| ქალი და მამაკაცი |

67 წლის კატრინ დენევი ძველებურად ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური და ლამაზი მსახიობია მსოფლიოში. ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ინტერვიუში უპასუხა კითხვებს, თუ რა საერთო აქვთ მას და ნაპოლეონს, როგორ გათხოვდა, რატომ მოაწერა ხელი "მეძავების მანიფესტად" წოდებულ დოკუმენტს, რითიც შეიძინა ცივი ქერათმიანისა და ყინულის დედოფლის იმიჯი. რეალურ ცხოვრებაში ის საკმაოდ ცოცხალი და თბილი, ჭკვიანი და ენერგიით სავსეა. მას ორი შვილი ჰყავს, რომლებიც ქორწინების გარეშე გააჩინა, ვაჟიშვილი ქრისტიანი - რეჟისორ როჟე ვადიმისგან და ქალიშვილი კიარა - მარჩელო მასტროიანისგან. ჰყავს 4 შვილიშვილი (იგორი, მილა, ანნა და ლუ), ნორმანდიაში აქვს უზარმაზარი ბაღი, სადაც თავისი ხელით რგავს ყვავილებს.
- ქალბატონო კატრინ, თქვენ, როგორც ჩანს, ყველასთვის იდუმალ ქალად რჩებით, კატეგორიული წინააღმდეგი ხართ მემუარების დაწერის...
- დიახ, კატეგორიული. ოდესღაც მე წავიკითხე ბრიჯიტ ბარდოს მიერ დაწერილი მემუარები. მაშინ ის იყო 60 წლის და 20 წლის განმავლობაში კატებისა და ძაღლების გარემოცვაში ცხოვრობდა. დღემდე ვერ ვივიწყებ ზიზღის გრძნობას. საკუთარი ნებით ცხოვრებაზე უარის თქმა მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი - თუ მონასტერში მიდიხარ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სიკეთემდე არ მიგიყვანთ. მას ჰქონდა მძიმე ბავშვობა, შესაძლოა აკრძალვებმა თავისი როლი შეასრულეს, რომ ის გადაიქცა მიზანთროპად, რომელსაც ადამიანები საერთოდ არ აინტერესებს. მე უპირატესობას ვანიჭებ ცხოვრებას, შეხვედრებზე სიარულს და არა წერაში დროის ხარჯვას.
- თქვენ ძლიერი და თავისუფალი ქალი ხართ, რომელიც არ მალავს თავის ლიბერალურ შეხედულებებს. მაგალითად, 70-იან წლებში ხელი მოაწერეთ ცნობილ მანიფესტს, სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად, მათ შორის, ფანი არდანიც იყო, რომელიც აბორტების ლეგალიზებას ეხებოდა და რომელსაც ხალხმა "მეძავების მანიფესტი" შეარქვა, რამდენადაც ყველა მათგანს ცხოვრებაში მსგავსი ოპერაცია გაკეთებული აქვს...
- ფემინისტად გინდათ გამომაცხადოთ? არა, სინამდვილეში მე მებრძოლი არ ვარ. საზოგადოებრივ აქციებში კი მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ არ მიბრძოლია. როცა ვიცი, რომ ჩემს აზრს გაითვალისწინებენ, მაშინ შემიძლია რაღაცის გაკეთება, მაგრამ მუდმივად ჩემს მხრებზე პასუხისმგებლობის აღებას არ ვაპირებ. საქმე იმაშია, რომ პირადად მე, არასდროს მჭირდებოდა თავისუფლებისთვის ბრძოლა. მშობლები არაფერს მიკრძალავდნენ (მისი დედა იყო თეატრ კომედი ფრანსეს მსახიობი რენე დენევი, მამა - მორის დორლეაკი, ისიც მსახიობი). 16 წლის ასაკში კი, მათი თანხმობით, წავედი სახლიდან და დავიწყე პროფესიონალური და პირადი ცხოვრება. მაშინ საფრანგეთში დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება მხოლოდ 21 წლიდან შეგეძლო და ჩემს მშობლებს თავისუფლად შეეძლოთ ჩემთვის ამის დაშლა, მაგრამ ეს არ გააკეთეს. 13 წლის ასაკში პირველად გადამიღეს კინოში. უფროსმა და ფრანსუაზამ წამიყვანა გადაღებებზე. სწორედ ის უნდა გამხდარიყო დიდი მსახიობი, მაგრამ 25 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში დაიღუპა. 25 წლის განმავლობაში ამ თემაზე საუბარიც კი არ შემეძლო.
- თქვენ დღესაც გიღებენ ფილმებში. ცოტა ხნის წინ ფრანსუა ოზონმა გადაგიღოთ (ფილმის "8 ქალი" შემდეგ) ფილმში "სასოწარკვეთილი დიასახლისი", რომელიც თქვენთვის მეტად წარმატებული აღმოჩნდა. ოდესმე ცხოვრებაში ისეთ "დეკორატიულ ლარნაკად" გიგრძვნიათ თავი, როგორც ფილმში ხართ?
- რა თქმა უნდა. ყველა ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც აღმოჩენილა ასეთ როლში. მაგალითად, როცა გავთხოვდი, ძალიან მალე ვიგრძენი, რომ ხაფანგში ვარ. ვიგრძენი, რომ გამოუსადეგარი, ლამაზი სათამაშო ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიყენებდნენ. კაცებიც არიან ხოლმე მსგავსი "ობიექტები". მაგალითად, ისინი, რომლებიც მდიდრებზე ქორწინდებიან, ან პირიქით, 55 წლის შემდეგ ქორწინდებიან ახალგაზრდა ქალებზე. მე ისინი ყოველთვის მეცოდებიან. მარტივი არ არის იცხოვრო ადამიანთან, რომელსაც შენთან არაფერი აქვს საერთო - არც მოგონებები, არც ნაცნობები. რაც შეეხება ქალებს, ჩვენ ვულამაზებთ ცხოვრებას ქმრებს, შვილებს, მეგობრებს, მაგრამ თუ რეალური შანსი ჩნდება იმისა, რომ ვიცხოვროთ სხვანაირად, მისი ხელიდან გაშვება არ გვინდა. როცა ფრანსუა ოზონი სცენარს წერდა ფილმისათვის "მოწყენილი დიასახლისი", ეს იმ დროს ხდებოდა, როცა ჩვენთან პრეზიდენტობისთვის იბრძოდა ქალი და რომელმაც კინაღამ მოუგო ნიკოლა სარკოზის. ეს ფილმი ეხება ქალს, რომელიც დაკავდა არა მხოლოდ ქმრის ბიზნესით, არამედ პოლიტიკური კარიერაც კი გაიკეთა.
- თქვენ მხოლოდ ერთხელ იყავით გათხოვილი. ალბათ, ქორწინების ინსტიტუტს არ ენდობით, არ გჯერათ, რომ ის მუშაობს...
- მშვენივრად მუშაობს, მაგრამ არა ყველასთვის. ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ერთად ცხოვრობენ. მე ამ წყვილებით აღფრთოვანებული ვარ. აქ მთავარი არის, არჩევანის სწორად გაკეთება. ჩვენს დროში, როცა ასე მარტივია განქორწინება, ქორწინება ის ინსტიტუტი უკვე აღარ არის, რომელსაც რეალური მნიშვნელობა აქვს.
როცა დევიდს ცოლად გავყევი, მეცვა შავი კაბა, არც ის ყოფილა სადღესასწაულოდ გამოწყობილი, ხოლო ჩვენი მეჯვარე იყო მიკ ჯაგერი. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამდენი რომანტიკა იყო!
ერთ რამეში დარწმუნებული ვარ - ქალებსა და კაცებს სხვადასხვანაირად უყვართ. ქალისთვის სიყვარული არის მთავარი, ხოლო კაცი შეიძლება იყოს შეყვარებული, შესაძლოა დაქორწინდეს კიდეც, მაგრამ ცოლი არასდროს გახდება მისთვის ცხოვრების ცენტრი. ისინი მხოლოდ განქორწინების შემდეგ აცნობიერებენ, რამდენი რამე დაკარგეს. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ქორწინებაც ამიტომ დაიმსხვრა - უბრალოდ, მაშინ მე თვითონ არ ვიყავი ამისთვის მზად. ამის შემდეგ გათხოვების მცდელობაც კი აღარ მქონია.
საერთოდ, ასე მგონია, რომ ევროპელი ქალები გათხოვებაზე ისე ჩაციკლულები არ არიან, როგორც ამერიკელები. ისინი უფრო ხშირად თხოვდებიან, არა იმიტომ, რომ ფრანგებზე უფრო რომანტიკულები არიან, ალბათ, იმიტომ, რომ თავს ასე უფრო დაცულებად გრძნობენ.
- როგორ ახერხებთ ამდენი წლის მანძილზე, რომ იყოთ იდეალური სილამაზის, მოდური.
- საერთოდ, ჩემს ოჯახში ყველა ქალი ულამაზესია და მე ბავშვობიდან მიჩვეული ვიყავი იმას, რომ ლამაზი ვარ. ვარ მსახიობი და ამასთან, არავითარი მოდური! ნუთუ ვინმეს გონია, რომ ჩემს ბაღში ივ სენ-ლორანის კაბაში ჩაცმული ვიჩიჩქნები.
სენ-ლორანი ჩემმა მეუღლე დევიდმა გამაცნო. მჭირდებოდა კაბა ინგლისის დედოფალთან შესახვედრად. ივმა ის ჩემთვის შეკერა - რუსულ სტილში, გრძელი, თეთრი, წითელი ნაქარგებით. ამის შემდეგ მას ვთხოვე, რომ ჩემთვის გაეკეთებინა კოსტიუმები ფილმისათვის "დღის ლამაზმანი".
ფანტასტიკური წარმატებაა, რომ სულ ახალგაზრდას მომიწია გადამეღო ისეთ რეჟისორებთან, როგორებიცაა ტრიუფო, ბუნიუელი, პოლანსკი, როჟე ვადიმი, ჟაკ დემი თავისი "შერბურგული ქოლგებით", საიდანაც დაიწყო კიდეც ჩემი კარიერა. ეს ფილმი რომ არ ყოფილიყო, შესაძლოა, მე მსახიობი არც გავმხდარიყავი.
- თქვენ ერთ-ერთი იმ მსახიობთაგანი ხართ, რომელიც ასაკს არ მალავს. ყველასთვის საოცრად ლამაზი და ელეგანტური რჩებით, მაგრამ, ალბათ, დაბერებასთან დაკავშირებული პრობლემები თქვენც გაწუხებთ...
- რა თქმა უნდა. ყველაზე საშინელება, რაც ასაკთან დაკავშირებით ხდება, ფიზიკური ენერგიის დაკარგვაა. შესაძლებელია უკეთესად გამოიყურებოდე, ან უარესად, მაგრამ მთავარია ენერგია და რეაქციის სისწრაფე, ნათელი გონება. ნებისმიერ შემთხვევაში, მე არ მჯერა, რომ ქალს, 40 წლის შემდეგ, რაც უნდა გაიკეთოს, სერიოზულად ეგონოს, რომ მას 20 წლისად აღიქვამენ. მე გამიმართლა, დედაჩემისგან მემკვიდრეობით მერგო ბრწყინვალე გენები და ამიტომაც ლამაზად ვბერდები და აზროვნების უნარს, ჯერჯერობით, არ ვკარგავ. ჩემი ქალიშვილი, კიარა, უფრო მეტად მამამისს, მარჩიელო მასტროიანს, ჰგავს, ვიდრე მე და ეს ძალიან მახარებს. წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო რთული იქნებოდა მისი ცქერა და შემდეგ საკუთარი თავის სარკეში დანახვა.
- ე.ი. თქვენი ახალგაზრდობის ერთადერთი საიდუმლო მართლა გენებია?
- რატომ, მე ბევრი მძინავს - არანაკლებ 8 საათისა. როგორც ნაპოლეონს შეეძლო, ისე შემიძლია დავიძინო ყველგან, ნებისმიერ მდგომარეობაში, თუნდაც 15 წუთით. ყოველ კვირას ვიკეთებ სახის სპეციალურ დრენაჟის მასაჟს, ვსვამ ბევრ წყალს და ვცდილობ, მზეზე დიდხანს არ ვიყო, ეს ჯერ კიდევ დედამ მასწავლა. ამასთან, საჭმელზე უარს არ ვამბობ, მიყვარს, როცა თვითონ ვამზადებ. საჭმელში თავს არ ვიზღუდავ, მხოლოდ წონას ვაკონტროლებ მსუბუქად.
- თქვენი მეგობარი და პარტნიორი ჟერარ დეპარდიე, როგორ თვლით, კარგად უმკლავდება დაბერების პრობლემას?
- იცით, ჟერარმა ძალიან ბევრი გადაიტანა ცხოვრებაში, ამიტომ, ამ ყველაფრის დავიწყების მიზნით, ის ძალიან ბევრს მუშაობს. გახსნა რესტორანი, პარიზში აქვს ორი მაღაზია. ერთში იყიდება თევზი, მეორეში - ხორცი და ის თავის თვითმფრინავით ხორცისთვის სადღაც ესპანეთში მიფრინავს, რესტორნის რაღაცისთვის იტალიაში. მე არ ვისურვებდი ასეთ ცხოვრებას. ის ძალიან კარგი მამაკაცი და პარტნიორია, იმიტომ, რომ გულწრფელად უყვარს ნამდვილი მსახიობი, მაგრამ მუდამ სადღაც გარბის, თითქოს უნდა, რომ თავის თავს გაასწროს.
- ოზონის ფილმში თქვენ მშვენიერ სიმღერას "ცხოვრება მშვენიერია" მღერით. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს ეს სიტყვები თქვენს ცხოვრებისეულ დევიზს წარმოადგენენ. სახლშიც მღერით?
- ვმღერი, თუმცა, ბავშვებს არ მოსწონთ. ყველაზე მეტად მაშინ რცხვენიათ, როცა ქუჩაში წავიღიღინებ ხოლმე. მაგრამ მე მსახიობების ოჯახიდან ვარ, სადაც ყველა მღეროდა. ჩემს შვილებს ბავშვობაში ძალიან უყვარდათ სიმღერა, განსაკუთრებით მანქანაში.
მე არ ვფიქრობ, რომ ცხოვრება ყოველთვის მშვენიერია. ეს ასე არ არის. ცხოვრება ნამდვილად მშვენიერია მხოლოდ ორ შემთხვევაში - როცა რაღაც კინაღამ დაკარგე ან როცა საფლავის პირას დგახარ, მაგრამ ცოცხალი რჩები...
- თქვენ მშვენიერი მებაღე ხართ. თქვენ ეს ენერგიის მარაგის შევსებაში გეხმარებათ?
- რას ამბობთ! ბაღში მუშაობა არის მძიმე ბრძოლა ბუნებასთან, რომლის დროსაც ყოველთვის ბუნება იმარჯვებს. მე ვისვენებ სიჩუმესა და სიწყნარეში ჩემს სახლში ნორმანდიაში, მებაღეობას დასვენებასთან არანაირი საერთო არ აქვს. ის სასარგებლოა გონებისთვის, ტვინის მუშაობისთვის - არ შემიძლია ამის მეცნიერულად ახსნა, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს სწორედ ასეა.
მოამზადა მანანა კორძაძემ
|
დღის სიახლეები
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ალა პუგაჩოვა მომავალ შვილს ფილიპს დაარქმევს
გიგი გაჩეჩილაძე: "სალომემ ძალიან გამაწვალა"
კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ქორწინებაზე ალაპარაკდნენ
რასელ ბრენდს კეტი პერისთან გაყრა ყველაზე დიდ შეცდომად მიაჩნია












ნანკა კალატოზიშვილი: "ირაკლი კეიდიას ნახევარ წელიწადში ერთხელ მაშორებენ" 

მარკ ცუკერბერგი დაქორწინდა
ვენსან კასელის ბრაზილიური არდადეგები და უცნობი გოგონა
ჯონდი ბაღათურია: "18 წლის გოგო ერთ თვეში გავაბი მახეში!"
იზაბელი ფონტანა ცოლად ბობ მარლის ვაჟს მიჰყვება
ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს ვერტმფრენი აჩუქა
კიმ კარდაშიანის უზარმაზარი საჯდომი ვიწრო შორტებში ძლივს ჩაეკვეხა
რიზ უიზერსპუნის მამას ორცოლიანობაში ადანაშაულებენ
რაიან გოსლინგი და ევა მენდესი არ დაშორებულან
თინა კანდელაკმა ქმარს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია 





