asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

გიგი დედალამაზიშვილმა ცოლის გამო ლატარიის წაყვანაზე უარი თქვა
მარინა: "კიევში მეუბნებოდნენ, ქართველს ჰგავხარო"
გიგი დედალამაზიშვილმა ცოლის გამო ლატარიის წაყვანაზე უარი თქვა

2012-02-20 00:35:29



საქართველოში პოპულარული "მგზავრის", მუსიკოს გიგი დედალამაზიშვილის უკრაინული სიყვარული წლისა და ორი თვის წინ დაიწყო. ადრე არასოდეს უფიქრია, რომ უკრაინელი ქალი შეუყვარდებოდა, მაგრამ ფოტოგრაფმა მარინა კარპიმ მისი გულის დაპყრობა ერთ წამში მოახერხა. ნაცნობობის პირველივე დღიდან ორივე მათგანი ყურებამდე შეყვარებული აღმოჩნდა. მათ ახლა ორ ქალაქში უწევთ ცხოვრება – თბილისსა და კიევში. მარინა ფოტოსესიებისათვის კიევში დადის. გიგის მუსიკალური გეგმებიც უკრაინაში უფრო გააქტიურდა. სწორედ ეს გახდა მიზეზი, როგორც თვითონ ამბობს, რომ "რუსთავი 2"–ზე "ლატარიის" წამყვანობისთვის თავი დაენებებინა.
შეყვარებული წყვილი ერთოთახიან, სტუდიის ტიპის ბინაში ცხოვრობს. მათი კარის მეზობლები გიგის მშობლები არიან, ასე რომ, ქართველი სადედამთილო და უკრაინელი სარძლო ერთმანეთისთვის გემრიელი კერძების მიწოდება–მოწოდებაში არიან. ზაფხულისთვის გიგი და მარინა გრანდიოზულ ქორწილს გეგმავენ, მანამდე კი "სარკეს" თავიანთი ახლანდელი ცხოვრების შესახებ უამბობენ.
გიგი: ჩვენი სიყვარული ჯერ ძალიან პატარაა – წელიწადის და ორი თვის. მარინა 2010 წლის 5 დეკემბერს გავიცანი კიევში, მეგობრის დაბადების დღეზე. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ სიყვარულს კიევში ვიპოვიდი. მით უმეტეს, იმ ეტაპზე ასეთ სერიოზულ ურთიერთობას არც ვეძებდი. მისი გამოჩენით კი ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა.
მარინა: გიგის ჩემს გაცნობამდე უკრაინელ ქალებზე სხვა წარმოდგენა ჰქონდა და თვლიდა, რომ ისინი სერიოზულად არასოდეს მოეწონებოდა.
გიგი: ჰო, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ უკრაინელი არ შემიყვარდებოდა. მარინამ ჩემი ყურადღება პირველი დანახვისთანავე მიიქცია. ძალიან მხიარული, ლაღი იყო. გაცნობიდან მოყოლებული სულ ერთად ვართ.
– მარინა, თქვენი პირველი შთაბეჭდილება გიგიზე რა იყო?
მარინა: პირველი, რამაც ყურადღება მიიქცია, ის იყო, რომ მას საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა, მისგან ყოველთვის სიკეთე მოდის. შეხედავ თუ არა, ხვდები, რომ ძალიან კეთილი და დადებითი პიროვნებაა. არ შეიძლება, მის მიმართ კარგად არ განეწყო.
გიგი: გამოდის, რომ ჩვენ შორის ერთი ნახვით შეყვარება იყო, რადგან პირველივე შეხვედრის შემდეგ არც მე და არც მარინას ერთმანეთის გარდა სხვა აღარაფერზე გვიფიქრია. დღემდე ვერ ვხსნი, რატომ, მაგრამ თავიდანვე მივხვდი, რომ ამ გოგოში რაღაც განსაკუთრებული იყო. ყველაფერი ძალიან ლამაზად აეწყო.
– მარინა, გიგის გაცნობამდე რა წარმოდგენა გქონდათ ქართველ მამაკაცებზე?
მარინა: საქართველოში გიგის გაცნობამდე არასოდეს ვყოფილვარ. წარმოდგენა მხოლოდ ქართველების გარეგნულ იერსახეზე მქონდა. მე და დედაჩემს რატომღაც ხშირად გვეუბნებოდნენ, ძალიან ჰგავხართ ქართველებსო. ამიტომ, თუ სადმე დავინახავდი ქართველს, ვაკვირდებოდი, მაინტერესებდა, რითი და რატომ ვგავდი მათ. ქართველებზე რა წარმოდგენაც შემექმნა, ისეთივე აღმოჩნდა რეალობაც. როცა გიგის მშობლები და მეგობრები გავიცანი, მივხვდი, რომ ტყუილად არ ლაპარაკობენ ქართველების კეთილ გულსა და სტუმარმასპინძლობაზე.
გიგი: ამას წინათ ერთ გარემოში მოვხვდით, სადაც ერთმა მითხრა, ეს ქართველი გოგო რა კარგად ლაპარაკობს რუსულადო.
– როგორ განვითარდა თქვენი სიყვარულის ისტორია თბილისსა და კიევს შორის?
გიგი: გაცნობიდან მესამე დღეს თბილისში დავბრუნდი და დაიწყო გაუთავებელი ინტერნეტურთიერთობა. თბილისში დავპატიჟე და მანაც მიიღო მოპატიჟება – 5 დღით ჩამოვიდა, ჩემი თხოვნით კი უფრო დიდხანს დარჩა. ამის გამო მარინას დედასთანაც მომიწია დარეკვა, რომელსაც არ ვიცნობდი. ავუხსენი, რომ მისი შვილი ძალიან საიმედო ხელში იყო. ერთმანეთის გარეშე ყოფნა ძალიან გვიჭირდა, ჩვენი ყოველი განშორება მარინასთვის განსაკუთრებულად რთული იყო, რადგან მაინც ქალია და უნდა, რომ სულ საყვარელი ადამიანის გვერდით იყოს. შემდეგ ისე აეწყო ჩვენი ურთიერთობა, ხან მე ჩავდიოდი, ხან ის ჩამოდიოდა. ერთმანეთის გარეშე ორ კვირაზე მეტს ვეღარ ვძლებდით.
– მარინა, მიუხედავად დიდი სიყვარულისა, უცხო ეროვნების ბიჭთან უცხო ქვეყანაში სირთულეები ალბათ მაინც შეგხვდათ.
მარინა: არავითარი სირთულე არ ყოფილა. ყველაფერი, რასაც გიგისთვის ვაკეთებდი, ჩემთვის სასიამოვნო იყო. თუნდაც ის, რომ საჭმლის კეთება დავიწყე. რაც გავიცანი, ყველა ჩემი მეგობარი და მშობლებიც კი აღნიშნავენ, რომ შევიცვალე, ოღონდ საუკეთესო კუთხით, უფრო მშვიდი და წყნარი გავხდი. სანამ გიგის გავიცნობდი, დამოუკიდებელ ცხოვრებას ვიყავი მიჩვეული და მეგონა, რომ ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი იქნებოდა. 16 წლიდან ვმუშაობ და ჩემს თავსაც ვინახავდი და მშობლებსაც, ამიტომ ძალიან მებრძოლი ხასიათი ჩამომიყალიბდა. სულ ვამბობდი, არავის დახმარება არ მჭირდება, ყველაფერს თავად მივაღწევ–მეთქი. სწორედ გიგისთან ურთიერთობაში მივხვდი, რომ შეიძლება ყველაფერზე მე არ ვიფიქრო და ჩემზეც იზრუნონ.
გიგი: მარინა იმიტომაც მომწონს, რომ პიროვნულად ძალიან დამოუკიდებელი ადამიანია. არანაირი საჭიროება არ ჰქონდა, რომ 16 წლიდან ემუშავა, მაგრამ ის ამას თავისი სიამოვნებისთვის აკეთებდა.
– მარინა, არც ის იყო ძნელი, კიევში ყველაფერი მიგეტოვებინათ და სიყვარულს გამოჰკიდებოდით თბილისში?
მარინა: არ ვთვლი, რომ ჩემი საქმე მივატოვე. მე ვარ ფოტოგრაფი, მყავს ჩემი კლიენტები, შეკვეთის შემთხვევაში მივდივარ, ვმუშაობ და ვბრუნდები. ორსაათნახევრიანი ფრენა ხელს არ მიშლის, თბილისშიც ვიყო და კიევშიც. ესაა, რომ ოჯახის დატოვება მომიწია, დედას ძალიან ვენატრები, ჩემი უმცროსი ძმა კი გიგიზე ეჭვიანობს.
გიგი: ბუნებრივია, მარინას ოჯახი უფრო მეტად ნერვიულობს, შვილი ენატრებათ, მაგრამ იმის გამო, რომ ხშირად მივდი–მოვდივართ თბილისსა და კიევს შორის, ეს არავის უქმნის პრობლემას.
მარინა: როგორც კი თბილისში მიტინგები იწყება, დედაჩემს ძალიან ეშინია. გასული წლის ივლისში რუსთაველზე არეულობა რომ იყო, ტელეფონზე იყო ჩამოკიდებული და მეუბნებოდა, ტანკი თუ დაინახე ქუჩაში, დაიმალეო, ჯარისკაცებს არაფერი უთხრაო.
გიგი: მარინა თავის საქმეში კიევში ძალიან წარმატებულია. არ მინდა, ეს ყველაფერი ჩემ გამო დათმოს. ყველანაირად ხელს შევუწყობ, რომ თავისი საქმე გააკეთოს. ჩემი მხრივ, მეც ვცდილობ, ისე მოვაწყო ცხოვრება, რომ მაქსიმალურად მორგებული იყოს მარინას გრაფიკზე. მაგალითად, "რუსთავი 2"–ის გადაცემა "ლატარიიდან" იმიტომ წამოვედი, რომ იქ მუშაობას ვეღარ ვასწრებდი, კიევშიც ბევრ კონცერტს ვგეგმავ ხოლმე. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იყო ამ პროექტში მუშაობა, მაგრამ ამ ეტაპზე ასე უკეთესი იყო. როცა თბილისში კონცერტები მექნება, მარინა ჩემთან იქნება. როცა მას გადაღებები ექნება კიევში, მე ვიქნები მასთან. "მგზავრებზე" მოთხოვნა კიევშიც დიდია, ამიტომ ამ ორ ქალაქს შორის ცხოვრება მოგვიწევს.
– მარინა, თბილისში თქვენი ცხოვრება პასიურ რეჟიმში გადადის?
გიგი: მარინა თბილისში ისვენებს, კიევიდან მოაქვს სამუშაო, აქ კომპიუტერზე მუშაობს და დანარჩენ დროს ისვენებს.
მარინა: ახლა ორი კვირით ვიყავი კიევში, 8 გადაღება მქონდა, ძალიან დავიღალე. ამიტომ თბილისში მართლაც ვისვენებ.
– ქართულ ენას ადვილად სწავლობთ?
მარინა: კი, უკვე შემიძლია ვთქვა, რომ კარგად ვლაპარაკობ.
გიგი: სამწუხაროდ, მარინამ ქართულად ლაპარაკი ბიჭურ სტილში ისწავლა. ქართულად პირველი რაც ისწავლა, გინება იყო, ოღონდ მნიშვნელობა არ იცოდა. ისეთ სიტყვებს იმეორებდა, რაც ხშირად უხერხულობაში მაგდებდა. ახლა ქართულ ენას ტელეფონით სწავლობს, პროგრამა იპოვა, რომელიც ტელეფონში ჩაწერა და ძალიან კარგად აუღო ალღო.
– როგორი აღმოჩნდა რეალურად თბილისში ცხოვრება?
მარინა: ამ ქალაქში ცხოვრება ძალიან მაგარია. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ისე მოხდა, თბილისში აღმოვჩენილიყავი. ბევრი ამბობს, როდესაც ქალაქს იცვლი, ამას ყოველთვის თან ახლავს ეიფორია და ალბათ შენც ეს გაქვსო. მე კი მგონია, რომ ამ ქალაქს განსაკუთრებული ხიბლი აქვს. მე კიევში არ დავბადებულვარ, დონეცკში გავჩნდი. ამ ქალაქში გაცილებით მეტი სითბო იყო, ვიდრე – კიევში და თბილისშიც ზუსტად ის განცდა დამეუფლა, რაც დონეცკში მქონდა, გარკვეულწილად, ბავშვობაში დავბრუნდი.
ყველაზე მეტად ის მომწონს თბილისში, რომ ამ ქალაქში შეგიძლია საკუთარი თავისთვის იცხოვრო და სიამოვნება მიიღო. ცხოვრება ხანმოკლეა და ის რაც შეიძლება კარგ ადამიანებთან უნდა გაატარო, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან. კიევში კი ეს თითქმის შეუძლებელია.
– გიგი, თქვენმა მშობლებმა როგორ მიიღეს უკრაინელი სარძლო? თავიდან ხომ არ გითხრეს, ჩვენ ქართველი გოგო გვინდაო?
გიგი: ძალიან კარგად მიიღეს და უკვე ძალიან უყვართ. რა თქმა უნდა, შეიძლება მამაჩემს არ ნდომებოდა ისეთი უკრაინელი რძალი, როგორი სტერეოტიპიც არსებობს ჩვენში. გაიცნო თუ არა მარინა, იმ საღამოსვე მითხრა, გიგი, კაი ბიჭი ხარ, ეს გოგო რომ აირჩიეო.
მარინა: გიგი ჩემს მშობლებსაც ძალიან უყვართ. სხვათა შორის, გიგი და მამაჩემი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ცოტა ხნის წინ დედაჩემის დაბადების დღეზე ვიყავით, რაღაცაზე ვსაუბრობდით და ამ დროს მამაჩემმა გიგის სიძე უწოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ არც ხელი გვაქვს მოწერილი და არც ჯვარი დაწერილი.
– არ აპირებთ ოფიციალურად დაქორწინებას?
გიგი: კი, მარინას ძალიან უნდა ქორწილი და მეც ძალიან მინდა, რომ ეს სურვილი ავუსრულო. უბრალოდ, რაც კი დანაზოგი გვქონდა, ყველაფერი ამ ბინაში ჩავდეთ, რომელშიც ვცხოვრობთ. თანაც ჩვენს ქორწილს დიდი ორგანიზება სჭირდება, მინიმუმი 50 კაცი უნდა ჩამოვიდეს კიევიდან.
– მარინა, როგორ ქორწილზე ოცნებობთ?
მარინა: ცხოვრებაში ძალიან ბევრი ქორწილი მინახავს, რადგან კიევში ქორწილების ფოტოგრაფსაც მიწოდებენ. ბოლო ორი თვის განმავლობაში 15 ქორწილი გადავიღე. არ მიყვარს გადაპრანჭული და ძალიან ძვირფასი ქორწილები, სადაც ყველაზე მთავარი იკარგება. იცით, თანამედროვე ქორწილები რას ჰგავს? არა – ორი ადამიანის სიყვარულის ზეიმს, არამედ შეჯიბრებას, ვის უფრო მაგარი მანქანა ეყოლება ქორწილში, ვის უფრო მაგარი კაბა ეცმევა. მინდა, რომ ჩემი ქორწილი არ იყოს ამგვარი შეჯიბრი. ზუსტად ვიცი, ჩვენი ქორწილი აუცილებლად იქნება სხვანაირი, უფრო მეგობრული და ადამიანური.
– მარინა, "მგზავრების" სიმღერები მოგწონთ?
მარინა: კი და ხშირად მითქვამს გიგისთვის, ჩვენ შორის სიყვარული რომ არ ყოფილიყო, მისი მუსიკა და სიმღერა მაინც მეყვარებოდა. დღემდე მანქანაში მაქვს ის დისკი, რომელიც გაცნობის დღეს მაჩუქა. "მგზავრების" სიმღერები სულ ზეპირად ვიცი, შეიძლება რაღაცეების თარგმანი ბოლომდე არ ვიცი, მაგრამ ტექსტს ზეპირად გეტყვით. სხვათა შორის, ეს სიმღერებიც ძალიან დამეხმარა ქართული ენის შესწავლაში.
გიგი: ცოტა ხნის წინ მარინას რუსული სიმღერაც მივუძღვენი, რომელზეც მალე კლიპსაც გადავიღებთ. ძალიან არამგზავრული სიმღერა გამოვიდა, რუსული პოპჯგუფები რომ იმღერებენ, იმ ჟანრისაა.
– არის თქვენს ურთიერთობაში კამათი და ბუტიაობა?
გიგი: ორივე მაგარი გიჟები ვართ, ძალიან პატარა რამეზე შეგვიძლია სკანდალი შევქმნათ, ოღონდ შემდეგ ძალიან ბევრს ვიცინით.
მარინა: ხანდახან იტალიელ ან ესპანელ წყვილს ვგავართ, მაგრამ ასეთი რაღაცეების გარეშე ურთიერთობა მოსაწყენია. საბედნიეროდ, სერიოზული ჩხუბი არ მოგვსვლია. ჩვენი ჩხუბი ის არის, რომ ვყვირით და მერე ვიცინით.
– გიგი, მარინა გემრიელ საჭმელებს გიმზადებთ თუ სადილად დედასთან გარბიხართ?
გიგი: ამაშიც გამიმართლა, ძალიან მონდომებულია. რა თქმა უნდა, როცა დედაჩემს გემრიელი საჭმელი აქვს, ყოველთვის გვაწვდის და ჩვენც ვუგზავნით.
მარინა: დედაჩემი ძალიან გემრიელ სადილებს ამზადებს. როდესაც გიგიმ დედაჩემი გაიცნო, მან თავისი საფირმო კოტლეტები გაუკეთა და არასოდეს დამავიწყდება გიგის ბედნიერი სახე. მას შემდეგ მეხვეწება, დედაშენისნაირი კერძების გაკეთება ისწავლეო. ორი დღის წინ გავუკეთე და მაშინაც საკმაოდ ბედნიერი სახე ჰქონდა. ვუცხობ ბლინებს, რომელიც გიგის ძალიან უყვარს, სუშის გაკეთებაც ვიცი, მაგრამ ამას კიევში ვაკეთებ, თბილისში ინგრედიენტებს ვერ ვშოულობ.
გიგი: ვგიჟდები მარინას გაკეთებულ სუშიზე! იაპონურ რესტორნებში პროფესიონალების გაკეთებულს არაფრით ჩამოუვარდება.
მარინა: ვთვლი, რომ ცხოვრებაში ყველაზე მაგარი ქმარი მყავს, ძალიან გამიმართლა, მას რომ შევხვდი.
ავთო ჩიტიძე


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online