asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"უინტელექტო ჩემ გვერდით ქალი კი არა, ცხოველიც არ მინდა!"
დათო ევგენიძე მშვენიერ ქალს აურით გრძნობს
"უინტელექტო ჩემ გვერდით ქალი კი არა, ცხოველიც არ მინდა!"

2011-06-07 13:29:44



ველოდით, რომ ქალის ფენომენის შესახებ ისეთი შინაგანი თავისუფლებით დაჯილდოებული ხელოვანის აზრი, როგორიც მუსიკოსი და პოეტი დათო ევგენიძეა, ძალზე საინტერესო იქნებოდა და მოლოდინი არც გაგვმტყუნებია. შესავლისთვის ვიტყვით იმას, რომ დათო ევგენიძე მშვენიერ ქალბატონს არა რაიმე კონკრეტული თვისებით ცნობს, არამედ ქვეცნობიერის დონეზე გრძნობს, რომ "ის" არის. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის რაიმე კრიტერიუმები და სტერეოტიპები არ არსებობს, მაინც შევეცადეთ, კონკრეტული კითხვებით ასე თუ ისე, დაგვედგინა, როგორი შეიძლება იყოს ქალი, რომელსაც ცნობილი მუსიკოსი მშვენიერ ლედის უწოდებდა.

– ბატონო დათო, როგორია თქვენი მშვენიერი ქალბატონი?

– იდეალური. მოკლედ და კონკრეტულად ამ განმარტებით შემოვიფარგლები.

– თქვენი წრიდან ვის უწოდებთ მშვენიერ ლედის?

– ჩემთვის საუკეთესო ქალი, რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლეა. ის არის ქალი, რომელიც ჩემთვის ყველაფერი და ერთადერთია.

– მის გარდა სხვა ქალებსაც თუ უწოდებთ მშვენიერს?

– კი, რა თქმა უნდა, ვუწოდებ, მაგალითად, დედაჩემს, ჩემს პირველ ცოლს, ჩემი ოჯახის წევრ ქალებს, ჩემს მეგობარ ქალბატონებს. ჩემ გვერდით ყველა ქალბატონი მართლა მშვენიერია.

– რა კრიტერიუმებით აფასებთ ქალბატონებს?

– როცა ქალი მიყვარდება, ის ჩემთვის უკვე მშვენიერია, თუმცა ძნელია გითხრათ, თუ როგორი ქალია ჩემთვის მშვენიერი. არ მაქვს სტერეოტიპები და კრიტერიუმები, რის მიხედვითაც ქალს შევაფასებ. ქალი ჯერ მიყვარდება და მერე ვხვდები, რომ ის მშვენიერია.

– ალბათ იმიტომაც გიყვარდებათ, რომ ის უკვე რაღაცით გამორჩეულია, არა?

– კი, ასეა. ყველა ვერ შეგიყვარდება. კაცს ერთი გამორჩეული ქალი უნდა ჰყავდეს, რომელიც მისი მეუღლეც იქნება და ასე ვარ მეც. ვერ ავხსნი, რის გამო ან რატომ შემიყვარდა. უბრალოდ ვიცი, რომ ის ყველაფრით მშვენიერია და ვერც შევძლებ, ასე დეტალებში აგიხსნათ.

– არ შეხვედრიხართ ისეთ ქალს, რომელზეც გითქვამთ, რომ ის ვერასოდეს გახდებოდა თქვენი მშვენიერი ლედი?

– ასეთ ქალებსაც შევხვედრივარ. ყველა ქალი არც იდეალურია და არც მშვენიერი, ამიტომ ყველა ვერ მოგეწონება. თუმცა ასე შეიძლება ერთი შეხედვით მოგეჩვენოს, მერე კი აღმოჩნდეს, რომ სულაც არ ყოფილა არასასურველი ქალი და მასში ბევრი მშვენიერი თვისება აღმოაჩინო.

– არსებობს რომელიმე პროფესია, რომელიც ქალს არ შეეფერება?

– საერთოდ არ მესმის, რას ნიშნავს პოლიტიკოსი ქალი. რა უნდა ქალს პოლიტიკაში, თუკი ის ქალობაზე დებს თავს?! ქალი რატომ უნდა გახდეს პოლიტიკოსი?! ეს სფერო ქალს არ უხდება.

– კაცს უხდება?

– პოლიტიკოსი კაცი უნდა იყოს, ქალს ამ საქმეში რა უნდა, ვერ ვიგებ! საერთოდ არ მომწონს პოლიტიკოსი ქალები.

– კიდევ რა პროფესიის ქალს ვერ ან არ უწოდებთ მშვენიერ ლედის?

– შტანგისტი ქალი რატომ უნდა მომეწონოს?! ქალი რომ 70 კილოს მაღლა და დაბლა სწევს, ის როგორ მომეწონება?! ასე, კონკრეტულად რომ მკითხოთ, შემიძლია გითხრათ, რა პროფესია არ მომწონს და პირიქით, რა უხდება ქალს, მაგრამ ზოგადად ამ თემაზე არასოდეს მიფიქრია. მე ქალთან დაკავშირებით მაქვს ჩემი იდეალები, პირადი შეხედულებები, მოსაზრებები და არგუმენტები, რასაც შეიძლება კონკრეტულად არ ვამბობ, მაგრამ, ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ მიხვდეთ.

– თქვენი მშვენიერი ლედი პირველივე დანახვისას შეგიყვარდათ?

– პირველივე დანახვისას ჩემი გახდა და მორჩა! ანუ როცა შევხედე, მივხვდი, რომ ეს ადამიანი ჩემი იყო. შემდეგ, როცა გავიცანი, ის მართლა მშვენიერი აღმოჩნდა. ჩემი ქვეცნობიერი კი მანამდე მიხვდა, რომ ეს ადამიანი მშვენიერი, იდეალური ქალი იყო, ვიდრე გონებით და გულით მივხვდებოდი.

– აუცილებელია თქვენს მშვენიერ ლედის თქვენი პროფესია აინტერესებდეს?

– მითხარით, როგორ უნდა იყოს ჩემ გვერდით ქალი, რომელსაც მუსიკა არ აინტერესებს?! ამგვარი რამ როგორ წარმოგიდგენიათ?! აბა, ჩემ გვერდით ისეთ ქალს რა უნდა, თუ მას ჩემი პროფესია, ჩემი საქმე არ აინტერესებს?!

– შეიძლება თქვენ აინტერესებდეთ და არა – თქვენი საქმე.

– როგორ უნდა დაინტერესდეს ჩემით, თუ მას ჩემი სფერო არ მოსწონს? შეუსაბამო იქნება ეს ყველაფერი. მაგალითად, როგორ უნდა მოვიყვანო ნონა გაფრინდაშვილი ცოლად, თუ მე ჭადრაკი არ მაინტერესებს?!

– ჩვენთან მამაკაცებს, ქალისადმი დამოკიდებულების მიხედვით, ყოფენ ხოლმე კატეგორიებად – აზიატი, არაზიატი... თქვენ ქალთან ურთიერთობისას აზიატი ხართ?

– არ ვიცი, აზიატი რას ნიშნავს. მაგალითად, შვედები ძალიან მკაცრები, ტრადიციების დამცველები არიან. ისეთი შვედი მინახავს, ჭკუიდან გადავსულვარ. მეუღლეებს საწოლში კლავენ. ის ყველაფერი, რაც ქართველებს და არა მარტო ჩვენ გვაქვს, ეს იქნება ეჭვიანობა თუ სხვა საკითხები, სხვა ერის ადამიანებისთვისაც ჩვეულებრივი ამბავია. ქალისადმი ასეთი დამოკიდებულებები ყველა მამაკაცს აქვს. ეს არის ჩვეულებრივი, ადამიანური მიდგომები.

– ვთქვათ, არ გინდათ, რომ თქვენი ცოლი სადმე წავიდეს, ეტყვით, შინ დარჩიო?

– თუ არ მომწონს ადგილი, სადაც წასვლას აპირებს, ვეტყვი, მოდი, იქ ნუ წახვალ–მეთქი.

– თუ მაინც წავიდა?

– მაშინ წავიდეს და ნუღარ დაბრუნდება!

– გენდერულ თანასწორობაზე რას ფიქრობთ?

– ეს საშინელი სიტყვაა. როცა სიყვარულზეა ლაპარაკი, ეს უცნაური სიტყვა არც კი უნდა გაჟღერდეს, რადგან რაღაც დაავადებას მაგონებს – კოლიტივით არის. როცა ქალი გიყვარს და მასაც უყვარხარ, იქ გენდერული ბალანსის დაცვა რა შუაშია?! მე მგონია, რომ დრო ყველაფერს თავისით ალაგებს. თუ დღეს ქალებს მოსწონთ, რომ რესტორანში მამაკაცს ფული გადაუხადონ, კი, ბატონო, გადაიხადონ. ეს არ მომწონს. მომწონს, როცა მე ვიხდი.

– ოჯახური საქმეების გადაწყვეტაში უფრო მნიშვნელოვან როლს მამაკაცი ასრულებს თუ ქალი?

– გააჩნია ოჯახურ საკითხს. სუფრის გაშლაში ქალი უფრო მაგარია, აგურის აწევაში – კაცი. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. როგორ წარმოგიდგენიათ, ჩემს მეუღლეს დავუძახო: "ნინო, მოდი, როიალი ამიწიე, რა!".

– ქალის ჩაცმულობა, გარეგნული იერი თუ გეუბნებათ რამეს?

– გემოვნებიანი ქალები მომწონს. მაშინვე ვამჩნევ, თუ ქალს უგემოვნოდ აცვია. შეიძლება სხვამ ჩათვალოს, რომ გემოვნებით არის ჩაცმული, მაგრამ მე სულაც არ მომეწონოს. ეს ძალიან ინდივიდუალურია. ქალს რაც უხდება, ის უნდა ჩაიცვას. თუ ქალს სხეულის კარგი ნაწილები აქვს, რატომ უნდა დამალოს?! ვულგარულად ჩაცმული ქალები არ მიყვარს.

– რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქალი ინტელექტუალი იყოს?

– უინტელექტო ჩემ გვერდით ქალი კი არა, ცხოველიც არ მინდა. რა თქმა უნდა, ქალი ინტელექტუალი უნდა იყოს. მომწონს ლამაზი და ინტელექტუალი ქალები. განათლება არ ნიშნავს იმას, რომ ჭკვიანი ხარ. იმასაც გეტყვით, რომ მე მარტო ჭკვიანი ქალი არ მინდა, ის ლამაზიც უნდა იყოს.

– მოგწონთ ქალი, რომელსაც კულინარია კარგად ესმის?

– ზოგიერთ ქალს შეუძლია დიასახლისობა, ზოგს კი ეს სფერო არ ესმის, რადგან სულ დაკავებულია და საქმეები აქვს. ამით ქალის მშვენიერება არ განისაზღვრება. მირჩევნია, ქალი სამზარეულოს ნაცვლად ოფისში იყოს.

– მოგწონთ, როცა ქალი მაკიაჟს იყენებს და გარეგნობას ამით იუმჯობესებს?

– ბუნებრიობა მირჩევნია. მაკიაჟს ორი რამის გამო ხმარობენ, ერთი, რომ რაღაც დამალონ და მეორე, რაღაც გამოკვეთონ. თუ ისეთი სახე აქვს, რომ მაკიაჟი არ სჭირდება, ძალიან კარგია, თუკი სჭირდება და იკეთებს, არც ამაზე მაქვს გართულება. ეს ქალის საქმეა.

– თქვენს მეუღლეს რას ურჩევთ ხოლმე?

– ამ საქმეში არ ვერევი. მისი გადასაწყვეტია, მაკიაჟს გაიკეთებს თუ არა. როცა მეკითხება, მომწონს თუ არა, ხან ვეუბნები, რომ კარგია, ხან მივანიშნებ, რომ არ მომწონს.

– ბევრი მშვენიერი ქალი დადის თბილისში?

– ბევრი მშვენიერი ქალი თბილისში კი არა, მსოფლიოში არ დადის. აი, ლამაზი ქალი კი ბევრია. ქალი რომ მშვენიერი იყოს, მას, გარეგნული სილამაზის გარდა, კიდევ ბევრი რამ სჭირდება. მშვენიერი ქალი საძებნია. აურით ვხვდები, ქალი მშვენიერია თუ არა.

– რა გაღიზიანებთ ქალში?

– გამაღიზიანებელია, როცა ქალს ბევრი მამაკაცური თვისება აქვს. ჩემთვის ძალიან მიუღებელია, როცა ქალი ქალს არ ჰგავს და მასში მამაკაცური ჰორმონები ჭარბობს.

ანა ნოდია



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ქალი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online