| ქალი და მამაკაცი |

დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი ხმამაღლა აცხადებს, რომ არც ერთ ტრადიციას იცავს, რადგან ჩარჩოებისგან თავისუფალი სურს იყოს, მაგრამ საუბარში გამოირკვა, რომ 27 წლის დიზაინერი არც მთლად ასეთი "სტერილურია" გარკვეული წესების, ქცევის კულტურის, გნებავთ – ტრადიციების მიმართ, ანუ "გიჟივით თავისუფალი" არ არის. მისთვის ძვირფასი და გასაფრთხილებელია ქალის პატივისცემის ტრადიცია, ოჯახური დღესასწაულები, ქართული სუფრა – ვრცელი სადღეგრძელობის გარეშე... ხოლო ისეთი დრომოჭმული ადათი, როგორიც ქალის მოტაცებაა, თქვენ წარმოიდგინეთ, ელამაზება კიდეც.
– დათუნა, რამდენად ხართ ტრადიციების მიმდევარი?
– საერთოდ არ ვარ ტრადიციული ადამიანი!
– რატომ ასე გადაჭრით?
– იმიტომ, რომ არც ერთ ტრადიციას არ ვიცავ.
– არ მოგწონთ ტრადიციები?
– ტრადიციულობა ნიშნავს იმას, რომ რაღაცაში თავს იზღუდავ. ყველა ის ადამიანი, ვინც ადათ–წესებს იცავს, ჩარჩოებში ცხოვრობს. მე კი ასე არ ვცხოვრობ და ამით არც არაფერს ვაშავებ. ყველა ქვეყანაში არიან ადამიანები, ვინც ტრადიციებს იცავენ და ისინი, ვინც არ იცავენ.
– როცა გარკვეულ წესებს არ ემორჩილებით, აუცილებლად მოგივათ საზოგადოების სხვა წევრებთან კონფლიქტი, მაგალითად, მშობლებთან მაინც. ასეთი შემთხვევა გქონიათ?
– კი, რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევები ყოფილა, მაგრამ ჩემი ნებაა, რას ავირჩევ. მშობლებს არ უნდოდათ, სამხატვრო აკადემიაში ჩამებარებინა. მე ჯერ ხატვაზე მივედი, ერთი თვის შემდეგ კი მშობლებს ვუთხარი, რომ მასწავლებლის ფული იყო გადასახდელი. სწორედ მაშინ გაიგეს, რომ სამხატვრო აკადემიაში ვაბარებდი.
– სწავლის საფასური გადაიხადეს?
– კი, გადაიხადეს და წინააღმდეგობა აღარ გაუწევიათ. ახლა ძალიან მოსწონთ ის საქმე, რასაც მე ვაკეთებ.
– კიდევ რასთან დაკავშირებით გქონდათ უთანხმოება უფროსი თაობის წარმომადგენლებთან?
– დიდი კონფლიქტები არასოდეს მქონია. ისეთი ბავშვი არ ვიყავი, რომელიც რამეს გააფუჭებდა. ჩვენს ოჯახში თაობებს შორის ბრძოლა და უთანხმოებები არ ყოფილა. ყველაფერი ცივილიზებულად წყდებოდა და ახლაც ასეა.
– სად გადის თქვენთვის ზღვარი თავისუფლებასა და ჩარჩოებს შორის? თუ ასეთი ზღვარი საერთოდ არ არსებობს?
– ჩარჩოები არ მიყვარს, შეზღუდვებით ვერ ვიცხოვრებ. რაღაცას მხოლოდ იმიტომ ვერ გავაკეთებ, რომ ტრადიციაა და უნდა დავიცვა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს რაც მოეპრიანება, ის უნდა აკეთოს, გარკვეული შეზღუდვები თავისთავად არსებობს. გიჟი უნდა იყო, რაც მოგინდება, ის რომ აკეთო.
– რა ასაკიდან ხართ დამოუკიდებელი?
– მინდოდა, დამოუკიდებელი ვყოფილიყავი, ამიტომ პატარა ასაკიდან ჩემი საქმე წამოვიწყე. წინააღმდეგობა არავის გაუწევია. ამბობენ, მშობლები შვილებს დამოუკიდებლობას არ აძლევენო. ეს ინდივიდუალური საკითხია და ადამიანს გააჩნია. თუ გინდა, რომ დამოუკიდებელი იყო, იქნები კიდეც და ამაში ხელს ვერავინ შეგიშლის. მუშაობას არავინ დაგიშლის, მაგრამ ამის სურვილი თავად უნდა გქონდეს. ვთვლი, რომ თითოეული ადამიანი შრომას ადრეული ასაკიდან უნდა მიეჩვიოს.
– საცხოვრებლად ცალკე გადასვლაზე არ გიფიქრიათ?
– ცალკე ბევრჯერ გადავსულვარ, მაგრამ მერე ისევ მშობლებთან დავბრუნებულვარ. არის ეტაპები, როცა გინდა, ოჯახთან ერთად იცხოვრო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშობლებზე ხარ დამოკიდებული. უბრალოდ არის მიზეზები, რის გამოც ოჯახთან ერთად ცხოვრებაა საჭირო. მშობლებთან გარკვეული მიზეზების გამო ვცხოვრობ და ახლა ამას არ დავაკონკრეტებ.
– ქართულ ოჯახებში გოგონებს მეტ შეზღუდვებს უწესებენ, ვიდრე ბიჭებს. თქვენ და არ გყავთ, მაგრამ მაინც გკითხავთ, ამაზე რას ფიქრობთ?
– არ ვთვლი, რომ მშობელმა ან საზოგადოებამ გოგო და ბიჭი რამით უნდა განასხვაოს ერთმანეთისგან. ქალი და მამაკაცი თანასწორია, ერთნაირი უფლებები აქვთ. რატომ უნდა გააკონტროლო, იმიტომ, რომ გოგოა?! მერე რა, ადამიანია და მან კარგად იცის, რა სურს და როგორ მოიქცეს. თუ არ იცის, ეს უკვე სხვა პრობლემაა და არა ის, რომ გოგოა.
– ოჯახში მამაკაცს ცოტა მეტი უპირატესობა არ აქვს?
– საქართველოში ესეც ტრადიციაა, რომ კაცს მეტი უფლებები უნდა ჰქონდეს. მე კი ვთვლი, რომ ორივე თანაბარია. მამაკაცს შეიძლება იმ მხრივ აქვს უპირატესობა, რომ ცოტა მეტი პასუხისმგებლობის აღება უწევს და სხვა არაფერი. ქალი და მამაკაცი თანაბრად წყვეტენ ყველაფერს. ნორმალური ოჯახი ასეთი უნდა იყოს. არ მომწონს, რომ ამბობენ, კაცმა ქალს თუ უღალატა, ეს საქციელი ეპატიება, ქალს კი არაო. არავითარ შემთხვევაში! თუ ოჯახი შეიქმნება, მაშინ ღალატი არც კაცს ეპატიება და არც ქალს. ამ მხრივ რა განსხვავებაა ქალსა და მამაკაცს შორის?!
– ქალს სად უფრო ხედავთ, სახლში, დიასახლისის ამპლუაში თუ საქმიან გარემოში?
– ქალს არ ვხედავ სახლში, გაზქურასთან, მხოლოდ შვილების გამზრდელ დედად. ქალმაც უნდა იმუშაოს და კაცმაც. ოჯახს ორივემ ერთნაირად უნდა მიხედოს, პრობლემები თანაბრად გადაწყვიტონ და პასუხისმგებლობებიც გაინაწილონ.
– თქვენს შვილს ძიძას მიაბარებდით?
– ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ შვილი ძიძამ გაზარდოს. პატარას გარკვეული პერიოდი ისედაც დედა ზრდის, დეკრეტული შვებულების შემდეგ კი ქალი სამუშაოს უნდა დაუბრუნდეს. ეს ჩემთვის ნორმალურია და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.
– ახალშექმნილ ოჯახს მშობლებთან ერთად ცხოვრება რამეში ეხმარება თუ ჯობია, ცალკე იყვნენ?
– მგონია, რომ წყვილისთვის ცალკე ყოფნა სჯობს. დამოუკიდებელ ცხოვრებას ასე უფრო შეეჩვევიან. არის ეტაპები, როცა მშობლებთან ერთად ყოფნა კარგია, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ საცხოვრებლად ცალკე უნდა გადავიდნენ. ცოლ–ქმარი თავად უნდა მიხვდნენ, მათ ცხოვრებაში როდის რა ეტაპი დგება.
– თქვენ მზად ხართ ოჯახის შესაქმნელად?
– არა, საამისოდ ჯერ მზად არ ვარ.
– 27 წლის ასაკში თვლით, რომ ჯერ ადრეა?
– შესაძლოა ადრე არც იყოს, მაგრამ შეყვარებული არ ვარ და არც ოჯახის შექმნაზე მიფიქრია. ამიტომ ამ კითხვაზე უფრო კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ.
– დღეს ბევრი თვლის, რომ წყვილმა ქორწინებამდე ერთად უნდა იცხოვროს. მოგწონთ ამ საკითხისადმი ასეთი დამოკიდებულება?
– რა თქმა უნდა, მომწონს. ეს ნორმალურია. აუცილებლად უნდა იცოდე, ვისთან ქმნი ოჯახს, ეწყობი თუ არა მას. დაქორწინების შემდეგ რომ აღმოაჩენ, იმ ადამიანს ვერ უგებ, სექსუალურად ვერ ეწყობი და ოჯახს ანგრევ, ნორმალურია? სანამ ოჯახს შევქმნი, გარკვეული პერიოდი იმ ადამიანთან ერთად ვიცხოვრებ.
– როგორ ფიქრობთ, ჩვენს საზოგადოებაში ქალის მიმართ პატივისცემა დაიკარგა?
– ნაწილობრივ ეს ტრადიცია მართლა დაიკარგა, რაც პირადად მე არ მომწონს. სხვათა შორის, მე სწორედ ამ ტრადიციას ვიცავ. ქალს, ბავშვს პატივი უნდა სცე, წინ გაატარო, კარი გაუღო, სკამი გამოუწიო და ა.შ. ეს ნორმალური წესია, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ჩვენს ქვეყანაში უკვე ნაკლებად იცავენ. ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა ფამილარული გახდა.
– ქართული სუფრის კულტურას, ტრადიციას რამდენად იცნობთ?
– სუფრებზე ვყოფილვარ და შესაბამისად წესებიც ვიცი. ქართული სუფრის ტრადიციები მომწონს, მაგრამ გრძელი სადღეგრძელოები არ მეხერხება და არც თამადობა შემიძლია. სუფრას არასოდეს გავძღოლივარ. ღვინო განსხვავებული სასმისითაც დამილევია. მიყვარს სიმღერა და ის წესები, რაც სუფრასთან არსებობს.
– როგორია თქვენი სამეგობროს სუფრა?
– ჩვეულებრივი. ღვინოსაც ვსვამთ, ვისკისაც, ჭიქასაც ავწევთ და, გაგვიმარჯოსო, ვიტყვით, მაგრამ სადღეგრძელოების ჩამორაკრაკება არ გვჩვევია.
– რომელი დღესასწაულის აღნიშვნა გიყვართ?
– სხვათა შორის, დიდი ხანია დაბადების დღე არ გადამიხდია. ახალი წელი მიყვარს. ბოლო 5 წელია, ახალ წელს მერიაში ვხვდები, რადგან ბევრი კონცერტი ეწყობა და ერთ–ერთი ორგანიზატორი ვარ ხოლმე. ეს დღე ძალიან მიყვარს, სასიამოვნო ემოციებით ვიტვირთები. სახლში ძველით ახალ წელს ვხვდები, ამ დღის აღნიშვნაც ტრადიციაა და არაფერს ვუწუნებ. მიყვარს აღდგომა, შობა, სხვა რელიგური დღესასწაულებიც.
– ტრადიციული ქართული ქორწილები როგორ მოგწონთ?
– საქორწილო რიტუალი ლამაზია, მაგრამ მე უფრო ევროპული ქორწილი მომწონს, ვიდრე ქართული. შეიძლება რესტორანში გადაიხადო ქორწილი, მაგრამ თანამედროვე შტრიხებით იყოს გაზავებული, ანუ უფრო მეტი ევროპულობა იგრძნობოდეს. მე ალბათ ევროპულ ქორწილს გადავიხდი.
– სექსუალურ უმცირესობებზე რა აზრის ხართ?
– ბევრი ასეთი მეგობარი მყავს და მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. იმის გამო, რომ საქართველო ტრადიციული და თანაც პატარა ქვეყანაა, ჰომოსექსუალები მასობრივ მსვლელობებს და აღლუმებს ვერ მოაწყობენ. არც არის საჭირო, თუმცა გართულება ან ცუდი შეხედულება არც ამაზე მექნებოდა. ისინი აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანები არიან.
– წლების წინ ბიჭები გოგონებს იტაცებდნენ და ოჯახებს ასე ქმნიდნენ. ახლა ასეთი რამ იშვიათად ხდება, მაგრამ მაინც გკითხავთ, ამას როგორ აფასებთ?
– საინტერესო ტრადიციაა და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. მე, პირადად, არავის მოვიტაცებ, მაგრამ როცა იტაცებდნენ გოგოს, რომელსაც არ უნდოდა გათხოვება და იმ ადამიანის ცოლობა, მერე ბედნიერი ოჯახებიც იქმნებოდა. ამიტომ ამ ტრადიციასაც არაფერს ვუწუნებ.
ანა ნოდია

|
დღის სიახლეები
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



შერონ სტოუნმა საცურაო კოსტიუმში ნაკეცებიანი მუცელი გვაჩვენა
იზაბელი ფონტანა ცოლად ბობ მარლის ვაჟს მიჰყვება
კეიტ მოსს კვირაობით ველოსიპედით სეირნობა უყვარს
ენ ჰეტუეი მაიამის სანაპიროზე ახალ ფორმაში წარდგა












სილამაზის დედოფლობიდან ვარსკვლავობამდე 

74 წლის ჯეინ ფონდამ თავისი სითამამით მაყურებელი გააოცა
რას ხედავს სიზმარში ნუცა ხიდირბეგიშვილი
ასაკში გალამაზებული ვარსკვლავები
ჰაიდი კლუმი: ”ჩვენი სილამაზე ჩვენი ძროხების დამსახურებაა”
დოლჩემ და გაბანამ ველოსიპედის დიზაინზე იზრუნეს
ბარ რაფაელს კინოში იღებენ
ვალენტინომ 80 წლის იუბილე აღნიშნა
ლედი გაგა ეპატაჟურ იმიჯს არ ღალატობს 






































































































