| ქალი და მამაკაცი |

ხატია სიჭინავა წარსულში აქტიურად ტრიალებდა ტელე–რადიო–შოუბიზნესში, ცდილობდა, სკანდალური იმიჯით დამკვიდრებულიყო, არ ერიდებოდა თამამ განცხადებებს. მერე ერთ–ერთ ტოქ–შოუში ფეხმძიმე გამოჩნდა და თავისი მელოდრამატული სიყვარულის ისტორიაზე ისაუბრა. ამის მერე მალე გათხოვდა კიდეც თავისი ისტორიის გმირზე – ოლიმპიურ ჩემპიონ რამაზ ნოზაძეზე. ახლა წყვილი მეორე შვილს ელოდება, მაგრამ ხატიას თავისი საოცნებო ქორწილი ჯერ ისევ წინ აქვს.
რა შეცვალა გამომწვევი და პროვოკაციული ხატიას ცხოვრების წესში გათხოვებამ, ქმარ–შვილმა, რა ტრადიციებია დაცული ან დარღვეული მის ოჯახში, ამის შესახებ იგი თავად გვიამბობს.
– ხატია, თქვენი გათხოვების საკითხი დიდხანს იყო ჰაერში გამოკიდებული მაშინაც კი, როცა ფეხმძიმედ იყავით. ქმრის ოჯახში მული, ორი მაზლი და დედამთილ–მამამთილი დაგხვდნენ. როგორ ააწყვეთ მათთან ურთიერთობები?
– გადასარევად! საერთოდ, ხომ იცით, როგორი კომუნიკაბელური ვარ, არავისთან მაქვს პრობლემა, კონფლიქტი და ა.შ. ადამიანებთან ურთიერთობის დამყარება არ მიჭირს. თან ძალიან მეგობრული ოჯახია. განსაკუთრებით დედამთილთან ვმეგობრობ. არავის სჯერა, როცა დედამთილზე კარგ რაღაცეებს ვამბობ. საქართველოში დედამთილის ინსტიტუტის შესახებ ბევრი სტერეოტიპი არსებობს, ხშირ შემთხვევაში ცუდ კონტექსტში ახსენებენ ხოლმე. ჩვენ კი გადასარევი ურთიერთობა გვაქვს, ჩემს დედამთილთან ნებისმიერ თემაზე შემიძლია ვილაპარაკო, კითხვა დავუსვა. ჩემზე გაცილებით უფროსია და ბევრი რამ იცის.
– მაგალითად, რას ეკითხებით ხოლმე?
– კერძების რეცეპტებისთვის იმდენჯერ დავურეკე, რომ ბოლოს წიგნები მაჩუქა. მეგობრული მიდგომა გვაქვს ერთმანეთთან. დედამთილებმა რომ იციან წამოძახება, არაფრის გაკეთება ამან არ იცის, ეს ვინ არისო, ასე არასოდეს იტყვის, პირიქით, სულ მეხმარება, რომ ვისწავლო. ის საბავშვო ბაღის გამგეა. ჩემს შვილს ძალიან უხარია, როცა ბაღში მიდის. თვითონ ჰგონია თავი ბაღის გამგე და ჭკუაზე არ არის.
არ იკითხავთ, პაპასთან როგორი ურთიერთობა აქვს? ბაბუა და შვილიშვილი გიჟდებიან ერთმანეთზე. შემიძლია გითხრათ, რომ ჩემს ოჯახში მულის, მაზლისა და დედამთილის სტერეოტიპი დამსხვრეულია.
– ამ ორი წლის განმავლობაში როგორ დიასახლისად იქეცით?
– რამაზი სულ რეჟიმში უნდა იყოს, არ შეიძლება, გრაფიკიდან ამოვარდეს. გამორიცხულია, საჭმელი დაუგვიანო, პირველი–მეორე კერძი მუდამ თავის დროზე უნდა იყოს. ამიტომ, მინდა თუ არა, თავისთავად კარგი დიასახლისი დავდექი. საუზმეს ყველა თავისი ატრიბუტით ვამზადებ. შუადღეზე, ვარჯიშიდან რომ მოდის, პირველ–მეორე კერძს ვახვედრებ. საღამოსაც იგივენაირად ვიქცევი. საათივით მაქვს ყველაფერი აწყობილი.
– თუ არ დაახვედრეთ, საყვედურს მიიღებთ?
– არა, ამის გამო კონფლიქტი ნამდვილად არ მოგვივა, მაგრამ მე თვითონ მსიამოვნებს, როცა ამ ყველაფერს ვუკეთებ. ძალიან მინდა, 2012 წლის ოლიმპიადა მოიგოს. ამაში მთელი ოჯახი ვეხმარებით.
– დედამთილ–მამამთილთან იდეალური ურთიერთობა ააწყვეთ და მათგან ცალკე რატომ ცხოვრობთ?
– ორივეს ასე გვინდოდა. ჩემი აზრით, როცა წყვილი ცალკე ცხოვრობს, ოჯახის დანარჩენ წევრებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობები მაშინ ყალიბდება. ერთ ჭერქვეშ ცხოვრებისას უამრავი რაღაც იჩენს თავს, რაც შეიძლება კონფლიქტის მიზეზი გახდეს. მირჩევნია, ასე შევინარჩუნო კარგი ურთიერთობა მათთან, ვიდრე თავი მოვაბეზროთ ერთმანეთს.
– რვა თვის ორსული იყავით, ჯვარი რომ დაიწერეთ. ეს არ ყოფილა ტრადიციული ქორწინება...
– ტრადიციული ქორწილი ზაფხულში გვექნება. ჩვენ მხოლოდ ჯვარი გვაქვს დაწერილი. მე და რამაზი უკვე ოთხი წელია, რაც ერთად ვართ, ორი წლის წინ კი ჩვენმა ურთიერთობამ ოფიციალური სახე მიიღო. ძალიან გვიყვარდა და გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ოჯახის შექმნას არც მე ვაპირებდი და არც – ის. გარკვეულმა რაღაცეებმა ეს ყველაფერი დააჩქარა. ბევრი განსაცდელის გამოვლა მოგვიხდა. თითოეული დაბრკოლება ჩვენს სიყვარულს აძლიერებდა. ყოველთვის ვამბობ, ამდენი განსაცდელი რომ არ გამოგვევლო, შეიძლებოდა ერთმანეთი ასე ძალიან არ გვყვარებოდა–მეთქი. მინდა, ხმამაღლა ვთქვა, რომ ერთადერთი თუ არა, ერთ–ერთი უბედნიერესი ოჯახი გვაქვს.
– საქართველოში ქორწინებამდე დაფეხმძიმება ბევრი მითქმამოთქმის საბაბი ხდება. ალბათ არც თქვენთვის იყო ადვილი ეს მდგომარეობა, არა?
– უფროსი თობისათვის ეს ტრადიცია დღემდე არსებობს, ჩვენ შუალედური თაობა ვართ. არ ვიცით, ჩვენი შვილების თაობა როგორ იაზროვნებს, როგორი მენტალიტეტი ექნება. მე, მაგალითად, ზუსტად ვიცი, რომ ჩემი შვილის ურთიერთობაში არ და ვერ ჩავერევი. ჩვენი თაობიდან კი ბევრი დაჰყვა მშობლების ნებას და დედ–მამის სურვილისამებრ შექმნეს ოჯახები, აირჩიეს პროფესიები და ა.შ. მე და რამაზმა ჩვენი ურთიერთობა წლების განმავლობაში ისე შევნიღბეთ, რომ არავინ არაფერი იცოდა. ჩემი აზრით, წყვილს ქორწინებამდე სექსი უნდა ჰქონდეს, უკეთ რომ გაიცნონ ერთმანეთი და ზუსტად იცოდნენ, შეძლებენ თუ არა მთელი ცხოვრების ერთად გატარებას. ბუნებრივია, რაღაც–რაღაცეები რთული გადასატანი იყო, მაგრამ მე და რამაზმა სიყვარულის გამო ყველაფერი შევძელით, ყველა ჭორს გავუძელით. ჩვენ ვიცოდით, რომ ერთმანეთის გამო ორივეს გვიღირდა ბრძოლა.
– ქმარი მუშაობს, თქვენ სახლში ხართ, მისი ინტერესებით ცხოვრობთ. სად არის აქტიური ხატია, სახლში ჩაჯდა და მუშაობას არ აპირებს?
– არა, რა თქმა უნდა, მუდამ ასე არ იქნება. არც რამაზია ისეთი, სახლში დამსვას და არ მამუშაოს. რამდენიმე თვის ორსული ვიყავი, როცა რადიოში ვმუშაობდი. ინტერნეტტელევიზიაში სტუდიის აწყობას ველოდები და მალე მუშაობას დავიწყებ. ჩემი საქმე მიყვარს და რამაზიც ფიქრობს, რომ უნდა ვიმუშაო. სახლში რომ დავჯდე, არც ჩემთვის იქნება კარგი და არც – ქმრისთვის.
– თქვენმა ქმარმა შუაღამისას რომ მოგიყვანოთ ძმაკაცები საქეიფოდ, როგორ ხასიათზე დადგებით?
– ეს არანაირ დისკომფორტს არ შემიქმნის, პირიქით, ძალიან გამიხარდება, სტუმარი მიყვარს. უბრალოდ რამაზს თავისი გრაფიკი და რეჟიმი აქვს, არ შეიძლება ღამეები ათენოს, რადგან დილით ადრე დგება და სავარჯიშოდ მიდის.
– სტუმრისთვის სუფრის გაშლა ადვილად შეგიძლიათ?
– ბებიაჩემისგან განსხვავებით, ხაჭაპურებს ნამდვილად ვერ დავაცხობ. მას მუდამ ცომში ჰქონდა ხელები, სულ რაღაცას აკეთებდა, სტუმრიანი ოჯახი გვქონდა. ჩვენს კორპუსთან მარკეტია, სადაც ყველაფრის ყიდვა შემიძლია და გადასარევ სუფრასაც გავშლი. მეგობრებს შვილებთან ერთად ვეპატიჟები და ჩვენს სახლში დიდი ჟრიამულია ხოლმე.
– ტრადიციული ქორწილის გადახდას გეგმავთ?
– არა, წყლის პირას თანამედროვე, ევროპულ ქორწილს გადავიხდით, მაგრამ ჯერჯერობით ადგილი არ შეგვირჩევია.
– ორი შვილის დედა საპატარძლო კაბას ჩაიცვამთ?
– თეთრი კაბა უნდა მეცვას, ოღონდ არა – ძალიან გაბერილი და ფუშფუშა. ჩემი საპატარძლო კაბა გრძელი და სადა იქნება.
– მეორე ბავშვი გოგოა თუ ბიჭი?
– მეორეც გოგონაა. გაბრიელა 4 თვის იყო, ორსულად რომ დავრჩი.
– პატარა გაბრიელა ადვილი გასაზრდელი იყო თუ რთული?
– გაბრიელა ისე გაიზარდა, რომ სირთულეები არ შემხვედრია. მის გაზრდაში ჩემი და მეხმარება. ღამეც მასთან სძინავს. ბავშვი გაუტკივარების გარეშე გავაჩინე და ეს ყველაფერი რთულად გადავიტანე. მშობიარობის შემდეგ ნევროზი რომ არ დამმართნოდა, ბავშვის გაზრდაში ჩემი და მეხმარებოდა. ერთი თვის შემდეგ რძეც აღარ მქონდა. ფორმაში ჩადგომა დავიწყე თუ არა, ისევ ორსულად დავრჩი. მერვე თვეში ვარ, ძლივს დავგორავ, მაინც სულ ვცდილობ, ფორმაში ვიყო და რამაზს ყველა სურვილი შევუსრულო. სადმე წასვლა ძალიან რომ მეზარებოდეს, თუ ჩემს ქმარს უნდა, აუცილებლად მივყვები. არ მინდა, მის მიმართ ყურადღება მოვადუნო. სულ მის გვერდით ვარ.
– ორ გოგოს დასჯერდებით თუ ბიჭი აუცილებლად გინდათ?
– გვინდა, რომ ბიჭი გვყავდეს. რამაზს, როგორც ყველა კაცს, ვაჟის მამობა სურს. მამისთვის ბიჭი ყველაფერია. ეს ქართული ტრადიციაც არის, ვაჟს გვარის გამგრძელებელს უწოდებენ. რამაზის გვარს გამგრძელებლები კი ჰყავს, მაგრამ ჩვენც გვინდა ბიჭი. გამოთვლებით აღმოჩნდა, რომ ორი წელი ბიჭი არ გვეყოლება. ამიტომ ორი წელი ტაიმ აუტს ავიღებთ.
– ეს როგორ გაიგეთ?
– გაბრიელა რომ შეგვეძინა, მე და რამაზი ახლობლებთან მივედით. იქ იყო ქალი, რომელსაც უძველესი კალენდარი აღმოაჩნდა, საიდანაც წყვილის დაბადების წლების გამოთვლით გაიგებ, როდის გეყოლება ბიჭი ან გოგო. ამ ქალმა გვითხრა, რომ სამი წლის განმავლობაში ორსულად თუ დავრჩებოდი, გოგონები გვეყოლებოდა. ასეც აღმოჩნდა. ორი წელი უნდა გავიდეს, რომ ბიჭი გაგვიჩნდეს.
ანა ნოდია


|
დღის სიახლეები
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ალა პუგაჩოვა მომავალ შვილს ფილიპს დაარქმევს
გიგი გაჩეჩილაძე: "სალომემ ძალიან გამაწვალა"
კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ქორწინებაზე ალაპარაკდნენ
რასელ ბრენდს კეტი პერისთან გაყრა ყველაზე დიდ შეცდომად მიაჩნია












ნანკა კალატოზიშვილი: "ირაკლი კეიდიას ნახევარ წელიწადში ერთხელ მაშორებენ" 

მარკ ცუკერბერგი დაქორწინდა
ვენსან კასელის ბრაზილიური არდადეგები და უცნობი გოგონა
ჯონდი ბაღათურია: "18 წლის გოგო ერთ თვეში გავაბი მახეში!"
იზაბელი ფონტანა ცოლად ბობ მარლის ვაჟს მიჰყვება
ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს ვერტმფრენი აჩუქა
კიმ კარდაშიანის უზარმაზარი საჯდომი ვიწრო შორტებში ძლივს ჩაეკვეხა
რიზ უიზერსპუნის მამას ორცოლიანობაში ადანაშაულებენ
რაიან გოსლინგი და ევა მენდესი არ დაშორებულან
თინა კანდელაკმა ქმარს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია 















