| ქალი და მამაკაცი |

ამ ბოლო დროს მომღერალი ვერიკო ტურაშვილი და მსახიობი ზაზა ბეჟაშვილი – ახლო წრისთვის ზუზუ, ხშირად ჩნდებიან ერთად საზოგადოებაში. ჭორმაც არ დაახანა – რომანი აქვთო. ვერიკო და ზუზუ კი ირწმუნებიან, რომ ამჟამად მათ შორის მსგავსი არაფერი ხდება, თუმცა იქვე ორაზროვნად ამბობენ, კაცმა არ იცის, მომავალში რა იქნებაო. ზუზუმ ისიც კი თქვა, რომანი ვერიკოს მსგავს კარგ მეგობრებთანაც გამიბამსო. სხვა რაღა დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ მოვლენების განვითარებას დაველოდოთ, მკითხველებმა კი დასკვნები ამ ინტერვიუდან გააკეთონ.
ზაზა: მე და ვერიკომ ავტობუსში გავიცანით ერთმანეთი.
ვერიკო : გურიაში ეკლესიის გახსნაზე ერთად მივდიოდით.
ზაზა: ვერიკოს შევხედე თუ არა, მივხვდი, რომ ჩემიანი იყო. ასეთი შემთხვევა ათასში ერთხელ ხდება.
ვერიკო: ეს იყო 4 წლის წინ.
ზაზა: მგონია, რომ მთელი ცხოვრებაა, გიცნობ.
– ვერიკო, ზაზა დანახვისთანავე მიმხვდარა, რომ მისიანი იყავით. თქვენ როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ მასზე?
ვერიკო: ერთმანეთი ჩვენმა საერთო მეგობარმა გაგვაცნო. ეს ის პერიოდი იყო, როცა "იმედის ტალღა" ტარდებოდა. მსახიობების და მომღერლების დუეტები უნდა ჩაეწერათ. ჩვენს საერთო მეგობარს შევჩივლე, ვინმე მსახიობი თუ იცი, რომ სიმღერა მასთან ჩავწერო–მეთქი.
ზაზა: ავტობუსში ვიყავით, "იმედის ტალღიდან" რომ დამირეკეს და შემომთავაზეს, ამ პროექტში მიმეღო მონაწილეობა. დამეზარა და უარი ვუთხარი. ვერიკომ რომ დაიწუწუნა, ისეთი მსახიობი მინდა, ვინც მღერისო, მაშინ გადავწყვიტეთ, რომ ერთად გვეცადა ბედი.
ვერიკო: ჩვენი მეგობრობა სწორედ იმ დღიდან დაიწყო. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს ყველაფერი გუშინ ხდებოდა.
– როგორ გგონიათ, ამ წლების მანძილზე კარგად მოახერხეთ ერთმანეთის გაცნობა?
ზაზა: ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისაც კარგად ვიცნობ, ვერიკო კი მათ რიცხვშია. ყოველთვის ვიცი, როდის რას იტყვის და რა სიტუაციაში როგორ მოიქცევა. თავიდან ბოლომდე ვიცნობ. ყოველთვის ვიცი, რა დროს გამომხედავს, რა დროს გაიცინებს... მეგობრობა სწორედ ესაა. რომ მოხდეს და ძონძებში "გავიჩითო", ვიცი, ვერიკო ზუსტად ისეთს მიმიღებს, როგორიც ვიქნები. ასეთი მეგობრის გვერდით ყოფნა ჩემთვის ბედნიერებაა. ეს ადამიანი ამიტომ მიყვარს.
– ძნელბედობის ჟამს მოგიხდათ ერთმანეთის გვერდით დგომა?
ზაზა: ძალიან ბევრი ცუდი შემთხვევა მქონდა. იყო სიტუაციები, როცა არ ვიცოდი, საით უნდა წავსულიყავი, რა გამეკეთებია. ამ დროს მხოლოდ ერთი–ორი მეგობარი დამიდგა გვერდით, მათ შორის ერთ–ერთი ვერიკო იყო.
ვერიკო: ვიცი, რომ ზუზუს ხანდახან ჩემზე მეტად უხარია ჩემი წარმატებები, მიღწევები, წარუმატებლობებს კი ძალიან განიცდის. ჩემს მეგობრებს შორის ზუზუ ყველაზე დიდი გულშემატკივარია. ამას მხოლოდ იმიტომ არ ვამბობ, რომ ზუზუ აქაა.
ზაზა: ვერიკო ქართულ საესტრადო სცენაზე მაკლია. ბევრი უნიჭო მეგობარი მყავს და ისინი დგანან სცენაზე, ვერიკო კი რატომ არ უნდა იყოს მათ შორის, ვერ ვხვდები! სიმღერისთვისაა დაბადებული და ბოლომდე უნდა იმღეროს.
– როგორ მიხვდით, რომ ვერიკო თქვენიანი იყო?
ზაზა: ამას ვერ გადმოგცემთ. თითქოს მაშინვე რაღაც გრძნობა დამებადა. მე და ვერიკო ერთ ენაზე ვლაპარაკობთ.
– სწორედ ამ გრძნობებზე მინდა, გკითხოთ. ჭორი გავიგე, რომ თქვენ შორის მეგობრობაზე მეტი რამ არის.
ზაზა: ჰო, რაღაც მსგავსი ტალღა აგორდა. ხშირ შემთხვევაში პირად ამბებზე არ ვლაპარაკობ და ჩემს სასიყვარულო ურთიერთობებს ვმალავ. ჩემს დამალულ ქალებზე კი არასოდეს არავინ ლაპარაკობს. ძალიან გამიკვირდა, როცა რომელიღაც გაზეთში წავიკითხე, ვერიკო და ზუზუ ერთად არიანო.
– როგორ ფიქრობთ, საიდან აგორდა ეს ჭორი? ალბათ რაღაც საფუძველი ჰქონდა.
ვერიკო: უბრალოდ მე და ზუზუს ძალიან ხშირად გვხედავენ ერთად და ალბათ ეს ჭორიც ამის გამო აგორდა.
ზაზა: ვერიკომ დიდი ტრაგედია გადაიტანა, როცა მეუღლე გარდაეცვალა. მგონია, რომ მის მეუღლეს ვიცნობდი. დღეს ის ადამიანი ცოცხალი რომ იყოს, ჩვენ კარგი ძმაკაცები ვიქნებოდით. ჩემი და ვერიკოს მეგობრობა რომანზე მაღლა დგას. მე ასეთი ურთიერთობა მირჩევნია.
ვერიკო: როცა მე და ზუზუმ ჩვენი რომანის ამბავი გაზეთის ფურცლებიდან შევიტყვეთ, ბევრი ვიცინეთ. სხვისი თვალით შეიძლება ისე ჩანს, რომ შეყვარებულები ვართ. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემი მეგობრებიც კი იმას მეკითხებიან, შენსა და ზუზუს შორის რა ხდებაო.
ზაზა: კაცებისგან გამიგია, ქალთან ვერ ვიმეგობრებო. ეს რას ნიშნავს, ვერ ვხვდები. მე ბევრი მეგობარი ქალი მყავს და მათთან რომ სექსი მქონდეს, უბრალოდ გამეცინება. თუმცა ჩემს ცხოვრებაში ასეთი შემთხვევაც ყოფილა. ვერიკოს მსგავს მეგობართან, რომელთანაც სამი წელი ვმეგობრობდი, რომანი გავაბი. წინასწარ არავინ ვიცით, როდის რა მოხდება. ჯერჯერობით ჩემსა და ვერიკოს შორის მეგობრობის მეტი არაფერია. ეს გრძნობა ძალიან გასაფრთხილებელი და მოსავლელია.
– თქვენი სიტყვებიდან ისე ჩანს, რომ არ არის გამორიცხული, თქვენ შორის რომანიც გაჩაღდეს.
ვერიკო: ასე გამოდის.
– ზაზა, ამჟამად შეყვარებული თუ ხართ?
ზაზა: ახლა არ ვარ შეყვარებული. ჩემი ბოლო რომანი დამთავრდა და ეს ძალიან კარგია. ამჟამად მეზარება სიყვარული, ვალდებულებები, ქალების "კაპრიზების" ატანა – "რატომ არ დამირეკე", "სად ხარ"... ხან მე მივუტოვებივარ ქალებს, ხან მე მიმიტოვებია ისინი. იყო პერიოდები, როცა ამ ყველაფერს მტკივნეულად განვიცდიდი და ვიღაცასთან განშორება ძალიან მიჭირდა. ახლა კი ბევრ რამეს მივხვდი. თუ ადამიანის ცხოვრებაში მართლა ტრაგედია არ ხდება, არ უნდა ინერვიულოს.
ვერიკო: ზუზუს ამ ყველაფერში ბოლომდე ვეთანხმები.
– ისეთი მეგობრები ყოფილხართ, რომ ალბათ ვერიკოს თქვენს რჩეულებსაც გააცნობდით.
ზაზა: მე და ვერიკომ ერთმანეთის პირადი ამბები კარგად ვიცით. მიყვარს, როცა ვერიკო რჩევებს მაძლევს. მას ხშირად ვეკითხები აზრს.
ვერიკო: ზუზუს ყველა რჩეულს ვიცნობდი, მაგრამ ვერავინ ამოვურჩიე. იმდენად მიყვარს ეს ადამიანი, ვერ წარმომიდგენია, მის გვერდით როგორი გოგო შეიძლება იყოს.
ზაზა: ვერ წარმომიდგენია, რომ სტანდარტული ქორწილი გადავიხადო. ეს გამორიცხულია! საითკენაც მიმყავს ჩემი ცხოვრება, იქით მიდის. საშუალება რომ მქონდეს, რა თქმა უნდა, რაღაც შეცდომებს გამოვასწორებდი. ღვთის წინაშე არც ისე ცოტა შეცდომა მაქვს დაშვებული, რასაც ძალიან ვნანობ. კარგად მაქვს გააზრებული, რომ ამქვეყნიდან არავინ უნდა წავიდეთ ისე, რომ არაფერი გავაკეთოთ. ვინც რისთვის მოვდივართ ამქვეყნად, ის საქმე უნდა ვაკეთოთ. ვერიკოს მინდა ვუსურვო, რომ თავის სამყაროსთან ჰარმონიაში იყოს. მისი სასიმღერო მონაცემები მშურს. სიმღერით შეგიძლია შენი გრძნობები ბოლომდე გამოხატო. მე ის პლუსი მაქვს, რომ ყველა როლი შემიძლია მოვირგო.
– ახლა ისიც მითხარით, რაში ვერ უგებთ ერთმანეთს?
ზაზა: ერთადერთი, რაზეც მე და ვერიკო ვკამათობთ, ისაა, რომ ყველგან ყოველთვის აგვიანებს. ვერიკოს არასოდეს უნდა დაელოდო. ჩვენი ერთად წასვლა მეზიზღება. ბოლოს, საშველს რომ დააყენებს და მოვა, სულ გასამართლებელი არგუმენტები მოჰყავს. არ არსებობს, ის გააკეთებინო, რაც თვითონ არ უნდა. ვითომ კდემამოსილი ქალია, მაგრამ შანსი არაა, იმაზე დაითანხმო, რაც თავად არ უნდა.
ვერიკო: ცოტა ხნის წინ ერთად მივდიოდით სადღაც. მე ვერ წავედი და ამის გამო ძალიან გამიბრაზდა.
ზაზა: არადა იმ მომენტში ძალიან მჭირდებოდა, ვერიკო ჩემ გვერდით ყოფილიყო.
ვერიკო: მერე გამებუტა და ორი დღე "ვეტენებოდი", რომ შემრიგებოდა.
ქეთი დინოშვილი, ჟურნალი სარკე. N 26

|
დღის სიახლეები
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ალა პუგაჩოვა მომავალ შვილს ფილიპს დაარქმევს
გიგი გაჩეჩილაძე: "სალომემ ძალიან გამაწვალა"
კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ქორწინებაზე ალაპარაკდნენ
რასელ ბრენდს კეტი პერისთან გაყრა ყველაზე დიდ შეცდომად მიაჩნია












ნანკა კალატოზიშვილი: "ირაკლი კეიდიას ნახევარ წელიწადში ერთხელ მაშორებენ" 

მარკ ცუკერბერგი დაქორწინდა
ვენსან კასელის ბრაზილიური არდადეგები და უცნობი გოგონა
ჯონდი ბაღათურია: "18 წლის გოგო ერთ თვეში გავაბი მახეში!"
იზაბელი ფონტანა ცოლად ბობ მარლის ვაჟს მიჰყვება
ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს ვერტმფრენი აჩუქა
კიმ კარდაშიანის უზარმაზარი საჯდომი ვიწრო შორტებში ძლივს ჩაეკვეხა
რიზ უიზერსპუნის მამას ორცოლიანობაში ადანაშაულებენ
რაიან გოსლინგი და ევა მენდესი არ დაშორებულან
თინა კანდელაკმა ქმარს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია 






















































































