| ქალი და მამაკაცი |

23 წლის მსახიობ ანა ქურთუბაძეს თავის ოჯახთან ისეთი რთული ურთიერთობა არ აქვს, როგორიც მის პერსონაჟ თეკლას სერიალიდან "შუა ქალაქში", რომელიც მამასთან ნაჩხუბარია, თუმცა გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებისკენ ნამდვილად აქვს ლტოლვა, იმდენად, რომ მშობლებისგან მალულად ჩააბარა თეატრალურში. თეკლასგან განსხვავებით, ანა "პირადი გრძნობების" გამოხატვაშიც უფრო გახსნილია. აი, მისი პარტნიორი ნოდარ გურგენაშვილი კი პირიქითაა – სერიალში მისი პეტო–პაატა ენას არ აჩერებს, მხიარული და კომუნიკაბელურია, თვითონ კი სიტყვაძუნწი, შეიძლება ითქვას, "ჩაკეტილი" რესპონდენტია. რა გამოვიდა ამ ორი ახალგაზრდა მსახიობის ერთობლივი ინტერვიუდან, ქვემოთ თავად ნახეთ და განსაჯეთ.
– ანა, მსახიობობა რატომ აირჩიეთ ცხოვრების საქმედ? ვინმემ მოახდინა თქვენზე გავლენა?
ანა: არავინ მყავს მსახიობი. ეს პროფესია ბავშვობიდან მაინტერესებდა და ყოველთვის მინდოდა, თეატრალურში ჩამებარებინა. ოჯახმა კი ისეთი წინააღმდეგობა გამიწია, რომ თავდაპირველად საბანკო–საფინანსოზე ჩავაბარე. იქ ერთი წელი ვსწავლობდი. ბოლოს მივხვდი, რომ ვეღარ ვუძლებდი, ამიტომ საბუთები ჩუმად გამოვიტანე და თეატრალურში ჩავაბარე. ეს მხოლოდ ჩემმა ერთმა მეზობელმა იცოდა, რომელიც მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდა. დედაჩემი შემთხვევით შევიდა იქ და ეს ამბავი გაიგო. ამის შემდეგ უკვე მგულშემატკივრობდნენ. ოჯახის წევრები ჩემ მიმართ ძალიან კრიტიკულები არიან. ზოგჯერ ისე მეუბნებიან სათქმელს, რომ ცოტა მწყინს კიდეც. მერე ვხვდები, რომ შექებას მირჩევნია, ის მითხრან, რაც არ მოსწონთ, რომ გამოვასწორო.
– სერიალში როგორ მოხვდით?
ანა: ამ ზაფხულს ზღვაზე ვიყავი წასული, როდესაც დამირეკეს და მითხრეს, საპილოტე ვერსიას ვწერთ და მოდიო. ჩაწერის შემდეგ ისევ ზღვაზე წავედი და მალევე უკან ჩამომიყვანეს.
– ძველი მსახიობები როგორ დაგხვდნენ, როგორ მიგიღეს?
ანა: ყველა ახალმოსულ მსახიობს კარგად დაგვხვდნენ. თავიდან ძალიან გამიჭირდა, რადგან ასეთი პროექტი ჩემთვის პირველია. ყველა მეხმარებოდა, რომ სიტუაციას ადვილად მოვრგებოდი.
– ანა, როგორია თქვენი გმირი თეკლა, რა მოგწონთ მასში და რა არ მოგწონთ?
ანა: თეკლასგან ძალიან განვსხვავდები. ჩემი პრობლემების სახალხოდ გამოტანა არ მიყვარს. არც სხვის საქმეებში ცხვირის ჩაყოფა მიყვარს.
– ანუ საერთოდ არ ჰგავხართ?
ანა: რაც შეეხება იმას, თუ რითი შეიძლება ვგავდე თეკლას, გეტყვით, რომ მეც მასავით ადვილად ვფეთქდები. ხანდახან ისეთ უმნიშვნელო რამეზე მაქვს მძაფრი რეაქცია, მერე ვხვდები, რომ საჭირო არ იყო.
– ანა, ნოდარი საკუთარ თავზე ყოველთვის ძუნწად საუბრობს. თქვენ რას იტყვით, ცხოვრებაში როგორია?
ანა: ნოდარი ძალიან დიდი პროცენტებით განსხვავდება თავისი პერსონაჟისგან. ეს, პირველ რიგში, მისი ნიჭის დამსახურებაა. რეალურად საერთოდ სხვა ხასიათის ადამიანია. არ მინდა, სიტყვა "ცანცარა" ვიხმარო, მაგრამ იძულებული ვარ, ვთქვა, რომ პაატასნაირი ცანცარა არაა, ბევრად სერიოზულია...
ნოდარი: ცანცარა და ტინგიცა.
ანა: ...ნებისმიერ თემაზე შეგიძლია ნოდართან საუბარი. დარწმუნებული იყავით, მისგან საღ და კარგ აზრს ყოველთვის მოისმენთ. ისიც უნდა ვთქვა, რომ იუმორის გრძნობით გამოირჩევა.
ნოდარი: ამჟამად იმდენ დროს ვატარებთ ერთად, რომ კარგად გავიცანით ერთმანეთი. აქ რომ ვიღაცამ თამაში დაიწყოს, ჩვენც მსახიობები ვართ და მაშინვე მივხვდებით.
– ანა, რა იყო ყველაზე დიდი სირთულე, რაც სერიალის გადაღებებზე შეგხვდათ?
ანა: თავიდან კამერებთან მუშაობა გამიჭირდა. დარბაზში მაყურებელი ზის და თან კამერაა ჩართული. რაღაც უცნაური იყო – არც კინო, არც თეატრი... თავიდან ვერ გავერკვიე, რა ხდებოდა. ნელ–ნელა მივეჩვიე.
– მაყურებელი ითხოვდა, რომ ძველი მსახიობები დაებრუნებინათ სერიალში. ასეთმა განწყობამ როგორ იმოქმედა თქვენზე?
ანა: ვცდილობდი, ამ ყველაფრისთვის ჯანსაღად შემეხედა. მე ვიცი ოჯახები, რომლებიც სერიალის გმირების ცხოვრებით ცხოვრობდნენ და ყოველი შაბათ–კვირა მათთვის ზეიმი იყო. ამიტომ ვთვლი, რომ ხალხისგან ეს ბუნებრივი რეაქცია იყო.
– საკუთარი თავი რამდენად მოგწონთ ეკრანზე?
ანა: როცა ეკრანზე ჩემს თავს ვხედავ, სახეზე ხელები მაქვს აფარებული, რადგან ძალიან თვითკრიტიკული ვარ, ზედმეტადაც კი. თუ, ჩემ გარდა, სხვაც არის ოთახში, ვერ ვუყურებ, დიდ ემოციებში ვარ. ისე ვნერვიულობ, შეცდომებსაც ვერ აღვიქვამ, რომ გამოვასწორო.
– თქვენი ეკრანული თაყვანისმცემლის, პაატას და ზოგადად მისნაირ ბიჭებზე რას ფიქრობთ?
ანა: როცა ბიჭი ასეთ რაღაცეებს აკეთებს, მგონია, რომ ამის საბაბს გოგო აძლევს. როცა არ გინდა, ის ადამიანი გვერდით გყავდეს, ისე მოიქცევი, რომ სამუდამოდ დაგანებოს თავი.
ნოდარი: მაგრამ ამ შემთხვევაში თეკლა პაატას საბაბს არ აძლევს. მართალია, ჩემი პერსონაჟი ძალიან კეთილი და საყვარელია, მაგრამ არ მგონია, გოგოს მისნაირი ტიპი მოეწონოს. ზოგჯერ პაატა ზედმეტად შემაწუხებელიც კია. ასეთ ტიპს გოგოსთან ურთიერთობაში ნაკლები შანსი აქვს.
– ნოდარ, თქვენ როგორ მოიქცეოდით გოგოსთან, რომელიც მოგწონთ, მაგრამ ზედ არ გიყურებთ?
ნოდარი: როცა გოგოსგან პატარა დაინტერესებას მაინც ხედავ, მაშინ, რა თქმა უნდა, ცდილობ, რომ როგორმე შენით დააინტერესო. თუ იგნორირებას გიკეთებს, მაშინ ძალიან რთულია. ალბათ თავს დაანებებ და სხვას მონახავ. თუკი არ უნდა შენთან ურთიერთობა, ვერ აიძულებ. თუ არ ვუნდივარ და მაინც ვამბობ, რომ ჩემსას გავიტან, მაშინ ეგოისტი გამოვდივარ.
– აქტიურ გოგოებზე რა აზრის ხართ?
ნოდარი: თუ გოგო იაქტიურებს და მეც მომეწონება, ამას ცუდად სულაც არ მივიღებ. არ ვიფიქრებ, რომ, რადგან ჩემთან აქტიურობს, დანარჩენებთანაც ასე მოიქცევა. საქართველოში გოგოს აქტიურობა არ მოსწონთ, არადა ამაში ცუდს ვერ ვხედავ. კაცი ჭკვიანი უნდა იყოს და რეალურად ფიქრობდეს.
– ანა, როგორც ვიცი, შეყვარებული ხართ.
ანა: მართალია. ჩემი რჩეული ნიკუშა მდივანია.
– მან ბევრი იაქტიურა თქვენი გულის მოსაგებად?
ანა: არა, სხვათა შორის. არ მიყვარს გოგოს მხრიდან ზედმეტად თავის დაფასება. სიმართლე გითხრათ, ნიკუშა რომ გავიცანი, მის მიმართ სიმპათია გამიჩნდა. მისგანაც იგივე ვიგრძენი. ჩემი გრძნობა არასოდეს დამიმალავს.
ნოდარი: მაგას რა სჯობს! რა საჭიროა ერთმანეთის წვალება? წავიდა ის დრო, გოგოები მოსაფიქრებლად ორ ან სამ კვირას რომ ითხოვდნენ.
ანა: ისე მოვიქეცი, როგორც გულმა მიკარნახა.
– ნოდარი დიდი ხანია ხალხში პოპულარობით სარგებლობს. თქვენც ალბათ უკვე გცნობენ ქუჩაში.
ანა: სასიამოვნოა, როდესაც ხალხი გცნობს, მით უმეტეს – ძალიან მიხარია, როდესაც სითბოს ბავშვები გამოხატავენ. ისინი ხომ ყოველთვის ძალიან გულწრფელები არიან და იმას ამბობენ, რასაც ფიქრობენ.
– ნოდარ, თქვენ ხომ არ დაგღალათ პოპულარობამ?
ნოდარი: დამღლელი შეიძლება ყველაფერი იყოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოპულარობა ცუდია. ხანდახან რაღაც პრობლემა მაქვს და ამიტომ მინდა, ჩემთვის მარტო ვიყო. ზოგჯერ არის მომენტები, როდესაც არავის ნახვა არ გინდა. ეს სწორად უნდა გაიგოს ადამიანმა. ამით იმას არ ვამბობ, რომ ქუჩაში არავინ უნდა გამაჩეროს და არ დამელაპარაკონ. პოპულარობა არ მღლის.
ანა: მე და ერთ ჩემს მეგობარს, ირაკლი ძნელაძეს ასეთი გართობის წესი გვქონდა: სადაც მივდიოდით, ვამბობდით, რომ გერმანელი ტურისტები ვიყავით. ახლა ხუმრობა აღარ გამომდის, რადგან უკვე მცნობენ.
ქეთი დინოშვილი

|
დღის სიახლეები
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ალა პუგაჩოვა მომავალ შვილს ფილიპს დაარქმევს
გიგი გაჩეჩილაძე: "სალომემ ძალიან გამაწვალა"
კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ქორწინებაზე ალაპარაკდნენ
რასელ ბრენდს კეტი პერისთან გაყრა ყველაზე დიდ შეცდომად მიაჩნია












ნანკა კალატოზიშვილი: "ირაკლი კეიდიას ნახევარ წელიწადში ერთხელ მაშორებენ" 

მარკ ცუკერბერგი დაქორწინდა
ვენსან კასელის ბრაზილიური არდადეგები და უცნობი გოგონა
ჯონდი ბაღათურია: "18 წლის გოგო ერთ თვეში გავაბი მახეში!"
იზაბელი ფონტანა ცოლად ბობ მარლის ვაჟს მიჰყვება
ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს ვერტმფრენი აჩუქა
კიმ კარდაშიანის უზარმაზარი საჯდომი ვიწრო შორტებში ძლივს ჩაეკვეხა
რიზ უიზერსპუნის მამას ორცოლიანობაში ადანაშაულებენ
რაიან გოსლინგი და ევა მენდესი არ დაშორებულან
თინა კანდელაკმა ქმარს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია 






















































































