ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


სოფო სებისკვერაძე: "მსურს, გიო ჩემ გარდა ყველასთვის მიუწვდომელი იყოს!"
რაზე ოცნებობს გიორგი ლიფონავას საყვარელი ქალი სოფო სებისკვერაძე

2012-02-22 00:09:46



ახალგაზრდა მსახიობი, სოფო სებისკვერაძე, სექსუალური ქალის იმიჯით, სულ ორი წელია, რაც სხვადასხვა ფილმში ეპიზოდურ თუ მთავარ როლებში გამოჩნდა და შეუმჩნეველი არ დარჩენილა, თუმცა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ასე თუ ისე, ქერა ლამაზმანი გულგრილს თითქმის ვერავის ტოვებს. თავად მისი გული კი თანამედროვე ქართველ რეჟისორს, გიორგი ლიფონავას ეკუთვნის.

სოფო სებისკვერაძე 30 წლისაა. ქუთაისელია. ამ ქალაქში დაიბადა და გაიზარდა. სკოლა დაამთავრა თუ არა, თეატრალურ უნივერსიტეტში მოეწყო და მალევე გათხოვდა. 5 წლის შემდეგ კი ქმარს გაშორდა. მისი გოგონა, მარიამ ბუხნიკაშვილი, 9 წლისაა.

– სოფო, სულ ორიოდე წელია, რაც ქართულ ეკრანზე გამოჩნდით. როგორ მოხვედით აქამდე, რა გზა გამოიარეთ?

– ქუთაისში დავიბადე. მამაჩემი ბიზნესითაა დაკავებული, დედა ექთანი გახლავთ. სადაც მოვინდომებდი, ყველგან მატარებდნენ. ძალიან აქტიური ვიყავი, ვმღეროდი, ვცეკვავდი. სულ სცენაზე ვიდექი და სხვადასხვა კონცერტში ვმონაწილეობდი. აგრეთვე ვიყავი ჯორჯ ბალანჩინის სახელობის საბალეტო დასში, საიდანაც ბევრს ვმოგზაურობდი. მშობლები ყველაფერში ხელს მიწყობდნენ და ამ მხრივ ძალიან გამიმართლა. ჯერ კიდევ 11–12 წლის გახლდით, რობი კუხიანიძესთან ერთად რომ ვატარებდი კონცერტებს. ცეკვით მთელი ევროპა მოვიარე. ზურა მახნიაშვილის ჯგუფ "სუპერ გოგოებში" ვმღეროდი. თეატრალურში ჩაბარება ისე გავრისკე, არც ერთ საგანში მოვმზადებულვარ.

– როგორი გოგონა იყავით, ბიჭებს მოსწონდით?

– ყოველთვის ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, მაგრამ პრანჭიკელობის მომენტი არასოდეს მქონია, რადგან მუდამ ძიებასა და საკუთარი თავის აღმოჩენაზე ვიყავი ორიენტირებული. არადა გოგომ ზუსტად გაპრანჭვის პერიოდი უნდა გამოსცადოს, რა არის. ამ მხრივ ბევრი რამ დავკარგე.

– ანუ როგორც იტყვიან, თვალები გაახილეთ თუ არა, გათხოვდით?

– კი, პირველი შეყვარებული ჩემი ყოფილი ქმარი იყო. მაშინ იდეალური მეგონა. არ ვიცოდი, სხვები როგორები იყვნენ. მშობლები არასოდეს მიშლიდნენ ვინმესთან ურთიერთობას, მაგრამ მე თვითონ ვიყავი ასეთი. ყოფილი მეუღლე ჩემს სახლში გავიცანი – ჩემი ძმის მეგობარს მოჰყვა. ჩემზე 2 წლით პატარაა და ისეთივე პუტკუნა და საყვარელი იყო, როგორიც ახლა ჩემი შვილია. მაშინ ის 13 წლის იყო და მე – 15–ის. როცა ჩვენი სახლიდან გადიოდა, ვთქვი, რა საყვარელი ბავშვია–მეთქი და ლოყაზე ვუჩქმიტე. გაწითლდა. დედამ მითხრა, შვილო, მგონი, საკმაოდ დიდია იმისთვის, რომ ლოყაზე გეჩქმიტაო. 4 წლის შემდეგ კი მისი ცოლი გავხდი. როცა გავიგე, რომ ვუყვარდი, ბევრი ვიცინე. მერე კი მეც შემიყვარდა და ცოლად გავყევი. ერთმანეთს სათანადოდ არ ვიცნობდით და ამიტომ ჩვენი ერთად ყოფნა ვერ შედგა, თუმცა, მინდა ვთქვა, რომ კარგი და საყვარელი ბიჭია და დღემდე ვმეგობრობთ.

– მასთან განშორებამ ტკივილი მოგაყენათ?

– არა, უფრო შვება და თავისუფლება მომიტანა, ვიდრე ტკივილი. ალბათ ადრე ცოტა მტკიოდა კიდეც, მაგრამ ახლა კარგად ვარ. ბევრის მოთმენა შემიძლია და მინდა, ისიც გითხრათ, რომ ჩვენი ოჯახი ჩემ გამო არ დანგრეულა.

– თქვენი შვილი როგორ ბავშვია, რა თვისებებს ამჟღავნებს?

– მარიამი ნიჭიერი, საყვარელი და პრანჭია გოგოა. მგავს – ჩემსავით მგრძნობიარეა და ამის გამო მეცოდება კიდეც. ჯობია, ადამიანმა გონებით განსაზღვროს რაღაც–რაღაცეები, ვიდრე გულით. არ მინდა, ჩემი შეცდომები გაიმეოროს, არ მინდა, რამე შეზღუდვა ჰქონდეს. ახლა სიმღერა სურს. ვნახოთ, რა გამოუვა. მეც მინდა, კიდევ ვიმღერო. კარგად ვცეკვავ და მინდა, შოუსმაგვარი ნომერი გავაკეთო, რომელიც გემოვნებიანი იქნება.

მესამე კურსზე ვიყავი, როცა სამსახიობო ფაკულტეტი მივატოვე და ხელოვნებათმცოდნეობაზე გადავედი. 2–3 წელია, რაც მსახიობობას დავუბრუნდი. ამ სფეროში ცხრაწლიანი ჩავარდნა მქონდა, რადგან ქმარი ამის უფლებას არ მაძლევდა, არ უნდოდა, მსახიობი ცოლი ჰყოლოდა.

– ახლა როგორი მამაკაცები მოგწონთ?

– როგორი მამაკაციც მომწონს, ახლა ჩემ გვერდითაა.

– რეჟისორ გიორგი ლიფონავას გულისხმობთ?

– დიახ.

– მოგვიყევით, რა გხიბლავთ მასში.

– არ მინდა ამაზე ლაპარაკი, რადგან მსურს, რომ გიო ჩემ გარდა ყველასთვის მიუწვდომელი იყოს. მასში ყველაფერი მიზიდავს და ყველაფერი მომწონს. როცა ამბობენ, რომ ერთნაირად ფიქრობენ და აზროვნებენ, ჩემი აზრით, არაგულწრფელები არიან. ჩვენ ვცდილობთ, ერთმანეთთან გულწრფელი ურთიერთობა გვქონდეს.

– ეს ურთიერთობა ქორწინებამადე მივა?

– ორივენი დაქორწინებულები ვიყავით და ვიცით, რასაც ნიშნავს ოჯახი. რა მნიშვნელობა აქვს, ვიქორწინებთ თუ არა? გიორგი ჩემი საყვარელი ადამიანია და თითქმის სულ ერთად ვართ, თუმცა საერთო სახლი არ გვაქვს.

– როგორ გაიცანით ერთმანეთი?

– სერიალ "მესამე თაობის" გადაღებებზე. გიო ამ ფილმის რეჟისორი იყო. კასტინგი გავიარე და ერთ–ერთ როლზე დამამტკიცეს. თავიდან ვერ ვიფიქრებდი, რომ ერთად ვიქნებოდით, რადგან მკაცრი და შეუვალი ჩანდა. მერე კი ერთმანეთს დავუახლოვდით. ეს უცებ არ მომხდარა, ერთ წელზე მეტი დასჭირდა. მის მოსაძებნად კი მთელი 27 წელი დამჭირდა. ამ ადამიანთან თავს კარგად ვგრძნობ და შემარგეთ, რა!

– შეგერგოთ, მაგრამ ამბობენ, რომ ცოლს თქვენ გამო გაშორდა.

– არა, ჩვენს გაცნობამდე გაშორებულები იყვნენ.

– მერე გიორგიმ კიდევ გათამაშათ თავის ფილმში.

– მის ფილმში "ჭამა და სექსი" ვითამაშე, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ გიორგის არ მიუღია. ამას უფრო ის ადამიანები წყვეტენ, ვინც სცენარს წერენ. გიორგი ამ მხრივ არ მანებივრებს.

– ძალიან თამამი როლი გქონდათ, ინტიმურ სცენებში ითამაშეთ. არ გაგიჭირდათ ამ კადრების გადაღება?

– გააჩნია, ვისთვის არის თამამი. ერთი კოცნაც კი არ მქონია, ჩაცმულები ვიყავით. პარტნიორს მხოლოდ ჩემს მხარზე ედო ხელი, რათა ის მოძრაობები დაგვერეგულირებინა, თორემ არანაირი შეხება არ გვქონია. უბრალოდ, ახმოვანებ და თამაშობ, როგორც მსახიობი.

– სხვა ფილმშიც მსუბუქი ყოფაქცევის ქალის როლი გაქვთ. ასეთი ამპლუა ჩამოგიყალიბდათ?

– "დეტექტივებში" სტრიპტიზიორის კოსტიუმი მეცვა და დილით ლოგინში, მამაკაცის გვერდით ვიღვიძებდი. სხვა არაფერი ყოფილა.

– თქვენი თმა ბუნებრივად ქერაა თუ შეღებილი?

– მამის მხარეს ყველა ქერა და ცისფერთვალება მყავს, დედა შავგვრემანია. მე ბუნებრივად ქერა არ ვარ, მაგრამ ძალიან თეთრი ვარ. ღია წაბლისფერი თმა და ღია ქარვისფერი თვალები მაქვს. კანის მხრივაც კარგი გენეტიკა მაქვს და ხშირად აღნიშნავენ, რომ ასაკი არ მეტყობა. მამაჩემის დედა 82 წლისა გარდაიცვალა და მხოლოდ მიმიკური ნაოჭი ჰქონდა. ერთხელ სკოლაში ჩემს შვილს მივაკითხე – ცოტა ადრე უნდა გამომეყვანა სკოლიდან და დაცვა არ მიშვებდა, არ გრცხვენია, უფროსკლასელი დაბალკლასელს რა მაგალითს აძლევო. დიდი ახსნა–განმარტება დამჭირდა, რომ ჩემი შვილი იყო. ჩემი მეგობრები სულ ამას დამძახიან, ასაკი არ გეტყობაო და ვხუმრობ ხოლმე, ერთ დილასაც რომ გავიღვიძებ, დორიან გრეის პორტრეტივით ვიქნები დანაოჭებული და დაბერებული–მეთქი.

– მერილინ მონროს სურათი სახლში კედელზე გაგიკრავთ და მის წინ პოზირებთ. ფიქრობთ, რომ ჰგავხართ?

– მეუბნებიან, რომ ვგავარ და ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ახლა ქერა თმა მაქვს. ადრე "რიჟაც" მქონდა და წითელიც. ახლა ყველას ასე მოვწონვარ და მერილინ მონროსთანაც მაიგივებენ. პირველად მეოთხე კლასში ვიყავი, როცა ჩემს მეგობართან თოჯინის პარიკი დავიხურე და დედამისმა იყვირა, როგორ ჰგავხარ მერილინსო. მაშინ არც ვიცოდი, ვინ იყო. რაც უფრო ვიზრდებოდი, უფრო და უფრო მადარებდნენ. პარამეტრებითაც ვგავარ. ორივე ერთი სიმაღლის ვართ – 166 სანტიმეტრი.

– ნაზი და სიფრიფანა ქალის შთაბეჭდილებას ტოვებთ. სინამდვილეში ძლიერი ქალი გეთქმით თუ არა?

– ზოგი ფიქრობს, რომ ძლიერი ვარ. საკმაოდ ცვალებადი ხასიათი მაქვს. ხან დეპრესიული ვარ, ხან – შემართული. ვცდილობ, რომ ჩემი შეწუხებული სახე არავინ ნახოს.

– არც საყვარელმა მამაკაცმა?

– ალბათ არც მან, მაგრამ, მგონი, უნახავს. დეპრესიაში შეიძლება უმოქმედობამ, უსაქმურობამ ჩამაგდოს.

– სახლში როგორი ხართ, დიასახლისობა გამოგდით?

– შესანიშნავად! ყველაფერი ვიცი, მაგრამ გაკეთება მეზარება. მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ, რომ მე და ჩემი შვილი მარტო ვცხოვრობთ და მოზარდისთვის აუცილებელია წვნიანი, ხორციანი კერძები... თუ მარტო ვარ, ჩემთვის არაფერს ვაკეთებ. გურმანი არ ვარ და არც საყვარელი კერძი მაქვს.

– თქვენ მიერ გაკეთებული რომელი კერძი მოსწონს გიორგის?

– პირიქით, გიო აკეთებს ხოლმე ჩვენთვის საჭმელებს, ძალიან გემრიელი ხელი აქვს. ყველაზე კარგად ხორციანი ბორშჩი გამოსდის. გემრიელად წვავს მწვადს, კარტოფილს.

– გიორგის ფილმები მოგწონთ?

– ძალიან და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი შეყვარებულია. განსაკუთრებით მომწონს "ჩემი ცოლის დაქალები". ვგიჟდები, ისე მომწონს!

– ალბათ მონაწილეობაც გინდათ.

– კი და ალბათ მომინახავს კიდეც როლს. მგონი, ჯერ ჩემი ადგილი იქ არ არის. თუ საჭირო ვიქნები, აუცილებლად გამოვჩნდები. დღეში 20 ადამიანი მაინც მეკითხება: "ამ სერიალში არ იქნები? შენ რატომ არ გიღებს?". ვფიქრობ, ყველა მსახიობი კარგადაა მორგებული როლზე და, თუ დავჭირდები, შემიყვანენ.

– გამომწვევად ჩაცმა ცხოვრებაშიც გიყვართ?

– ცხოვრებაში ალბათ არავის ვუნახივარ გამომწვევად ჩაცმული. კაბას მხოლოდ ფილმის და ფოტოების გადაღების დროს ვიცვამ. შარვალი მიყვარს და თუ ვინმეს შარვალში ჩაცმული გამომწვევი ვგონივარ...

– თეატრის სცენაზეც დგახართ. რომელ სპექტაკლში მონაწილეობთ?

– ორ სპექტაკლში ვარ დაკავებული. ახლა აღდგება "მარჯანიშვილის სხვენის" სპექტაკლი "სული გამოძახებით", სადაც ერთ–ერთი მთავარი როლი მაქვს. რუსთავის თეატრში მეწყება რეპეტიციები – "ტარტიუფს" დგამს მიშა ჩარკვიანი.

– კინოში, სპექტაკლებში გიწვევენ. როგორ ფიქრობთ, ეს თქვენი გარეგნობის დამსახურებაა თუ ნიჭის?

– ალბათ ორივეს დამსახურებაა. 2–3 წელი ცოტაა იმისთვის, რომ მაყურებელმა შეგაფასოს. ალბათ ყველაფერი წინაა. ჯერ ძალიან ცოტა როლი მაქვს და მინდა, უფრო მეტი გავაკეთო. სულ ვწუწუნებ, რომ შესაბამისად დატვირთული არ ვარ.

– ვის ეწუწუნებით?

– გიორგი ლიფონავას ნამდვილად არ ვეწუწუნები. მარტო რომ ვრჩები, ჩემს თავს ვებუზღუნები. ჩემი საყვარელი პერსონაჟია რემედიოსი (მარკესის რომანი "მარტოობის ასი წელიწადი". ავტ.) და ძალიან მინდა, ეს როლი ვითამაშო.

რუსუდან ადვაძე

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს