asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ოთო ლომთაძე: "ქალს იმით ვაფასებ, რამდენად ჭკვიანია"
"ქალს იმით ვაფასებ, რამდენად ჭკვიანია"
ოთო ლომთაძე: "ქალს იმით ვაფასებ, რამდენად ჭკვიანია"

2011-06-10 16:52:51



ქალს ერთგულება ამშვენებსო, ამბობს ოთო ლომთაძე. მშვენიერი სქესის მიმართ იმდენად ლოიალურია, რომ მასში თითქმის ყველაფერი მოსწონს, თქვენ წარმოიდგინეთ, გინებაც კი (?!), თუ ამას სიტუაცია მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ დაქორწინებულია, ლამაზ ქალს ყოველთვის ამჩნევს და აფასებს.

– ოთო, ალბათ ხშირად შეგიფასებიათ ქალი. ამ დროს თქვენი მთავარი კრიტერიუმი რა არის?

– კი, რა თქმა უნდა, შემიფასებია, თუმცა გააჩნია, რა მიმართულებით ამბობთ ამას. რა გასაკვირია, რომ ლამაზი ქალი შეამჩნიო და აღნიშნო, მით უმეტეს, მამაკაცისთვის. პირადად მე ქალს იმით ვაფასებ, რამდენად ჭკვიანია.

– ქალებისკენ თვალი ხშირად გაგირბით ხოლმე?

– მე არ ვარ იმ ასაკში, რომ ქალებისკენ გამექცეს თვალი. უბრალოდ შეუძლებელია ლამაზი ქალი ვერ შეამჩნიო და თვალი არ გააყოლო.

– მისი გაცნობის სურვილიც გიჩნდებათ?

– მეუღლის ყოლა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ლამაზი ქალებისკენ არ გაიხედო ან მათი გაცნობის სურვილი დაგეკარგოს. ქალს ყოველთვის ამჩნევს კაცი და, როცა ლამაზია, შესაბამისად ამ ქალის გაცნობის სურვილი უჩნდება.

– ქალის გარეგნობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ?

– როგორ არ ვანიჭებ, ესეც ერთ–ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. ალბათ ქალებიც აკვირდებიან მამაკაცების ვიზუალს. წყვილი ერთმანეთს უნდა შეეფერებოდეს. თუმცა უფრო მეტად ინტელექტუალი ქალების გაცნობის სურვილი მიჩნდება ხოლმე.

– როგორ ეცნობით ქალს, პირდაპირ მიდიხართ მასთან და ეუბნებით, თქვენი გაცნობა თუ შეიძლებაო თუ სხვა გზებს ეძებთ?

– არა, პირდაპირ არ მივდივარ. შეიძლება უცხო გარემოში იყო, მაგრამ იმ ადამიანებთან რაღაც საერთო მაინც გექნება ან საერთო ნაცნობი აღმოგაჩნდება და ა.შ. ამიტომ უცხო ადამიანების გაცნობა და დაახლოება თავისთავად ხდება და ზედმეტად თავის გამოდება არ გჭირდება.

– რას ნიშნავს თქვენთვის ინტელექტუალი ქალი?

– ქალი უნდა აზროვნებდეს.

– როგორ უნდა აზროვნებდეს, რომ თქვენ დაინტერესდეთ?

– მე არ მაქვს კონკრეტული დოგმები, თუ როგორ უნდა აზროვნებდეს ქალი ან მამაკაცი. ზოგი ქალი თავისებურად აზროვნებს, ზოგი მომწონს, ზოგი – არა. არც მაქვს იმის უფლება, რომ ვინმეს ვუკარნახო, ასე და ასე იაზროვნე–მეთქი. ეს ინდივიდუალური საკითხია, მაგრამ არის ქალების კატეგორია, რომელიც ისე აზროვნებს, როგორც მამაკაცებს მოსწონთ. ზოგადად ქალები ჭკვიანურად აზროვნებენ. იმისათვის, რომ ჭკვიანურად იაზროვნო, განათლებულიც უნდა იყო. ქალის აზროვნება ალბათ რაღაცით უნდა ჰგავდეს შენსას.

– ლამაზ ქალსა და ჭკვიან ქალს შორის რომელს აირჩევდით?

– ჩემთვის მაინც მნიშვნელოვანი ინტელექტია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ორი რაღაც – სილამაზე და ინტელექტი არასოდეს ემთხვევა ერთმანეთს. საბედნიეროდ, ასეთი დამთხვევებიც ხდება.

– ხშირად?

– ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ხშირად ხდება, მაგრამ ასეთი შემთხვევებიც არსებობს. ამას საკუთარი გამოცდილებიდან ვამბობ.

– თუ ქალი ინტელექტით თქვენზე მაღლა დგას, ეს თქვენზე როგორ მოქმედებს?

– ასეთი რამ არ დამაკომპლექსებს. თავის ქებას არ დავიწყებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ, საბედნიეროდ, ზოგადი განათლება მაქვს. თუ ქალმა ასტროფიზიკაზე დამიწყო საუბარი და მე ამ საკითხში ვერ ვერკვევი, მოვუსმენ და გავიგებ, რა ყოფილა ეს ასტროფიზიკა.

– ვინ არის თქვენი მშვენიერი ლედი?

– ჩემი მეუღლე. არსებობენ სხვა ქალბატონებიც, რომლებიც ნამდვილად მშვენიერები არიან და ნამდვილად იმსახურებენ ამ სტატუსს. ბევრი ქალია ასეთი და ყველას ვერ ჩამოვთვლი, ვინმე აუცილებლად გამომრჩება. ძველი თაობიდან მედეა ჯაფარიძე იყო ძალიან ლამაზი, ნამდვილად მშვენიერი იყო ლია ელიავა... უცხოელებიდან ადრე ძალიან მომწონდა ლივ ტაილერი, ოდრი ჰეპბერნი. ზოგადად არ ვეთანხმები აზრს, რომ იდეალები უნდა გყავდეს. არ მიყვარს ვინმეს გაფეტიშება.

– საქმიანი ქალი უფრო მომხიბვლელად გეჩვენებათ თუ დიასახლისი?

– ორივე თანაბრად. არ ვთვლი, რომ ქალი ან ოჯახში უნდა იყოს, ან, გინდა თუ არა, იმუშაოს. ეს არჩევანი თავად უნდა გააკეთოს. არსებობენ ქალები, რომლებიც თვლიან, რომ თავი კარიერას უნდა მიუძღვნან და პირიქით, რომლებიც თვლიან, რომ ოჯახისთვის უნდა იყვნენ და შვილები აღზარდონ... ორივე მისასალმებელი და გამართლებულია. ჩემი ცოლიც ამჟამად დიასახლისია. მან აირჩია და გადაწყვიტა, რომ ოჯახისთვის მიეხედა. ნებისმიერ მომენტში რომ გადაწყვიტოს და თქვას, მუშაობა მინდაო, ესეც ბუნებრივი და აბსოლუტურად ლოგიკური იქნება. ამიტომ ვამბობ, რომ არჩევანი დასაფასებელია.

– მოდით, თქვენთვის მშვენიერი ქალის პორტრეტი შევადგინოთ.

– მე პირდაპირ და თამამად ვიტყვი, რომ აბსოლუტურად ყველა სტილის ქალი მომწონს, თუ ის ლამაზია. ვერ ვიტყვი, ქერა თუ შავგვრემანი, შეიძლება ორივე თანაბრად იყოს ლამაზი. არ მაქვს სტერეოტიპები, სტანდარტები და ჩარჩოები, როგორი უნდა იყოს ქალი, რომ მომეწონოს. არც გამხდარ და ფერხორციან ქალებს შევადარებ ერთმანეთს, რადგან ზოგს სიგამხდრე არ უხდება, საშინელი დასანახია და პირიქით, ზოგიერთი ქალი ცოტა რომ გახდეს, უფრო მოუხდება. მთავარია, ადამიანმა მოიხდინოს და თავი კარგად წარმოაჩინოს. არც თვალის ფერს ვაქცევ ყურადღებას, ცალკე ლურჯი თვალი შეიძლება ლამაზი დასანახია სურათზე, ეკრანზე ან სხვაგან, მაგრამ შეიძლება სულ არ მოუხდეს ქალს. რას შეეხება სიმაღლეს, ჩემი შესაფერისი უნდა იყოს.

– ქალის ჩაცმულობაზე რას იტყვით?

– ესეც ისეთი თემაა, კონკრეტულს რომ ვერაფერს გეტყვით. კედი, შარვალი, კაბა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები, პიჯაკი, მაისურიც და ა.შ. – ყველაფერი მისაღებია. უბრალოდ ქალმა უნდა იცოდეს, როდის რა ჩაიცვას და რა ფორმაში გამოეწყოს. სტადიონზე რომ ვნახო ქალი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით, როგორი ლამაზიც უნდა იყოს, არ მომეწონება, ცოტა სასაცილოც კი იქნება. მოკლედ, ჩემთვის ყველა ფორმა მისაღებია, თუ ქალს სიტუაციის შესაფერისად აცვია. მის ჩაცმულობაში, გარდერობში არასოდეს ჩავერევი.

არ მომწონს, როცა ქალს ზედმეტი მაკიაჟი უსვია. ესეც სწორად უნდა შეარჩიოს. რომ ვუყურებ ადამიანს და სქელ ფენად დადებულ პუდრსა და პომადას ვხედავ, რომელიც თვალს მჭრის, რა თქმა უნდა, არ მომწონს. თუ საერთოდ არ ხმარობს ქალი მაკიაჟს, ამის საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს. ბუნებრიობას მივესალმები და უფრო მეტად მომწონს კიდეც.

– ქალისგან რა საქციელი გაგაღიზიანებთ?

– ასე კონკრეტულად ვერ ვიხსენებ. პრინციპში, შეიძლება გამახსენდეს კიდეც, რა არ მომწონს, მაგრამ ეს ჩემი პირადი აზრია და ასე საჯაროდ არ ვიტყვი.

– ბილწ სიტყვებს აპატიებთ ქალს?

– ცუდი საქციელი არც ქალს შვენის და არც მამაკაცს, თუმცა არსებობს სიტუაციები, როცა აუცილებელიც არის, ერთი კარგად შეიგინო. ასეთ მდგომარეობაში ქალებიც ხშირად აღმოჩენილან. ამიტომ წინააღმდეგი არ ვარ, რომ შეიგინონ.

– დაბოლოს, რა ამშვენებს ქალს?

– ერთგულება.

ანა ნოდია



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online