| ქალი და მამაკაცი |

ყოფილი ტელეჟურნალისტი, "აირზენას" პიარმენეჯერი ნინო გიორგობიანი და ფეხბურთელი ლადო ბურდული თავიანთ რომანს ერთი წლის განმავლობაში მეგობრობით ნიღბავდნენ, ირწმუნებოდნენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ბავშვობის მეგობრები იყვნენ და სხვა არაფერი, არადა მათ შორის სასიყვარულო იმპულსი პირველივე შეხვედრისას გაჩნდა. ასეთ დამალულ რომანს მარტში "ნანუკას შოუში" ძალიან თამამი და რომანტიკული გაგრძელება მოჰყვა. ფეხბურთელმა საყვარელ ქალს ცოლობა პირდაპირ გადაცემის ჩაწერისას სთხოვა. სანამ შეყვარებულ წყვილს შევხვდებოდი, ეს დადგმული შოუს ნაწილად მიმაჩნდა, თუმცა, როგორც გაირკვა, ნინომ მართლა არაფერი იცოდა.
ორივესთვის ეს მეორე ოჯახია. ნინოს პირველი ქორწინებიდან 10 წლის ქალიშვილი ჰყავს. ლადოს ოჯახური ცხოვრება კი ტრაგიკულად წარიმართა. მისმა ცოლმა მეორე შვილზე მშობიარობის შემდეგ თავი მოიკლა. ლადოს ამ თემაზე არასოდეს ულაპარაკია. პირველად "სარკეში" გაიხსენა იმ მძიმე პერიოდის შესახებ, როცა თვითონაც კინაღამ ფატალური გადაწყვეტილება მიიღო და ამ ნაბიჯის გადადგმისგან შვილებზე, გივიკოსა და ლევანზე ფიქრმა იხსნა.
ნინო და ლადო ამბობენ, რომ ბევრს არ სურდა მათგან წყვილი შემდგარიყო, მაგრამ ისინი ყველაფერზე მაღლა აღმოჩნდნენ. ახლა იმ უკვე ეტაპზე არიან, რომ ელოდებიან, გაირკვეს, ლადო სად ითამაშებს ფეხბურთს და მაშინვე დაიწყებენ ქორწილისათვის მზადებას. ნინოს უნდა, თეთრი კაბა კიდევ ერთხელ ჩაიცვას და დიდი, ლამაზი ქორწილი ჰქონდეთ.
ნინო: ჩვენ მეგობრები არც არასდროს ვყოფილვართ, ეს ყველაფერი პრესისთვის მოვიგონეთ. ერთმანეთი შარშან, თებერვალში გავიცანით, როდესაც ჩვენი კომპანია უეფა–ს ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დასასწრებ ბილეთებს ათამაშებდა. მაშინ გაჩნდა იდეა, რომ აქციაში ცნობილი ფეხბურთელებიც ჩართულიყვნენ. ამ სფეროში ვერ ვერკვეოდი და დახმარებისთვის ჩემს მეგობარს, სპორტულ ჟურნალისტს დავურეკე. მან გიორგი დემეტრაძე და ლადო ბურდული მირჩია. ერთმანეთს გათამაშების დღეს შევხვდით და ყველაფერი იქიდან დაიწყო.
ლადო: სანამ ნინოს გავიცნობდი, მანამდე ურთიერთობა მუდმივად მის თანაშემწესთან მქონდა. ნინო და გიორგი დემეტრაძე ბავშვობის მეგობრები იყვნენ და გათამაშებაზეც ერთად მოვიდნენ. გათამაშების ბოლოს იდეა მომივიდა, რომ სადმე წავსულიყავით და გემრიელად გვეჭამა. დემეტრაძეს დაეზარა, ნინომაც თქვა, მაგრად მეძინებაო. ამიტომ რესტორანში მე და ნინოს თანაშემწე ვიკა წავედით. ზუსტად ნახევარ საათში იმ რესტორანში ნინო გამოჩნდა თავის მეგობართან ერთად. რომ დამინახა, ძალიან გაწითლდა.
ნინო: მართლა ძალიან მეძინებოდა, მაგრამ სახლში რომ მივედი, მეგობარი დამხვდა, მითხრა, ძალიან მშია და უარი არ მითხრა წამოსვლაზეო. ღამე კი თბილისში მხოლოდ ერთი რესტორანი მუშაობს და ამიტომაც გადავაწყდით იქ ერთმანეთს.
– ნინო, საერთოდ ფეხბურთელებზე რა წარმოდგენა გქონდათ, სანამ ლადოს გაიცნობდით?
ნინო: ჩემთვის არასდროს ყოფილა სტერეოტიპი, რომ რადგან ფეხბურთელია, ესე იგი მაგარი ბიჭია, პირიქით, სულ მეგონა, რომ ისინი იყვნენ უხეშები, გაუნათლებლები, ამპარტავნები და ამიტომაც ვფიქრობდი, რომ სპორტსმენებთან საერთო არაფერი მექნებოდა. პირველი შთაბეჭდილება, რაც ლადოზე დამრჩა, ის იყო, რომ ძალიან გულღია და ადამიანური გახლდათ. ჩემი სტერეოტიპები იმ საღამოსვე დაიმსხვრა.
ლადო: თავიდან ამპარტავნობის ნიშნები ნინოს უფრო ემჩნეოდა. როცა მირეკავდა, მეუბნებოდა, მე ნინო ვარ, გიორგობიანიო. ჩემთვის ეს არაფერს ნიშნავდა, რადგან მე თბილისში ნაკლებად ვიყავი და სულ არაფერი ვიცოდი მისი ჟურნალისტური წარსულის შესახებ.
– რა მოგეწონათ ერთმანეთში?
ლადო: ალბათ ხასიათები. ორივეს გვიყვარს იუმორი, ორივე ძალიან დამოუკიდებლები ვართ. ნინო განსხვავდება თბილისელი ქალებისგან. ის თავისუფლად ცხოვრობდა. არ უნდოდა ჩემთან ერთად რესტორანში წამოსვლა და ეს თამამადაც გამოხატა. მისი ეს სითამამეც მომეწონა. მე საზღარგარეთ თავისუფალ ცხოვრებას ძალიან მივეჩვიე. არ მეგონა, თბილისშიც თუ შეძლებდა ვინმე, ეცხოვრა ისე, რომ ნაკლებად ეფიქრა, ვინ რას იტყოდა მასზე. ჩვენი ურთიერთობა თავისუფლად აეწყო. გვქონდა ამოჩემებული ბარი, სადაც ნარდს ვთამაშობდით და ჩილიმს ვეწეოდით.
ნინო: ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით არ დაწყებულა, ჩვენ შორის სიყვარულის უეცარი აფეთქება თავიდანვე მოხდა.
– თუ ასე იყო, რატომ ნიღბავდით თქვენს სიყვარულს მეგობრობით?
ნინო: ეს ლადოს სტრატეგია იყო. მე არ ვარ ის ქალი, რომელიც რამეს დამალავს. უბრალოდ, როცა ლადომ ამიხსნა, რას მოგვიტანდა ჩვენი ურთიერთობის დამალვა, მეც დავეთანხმე. თბილისში არავის უხარია სხვისი კარგი. ბევრს ძალიან არ უნდოდა, რომ ერთად ვყოფილიყავით. ლადოს ლეგენდებს უყვებოდნენ ჩემზე და პირიქით, მე საშინელ რაღაცეებს მეუბნებოდნენ ლადოზე.
ლადო: ფეხბურთელები საერთოდ ძალიან ცრუმორწმუნეები ვართ. მაგალითად, როცა თამაშს მოვიგებთ, ვცდილობთ, შემდეგი კვირაც ისე ვიცხოვროთ, როგორც თამაშის კვირაში. იმდენად მომწონდა ჩვენი ურთიერთობა, რომ არ მინდოდა, ვიღაცეების ზედმეტი ინტერესის გამო ცუდად დამთავრებულიყო. თბილისში ჭორებით ცხოვრობენ და ვიცი, რომ ამ ჭორებს ბევრისთვის ცუდიც მოუტანია.
– რა ჭორები მოჰქონდათ თქვენამდე?
ნინო: მეუბნებოდნენ, რომ ლადო საშინელი მექალთანე იყო, რომ მისი მორიგი გოგო ვიქნებოდი. თან ამ ყველაფერს ისე ამბობდნენ, რომ აშკარად უნდოდათ, გული მტკენოდა. ძირითადად მეუბნებოდნენ, რომ ლადო არ იყო კარგი ადამიანი. მე კი დარწმუნებული ვიყავი, რომ სულ სხვანაირი იყო.
ლადო: მეც მეუბნებოდნენ, ნინო თავისებური გოგოა, ძალიან თავისუფალია, შენ ასეთი არ გამოგადგებაო. ადამიანები ცდილობდნენ, რომ გამეგო ნინოს წარსული, თუ ვისთან რა ურთიერთობა ჰქონია. ნინოს წარსული არც მაინტერესებდა და არც მისთვის იყო ჩემი განვლილი ცხოვრება მნიშვნელოვანი. ორი შემდგარი ადამიანი შევხვდით ერთმანეთს და სრულიად გაცნობიერებული გვქონდა, რა გვინდოდა ერთმანეთისგან. არ გვაინტერესებდა, ვისთან დადიოდა ნინო და ვისთან დავდიოდი მე. როცა დავიწყეთ ურთიერთობა, ჩვენი ისტორიაც იმ დროიდან დაიწყო.
– ალბათ პირისპირ მაინც მოგიწიათ საუბარი ერთმანეთის წარსულზე, თქვენს პირველ ოჯახებზე.
ნინო: ლადო იმითიც განსხვავდება ქართველი კაცებისგან, რომ არასდროს უკითხავს, თუ ვინ მიყვარდა. მართლა არ აინტერესებდა ჩემი წარსული.
– ნუთუ არც ის უკითხავს, რატომ დაგენგრათ პირველი ოჯახი?
ნინო: ეს კითხვა, ბუნებრივია, დამისვა და არასდროს დამიმალავს მიზეზი. ჩემი პირველი ოჯახი იმიტომ არ შედგა, რომ ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს. ეს სტანდარტული თბილისური ამბავია. მივხვდი, რომ ერთად დიდხანს ვერ ვიცხოვრებდით და მახსოვს, ზამთარი იყო, როცა ვუთხარი, ზაფხულში შენგან წავალ–მეთქი. ერთმანეთს დავშორდით და ძალიან ნორმალური ურთიერთობა შევინარჩუნეთ.
ლადო: როცა ნინო მომიყვა, როგორ წავიდა თავისი ქმრისგან, მე ვუთხარი, ჩემთან ასე ვერ გააკეთებ, შენზე სწრაფად მე დავრბივარ და სახლიდან გაქცევას ვერ დამასწრებ–მეთქი.
– ლადო, თქვენს პირველ ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. ალბათ ძალიან რთული პერიოდი გაიარეთ, სანამ მეორე ოჯახის შექმნაზე ფიქრს დაიწყებდით..
ნინო: ამ საკითხში ძალიან კორექტული ვარ. სანამ თვითონ ლადო მომიყვებოდა ამ ტრაგედიის შესახებ, მანამდე არაკეთილისმსურველები ბევრს მიყვებოდნენ, რა მოხდა მათ ოჯახში. ის ადამიანი ლადოს გულში ყოველთვის იქნება და არანორმალური უნდა ვიყო, ეს რომ გავაპროტესტო.
ლადო: მეექვსე წელია ამ ტრაგედიიდან გასული. ჩემს ცხოვრებაში ძალიან რთული პერიოდი იყო. 23 წლის ბიჭისთვის ძალიან ძნელი იყო ამხელა ტრაგედიის გადატანა. თანაც იმ პერიოდში პირველი კონტრაქტი გავაფორმე ვლადიკავკაზის გუნდ "ალანიასთან" და 4 დღის წასული ვიყავი, ეს ტრაგედია რომ დატრიალდა. პირდაპირ არ მითხრეს და მოტყუებით ჩამომიყვანეს თბილისში. ერთადერთი, რამაც იმ პერიოდში გადამარჩინა, ჩემი ორი შვილი იყო. არ ვმალავ, რომ ყველაფერზე მქონდა ნაფიქრი, არ იყო გამორიცხული, ყველანაირ ფატალურ ქმედებაზე წავსულიყავი. მერე მივხვდი, რომ უფლება არ მქონდა, ჩემი ორი შვილი ასე უპასუხისმგებლოდ დამეტოვებინა. ვფიქრობდი, რომ ფეხბურთსაც თავს დავანებებდი, მაგრამ გარშემო ისეთი გარემო შეიქმნა, რომ ამის საშუალება არ მომცეს. ჩემმა მშობლებმა დაანებეს სამსახურს თავი და მთლიანად ბავშვების აღზრდაზე გადაერთნენ. მე კი თავისთავად დამაკისრეს ფუნქცია, რომ მათ მომავალსა და ფინანსურ მხარეზე მეზრუნა. ამ ტრაგედიამ ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემს კარიერაზეც. უძილო ღამეები, მუდმივი ნერვიულობა, ფიქრები, რა თქმა უნდა, ცუდად აისახებოდა ჩემს სპორტულ ფორმაზე, მაგრამ, ღვთის წყალობით, მაინც შევძელი ამ ეტაპის გადალახვა.
მაინც ვიტყვი, რომ ჩემი დღევანდელი მდგომარეობა ჩემი შვილების დამსახურებაა. ორივე ბიჭი ძალიან ამაყობდა ჩემი ფეხბურთელობით, ეს კი ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული იყო. ოჯახის შექმნაზე საერთოდ არ დავფიქრდებოდი, რომ არ მეპოვა ისეთი ქალი, რომელიც ჩემში მარტო ლადო ბურდულს კი არა, ჩემს შვილებსაც დაინახავდა. ნინოში ყველაზე მეტად ეს დამოკიდებულება მომეწონა. მანამდე მქონდა ურთიერთობები, სადაც მიგრძვნია, რომ ჩემი შვილები არ აინტერესებდათ. ასე ოჯახს ვერ შევქმნიდი.
– ნინო, ნერვიულობდით იმაზე, თუ როგორ მიგიღებდნენ ლადოს შვილები?
ნინო: არასდროს მიფიქრია, რომ აუცილებლად კარგად უნდა მივეღე მათ, პრობლემაც თავისთავად მოგვარდა. როცა არ აწყობ სტრატეგიას და იქცევი ბუნებრივად, ურთიერთობაც ასევე ბუნებრივად გამოდის. საოცრად კარგად აღზრდილი ბავშვები არიან, რაც ლადოს მშობლების დამსახურებაა. ერთადერთი, რაც არ მომწონს, ისაა, რომ ზედმეტად მიჯაჭვულები არიან ბებიაზე. გვინდა, რომ ყველანი ერთად წავიდეთ, ბიჭებს კი ბებიის, რუსიკოს გარეშე არსად უნდათ წასვლა.
ლადო: პარიზის დისნეი ლენდში გვინდოდა წაყვანა და ჩემმა ბიჭებმა გამომიცხადეს, რუსიკოსაც უნდა გაუკეთოთ ვიზა, თორემ არ წამოვალთო.
ნინო: ჩემი ნატა 10 წლისაა და ბიჭებს ძალიან ადვილად დაუმეგობრდა. როცა სამივენი ერთად არიან, სახლი გადადგმული აქვთ!
– ლადო, "ნანუკას შოუში" ნინოს დიდი სიურპრიზი მოუწყვეთ. ხალხმა იფიქრა, რომ ეს ორივე მხრიდან კარგად დადგმული შოუ იყო.
ლადო: არა, ეს ყველაფერი ჩემი მოფიქრებული სიურპრიზი იყო. იმდენად გათვლილი გეგმა მქონდა, ნინოს რამე რომ გაეგო, ამის მხოლოდ ერთი პროცენტი იყო. მე და ნინოს გადაწყვეტილი გვქონდა, როცა დრო მოვიდოდა, ჩვენი ურთიერთობა უნდა გამჟღავნებულიყო რომელიმე მასმედიის საშუალებით. ბაქოში ვიყავი, როცა იდეა მომივიდა. დავურეკე "იმედის" ჟურნალისტს, ლელა წიკლაურს და ჩემი ჩანაფიქრი გავანდე, რომ დამხმარებოდა. თან, მთიულური წესით, პირობა ჩამოვართვი, რომ საიდუმლოს არ გათქვამდა. თბილისში ჩამოვედი და მე და ნანუკა ჟორჟოლიანმა დავიწყეთ გეგმების დალაგება. როცა ამ დროს ნინო მირეკავდა, ვატყუებდი, რომ აუზზე ვიყავი. როცა ნინო მიიწვიეს შოუში, წინასწარ დავსვი და ვკითხე, აბა, რამე რომ გკითხონ ჩვენზე, რა უნდა უპასუხო–მეთქი. ნინო ცოტა დაბნეული იყო, ეშინოდა, ნანუკასთან ვინმემ ხომ არ "ჩაგვიშვაო", მაგრამ მე ვარიგებდი, ეთქვა, რომ ბავშვობის მეგობრები ვიყავით. ხოლო თუ შეეკითხებოდა, ბაქოში რატომ დადიხარ ხშირადო, მარტივად უნდა ეთქვა, მეგობარს რომ ჩავაკითხო, ამაში ცუდი რა არისო. როცა გადაცემის ჩაწერა დაინიშნა, ნინო მივიყვანე "იმედში" და მე აუზზე წავედი. იქ ბარში შევედი, სამი ჭიქა კონიაკი დავლიე და უკვე კარგად ვიყავი. ასეთი გამბედაობით მივედი გადაცემის ჩაწერაზე და ჩემი სიურპრიზით ნინო ლამის ცუდად გახდა.
ნინო: როცა თქვეს, სიურპრიზიო, მეგონა, რომ ლადო სტუდიაში მოვიდა და ალბათ უბრალოდ ვაღიარებდით, რომ ერთმანეთი გვიყვარდა, მაგრამ ხელის თხოვნა და ბეჭედი – ეს უკვე სრულიად მოულოდნელი იყო!
ლადო: საბედნიეროდ, ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც მქონდა დაგეგმილი.
– შოუში გაცხადებული სიყვარულის შემდეგ რა მოხდა?
ლადო: ნინო ავად გახდა. ფილტვების ანთება დაემართა და ერთი თვე საავადმყოფოში გაატარა. ყველას ეგონა, რომ "ნანუკას შოუში" მიღებული შოკის გამო იწვა საავადმყოფოში.
ნინო: ამ შოუს შემდეგ იყო საოცარი შეფასებები, მესმოდა, თუ როგორ გამიმართლა, რა ბიჭი გამოვიჭირე, მეტი რაღა მინდოდა ცხოვრებაში და ასე შემდეგ. მე კი ვფიქრობ, რაც ლადომ გააკეთა, დავიმსახურე. მასთან ურთიერთობამდე ასეთი დამთმობი არ ვყოფილვარ. მძიმე ხასიათით გამოვირჩეოდი, მაგრამ რადიკალურად შევიცვალე და ეს ყველაზე მეტად მომწონს.
– ახლა როგორია თქვენი ცხოვრების სტილი?
ნინო: ხან ჩემთან ვართ, ხან – ლადოს ბინაში. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ლადო სად გააგრძელებს თამაშს და ამიტომ ვცდილობთ, ეს პერიოდი მაქსიმალურად ერთად გავატაროთ.
ლადო: ნინომ ჩემს ცხოვრებაში შემოიტანა ის, რაც ყოველთვის მაკლდა – ოჯახის განცდა. ჩემი სახლი ნინოს სამსახურის პირდაპირ არის. როგორც კი თავისუფალი 15 წუთი აქვს, მაშინვე მორბის ჩემთან, ჩამეხუტება, მკოცნის და შემდეგ ისევ სამსახურში მიდის. ერთი სიტყვით, კარგი გაგებით, ორივე მაგარი გიჟები ვართ.
ავთო ჩიტიძე, ჟურნალი სარკე. N 28

|
დღის სიახლეები
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ალა პუგაჩოვა მომავალ შვილს ფილიპს დაარქმევს
გიგი გაჩეჩილაძე: "სალომემ ძალიან გამაწვალა"
კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ქორწინებაზე ალაპარაკდნენ
რასელ ბრენდს კეტი პერისთან გაყრა ყველაზე დიდ შეცდომად მიაჩნია












ნანკა კალატოზიშვილი: "ირაკლი კეიდიას ნახევარ წელიწადში ერთხელ მაშორებენ" 

მარკ ცუკერბერგი დაქორწინდა
ვენსან კასელის ბრაზილიური არდადეგები და უცნობი გოგონა
ჯონდი ბაღათურია: "18 წლის გოგო ერთ თვეში გავაბი მახეში!"
იზაბელი ფონტანა ცოლად ბობ მარლის ვაჟს მიჰყვება
ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს ვერტმფრენი აჩუქა
კიმ კარდაშიანის უზარმაზარი საჯდომი ვიწრო შორტებში ძლივს ჩაეკვეხა
რიზ უიზერსპუნის მამას ორცოლიანობაში ადანაშაულებენ
რაიან გოსლინგი და ევა მენდესი არ დაშორებულან
თინა კანდელაკმა ქმარს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია 









































































































