.შ. შალვას ბიძაშვილებიც გვეხმარებოდნენ ბაღის მოვლაში. საოცარი გრძნობაა, როცა შენს ეზოში პროდუქტს მოიწევ. სიმინდს ვხარშავდით. არ მოგვკლებია ლობიო და სხვა ბოსტნეული. აჯიკა გავაკეთე, პომიდვრის კონსერვები. ჯერ კიდევ არ მოლეულა პომიდორი. თბილისთან ცოტა ახლოს რომ იყოს ბაზალეთი, შალვა ალბათ სულ იქ გადასახლდებოდა და იქიდან ივლიდა. როცა იქ ჩავდივართ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ყველაფერი ცუდი ძალიან შორსაა. რაღაცნაირ სისუფთავეს ვგრძნობ.
– ტელესკოპში კიდევ იყურება ბატონი შალვა?
– ადრე დიდი რუსული ტელესკოპი გვქონდა. ბავშვებმა ზოგი ნაწილი მოაძვრეს. რამდენიმე წლის წინ უზარმაზარი ამანათი მივიღეთ. ერთმა ჩვენმა ახლობელმა ამერიკიდან გამოგვიგზავნა თანამედროვე ტიპის ტელესკოპი. დილის 5 საათზე არ ეზარება ადგომა, რომ დაათვალიეროს ცა და ვარსკვლავები. ბაზალეთში, მანსარდაში აპირებს სპეციალურად ერთი ოთახის გაკეთებას, სადაც ამ ტელესკოპს დადგამს. უამრავი ლიტერატურა აქვს.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: შალვა ნათელაშვილი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online