| ქალი და მამაკაცი |

მსახიობ ნატო გაგნიძის აზრით, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ინტერესთა თანხვედრა. თვითონ ქორწინებაში არ გაუმართლა, 10 წლის გოგონას, ელენეს, მარტო ზრდის და განათხოვარი, მარტოხელა დედის მიმართ საზოგადოების არაჯანსაღი დამოკიდებულება, ანუ "სხვა თვალით" ყურება საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი, ისე როგორც სასიამოვნო თუ უსიამოვნო სიურპრიზები მამაკაცთა მხრიდან.
– ნატო, რა ასაკიდან გააცნობიერეთ, რომ ქალი იყავით?
– გვიანობამდე აქტიურად ვმეგობრობდი ბიჭებთან. ფეხბურთს და სხვა ასეთ ბიჭურ თამაშებს ვთამაშობდი. სკოლის დამთავრების შემდეგ გავაცნობიერე, რომ უნდა გავპრანჭულიყავი. ინსტიტუტში რომ ჩავაბარე, მაშინ ჩავიცვი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები და მაკიაჟიც მაშინ გავიკეთე.
– როგორი ტიპის ბიჭები მოგწონდათ?
– იმ პერიოდში ნაკლებად ვაცნობიერებდი, მაგრამ დღეს უკვე ზუსტად ვიცი, როგორ ტიპთან არ მექნება არასოდეს ურთიერთობა. ვერ ვიტყვი, რომ საპირისპირო სქესის მხრიდან გამორჩეული ყურადღების ობიექტი ვიყავი. ალბათ არ ვიყავი საინტერესო ან უბრალოდ შემთხვევით ურთიერთობებს არ ვეძებდი და ეს იყო მიზეზი. თუ ვგრძნობ, რომ ურთიერთობას პერსპექტივა არ ექნება, არც არასდროს დავიწყებ. საპირისპირო სქესს ფლირტის და ზედმეტი ყურადღების გამოხატვის საშუალებას არასოდეს ვაძლევ და მაშინაც ასე იყო.
– რა იგულისხმეთ, როცა თქვით, რომ იცით, როგორ მამაკაცთან არ გექნებათ არასოდეს ურთიერთობა?
– იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რომ ნარკომანი არ უნდა იყოს. პრობლემურ ადამიანთან ურთიერთობა არავის უნდა. თავის საქმეში რეალიზებული უნდა იყოს. ვაჟკაცობა და ღირსება – ეს ჩვეულებრივი და ბუნებრივი მოთხოვნებია, რაც მამაკაცს უნდა გააჩნდეს. ძლიერი უნდა იყოს, მის გვერდით თავს დაცულად უნდა გრძნობდე. განათლებული და ზოგადად საინტერესო ადამიანი უნდა იყოს, რომ მასთან ურთიერთობა მოსაწყენი არ გახდეს.
– როგორ გგონიათ, დროსთან ერთად ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებიც შეიცვალა?
– ბევრი მისტირის გარდასულ დღეებს. ხელაღებით ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი მამების პერიოდი ჯობდა ახლანდელს ან მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანია. ყველა თაობას თავისი დამახასიათებელი ნიშანი აქვს. ვფიქრობ, რომ წინა თაობებში ქალისადმი პატივისცემისა და მოკრძალების ფენომენი უფრო არსებობდა, მაგრამ ეს თაობის ბრალი არ არის. ზოგადად ჩემს თაობაში ქალის ფუნქცია გაიზარდა. ის სტერეოტიპი, რომ ქალი დაუცველი, ნაზი და უსუსურია, თვითონ ქალმა დაამსხვრია. გახდა უფრო ძლიერი, დამოუკიდებელი და ალბათ ამიტომ აღარ არის ის მოწიწება მის მიმართ, რაც ადრე იგრძნობოდა. ამას ჩემ გარშემო ვხედავ. მამაკაცები რიცხობრივადაც ქალებზე ცოტანი არიან, რეალიზებული ქალი კი რეალიზებულ მამაკაცზე მეტია. ბალანსია დარღვეული და, ჩემი აზრით, ამაშია პრობლემა.
– რა უნდა გააკეთოს მამაკაცმა, რომ თქვენი ყურადღება მიიპყროს?
– ადამიანს ერთი საჩუქრის შემდეგაც შეიძლება სავახშმოდ წავყვე, თუ იმ ადამიანმა დამაინტერესა და არა იმიტომ, რომ ამ საჩუქარმა მომხიბლა. არ ვიცი, მამაკაცმა როგორ უნდა დამაინტერესოს, ამის რეცეპტი არ არსებობს. რაღაც უნდა მოხდეს, მის მიმართ ინტერესი უნდა გამიჩნდეს.
– როგორია თქვენი იდეალური მამაკაცი?
– მსუქანი და ღიპიანი არ უნდა იყოს. რასაკვირველია, როცა ფიქრობ, ვინ გინდა, იყოს შენ გვერდით, ისურვებ, რომ ის სიმპათიური, განათლებული, საინტერესო იყოს. ჩემი აზრით, მამაკაცმა ქალი უნდა დააბნიოს, ოღონდ არა – სისულელით. უნდა გააოცოს, მაგრამ არა – უსიამოვნოდ.
– უსიამოვნოდ ან სასიამოვნოდ გაუოცებიხართ მამაკაცს?
– სასიამოვნო გაოცებებიც ყოფილა და უსიამოვნოც. მამაკაცებს აქვთ სასიამოვნოდ გაოცების უნარი, ოღონდ, ჩემი დაკვირვებით, ეს არის გარკვეული ეტაპი, როცა მათთვის მოსანადირებელი ობიექტი ხარ და შთაბეჭდილება აქვთ მოსახდენი. შემდეგ, სამწუხაროდ, ამ ფანტაზიას კარგავენ. ზოგადად კი, ადამიანის მიმართ როცა გაქვს გრძნობა, უბრალო ჟესტმაც შეიძლება დადებითი ემოციები მოგანიჭოს. და მაინც, მამაკაცები სასიამოვნოდ გაოცებენ იქამდე, სანამ ობიექტი მოსანადირებელია, შემდეგ უკვე უსიამოვნოდ გაოცების დიდოსტატები არიან. ამას ჩემი დაკვირვებით ვამბობ.
– რა არ უხდება მამაკაცს?
– სიძუნწე კატეგორიულად არ უხდება. ასეთ სიტუაციაში ძალიან საბრალოები არიან. აგრესიის გამოხატვა არ უხდებათ და ეს მათ სისუსტეზე მიუთითებს, თუმცა იმასაც გააჩნია, ვის მიმართ გამოხატავენ. არის ალბათ შემთხვევა, როცა ეს გარდაუვალი და გამართლებულია.
– იუმორის გრძნობას რამდენად აქცევთ ყურადღებას?
– მნიშვნელოვანია და არამარტო მამაკაცისთვის. ანეკდოტის კარგად მოყოლა და ვიღაცის პაროდიის გაკეთება ჩემთვის იუმორი არ არის. მამაკაცს ინტელექტუალური იუმორი უნდა ჰქონდეს.
– აქედან გამომდინარე, თქვენი ოცნების მამაკაცი ინტელექტუალი უნდა იყოს?
– უპირობოდ! გააჩნია, ვინ რას უწოდებს ინტელექტს. პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი უნდა იყოს. შეიძლება ჩემი ინტელექტის კოეფიციენტიც არ აკმაყოფილებდეს ვიღაცას, მაგრამ ორმა ადამიანმა რაღაც საერთო ნამდვილად უნდა იპოვოს. აუცილებელი არ არის, ერთი პროფესია ჰქონდეთ.
– ამბობენ, რომ ქართველი მამაკაცები ვერ ჩამოყალიბდნენ და ვერ გაარკვიეს, ევროპელები არიან თუ აზიატები...
– ამას ტყუილად ამბობენ, რადგან ერთმნიშვნელოვნად აზიატები არიან.
– მოგწონთ აზიატი მამაკაცი?
– აზიატობის ხარისხს გააჩნია. ვიღაც მკაცრად აზიატია და მის გვერდით მყოფ ქალს აკრძალვებს უწესებს, მაგრამ ეს მათი ბრალი არ არის, ეს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის გავლენაა. მაგალითად, არ ქორწინდებიან განათხოვარ ქალებზე. ეს მათთვის ტაბუდადებული თემაა. არ უპირისპირდებიან საზოგადოებრივ აზრს და არ არღვევენ ამ სტერეოტიპს. "რას იტყვის ხალხი?" – ფიქრობენ და ასეთი გადაწყვეტილების მიღებას ერიდებიან. განქორწინებული ქალების მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულებაა.
ერთ მაგალითს მოვყვები: ასაკით უფროსი მსახიობი მეგობარი მყავს. ლაპარაკმა მოიტანა და თქვა, როგორ მოიყვანა ჩვენმა კოლეგა ბიჭმა განათხოვარი ქალი. რა გაჭირვება ჰქონდა ასეთი, რომ მაინცდამაინც განათხოვარი მოიყვანაო. მეც იქვე ვიჯექი, არადა, რომ ჰკითხო, ჩემთან კარგი ურთიერთობა აქვს და პატივს მცემს. ძალიან გავღიზიანდი და მივეცი თავს უფლება, პასუხი გამეცა. მარტო ის ფაქტი, რომ განქორწინებულია, გაძლევს იმის უფლებას, რომ დაიწუნო?! მეც არ მაქვს შანსი და უფლება, გავთხოვდე?! არა, შენ სულ სხვა ხარო, მიპასუხა. ვუთხარი, შენ ხომ არ იცნობ, იქნებ ისიც სხვა არის–მეთქი. არიან ადამიანები, რომლებიც ამ სტერეოტიპებს ანგრევენ და მათ დიდ პატივს ვცემ.
– ეჭვიან მამაკაცზე რას ფიქრობთ?
– ეჭვიანობით ადამიანის მიმართ უნდობლობას გამოხატავენ და ამით საკუთარ თავს აკნინებენ. ვიღაცეებს ეს გრძნობა პათოლოგიურად აქვთ გამოხატული, ასეთები სამკურნალონი არიან.
– თქვენ არ ხართ ეჭვიანი?
– ეჭვიანობის გამოვლენას გააჩნია. შენთვის სასურველი მამაკაცი რომ ვიღაცეების ინტერესის ობიექტი ხდება და ჩასაფრებულ ქალბატონებს ხედავ, ნამდვილად უსიამოვნო შეგრძნებაა, მაგრამ ეჭვიანობას აღარ გააგრძელებ, თუ ორ ადამიანს შორის ყველაფერი გარკვეულია.
– თქვენი ოცნების მამაკაცის მოსაპოვებლად იბრძოლებთ?
– არა მგონია, არსებობდეს მექანიზმი, მამაკაცი რომ დიდხანს შეინარჩუნო, თუ თავად არ აქვს ინტერესი შენ მიმართ. ჩემი აზრით, შეურაცხმყოფელია, როცა ქალს კაცის შენარჩუნება რაღაც მაქინაციებით უწევს.
– რა მოსწონთ კაცებს?
– სხვადასხვა კატეგორიის კაცს სხვადასხვა ტიპის ქალი მოსწონს. წარმატებული, ჭკვიანი ქალები ყველაზე მეტად მოსწონთ, მაგრამ იქვე აუცილებლად ითრგუნებიან. მამაკაცს ურჩევნია, უპირატესი იყოს, მაგრამ მერე ესეც ბეზრდება და ისევ გონებაგახსნილ ქალთან ურჩევნია ურთიერთობა. ალბათ ყველაზე მეტად ქალურობა მოსწონთ, არ აქვს მნიშვნელობა, კედი ეცმევა თუ ქოში.
– რას სურთ კაცებს?
– თვითონაც არ იციან.
მანანა ნოდია

|
დღის სიახლეები
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ალა პუგაჩოვა მომავალ შვილს ფილიპს დაარქმევს
გიგი გაჩეჩილაძე: "სალომემ ძალიან გამაწვალა"
კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ქორწინებაზე ალაპარაკდნენ
რასელ ბრენდს კეტი პერისთან გაყრა ყველაზე დიდ შეცდომად მიაჩნია












ნანკა კალატოზიშვილი: "ირაკლი კეიდიას ნახევარ წელიწადში ერთხელ მაშორებენ" 

მარკ ცუკერბერგი დაქორწინდა
ვენსან კასელის ბრაზილიური არდადეგები და უცნობი გოგონა
ჯონდი ბაღათურია: "18 წლის გოგო ერთ თვეში გავაბი მახეში!"
იზაბელი ფონტანა ცოლად ბობ მარლის ვაჟს მიჰყვება
ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს ვერტმფრენი აჩუქა
კიმ კარდაშიანის უზარმაზარი საჯდომი ვიწრო შორტებში ძლივს ჩაეკვეხა
რიზ უიზერსპუნის მამას ორცოლიანობაში ადანაშაულებენ
რაიან გოსლინგი და ევა მენდესი არ დაშორებულან
თინა კანდელაკმა ქმარს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია 









