| ქალი და მამაკაცი |

21 წლის მსახიობის, ემა უოტსონის ცხოვრება ყოველმხრივ წარმატებულია. ცნობილი ზღაპრული გმირის, ჰარი პოტერის მეგობარი გოგონას, ჰერმიონას როლმა ის ვარსკვლავად აქცია. აქვს საკუთარი ტანსაცმლის ხაზი, არ ახასიათებს მავნე ჩვევები, უყვარს ავტორბოლა, ცოტა ხნის წინ კი "ლანკომის" ახალი სუნამოს სახე გახდა. ასე რომ, ემა უოტსონის ცხოვრება "ჰარი პოტერის" დასრულების შემდეგაც წარმატებულია.
ფრანგულ პრესაში მასთან ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ემა თავის ფრანგულ ფესვებსა და თავის ამჟამინდელ ცხოვრებაზე საუბრობს.
– ჩვენი შეხვედრა პარიზში შედგა. რას ნიშნავს თქვენთვის ეს ქალაქი?
– ამ ქალაქში ყოველთვის კარგ ხასიათზე ვარ. ალბათ არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ აქ ყველაფერი მიყვარს – ქუჩები, სამზარეულო, ადამიანები, ენა. მეორე მხრივ, პარიზი ჩემთვის ძალიან პირადულია. ერთადერთი, მხოლოდ ამ ქალაქის მიმართ გამაჩნია ნოსტალგია. ალბათ იმიტომ, რომ ბავშვობა აქ გავატარე. დიდი მადლობა "ლანკომს", რომ ამ საყვარელ ქალაქში დამაბრუნა.
– რას პოულობთ თქვენში ფრანგულს?
– ბებია მყავს ფრანგი და ის დღემდე საფრანგეთში ცხოვრობს. ეს კი უკვე ბევრისმეტყველია. თანაც მომწონს ფრანგული დევიზი: "რაც პატარა, მით უკეთესი". აქ იგულისხმება ტანსაცმელიც და მაკიაჟიც.
– ფრანგულ სამზარეულოში რა არის თქვენთვის ყველაზე ახლობელი?
– ძალიან ძნელია ერთი რომელიმე კერძის გამორჩევა. ძალიან მიყვარს ხორცის ტარტარი, ფრანგული ღვინო, ბაგეტი, ცხელი შოკოლადი, ფრანგული ნაყინი... არა, აქ ნამდვილად ყველაფერი მიყვარს.
– მსახიობები ხშირად ცრუმორწმუნენი არიან. შეიძლება თქვენზეც იგივე ითქვას?
– ცრურწმენებისათვის ზედმეტად რაციონალური ადამიანი ვარ. მაგალითად, როდესაც "ჰარი პოტერში" სინჯებზე მივედი, იმ დღეს მამამ ქათმის ხორცის ის ნაჭერი მომაწოდა, სადაც მკერდის ძვალი იყო. გავტეხე, სურვილი ჩავუთქვი და ამიხდა კიდეც. მაქვს ერთი წესი, როდესაც მნიშვნელოვანი ღონისძიების წინ ძალიან ვნერვიულობ, ყოველთვის ერთ მაისურს ვიცვამ, რომელიც კარგად მაქვს დაცდილი. თუმცა ვცდილობ, ამ ყველაფრისგან მალე გავთავისუფლდე.
– თქვენი მთელი კინოკარიერა ერთი მსახიობის ერთი როლით ხასიათდება. როგორ ფიქრობთ, ჰერმიონას შლეიფი კიდევ დიდხანს გაგყვებათ?
– აქ სრულიად უძლური ვარ. ჰერმიონას ეპოქით დიდი სიამოვნება მივიღე. დარწმუნებული ვარ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს პერსონაჟიც ისეთივე მოგონებებში გადავა, როგორიც პარიზული ბავშვობის მოგონებებია. ჩემი კარიერული ამბიციები ძალიან დიდია და მინდა, ადამიანებმა იმის გაკეთების საშუალება მომცენ, რაც შემიძლია.
– კონკრეტულად რომელიმე როლზე ოცნებობთ?
– ძალიან მიყვარს კლასიკური დრამატურგია, შექსპირზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი. ძალიან მინდა, ყოველდღე ვიარო თეატრში, ახალი დასების სპექტაკლები ვნახო, მაგრამ ჩემი დაკავებულობის გამო ამას ვერ ვახერხებ.
– თქვენ გაქვთ საკუთარი ტანსაცმლის ხაზი. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
– ტანსაცმლის რამდენიმე ხაზი მაქვს. პირველია "ჰაი ფეშენი", სადაც გამოყენებულია ნატურალური შალი და ბამბა. მეორე ხაზი უფრო ფართო მასებისთვის არის განკუთვნილი და ყველასთვისაა ხელმისაწვდომი. ვაკეთებ ტანსაცმელს, რომელიც მინდა, რომ ჩემს გარდერობში ვიხილო. ჩემი კოლექციის ტანსაცმელს ძირითადად ჩემი მეგობრები ატარებენ.
– ნატურალურ ქსოვილებზე აქცენტის გაკეთება იმას ნიშნავს, რომ ეკოსისტემაზე ზრუნავთ?
– ვერ ვიტყვი, რომ ფანატიკურად მებრძოლი ვარ. ყოველთვის ვცდილობ, ადგილობრივი წარმოების პროდუქტები ვიყიდო. როცა სასტუმროში ვჩერდები, პირსახოცს ყოველდღე არ ვაძლევ გასარეცხად. თუ ძალიან აუცილებელი არ არის, ვცდილობ, მანქანაში არ ჩავჯდე და ფეხით ვიარო.
– ალბათ არ გიყვართ ავტომობილები.
– არა, რას ამბობთ! გიჟი ავტომოყვარული ვარ. ძალიან მიყვარს მეგობრებთან ერთად ავტორბოლის მოწყობა. კარგი მუსიკა და დიდი სისწრაფით ქროლვა იქითკენ, საითაც თვალი იყურება.
– კარლ ლაგერფელდმა თქვენზე თქვა, ნამდვილი ბრიტანული ვარდიაო. ეთანხმებით?
– ღმერთო ჩემო, როგორ შეიძლება, ასეთ შედარებას არ დავეთანხმო?! ჩემი პატივისცემა ლაგერფელდის მიმართ ძალიან დიდია. ის ნიჭიერი და ჭკვიანი ადამიანია.
– ცდილობთ, რომ ყოველთვის მოდური იყოთ?
– რა თქმა უნდა. ვცდილობ, მოდის ტენდენციებს ფეხი ავუწყო, რადგან ეს ჩემი სამუშაოს ნაწილიც არის. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჩემი გარდერობი ულტრამოდურია. ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩემთვის მთავარია კომფორტული ტანსაცმელი.
– ტონალურ კრემს ყოველდღე ხმარობთ თუ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში?
– ძალიან მგრძნობიარე კანი მაქვს და ვცდილობ, ის მაქსიმალურად დავიცვა. ამიტომაც ძალიან ფაქიზ ტონალურ კრემს ვიყენებ და დელიკატურად დამაქვს სახეზე. ხანდახან მგონია, რომ სულ ფუჭად ვცდილობთ, ჩვენი ნამდვილი სახე დიდი რაოდენობით კოსმეტიკის ქვეშ დავმალოთ. უნდა ვისწავლოთ, სამყაროს ისეთი ვეჩვენოთ, როგორიც სინამდვილეში ვართ.
– სარკის წინ დიდ დროს ატარებთ?
– არა, მაგრამ არ დავმალავ, რომ სარკესთან კეკლუცობის პროცესი მომწონს. მაკიაჟს ათ წუთში ვიკეთებ.
– მსახიობის კარიერა ბევრ შეზღუდვას უწესებს ადამიანს. თქვენს ცხოვრებაში რა არის ასეთი?
– ძალიან ადვილად გამომდის შინაგანი შეზღუდვები, რადგან მომწონს საკუთარი თავის მოვლა. არ მიყვარს ღამით ჭამა, ვგიჟდები ცეკვაზე და სპორტულ ვარჯიშებზე. იოგა, სირბილი, ჩოგბურთი, ცურვა – ეს მეხმარება, რომ კარგად ვიყო. მე ნამდვილ ინგლისურ ტრადიციებზე გავიზარდე, რაც იმას ნიშნავს, რომ სულაც არ მიჭირს, საკუთარ თავს არ მივცე იმის უფლება, რაც არ შეიძლება.


|
დღის სიახლეები
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



შერონ სტოუნმა საცურაო კოსტიუმში ნაკეცებიანი მუცელი გვაჩვენა
იზაბელი ფონტანა ცოლად ბობ მარლის ვაჟს მიჰყვება
კეიტ მოსს კვირაობით ველოსიპედით სეირნობა უყვარს
ენ ჰეტუეი მაიამის სანაპიროზე ახალ ფორმაში წარდგა












სილამაზის დედოფლობიდან ვარსკვლავობამდე 

74 წლის ჯეინ ფონდამ თავისი სითამამით მაყურებელი გააოცა
რას ხედავს სიზმარში ნუცა ხიდირბეგიშვილი
ასაკში გალამაზებული ვარსკვლავები
ჰაიდი კლუმი: ”ჩვენი სილამაზე ჩვენი ძროხების დამსახურებაა”
დოლჩემ და გაბანამ ველოსიპედის დიზაინზე იზრუნეს
ბარ რაფაელს კინოში იღებენ
ვალენტინომ 80 წლის იუბილე აღნიშნა
ლედი გაგა ეპატაჟურ იმიჯს არ ღალატობს 












































































































