asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რა დათმობაზე წავიდა მარიამ როინიშვილი საყვარელი მამაკაცის გამო
რა დათმობაზე წავიდა მარიამ როინიშვილი საყვარელი მამაკაცის გამო

2011-07-07 01:30:41



მომღერალმა მარიამ როინიშვილმა და მსახიობმა გიორგი მახარაძემ ერთი წლის წინ შექმნეს ოჯახი. მათი სიყვარულის ისტორია სიონში დაიწყო. მათი სიყვარულის ნაყოფი ელენე უკვე 11 თვისაა. მარიამს ელენეს გაზრდაში დედა, თამრიკო ჭოხონელიძე ეხმარება, ამიტომ წყვილი ჯერჯერობით მარიამის ოჯახში ცხოვრობს. თუმცა მალე ცალკე გადასვლას აპირებენ. ამიტომ ახალგაზრდა მომღერალი თანდათან სწავლობს ოჯახის საქმეებს, სამზარეულოში ტრიალს. გადაღებების გამო გიორგიმ ჩვენთან ინტერვიუზე დასწრება ვერ მოახერხა, ამიტომ მარიამმა გვიამბო, როგორ დაიწყო და განვითარდა მათი სიყვარული.
მარიამ როინიშვილი:
– ჩვენ ერთმანეთი სიონში გავიცანით, სადაც დასასვენებლად ვიყავით წასულები. გიორგი თეატრალურის გამოცდებიდან მახსოვდა, ჩემი ძმის, კოკოს ჯგუფელია. რომ დავინახე, კოკოს ვკითხე, ეს შენი ჯგუფელი ხომ არის–მეთქი. სიონში დაიბადა თითქოს ჩვენი გრძნობა, მაგრამ რომ დავბრუნდით, არაფერი, მხოლოდ ვმეგობრობდით. ორი წლის შემდეგ მივხვდით, რომ ვერ ვმეგობრობდით და ერთმანეთის მიმართ სხვა გრძნობა გვქონდა. როცა შეყვარებულები გავხდით, ორივე მესამე კურსზე ვიყავით, მე – კონსერვატორიაში და ის თეატრალურში. სიღნაღში "ჩხიკვთა ქორწილის" გადაღებები მქონდა და იქ ჩამომაკითხა. მეც მენატრებოდა იქ ყოფნისას და საბოლოოდ დაიწყო და დაიწყო ჩვენი ურთიერთობა.
– სიყვარული რომანტიკულად აგიხსნათ?
– არა, სიყვარული არ აუხსნია. იმდენად ვხვდებოდით ორივე, რომ ერთმანეთი გვიყვარდა, სიტყვებით ამის გამოხატვა აბსოლუტურად არ იყო საჭირო. ურთიერთობა ძალიან სიღრმისეული იყო, ერთმანეთის განწყობა გვესმოდა და ამ გრძნობის სიტყვებით გადმოცემა აუცილებელი არ იყო.
– ამბობთ, სიღრმისეული იყო ურთიერთობაო, ეს რას ნიშნავს?
– ერთნაირი გემოვნება, ინტერესები გვქონდა და დღემდე ასეა. აი, მუსიკალურ გემოვნებაში კი ავცდით ერთმანეთს. ოპერა დიდად არ უყვარს, მაგრამ ჩემ გამო ეჩვევა. თვითონ "დაბ სტეფს", ბრეიქ ბითს, კლუბურ მუსიკას უსმენს. ეს ყოველივე ჩემგან შორსაა, მაგრამ გიორგის ხათრით მეც ვუსმენ ხოლმე. ორ ადამიანს თუ საერთო ინტერესები არ აქვს, უბრალოდ, თემა არ ექნებათ სალაპარაკოდ. ამასთან, ხასიათები იმდენად ერთნაირი აღმოგვაჩნდა, რომ ურთიერთობა სიღრმისეული გახდა.
– ხომ არ ნერვიულობდით იმაზე, მოეწონებოდათ თუ არა თქვენი რჩეული ოჯახში?
– გიორგის ჩემები ძალიან კარგად იცნობდნენ, რადგან კოკოს ჯგუფელი იყო და თავიდანვე ძალიან კარგი განწყობა ჰქონდათ. თამრიკოც ხვდებოდა, რომ შეყვარებული ვიყავი. არ მითქვამს,Öდედა, მე ესა და ეს მიყვარს–მეთქი. უბრალოდ, რომ შემომხედავს, უკვე ზუსტად იცის, რა ხდება ჩემ თავს. ერთი ეგ იყო, თავის დროზე მითხრა, მსახიობს არ გაჰყვეო და სწორედ რომ მსახიობს გავყევი.
– რატომ არ უნდოდა მსახიობი სიძე?
– ეს პროფესია ძალიან რთულია მეორე ნახევრისთვის. მიუხედავად იმისა, რომ თბილისი გადაღებებით და რეპეტიციებით განებივრებული არ არის, გიორგი მაინც დაკავებულია. რამდენიმე სპექტაკლში მონაწილეობს, ახლა გადაღებებიც აქვს დამატებით და ბევრ დროს უთმობს პროფესიას. ძნელია მის რიტმზე ცხოვრება, მაგრამ არის მეორე მომენტი – ასევე ძნელია ჩემ რიტმზე იცხოვრო. როცა გიორგის სცალია, მე არ მაქვს დრო და პირიქით. შეიძლება დღის განმავლობაში ერთმანეთი საერთოდ ვერ ვნახოთ, მაგრამ ტელეფონით მუდმივად ვეკონტაქტებით ერთმანეთს.
– მოერგეთ დიასახლისის ამპლუას?
– ვერა. როცა მარტო გადავალთ, იმედია, მოვირგებ. ახლა დედასთან ვცხოვრობთ ჩემი შვილის, ელენეს გამო და თან გამოცდები მაქვს. დედა ძალიან მეხმარება და ვერ ველევი. სწავლის გამო სამზარეულოში ტრიალის და კერძების კეთების დროც არ მაქვს, თან, არ უარვყოფ, ნაკლებად მაინტერესებს ეს სფერო. მირჩევნია, სახლი დავალაგო, ჭურჭელი გავრეცხო და ა.შ. ვიდრე კერძები მოვამზადო.
– გიცდიათ მაინც რამის მომზადება?
– დედაჩემი ძალიან გემრიელ ხაჭაპურებს აცხობს. მეც ვცადე. ოთხი ხაჭაპური გავაკეთე, მაგრამ რაღაც საშინელება გამომივიდა, აი, მეხუთე კარგი იყო. ანუ ყველაფერი გამოცდილებაა. გემრიელი ხელიც ამაზეა დამოკიდებული. ბაკურიანში ვიყავით წასულები მარტო მე და ჩემი მეუღლე და რატომღაც ბორშჩის გაკეთება გადავწყვიტე. ვიყიდე, რაც საჭირო იყო. გიორგიმ ეს რომ გაიგო, მამაჩემს დაურეკა და უთხრა, მარიამმა ბორშჩი მოამზადაო. მამაჩემმა თურმე უთხრა, გეხვეწები, ჩემს შვილს არ აწყენინო, სულ რომ ფეხები გაფშიკო ბორშჩის ჭამის მერე, მაინც შეჭამეო. გიორგიმ ისეთი სახით ჭამა ის ბორშჩი, რომ ვერ აგიწერთ. რა თქმა უნდა, გადავასხით, რადგან უგემური გამოვიდა.
– სიძე, სიდედრი და სიმამრი მეგობრობენ?
– კი, ძალიან თბილი ურთიერთობა აქვთ. ბევრ თემას არჩევენ ერთად. კოკო და გიორგი ფეხბურთის დიდი გულშემატკივრები არიან და დიდი ჟრიამული გვაქვს ხოლმე ტელევიზორთან.
– როგორც წესი, ქართველ ძმებს პრობლემა აქვთ, როცა მეგობარი მისი დის მიმართ იჩენს ინტერესს. კოკოს შემთხვევაში ასე არ იყო?
– იყო ეს მომენტიც. ყოველთვის ვამბობ, კოკოს მადლიერი ვარ, რომ მან ჩემი ნაბიჯი სწორად მიიღო. მეგონა, უფრო მძიმედ შეხვდებოდა ჩემი და გიორგის ურთიერთობის ამბავს, მაგრამ იმდენად დიდსულოვანი ადამიანია, რომ ძალიან დამიდგა გვერდით. კოკო რომ არ დამხმარებოდა, ყველაფერი უფრო რთულად იქნებოდა. იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჩემი ძმის გაღიზიანებას ცდილობდნენ, მაგრამ კოკო ძალიან ჭკვიანი, მოაზროვნე ადამიანია და რაღაცეები რომ გადაახარისხა, მითხრა, შენ თუ ბედნიერი ხარ, მე ყველაფერზე თანახმა ვარო.
– მაინც როგორ უთხარით, რომ გიორგი მოგწონდათ?
– ამ თემაზე ბევრჯერ გვილაპარაკია და პირველ საუბარს ვერც ვიხსენებ. უბრალოდ, ვიცოდი კოკოს განწყობა, როგორც ძმის, რომელიც თავიდან ნამდვილად იყო ამის წინააღმდეგი. იმიტომ ვამბობ, კოკო დიდსულოვანი ადამიანია–მეთქი, რომ ჩემ გამო მან რაღაც–რაღაცეებზე თვალი დახუჭა, თუნდაც იმაზე, რომ გიორგი მისი მეგობარი იყო.
– როგორი იყო თქვენი ქორწილი?
– ისეთი, როგორიც მინდოდა. ჩემი ოცნება იყო, გრძელი კაბა მცმოდა, მაგრამ მეგონა, რომ ცეკვაში ხელს შემიშლდა. საბოლოოდ, ავთანდილთან საოცნებო კაბა შევიკერე და ცეკვაშიც ხელი არ შეუშლია. ძალიან ლამაზად მახსენდება ჩვენი ქორწილი.გიორგის თეთრი ჩოხა ეცვა. რესტორანში გადავიხადეთ და ყველა ის ადამიანი გვყავდა, ვინც ჩვენთვის მართლა ძვირფასია. ხუთასკაციანი ქორწილი გვქონდა, მაგრამ ეს არ იყო ღრეობა. ყველამ კარგი დრო ატარა.
– ერთი შვილი გყავთ, 11 თვის ელენე. მეორეზე ჯერ არ ფიქრობთ?
– ზოგადად, გვინდა, შვილი კიდევ გვყავდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ამაზე არ ვფიქრობთ. ჯერ ჩვენს კარიერას უნდა მივხედოთ, ცოტა ფეხზე დავდგეთ და მერე ვიფიქრებთ. როცა ელენე დაიბადა, ბევრი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი, მაგრამ გარშემომყოფები დამეხმარნენ. ბავშვის ფაქტორი ძალიან ცვლის ყველაფერს. შვილსაც და მეუღლესაც თანაბრად ვუთმობ დროს. გიორგი მუსკომედიის დასშია და ხელფასი აქვს. მეც მაქვს ჩემი პატარა ხელფასი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ გვყოფნის, ამიტომ ჩვენ–ჩვენი ოჯახის წევრები გვეხმარებიან. იმედი გვაქვს, მალე მოვძლიერდებით, ამიტომაც არ ვფიქრობთ ჯერ მეორე ბავშვზე.
– თქვენს ოჯახში ოთხი თაობა ცხოვრობს. როგორ ფიქრობთ, გიორგისთვის ეს რთული არ არის?
– კი, რა თქმა უნდა, ძნელია. ეს არა მარტო ბიჭისთვის, გოგოსთვისაც რთულია. მაგრამ, საბედნიეროდ, ამ სახლში ისეთი სიტუაციაა, რომ ეს არ იგრძნობა. არანაირი კონფლიქტი ამ ერთი წლის მანძილზე არ მომხდარა. ქვეცნობიერად ყველაფერი მაინც რთულია გიორგისთვის და ეს კარგიცაა, რადგან არაბუნებრივი იქნება, ასეთ სიტუაციაში შინაგან უხერხულობას თუ არ იგრძნობ. ელენე უკვე წამოიზარდა და ალბათ ცოტა ხანში ცალკე გადავალთ.
მანანა ნოდია, ჟურნალი სარკე. N 27


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: მარიამ როინიშვილი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online