asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რატომ არ გახდა მადონა ჟან პოლ გოტიეს ცოლი
ჟან პოლ გოტიე – ბებიას ნაწინასწარმეტყველევი დიდება
რატომ არ გახდა მადონა ჟან პოლ გოტიეს ცოლი

2011-11-08 12:36:01



თამამი, გამბედავი, ხანდახან თავხედიც, საზოგადოებაში დაკანონებული წესების დამრღვევი, მომხიბვლელი და თან მორცხვი – ასეთი თვისებებით დაიწყო დღეს უკვე გენიალურ დიზაინერად წოდებულმა ჟან პოლ გოტიემ 35 წლის წინ თავისი კარიერა. ის ახლაც ინარჩუნებს ხულიგანი მოზარდის თვისებებს, მაგრამ მის ზურგსუკან უკვე მილიარდიანი იმპერიაა.
59 წლის დიზაინერი მოდის სფეროში ყველაზე გამორჩეული, ორიგინალური და ექსცენტრულია. რამდენადაც თამამია ის პოდიუმზე, იმდენად მოკრძალებული და თვითირონიული პიროვნებაა ცხოვრებაში. მომავალს აზარტითა და ოპტიმიზმით უყურებს, თავის ასაკთან შედარებით 20 წლით ახალგაზრდულად გამოიყურება. გოტიე აღიარებს, რომ მის ცხოვრებაში ბედისწერა გადამწყვეტია და ხანდახან მომავლის განსასაზღვრად ტაროს კარტსაც იყენებს. სხვათა შორის, მას წარმატებული ცხოვრება წლების წინ ბებიამ უწინასწარმეტყველა, რომელიც ცნობილი ნათელმხილველი იყო.
"ყველაფერი პლუშის დათუნიათი დაიწყო", – ამბობს ერთ–ერთ ინტერვიუში ჟან პოლ გოტიე, რომელიც 1952 წლის 24 აპრილს პარიზის შემოგარენში ბუღალტრისა და მდივნის ოჯახში დაიბადა. პატარაობიდანვე მოსწონდა ტანსაცმლის კერვა. "ძალიან პატარა ასაკიდან გამიჩნდა სურვილი, ტანსაცმელი შემეკერა. მშობლები წინააღმდეგი იყვნენ, რომ ჩემთვის თოჯინა ეყიდათ, ამიტომ პლუშის დათუნია გამოვიყენე, რომლისთვისაც გავაკეთე კონუსის ფორმის ლიფი, ოქროსფერი დალალები და საპატარძლო კაბა შევუკერე", – იხსენებს დიზაინერი თავის პირველ ფანტაზიას.
მას მშობლები ალბათ არ მისცემდნენ იმის საშუალებას, რომ ეს ფანტაზიები განევითარებინა, მაგრამ საქმეში ბებია ჩაერთო, რომელიც შვილიშვილს დამცავ კედლად აეფარა და მალულად ხელს უწყობდა, საყვარელი საქმე ეკეთებინა. ერთხელ, როდესაც დედ–მამა სახლში არ იყვნენ, ბებიამ დაუძახა ბიჭს და ტელევიზორთან დასვა, სადაც მოდის შესახებ რეპორტაჟს გადასცემდნენ. მეორე დღეს სკოლიდან დაბრუნებულმა ბიჭმა თან თავისი პირველი ესკიზი მოიტანა. როდესაც მასწავლებელმა აღმოაჩინა, რომ გაკვეთილზე მისი მოსწავლე მოდელ ქალს ხატავდა, ნახატი მაშინვე წაართვა, ჟან პოლი ააყენა, ნახატი ზურგზე მიაკრა და მთელი კლასი ასე შემოატარა. რა თქმა უნდა, ამ დროს პატარა გოტიეზე მთელი კლასი ხარხარებდა.
ჟან პოლი მაშინ მიხვდა, რომ ის ყველასგან განსხვავებული იყო. "სხვა ბავშვებს არ სურდათ ჩემთან ურთიერთობა, მე არაფერი ვიცოდი ბიჭური გატაცებების შესახებ, მუდამ შეშინებული გახლდით და გარიყულად ვგრძნობდი თავს, მაგრამ, როგორც კი მასწავლებელმა მთელი კლასის წინ შემომატარა, მივხვდი, რომ ყურადღების ცენტრში ვიყავი, ყველა გავახალისე, დავაინტერესე. მაშინ მივხვდი, რომ მე ფართო მასებს აუცილებლად მოვიზიდავდი", – იხსენებს დიზაინერი.
მოზარდობის პერიოდიდან გოტიე ესკიზებს ცნობილ სტილისტებსა და დიზაინერებს უგზავნიდა. პირველი მას პიერ კარდენი გამოეხმაურა. "18 წლის ვიყავი, როდესაც მასთან სამუშაოდ მივედი. კარდენმა მასწავლა ყველაფერი, რაც თავად იცოდა", – ყვება ერთ–ერთ ინტერვიუში ჟან პოლი.
6 წლის შემდეგ, 1976 წელს, გოტიემ თავისი სადებიუტო კოლექცია წარადგინა და სამოდელო სახლი გახსნა. მისი ავანგარდული და თამამი ქმნილებები თავდაპირველად მხოლოდ ვიწრო წრეს მოსწონდა, თუმცა ყოველწლიურად მისი პოპულარობა იზრდებოდა. ამ ყველაფერში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს კატრინ ლარდომ და კლოდ ბრუემ, რომლებიც ფრანგული "მერი ქლეირის" რედაქტორები იყვნენ.
1985 წელს გოტიემ საზოგადოებას წარუდგინა თავისი პირველი შოკისმომგვრელი კოლექცია მამაკაცებისათვის. ყველა მამაკაცი ქვედატანში იყო გამოწყობილი. "არასოდეს მქონია მიზნად, რომ საზოგადოებაში ეპატაჟი გამომეწვია. ჩემს კოლექციას რომ პროვოკაციას უწოდებენ, მართალი არ არის, თუნდაც ის კოლექცია, როდესაც მამაკაცები ქვედატანებით გამოვიდნენ. უბრალოდ, მე მამაკაცის თავისუფალი აზროვნება გამოვიტანე. მამაკაცის მხრიდან ქალურობის გამოვლენა აღარ არის გასაკვირი. ქალები დიდი ხანია ატარებენ შარვლებს და ვფიქრობ, მოვიდა დრო, მამაკაცებმაც შეიტანონ საკუთარ გარდერობში ქვედატანები", – ამბობს ჟან პოლ გოტიე და დღემდე თავისი იდეის ერთგული რჩება. ის პოდიუმზე ხშირად გამოჩენილა მინი, მიდი, მაქსი, გამჭვირვალე, ასიმეტრიულ ქვედატანებში, შოტლანდიურ კილტშიც კი.
გოტიეს მოდის სახლის კიდევ ერთი საფირმო დეტალი კონუსის ფორმის ლიფია, რომელიც 1990 წელს საკონცერტო ტურნეს დროს მადონამ გამოიტანა სცენაზე. დღემდე კონუსისებრ ლიფიანი კომბინეზონი ყველაზე პოპულარულია მთელ მსოფლიოში. სხვათა შორის, მადონას ჰქონდა შანსი, მისის გოტიე გამხდარიყო. "ამ ქალს სამჯერ ვთხოვე ცოლობა, მაგრამ, როგორც ჩანს, მოერიდა ჩემნაირი კაშკაშა პიროვნების გვერდით ცხოვრება, თანაც მას ჩემი გვარი არ მოსწონდა და ჩვენი ქორწინება არ შედგა", – ნახევრად ხუმრობით აბობს დიზაინერი.
გოტიეს ყოველ ახალ კოლექციაში მუდმივად ახალი აზროვნება ჩანს. მის პროდიუმზე ყველანაირი ტიპის ადამიანი გამოსულა – მოხუცი, ორსული, თავგადაპარსული, სვირინგებიანი, მსუქანი, ტრანსსექსუალი. ერთ–ერთ ჩვენებაში 132 კილოგრამიანმა ქალმა, ვილვეტ დამურმა მიიღო მონაწილეობა. "ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ვაჩვენო – მოდა ყველასთვისაა. სილამაზის ეტალონი ერთი კი არა, მრავალია", – აცხადებს დიზაინერი.
გოტიე დიდ პატივს სცემს ინდივიდუალურობას, უყვარს გენდერული სტერეოტიპებით თამაში. "ბუნტისთავი მხოლოდ პროფესიაში ვარ. თუ მოდაში მეამბოხე არ ხარ, მაშინ ყურადღებას ვერ მიიქცევ", – ამბობს ჟან პოლი, რომელიც არასოდეს საუბრობს თავის პირად ცხოვრებაზე.
მისი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული და პარტნიორი ბიზნესში ფრანსის მენუჟი გახლდათ, რომელიც გასული საუკუნის 80–იანი წლების ბოლოს შიდს–ით გარდაიცვალა. მან ძალიან დიდი გავლენა იქონია დიზაინერზე. გოტიეს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ამ კაცის გარეშე ვერასოდეს გახსნიდა საკუთარ მოდის სახლს. ფრენსისის გარდაცვალების შემდეგ ჟან პოლი საერთოდ აპირებდა მოდიდან წასვლას, მაგრამ მალე მიხვდა, რომ ეს ნაბიჯი სასტიკად არ მოეწონებოდა მის საყვარელს, ცოცხალი რომ ყოფილიყო.
"როდესაც ჩემი ბოიფრენდი გარდაიცვალა, ჩემთვის აუცილებელი იყო, რაიმე ალტერნატივა მეპოვა პირად ცხოვრებაში. მაშინ დავიწყე მუშაობა ოტ კუტიურში. მუსიკოსებთან ერთად შევქმენი კოსტიუმები ფილმებისათვის. სხვა სიტყვებით რომ გითხრათ, მას შემდეგ ცხოვრებაში სერიოზული სიყვარული აღარ მქონია", – აღიარებს ჟან პოლ გოტიე.
დღეს ის შოუბიზნესის ვარსკვლავების საყვარელ დიზაინერად ითვლება. "ვგიჟდები, როდესაც კონკრეტული ადამიანისთვის ვმუშაობ. ამ დროს მისი ენერგეტიკა გადმომედება ხოლმე. სულ სხვაა, როდესაც ქმნი კოლექციას. ამ დროს მგონია, რომ სცენარს ვწერ, მთავარ როლს ვთამაშობ, რეჟისორი ვარ. როცა სხვას ვუკერავ, მთავარ როლს მას ვუთმობ. ვარსკვლავებიდან ჩემი სამოსი პირველად მადონამ ჩაიცვა, მასთან დღემდე ვთანამშრომლობ. ჩვენ მსგავსი შეხედულებები გვაქვს, ის უნიკალური ქალია, ძალიან ქალური და ამავდროულად ძალიან დიდი ადამიანი", – უთხრა ერთ–ერთი ჟურნალის კორესპონდენტს დიზაინერმა.
ბოლო დროს ჟან პოლ გოტიეს სტილი ყველაზე კარგად მოირგო ექსცენტრულმა მომღერალმა ლედი გაგამ, ამიტომ წამოვიდა ასოციაციები, რომ ის დიზაინერისთვის "ახალი მადონაა". თავად დიზაინერი ასეთ შედარებას არ აკეთებს. "ვერავინ იქნება მადონას მსგავსი. ლედი გაგა დღეს იმას აკეთებს, რაც მადონამ წლების წინ გააკეთა. მადონა იშვიათი ქალია, მას უხდება ქერა, წითელი და წაბლისფერი თმა, ლედი გაგას კი ეს ნამდვილად არ გამოუვა", – პირდაპირ აცხადებს გოტიე.
60 წელს მიტანებული დიზაინერი თვლის, რომ ის დღესაც ის ბიჭია, რომელმაც პლუშის სათამაშო დათუნიას ლიფი ჩააცვა. ჟურნალისტების კითხვაზე, 60 წლის ზღვარზე რამდენად დასერიოზულდა ჟან პოლ გოტიე, პასუხობს: "წლებთან ერთად სულ უფრო და უფრო საშინელი ბავშვი ვხდები. როგორც კი ჩემი ასაკის შესაფერისად დავიწყებ ფიქრს, მაშინვე დავამთავრებ მუშაობას მოდის სფეროში. ხანდახან ისიც კი მაღიზიანებს, რომ ჩემი საბანკო ანგარიშები მილიონებითაა სავსე, ეს მაზარმაცებს, რომ უფრო მეტი ვიმუშაო".


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: მადონა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online