asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

როგორ გააბა სიყვარულის მახეში პაპუნა დავითაიამ დაბნეული ჟურნალისტი გოგონა
მინისტრის და ჟურნალისტი გოგონას სიყვარულის ისტორია
როგორ გააბა სიყვარულის მახეში პაპუნა დავითაიამ დაბნეული ჟურნალისტი გოგონა

2011-10-29 13:05:53



ემიგრაციის საკითხებისა და დიასპორის (სახელმწიფო) მინისტრმა, პაპუნა დავითაიამ, ჯვარი საქართველოდან შორს, იერუსალიმში, წმინდა მიწაზე დაიწერა. მისი ცოლი 6 წლის წინ მასთან ინტერვიუზე მისული ჟურნალისტი ნატა თოფურია გახდა, რომელმაც სახელმწიფო მოხელის ყურადღება თავდაპირველად თავისი დაბნეულობით მიიქცია. ახლა ორ შვილს ზრდიან.
მინისტრის ცოლობამ და ოჯახურმა ვალდებულებებმა ნატას საკუთარ პროფესიაზე უარი ათქმევინა. ახლა ის ერთ–ერთი სამშენებლო კომპანიის პიარმენეჯერია. პირველ ქართულ–ჰოლივუდურ ფილმზე "აგვისტოს 5 დღე" ცოლ–ქმარი ერთად მუშაობდნენ, პაპუნა ფილმის პროდიუსერი იყო, ხოლო ნატამ ამ ფილმის კადრმიღმა ცხოვრებაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო. მათი სახლის კედლები პაპუნას ნახატებით არის მორთული. მინისტრი ახლაც ცდილობს, მცირე დრო მაინც დაუთმოს თავის პირვანდელ საყვარელ პროფესიას.
– როგორ დაიწყო ჟურნალისტისა და სახელმწიფო მოხელის სიყვარულის ისტორია?
ნატა: მაშინ პაპუნა კულტურის სამინისტროში ერთ–ერთი დეპარტამენტის უფროსი იყო. მასთან, როგორც ჟურნალისტი, ისე მივედი ინტერვიუსთვის. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების განმეორებითი ტური იყო და ნაციონალების შტაბ–ბინაში ვნახე პირველად. მანამდე "პირველ არხზე", "ალიონში", ძირითადად კულტურის სფეროთი შემოვიფარგლებოდი. საინფორმაციო სამსახურში ახალი გადასული ვიყავი, პოლიტიკური ამბების გასაშუქებლად რომ გამიშვეს. პაპუნა დღესაც იხსენებს, ძალიან დაბნეული სახე გქონდაო. სადაც კი ორი კაცი იდგა და ლაპარაკობდა, მეც იქ მივდიოდი, რომ არაფერი გამომრჩენოდა. ამ ყველაფერს კი პაპუნა ხედავდა და ჩუმად იცინოდა.
პაპუნა: თავდაპირველად მართლა დაბნეულობის გამო მივაქციე ყურადღება. ეტყობოდა, რომ ნიუსებზე მუშაობაში გამოუცდელი იყო. ყველა ჟურნალისტი მშვიდად იჯდა და ელოდებოდა ბრიფინგს, ნატა კი აქეთ–იქით დარბოდა.
ნატა: მე და პაპუნამ მაშინვე გავცვალეთ ტელეფონები იმ იმედით, რომ თუ რამე ახალი მოხდებოდა, ექსკლუზიურად მე გამაგებინებდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ასეთი შეთანხმება შედგა.
პაპუნა: სიმართლე რომ გითხრათ, ექსკლუზიური ინფორმაციების მისაცემად არ გამომირთმევია ტელეფონი, თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეულ ცნობებს ვაწვდიდი. ვეუბნებოდი, დღეს საინტერესო ღონისძიება გვაქვს, იქნებ შენ წამოხვიდე–მეთქი.
– ნატა მაშინვე, ერთი ნახვით მოგეწონათ?
პაპუნა: კი, რა თქმა უნდა, გარეგნულად ძალიან მომეწონა და დავინტერესდი. მისი დაბნეულობა კი საჩემოდ გამოვიყენე, რათა შემდგომში კონტაქტი დამემყარებინა.
– ნატა, თქვენ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ პაპუნაზე პირველი შეხვედრიდან?
ნატა: თავიდან არავითარი შთაბეჭდილება არ დამრჩენია. მას განვიხილავდი, როგორც ჩემს რესპონდენტს, რომელიც შეიძლებოდა მომავალში საინტერესო ყოფილიყო ჩემთვის. ჩვენს ურთიერთობას ძალიან საქმიანად მივუდექი, მაგრამ მალე მივხვდი, რომ საქმიან ესემეს–ებთან ერთად მისგან სხვა ინტერესებიც მოდიოდა. ერთხელ კაფეში მეგობრებთან ერთად წავედი და იქ სრულიად შემთხვევით შევხვდი. აღმოჩნდა, რომ საერთო მეგობრებიც გვყავდა და ამან უფრო დაგვაახლოვა. თანაც ხელოვნება ძალიან მაინტერესებს, ყოველთვის პატივს ვცემდი ხელოვან ადამიანებს, პაპუნა კი მხატვარი აღმოჩნდა. ამით ძალიან მოვიხიბლე.
პაპუნა: იმ დროს ნატა ხელოვნების ისტორიას სწავლობდა. ეს აღმოჩენა ძალიან საინტერესო გახდა ჩემთვის. ჩვენ უკვე საერთო საინტერესო თემაც გვქონდა და მის გარშემო ორივეს გვსიამოვნებდა საუბარი. ჩვენი შეხვედრები ხელოვნების ლექციებს ჰგავდა. აღმოჩნდა, რომ სწორედ ეს იყო გადამწყვეტი ჩვენს ურთიერთობაში. როგორც მერე გამომიტყდა, სწორედ ამის გამო მოვწონებივარ.
– არ გეშინოდათ, რომ ჟურნალისტი გოგონას და სახელმწიფო მოხელის ურთიერთობას არასწორად გაიგებდნენ?
პაპუნა: ნამდვილად ვერ შევიკავებდი თავს იმის გამო, რომ პროფესიით ჟურნალისტი იყო. მით უმეტეს, პოლიტიკაში ამდენი მეგობარი მყავდა, რომლებიც ბედნიერები იყვნენ თავიანთი არჩევანით, რომ მომავალი ჟურნალისტებს დაუკავშირეს. ერთი საინტერესო შემთხვევაც გვქონდა. არ დავასახელებ იმ პოლიტიკოსებს, მაგრამ ყველამ იცით, ვის ჰყავს ჟურნალისტი ცოლები. გადავწყვიტეთ, რომ ერთად წავსულიყავით კინოში. მაშინ ჩემი და ნატას ამბავი მათ არ იცოდნენ. ნატა და იმ პოლიტიკოსების რჩეულები კი ერთმანეთს იცნობდნენ, ოღონდ ჟურნალისტიკის სფეროდან.
ნატა: როცა მივედით, ჟურნალისტებს ძალიან გაგვიკვირდა ერთმანეთის დანახვა. წარმოიდგინეთ, "მზის", "იმედის", "პირველი არხის" და "რუსთავი 2"–ის ჟურნალისტები აღმოვჩნდით ერთად, თანაც ერთმანეთის სიყვარულის ისტორიები არ ვიცოდით.
პაპუნა: ვიხუმრეთ კიდეც, პარტიული დავალება გვაქვს, მედიაზე კონტროლი უნდა დავამყაროთ და კინოში ჟურნალისტებთან ერთად დავდივართ–თქო. ცოტა არ იყოს, შეშინებულები კი გამოიყურებოდნენ.
– ნატა, როგორ აგიხსნათ პაპუნამ სიყვარული?
ნატა: სიტყვებით გრძნობების გამოხატვა დიდად არ უყვარს. მართლა არ მახსოვს, თუნდაც ხელი როგორ მთხოვა. ყველაფერი სპონტანურად აეწყო. როცა საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი ხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ სამუშაო გრაფიკი აბსოლუტურად არ გეკუთვნის შენ. ამას პაპუნა ძალიან განიცდიდა. ხანდახან შეხვედრებსაც ვეღარ ვახერხებდით. კარგად მახსოვს, ერთხელ სამსახურიდან ღამის 10 საათზე ძალიან დაღლილი გამოვედი და პირდაპირ სახლში მინდოდა წასვლა. ამ დროს პაპუნამ მითხრა, არ მომწონს შენი რეჟიმი, გვიან ამთავრებ საქმეებს, მერე კი ისეთი დაღლილი ხარ, მაშინვე სახლში გინდა, ბარემ ერთად ვიცხოვროთ ერთ სახლშიო. ეს იდეა მეც მომეწონა და ძალიან მალე გადავდგით ეს ნაბიჯი.
პაპუნა: კვირაში ექვსი დღე ქრონიკულად არ ეცალა და თუ ვხვდებოდით, იმის ხარჯზე, რომ ნატა ძილს იკლებდა.
ნატა: პაპუნას რომ გავყევი, ერთი კვირა ორივე სამსახურში ჩვეულ რეჟიმში დავდიოდით. კარგად მახსოვს, გათხოვებიდან მეორე დღეს "მზეში" მორიგე ვიყავი. მკვლელობა მოხდა ვაკეში და მთელი ღამე იქ დავრბოდი. მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ შევძელით თურქეთში თაფლობისთვის მოწყობა.
პაპუნა: ჯვარი 6 თვის შემდეგ დავიწერეთ იერუსალიმში. მანამდე პოლიტიკურად აქტიური პერიოდი იყო და ამისთვის უბრალოდ ვერ მოვიცლიდით.
– ვისი ოცნება ახდა იერუსალიმში ჯვარის დაწერით?
ნატა: ჩემი. ყოველთვის მინდოდა, განსხვავებული ქორწილი მქონოდა. არ მიყვარს დიდი, ტრადიციული ქართული ქორწილი, რომელსაც უამრავი ხალხი ესწრება და დიდი ჭამა–სმა ახლავს. ხან ბათუმში, ბუნგალოში ვგეგმავდით ქორწილს, სტამბულშიც გვინდოდა, მაგრამ ჩვენი სამუშაო გრაფიკები ამის საშუალებას არ გვაძლევდა. მერე უკვე გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი და ქორწილზე ფიქრს თავი დავანებე. 5 თვის ორსული ვიყავი, როდესაც პაპუნა მოვიდა და მითხრა, მოემზადე, 2 დღეში იერუსალიმში მივდივართ და ჯვარს იქ დავიწერთო. ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, რომ იერუსალიმში საპატარძლო კაბის გარეშე ჩავედი. სადღაც მაღაზიაში ვნახე ჩემს ტანზე მორგებული ლამაზი, სადა საქორწინო კაბა. პაპუნას ამ დღეს ჩოხა ეცვა და ძალიან ლამაზი ქორწილი გამოგვივიდა.
– ნატა, როდესაც სახელმწიფო მოხელეს მიჰყვებოდით ცოლად, არ ფიქრობდით, რომ ამით თქვენი ჟურნალისტური კარიერა დასრულდებოდა?
ნატა: არა, ამაზე ნაკლებად ვფიქრობდი. ერთადერთხელ იყო, რომ ჩვენ შორის ინტერესთა კონფლიქტი მოხდა. მისი მეგობარი, რომელიც საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი იყო, უსიამოვნო ამბავში გაება და მე ამის გაშუქება მომიწია. ყველანაირად შევეცადე, რომ ობიექტური ვყოფილიყავი.
– ფაქტია, რომ ჟურნალისტიკას ჩამოშორდით.
ნატა: ეს პაპუნას ცოლობამ არ გამოიწვია. პირველი ბავშვი 2 თვის იყო, სამსახურში რომ გავედი, თანაც დილის ეთერში მიწევდა მუშაობა. საშინელება იყო, ღამით ბავშვის გამო არ მეძინა და დილით ადრე ასე გამოუძინებელი მივდიოდი სამსახურში. პირველს მალე მოჰყვა მეორე ორსულობა. 8 თვის ორსული "ქრონიკაში" ვიჯექი და საინფორმაციო გამოშვება მიმყავდა. 2 შვილით მუშაობა შეუძლებელი იყო და ამიტომ თავი დავანებე. რაც ჟურნალისტიკას ჩამოვშორდი, დრო უქმად არ დამიკარგავს, დოკუმენტურ ფილმზე ვმუშაობდი. ახლა კი სამშენებლო კომპანიის პიარმენეჯერი ვარ, პარალელურად კი უნივერსიტეტში "იუსაიდი"–ს პროგრამით ვმუშაობ. ესეც ძალიან დამღლელია, მაგრამ შემიძლია საღამოს სახლში ვიყო და საქმეები იმეილით მოვაგვარო. ვფიქრობ, რომ აქტიურ ჟურნალისტიკას ისევ დავუბრუნდები.
– თანაცხოვრების მანძილზე რა კუთხით გაიცანით ერთმანეთი, რა თვისებები აღმოაჩინეთ?
ნატა: 6 წელია, ცოლ–ქმარი ვართ, მაგრამ შეყვარებულობის განცდა არ დაგვიკარგავს. ერთმანეთი სულ გვენატრება, რადგან მისი სამუშაო გრაფიკი ძალიან დატვირთულია.
პაპუნა: თანაცხოვრების მანძილზე ძალიან ბევრი და საინტერესო აღმოჩენა გავაკეთე, მაგალითად, ის, რომ ნატა ძალიან თავდადებული დედა, მზრუნველი მეუღლე და კარგი დიასახლისია. საჭმელებს დიდად ვერ აკეთებს, მაგრამ ბავშვების კვებას ძალიან კარგად ართმევს თავს. პრინციპში, ეს ჩვენთვის პრობლემა არც არის, რადგან ძირითადად მაინც გარეთ ვიკვებებით. თუ სახლში ვართ, მაშინ გემრიელი კერძის მომზადება ჩემზეა. დიდხანს ვცხოვრობდი საზღვარგარეთ მარტო და ამ გარემოებამ ჩემგან კარგი მზარეული დააყენა, თანაც მსიამოვნებს გემრიელი კერძის მომზადება.
ნატა: პაპუნა ხელოვანია და მუდმივად შემოქმედებით პროცესშია, მათ შორის კერძის მომზადების დროსაც. ყოველთვის მომწონს მისი ახალი გამოგონება. ბევრჯერ მითქვამს, გეხვეწები, ის კერძი გააკეთე, რომელიც მომეწონა–მეთქი, მაგრამ აღარ ახსოვს. ერთსა და იმავეს ვეღარ იმეორებს.
– ბატონო პაპუნა, როგორი იყო "აგვისტოს 5 დღეზე" მუშაობა, რა მოლოდინები გქონდათ და საბოლოოდ რა მიიღეთ?
პაპუნა: დღევანდელი გადასახედიდან მთელი ეს პერიოდი ძალიან მძიმედ მახსენდება, რადგან არანორმალურ რეჟიმში ვმუშაობდით. ელემენტარულად, გეოგრაფიული მდებარეობაც კი ხელს გვიშლიდა. თუ თბილისში ვიყავით, ჰოლივუდში ღამის საათებში უნდა დამერეკა და პირიქით. შეიძლება ითქვას, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში ოცდაოთხსაათიან რეჟიმში ვმუშაობდი.
ხელოვნება ისეთი რაღაცაა, რომ ყოველთვის გინდა, უკეთესი იყოს. ამიტომაც, მხატვრული თვალსაზრისით, შეიძლებოდა სცენარი უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მომენტია. პროდიუსერები ფილმის შემოქმედებით მუშაობაში ვერ ვერეოდით. ჰოლივუდშიც კი არ სჯერათ, რომ 2 წელიწადში ნულიდან დაწყებული საქმე ასე წარმატებულად დასრულდა. როგორც წესი, იქ 5 წელი უნდებიან ერთ ფილმზე მუშაობას. ჩვენ ჩვენივე ჯანმრთელობის ფასად ყველაფერი დავაჩქარეთ და ძალიან დიდი ფილმი ძალიან სწრაფად გადავიღეთ. ამ პერიოდმა იმდენი რამ მასწავლა, რასაც ვერასოდეს გავიგებდი, მსოფლიოში საუკეთესო კინოსკოლაც რომ დამემთავრებინა.
ნატა: რუსეთის ომის შემდეგ პაპუნა ძალიან ბევრს ფიქრობდა, როგორ შეიძლებოდა, ინფორმაციულ დონეზე მაინც გაგვემარჯვა. როცა ერთ მშვენიერ დღეს მოვიდა და თქვა, ჰოლივუდში უნდა წავიდე მოლაპარაკებებზეო, არ მჯეროდა, რომ ყველაფერი ასე სწრაფად მოხდებოდა. როცა ჰოლივუდიდან დამირეკა და მითხრა, ახლა ჩემ გვერდით ენდი გარსია ზისო, სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი, რადგან ის ჩემი ოცნების მსახიობია. მას შემდეგ დავრწმუნდი, რომ პაპუნა ის ადამიანია, რასაც მიზნად დაისახავს, ყველაფერს გააკეთებს.
– ნატა, როცა ოცნება აგისრულდათ და ენდი გარსია პირადად გაიცანით, რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
ნატა: კი, ეს ოცნება ნამდვილად ამიხდა. როდესაც ჰოლივუდის მსახიობები საქართველოში ჩამოვიდნენ და მუშაობა დაიწყეს, სურვილი გამიჩნდა, რომ დოკუმენტური ფილმი გამეკეთებინა იმაზე, თუ როგორ იღებდნენ "აგვისტოს 5 დღეს". ამის გამო ფილმის გადაღებებში ფაქტობრივად მეც ვიყავი ჩართული. ძალიან რთული იყო მუშაობა, რადგან ჰოლივუდის შემოქმედებითი ჯგუფის სამუშაო ჯგუფი საათივით იყო აწყობილი, ერთ წუთს არ კარგავდნენ. როდესაც ენდი გარსია უნდა ჩამეწერა, პროდიუსერმა ამისათვის ხუთი წუთი მომცა. შეკითხვები წინასწარ გათვლილი იყო და როდესაც მის პირისპირ აღმოვჩნდი, სულ დამავიწყდა, რომ ის ჩემი ბავშვობის კერპი იყო, როგორც კი შეუთანხმებელ კითხვას დავუსვამდი, პროდიუსერი მაშინვე მეუბნებოდა, არ გიპასუხებთო.
– ბატონო პაპუნა, თქვენთვის შერონ სტოუნი იყო ოცნების მსახიობი?
პაპუნა: არა, თუმცა ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც ამ ქალის ნახვაზე ბავშვობიდან ოცნებობდნენ. არასოდეს მქონია ვინმეს მიმართ ისეთი სიმპათია, რომ მისი პლაკატი სახლში გამეკრა.
– ბატონო პაპუნა, უცხოური ვიზიტების დროს თქვენთვისაც მოუწყვიათ ისეთი ეგზოტიკური შეხვედრა, როგორიც პრემიერმინისტრ ნიკა გილაურს მოუწყვეს ახალზელანდიელებმა?
პაპუნა : აფრიკაში ჩასვლა ხშირად მიწევს, მაგრამ, საბედნიეროდ, ბურებს ასეთი უცნაური ტრადიციები არ აქვთ. თუმცა, როცა ბურებთან თანამშრომლობის მემორანდუმს ვაფორმებდით, მთელმა მთავრობამ და ოფიციალურმა პირებმა ერთმანეთს ხელები ჩაჰკიდეს და "მამაო ჩვენო" წაიკითხეს. შეიძლება ითქვას, რომ ამ დროს კულტურათა შეჯახება არ მომხდარა. ძირითადად იმ ქვეყნებში დავდივარ, სადაც ქართველი ემიგრანტები ბევრნი არიან, ეგზოტიკურ ქვეყნებს კი, ეტყობა, ქართველები გაურბიან.
– უცხო ქვეყნებიდან ცოლისთვის როგორი საჩუქრები ჩამოგაქვთ?
ნატა : ხელცარიელი არასოდეს ბრუნდება. ძალიან მიყვარს სუნამოები და ყოველთვის ჩამოაქვს. ხანდახან კი კაბას თავისი გემოვნებითაც ყიდულობს. ძალიან მიყვარს პაპუნას შერჩეული ტანსაცმელი. არ ყოფილა შემთხვევა, ჩემთვის რაღაც ეყიდოს და არ მომწონებოდეს. შემიძლია, მის გემოვნებას თვალდახუჭული ვენდო. უსაჩუქროდ არც ბავშვებს ტოვებს.
პაპუნა : ძალიან სასიამოვნოა, როცა ვიცი, რომ ჩემი საჩუქარი ჩემს საყვარელ ადამიანებს გაახარებს. უცხო ქვეყნიდან ჩემთვის სუვენირები მომაქვს, ძირითადად კედელზე დასაკიდი თეფშები.
ნატა: როცა საშუალება არის, ოფიციალური ვიზიტის დროს ყოველთვის მივყვები. ამ დროს ჩვენი გზები დილიდანვე იყრება – პაპუნა საქმიან შეხვედრებზე მიდის, მე კი ვიღებ ხელში რუკას და ჩვეულებრივი ტურისტივით ვიწყებ ხეტიალს. თბილისშიც და უცხო ქვეყანაშიც ერთმანეთს მთელი დღე ვერ ვნახულობთ და მხოლოდ საღამოობით ვხვდებით.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online