asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ცნობილი მამაკაცები, რომლებიც ქალებმა გადაარჩინეს
კულისებს მიღმა
ცნობილი მამაკაცები, რომლებიც ქალებმა გადაარჩინეს

2012-01-23 00:17:58



ამბობენ, რომ ყველა წარმატებული მამაკაცის უკან ძლიერი ქალი დგას. ისინი ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად არიან ცნობილი, მაგრამ სწორედ მათ თავიანთ საყვარელ მამაკაცებს ბედნიერება მიანიჭეს, საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნეს, უბიძგეს, რომ შედევრები შეექმნათ ან საერთოდ დაღუპვისაგან იხსნეს, ერთი სიტყვით, მათთვის მფარველ ანგელოზებად იქცნენ. მსოფლიო შოუბიზნესში მრავალი ასეთი მაგალითი არსებობს.
ჯონი დეპი
მისი ანგელოზი: ვანესა პარადი
ჯონი დეპი და ვანესა პარადი ერთ–ერთი ყველაზე მყარი და ამასთანავე, ყველაზე უცნაური წყვილია ჰოლივუდში. როდესაც მათი რომანი იწყებოდა, ყველა ფიქრობდა, რომ ეს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანები დიდხანს ვერ იქნებოდნენ ერთად.
ვანესას გაცნობამდე, 1998 წლამდე მსახიობი არაერთხელ აღმოჩენილა სკანდალის ეპიცენტრში. ის ჩამოყალიბებულ ნარკომანად და ალკოჰოლიკად ითვლებოდა. ვანესამ კი სასწაული მოახდინა და ბუნტისთავი დეპი სამაგალითო მეოჯახედ აქცია.
შეყვარებული წყვილი უკვე 12 წელია, ერთად არიან, თუმცა ოფიციალურად ჯერ არ დაქორწინებულან. "ჩემი რთული ხასიათი, მრისხანება და ბევრი მავნე ჩვევა საბოლოოდ დავტოვე წარსულში და დღეს ისეთი ბედნიერი ვარ, როგორიც არასოდეს. 35 წელი ბურუსში ვცხოვრობდი. კი არ ვცხოვრობდი, თავი გამქონდა. არანაირი იმედი არ მქონდა მომავლის, ახლა კი ჩემს ცხოვრებაში ყოველი წუთი დღესასწაულია", – ამბობს ჯონი დეპი ერთ–ერთ ინტერვიუში.
სტივენ კინგი
მისი ანგელოზი: ტაბიტა კინგი
რომ არა მისი ცოლი, ტაბიტა, ალბათ ვერასოდეს გავიგებდით ისეთ გენიალურ მწერალზე, როგორიც სტივენ კინგია. სწორედ მან აღმოაჩინა ნაგვის ურნაში საყვარელი მამაკაცის ხელნაწერები და ქმარი დაარწმუნა, რომ ნაშრომი დაემთავრებინა. თავად კინგს კი გადაწყვეტილი ჰქონდა, საერთოდ თავი დაენებებინა მწერლობისათვის. იმ პერიოდში სასტიკ დეპრესიაში იყო, ნაგავში გადაყრილი ხელნაწერები კი იყო რომანი "კერი", რომელმაც სტივენ კინგი ცნობილ მწერლად აქცია.
როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ფულთან და აღიარებასთან ერთად კინგის ცხოვრებაში გაჩნდა ნარკოტიკები და ალკოჰოლი. მთელი 12 წელი, 1975 წლიდან 1987 წლამდე, მწერალი პრაქტიკულად არ გამოფხიზლებულა. მოგვიანებით კინგი აღიარებდა, რომ ვერაფრით დაიძინებდა, თუ მაცივარში ერთი ქილა ლუდი მაინც ეგულებოდა.
მძიმე წარმოსადგენია, რითი დამთავრდებოდა ეს ყველაფერი, რომ არა ტაბიტას მონდომება. მან ქმარი აიძულა, კლინიკაში ემკურნალა და სტივენი ამისთვის დღემდე დიდი მადლობელია მისი. 2006 წელს კინგმა საყვარელ ქალს დაუწერა რომანი "იზას ისტორია", რომელსაც საუკეთესო ნაწარმოებად მიიჩნევს თავის შემოქმედებაში.
რობერტ დაუნი უმცროსი
მისი ანგელოზი: სიუზან დაუნი
სიუზანთან შეხვედრამდე მსახიობი რობერტ დაუნი უმცროსი ნამდვილ კატასტროფას წარმოადგენდა – ნარკოტიკები, ალკოჰოლი, დებოში და სასამართლოში საქმის გარჩევები. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ მსახიობი მიზანმიმართულად ცდილობდა საკუთარი თავის განადგურებას. ყველაფერმა ამან კი ის გამოიწვია, რომ მას თითქმის აღარ ეპატიჟებოდნენ გადასაღებ მოედანზე. არავის უნდოდა გაუწონასწორებელ და ნარკომან ადამიანთან ურთიერთობა.
2003 წელს რობერტს როლი მისცეს ფილმში "გოტიკა" იმ პირობით, რომ ჰონორარს მუშაობის დასრულების შემდეგ მისცემდნენ. სწორედ იქ შეხვდა სიუზანს, რომელიც თავდავიწყებით შეუყვარდა. მის გამო მსახიობმა მკურნალობის კურსი გაიარა და განიკურნა კიდეც. გამოჯანმრთელებულმა კი საყვარელ ქალს ცოლობა სთხოვა. "იცით, ჩემს ცოლს ჰოლივუდში რას ეძახიან? სასწაულს, რომელმაც დაუნი უმცროსი გადაარჩინა", – ამბობს რობერტი ერთ–ერთ ინტერვიუში.
რობი უილიამსი
მისი ანგელოზი: აიდა ფილდი
კარგა ხანი მომღერალი რობი უილიამსი მარტოხელად ითვლებოდა, რომელიც ოჯახს არასოდეს შექმნიდა. ბევრს სვამდა, იყენებდა ნარკოტიკებს, იცვლიდა ქალებს და ასე გრძელდებოდა 2006 წლამდე, სანამ მან მომავალი ცოლი აიდა ფილდი არ გაიცნო. აიდამ კი მომღერლის ცხოვრება თავდაყირა დააყენა. სწორედ მისი ულტიმატუმი იყო, რომ თუ რობი საბოლოოდ უარს არ იტყოდა ნარკოტიკებზე, მასთან ურთიერთობის შანსი არ ექნებოდა.
2007 წელს მუსიკოსმა სარეაბილიტაციო კლინიკას მიაშურა, სამი წლის შემდეგ კი საყვარელ ქალზე იქორწინა. ახლა რობი იმდენად გამოსწორდა, რომ სამოცის ნაცვლად დღეში მხოლოდ ათ ღერ სიგარეტს ეწევა. ქორწინების დღეს კი მან ფიცი დადო, რომ მალე საერთოდ აღარ მოწევდა.
ენტონი ჰოპკინსი
მისი ანგელოზი: სტელა აროიავე
ცნობილი მსახიობი ენტონი ჰოპკინსიც იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ქალის გადარჩენილია. საყვარელმა ქალმა ის დეპრესიისგან იხსნა. ენტონის პირველი ქორწინება სასმელის სიყვარულის გამო დაინგრა. ერთ მშვენიერ დღეს ცოლს, პეტრონელე პარკერს, მობეზრდა ლოთი ქმარი და ბავშვთან ერთად მიატოვა. მსახიობი მეორე ქორწინებაშიც ბევრს სვამდა და ეს ოჯახიც დაენგრა.
ორი უიღბლო ქორწინების შემდეგ ენტონიმ გადაწყვიტა, რომ ოჯახური ცხოვრებისთვის არ იყო შექმნილი, საკუთარ თავში ჩაიკეტა და დეპრესია დაეწყო. ბედისწერამ მას საჩუქარი მაინც გაუკეთა და მის ცხოვრებაში გამოჩნდა კოლუმბიელი სტელა აროიავე. "ამ ქალმა მასწავლა, რა არის ცხოვრების სიხარული. დარწმუნებული ვიყავი, რომ დეპრესიიდან ვერასოდეს გამოვიდოდი, მაგრამ მან სასწაული მოახდინა. შეიძლება ითქვას, რომ მეორედ დავიბადე", – განაცხადა მსახიობმა.
დევიდ დუხოვნი
მისი ანგელოზი: ტეა ლეონი
მავნე დამოკიდებულება შეიძლება არა მარტო ნარკოტიკებსა და სასმელზე, არამედ სექსზეც. 2008 წელს სექსუალური აღვირახსნილობის გამო მსახიობების, დევიდ დუხოვნისა და ტეა ლეონის ქორწინება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა. პრესაში უკვე იწერებოდა, რომ წყვილი საბოლოოდ დაშორდა ერთმანეთს.
დუხოვნი მიხვდა, რომ საყვარელი ქალის დაკარგვა არ უნდოდა და სექსზე დამოკიდებულებისაგან გათავისუფლების მიზნით კლინიკას მიაკითხა. ერთი წლის შემდეგ კი წყვილი კვლავ ერთად გამოჩნდა. "იცით, ჯერ არ გამოუგონია არავის იმაზე მეტი ადამიანური ბედნიერება, რაც ოჯახია. როდესაც მას საბოლოოდ ვკარგავდი, მაშინ გავაცნობიერე, რომ მის გარეშე ჩემი ცხოვრება არარაობა იქნებოდა", – აღიარა დევიდმა.
ჯონი კეში
მისი ანგელოზი: ჯუნ კარტერი
გასული საუკუნის 60–იან წლებში თითქმის შეუძლებელი იყო, ყოფილიყავი მუსიკოსი და არ ყოფილიყავი ნარკომანი. ამ მხრივ, არც ამერიკელი ქანთრის მომღერალი ჯონი კეში იყო გამონაკლისი.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგის აზრით ნარკოტიკები მის შემოქმედებაზე დადებით გავლენას ახდენდა, თავად კეში ასეთმა ცხოვრებამ ლამის დაღუპა. მისი ფირფიტები საერთოდ აღარ იყიდებოდა. არც ერთ ხმის ჩამწერ კომპანიას მასთან თანამშრომლობა არ უნდოდა.
მაშინ საქმეში ჯონის საყვარელი ქალი ჯუნ კარტერი ჩაერთო, მისთვის სიმღერა დაწერა და აიძულა, ფხიზელს ჩაეწერა. შედეგი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ჯონი კეშს ძველი დიდება დაუბრუნდა. და მაინც, კიდევ ხუთი წელი დასჭირდა იმისათვის, რომ საბოლოოდ უარი ეთქვა ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე.
ჯუნ კარტერი საყვარელ მამაკაცს დაეხმარა არამარტო მავნე ჩვევების დამარცხებაში, არამედ ის ქრისტიანულ რჯულზეც მოაქცია. 1968 წელს წყვილი დაქორწინდა და ბედნიერად იცხოვრეს. ისინი ერთ წელს დაიღუპნენ, ჯერ – ჯუნი და შემდეგ – ჯონი. მათ სიყვარულზე გადაიღეს ფილმი "გადალახე ზღვარი", სადაც რიზ უიზერსპუნი და ჰოაკინ ფენიქსი თამაშობენ.
ოზი ოსბორნი
მისი ანგელოზი: შერონ არდენი
ამ ტიპის სია ოზი ოსბორნის გარეშე წარმოუდგენელია. მუსიკოსმა ყველანაირი რეკორდი მოხსნა, რაც თვითგანადგურებასთანაა დაკავშირებული. ალკოჰოლური პრობლემების გამო ის 1979 წელს ჯგუფ "ბლექ საბათიდან" გამოაძევეს. შედეგად მძიმე დეპრესიაში ჩავარდა და წელიწადნახევარი ქუჩაშიც არ გამოსულა. მხოლოდ მათთან ურთიერთობდა, ვისაც სახლში ნარკოტიკები და სასმელი მიჰქონდა.
საბედნიეროდ, მის ცხოვრებაში გამოჩნდა ანგელოზი შერონ არდენის სახით, რომელიც დღემდე მისი მენეჯერია. როდესაც შერონმა დაინახა, როგორ ინადგურებდა ოზი თავს, ყველაფერი გააკეთა, რომ ამ კოშმარისთვის ბოლო მოეღო. მას ათი წელი დასჭირდა იმისათვის, რომ ამ ჭაობიდან ამოეყვანა საყვარელი კაცი. "შერონმა ჩემი კარიერაც გადაარჩინა და მეც. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ქალს ამდენის გაკეთება თუ შეეძლო", – აღიარებს მომღერალი.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online