asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

როლანდ ოქროპირიძე: "ქალების გარემოცვაში მეფესავით ვცხოვრობ"
”ჩემს ხასიათში აზიატურ თვისებებსაც იპოვით და ევროპულსაც”
როლანდ ოქროპირიძე: "ქალების გარემოცვაში მეფესავით ვცხოვრობ"

2012-02-14 00:33:31



მსახიობი როლანდ ოქროპირიძე, მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, როლების ნაკლებობას არ უჩივის. რეჟისორებთან ბედი სწყალობს. მარჯანიშვილის თეატრში 7 წლის წინ მივიდა და მას შემდეგ მისი მონაწილეობით არაერთი პრემიერა შედგა. საქმეში წარმატებას პირადი ბედნიერებაც ერთვის თან. ის და მისი ცოლი, სოფო გორელაშვილი, 6 თვის წინ გახდნენ პატარა საბას მშობლები. მსახიობის ცხოვრება ამ ეტაპზე დალაგებულია, თუმცა მის ახლო წარსულში იყო გულისტკენა და გაუგებრობა, რომელიც მის უფროს შვილს უკავშირდება.
– როლანდ, ამჟამად რა სპექტაკლებზე მუშაობთ?
– ბოლო სამი თვეა, ძალიან დატვირთული ვარ, რაც მახარებს. ახალ წლამდე გიზო ჟორდანიას სპექტაკლ "რევიზორის" პრემიერა გვქონდა, რომელმაც საკმაოდ წარმატებით ჩაიარა და ჩემი როლითაც კმაყოფილი ვარ. ახლა ლევან წულაძის სტუდენტებთან, მომავალ რეჟისორებთან ვმუშაობ, მათ სადიპლომო ნამუშევარში ვმონაწილეობ. სპექტაკლს "ზვავი" ჰქვია და მისი პრემიერა იანვრის ბოლოს შედგება.
– გამოდის, რომ, როგორც მსახიობს, ბედი გწყალობთ.
– კი, ბედი მწყალობს. როცა როლები გაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ რეჟისორებს, მაყურებელს სჭირდები. სანამ თეატრალურ უნივერსიტეტს დავამთავრებდი, სხვადასხვა თეატრში ვთამაშობდი და კარგი გამოცდილებაც მივიღე. მაშინ მივხვდი, რომ რეჟისორებს ჩემთან მუშაობა სურდათ. ბევრ ჩემს მეგობარ მსახიობს უთქვამს, იღბლიანი ხარო. არიან მსახიობები, რომლებსაც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 5–6 წელი სამუშაო არ ჰქონიათ, რაც ძალიან ცუდია.
– როგორ მიგიღოთ მარჯანიშვილის თეატრის დასმა?
– მარჯანიშვილის თეატრში რომ მოვედი, ეიფორიაში ვიყავი. სპექტაკლში მაშინვე დამაკავეს და მთავარი როლიც მომცეს. ახალგარემონტებული თეატრი მაშინ იხსნებოდა, ეს იყო 2005 წელს. მონდომებული ვიყავი. ყველა მსახიობი კარგად შემხვდა. მას შემდეგ გავიზარდე, პასუხისმგებლობა მომემატა, თეატრი ჩემთვის სახლივით გახდა. აქ არაჩვეულებრივი გარემოა. მსახიობს მაყურებლისთვის მუდამ სჭირდება იმის ჩვენება, რომ, როგორც პროფესიონალი, გაიზარდა. ეს არის ძალიან რთული, მაგრამ უნდა ეცადო, ყველამ თქვას, რომ ღირსი ხარ იმ როლის. ამისთვის სულ საჭიროა ფორმაში ვიყო.
– ყველა ის შანსი გამოიყენეთ, რაც თეატრალურმა სამყარომ მოგცათ?
– როგორც ყველა ადამიანს, მეც მაქვს განცდა, რომ მეტი შემეძლო. წარსულში დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, პატარ–პატარა რაღაცეებს შევცვლიდი, მაგრამ მნიშვნელოვანს არაფერს. ისეთი არაფერი მახსენდება, რაც სანანებელი მექნება.
– ოჯახური ცხოვრება რამდენად ახდენს გავლენას საქმეზე?
– რა თქმა უნდა, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც ამბობენ, რომ მსახიობს ოჯახი არ უნდა ჰყავდეს. ძნელია, ამ ორ რამეს ერთდროულად გაართვა თავი. "კარაქი არ არის სახლში", "ზეთი დამთავრდა" – ასეთი სიტყვების მოსმენა მსახიობს არ უნდა უწევდეს, ეს პრობლემები მოგვარებული უნდა ჰქონდეს, რადგან თეატრი ჩვენგან ძალიან დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს. რეპეტიციაზე არავის აინტერესებს შენი პირადი პრობლემა, რადგან ყველას თავისი ჰყოფნის. შენი პირადი გვერდით უნდა გადადო და მობილიზებული იყო. მსახიობი თავისი ჰონორარით იმდენად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ იმაზე ფიქრი არ უწევდეს, ოჯახი როგორ გამოკვებოს. თეატრის პარალელურად ვერ ახერხებ, რომ სხვა საქმეც წამოიწყო. ამიტომ მსახიობს ოჯახის მხრიდან ხელშეწყობა სჭირდება.
– მეუღლისგან გრძნობთ ასეთ მხარდაჭერას?
– კი, ვგრძნობ. ძალიან გვეხმარებიან სოფოს დედა, ბებია და დედაჩემი. ბავშვის გაზრდა თითქმის მათზე გვაქვს გადაბარებული. სოფოც მომავალი მსახიობია, ჯერ ისევ სტუდენტია და კარგად იცის, ჩვენს პროფესიაში რა სირთულეებიც არსებობს. შეიძლება სოფო ამ პროფესიისგან შორს რომ ყოფილიყო, ბევრი რამ ვერ გაეგო, ვერ მიმხვდარიყო, ღამის პირველ საათამდე ქმარი რატომ არ უნდა იყოს სახლში.
– როგორც გამოცდილი მსახიობი, რას იტყვით, სოფოსგან კარგი მსახიობი დადგება?
– ქალი უფრო დიდ სირთულეებს აწყდება, ვიდრე კაცი. თანაც თეატრში მამაკაცებისთვის უფრო არსებობს როლები, ვიდრე ქალებისთვის. გარდა ამისა, სოფო სცენაზე არ მინახავს. შარშან ორსულად იყო და ამის გამო საკურსო სპექტაკლში ვერ მიიღო მონაწილეობა. ახლა სადიპლომო სპექტაკლზე მუშაობენ და, როცა სცენაზე ვნახავ, დასკვნებს მერე გამოვიტან. ყველანაირად დავეხმარები, მაგრამ, პირველ რიგში, თვითონ უნდა მიხვდეს, რა სურს.
– ცოლზე არ იეჭვიანებთ, თუნდაც მაშინ, როცა ის სასიყვარულო სცენებში მიიღებს მონაწილეობას?
– ამაზე მიფიქრია, მაგრამ ჯერჯერობით მსგავსი რამ არ ყოფილა. ასეთ გაუგებრობაში მეც აღმოვჩენილვარ. შოთა კალანდაძის ფილმში ლიკა ქავჟარაძესთან ერთად ვითამაშე, სადაც კოცნის სცენები იყო. ამას სკანდალური გამოხმაურებაც მოჰყვა. ასეთი რაღაცეები მაინცდამაინც არ მომწონს.
– როგორც ჩანს, აზიატი ხართ.
– ჩემს ხასიათში აზიატურ თვისებებსაც იპოვით და ევროპულსაც. თუ სამარცხვინო ფილმში უნდათ შენი გადაღება, თანახმა არ ვიქნები, მაგრამ როცა შემოქმედება ხელოვნების დონეზეა ასული და ასეთ სცენებში უხამსობის ნატამალი არ არის, რატომაც არა?! მთავარი არ არის, რომ მაინცდამაინც უკანალი გამოაჩინო.
– რა შეცვალა თქვენს პიროვნებაში ქორწინებამ, უღლის დადგმამ?
– რაღაცეები შეიცვალა ჩემში, პასუხისმგებლობა მომემატა, მაქვს ბედნიერების განცდა, რომ მყავს მეუღლე, რომელიც მიყვარს. დამთავრდა ის ფორიაქი, ცოლის მოყვანამდე რომ მქონდა. ახლა გვერდით ის ადამიანი მყავს, ვისი იმედიც მაქვს. ჩვენს ოჯახში სიმშვიდეა. გვყავს შვილი, 6 თვის საბა, რომელიც ყოველდღე უფრო და უფრო მიყვარდება, ეს მართლაც საოცარი გრძნობაა. მამობამ სულ სხვა ადამიანად მაქცია. ერთ საიდუმლოს გაგანდობთ, ერთი სული მაქვს, საბა როდის გახდება იმ ასაკის, რომ ისეთი სათამაშოები ვუყიდო, რომლებითაც მეც სიამოვნებით გავერთობი.
– როგორ ფიქრობთ, უკვე დაღვინდით და თქვენი ახალგაზრდული შეცდომები წარსულში დარჩა?
– 28 წლის ვარ და, რა თქმა უნდა, შეცდომებიც დამიშვია. ადრე ზედმეტად გულახდილი, დაუფიქრებელი ვიყავი. ბევრი რამ მსუბუქად და მარტივად გამიკეთებია, რასაც დღეს არ გავიმეორებდი. რაღაცეები, როგორც წარმომედგინა, ისე არ აღმოჩნდა. გახსნილმა ურთიერთობამ ბევრჯერ მატკინა გული. ჩემი ნება რომ იყოს, ბევრ რამეს შევცვლიდი.
– გულისტკენა კარიერას უკავშირდებოდა?
– არა, პირად ცხოვრებას. ჩემი გულისტკენა გახმაურებულ ამბავს, ჩემს უფროს შვილს უკავშირდება (რამდენიმე წლის წინ პოეტმა ეკა ბაქრაძემ საჯაროდ, პრესასა და ტელევიზიაში განაცხადა, რომ მას ქორწინების გარეშე დაბადებული ვაჟი როლანდ ოქროპირიძისგან ჰყავს. ავტ.). მეტი ჭკუა რომ მქონოდა, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა... ამ საკითხთან დაკავშირებით მეტს ვერაფერს გეტყვით.
– თქვენ და სოფოს ერთმანეთისთვის დრო გრჩებათ?
– მე და ჩემი მეუღლე შინ გვიან ვბრუნდებით და საღამოს საბასთან ერთად ვატარებთ. მერე ვუყურებთ ფილმებს და ფსიქოლოგიურად ვემზადებით იმისთვის, რომ დილით ადრიანად ავდგეთ. 12 საათზე ადგომაც კი ძალიან მიჭირს. არის საღამოები, როცა დროს მეგობრებთან ერთად ვატარებთ, ზოგჯერ ცოტას ვსვამთ, ვთამაშობთ და თავისუფალი დრო ასე გაგვყავს. სოფოს დიასახლისის როლი აცილებული აქვს, თუმცა ძალიან გემრიელი საჭმელები გამოსდის. სხვათა შორის, მეც ძალიან კარგი საჭმელების კეთება ვიცი.
– არ ფიქრობთ ცალკე ცხოვრებაზე?
– ჯერჯერობით – არა, მაგრამ მალე ჩემს სახლში გადავალთ. დედას სახლი გირაოთი ავუღე, ცალკე იცხოვრებს. ჩვენი ბინა ძალიან პატარაა და ერთად ვერ მოვთავსდებოდით. გადაცემა "რემონტში" მოვხვდით და სახლი ძალიან კარგად მოგვიწყვეს. რამდენიმე დღეში გადავდივართ და ალბათ იქ უფრო საინტერესო და სხვანაირ ცხოვრებას დავიწყებთ.
– დამოუკიდებლად ინახავთ ოჯახს?
– სამწუხაროდ, ქონება არ გამაჩნია. მამა 41 წლის იყო, რომ გარდაიცვალა, მას საკმაოდ დიდი ქონება ჰქონდა, მაგრამ მერე ცხოვრება ისე წავიდა, რომ იქიდან აღარაფერი დარჩა. ოჯახს ჩემი შემოსავლით, სოფოს ოჯახისა და დედაჩემის დახმარებით ვუძღვები. მამისგან ყველაზე მაგარი ვინც დამრჩა, მისი მეგობრები არიან. რომლებიც ყოველთვის მიდგანან გვერდში. დადებით ენერგიას მაძლევენ, ყველა მათგანი ძალიან მიყვარს, ისინი ჩემი ოჯახის წევრები არიან. 22 წლის ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა. ის ძალიან მაკლია. ისეთი ადამიანი იყო, რომელიც მხარში ყოველთვის დამიდგებოდა. მე არც და მყავს და არც ძმა, დედისერთა ვარ. მეუღლე, შვილი და საბას ბებიები – ეს არის ჩემი ოჯახი. ქალების გარემოცვაში მეფესავით ვცხოვრობ. ჩემი პატარა ოჯახისთვის თითოეული ბევრ რამეს აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ქონების პატრონი არ ვარ, მინდა, ოლიგარქი გავხდე. ეს არის ჩემი ოცნება და გავხდები კიდეც.
– ოლიგარქში რას გულისხმობთ? თქვენი აზრით, როგორ ადამიანს ეწოდება ოლიგარქი?
– ჯერ ერთი, ვიხუმრე, რომ ვთქვი, ოლიგარქობა მინდა–მეთქი. მომწონს უბრალოდ ეს სიტყვა, მინდა, მდიდარი ადამიანი ვიყო.
– ამისთვის რას აკეთებთ?
– ბიზნესის წამოწყებას ვაპირებ ტურიზმის სფეროში, კახეთში, გურჯაანის რაიონში, სოფელ მზიარში, არის ტბა და იქ ვაპირებ ტურისტების მოზიდვას, თუ როგორ და რანაირად, ამას საიდუმლოდ დავტოვებ.
ჩემთვის მთავარია, მქონდეს ბევრი ფული პირადი და ოჯახის კეთილდღეობისთვის. ბიზნესის კეთება გამოცდილებას მოაქვს, საქმე მანახებს დანარჩენს. მეტი ამ თემაზე, არ მინდა, რამე ვილაპარაკო.
ლანა კიკნაძე


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online