| ქალი და მამაკაცი |

ია მეტრეველს საზოგადოება ტელეეკრანიდან კარგად იცნობს. იგი ინტელექტუალურ თამაშში "რა სად როდის" უკვე რამდენიმე წელია მონაწილეობს. გარდა იმისა, რომ ქალბატონი ია საკმაოდ წარმატებული და ერთ-ერთი გამორჩეული მოაზროვნეა, კიდევ სხვა სფეროებითაც არის დაკავებული. ასწავლის სამხატვრო სკოლაში, მუშაობს კომპიუტერული პროგრამის ექსპერტად. შექმნილი აქვს ბევრი ნახატი. მათი დიდი ნაწილი გაყიდული აქვს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. "გუმბათი" ია მეტრეველს სახლში ესტუმრა.
- ქალბატონო ია, "რა სად როდის"-ში გაზაფხულის სეზონს როდის იწყებთ?
- ამჟამად არდადეგები გვაქვს და მომავალი კვირიდან ჩაწერები გვექნება. გაზაფხულის სეზონის პირველი გადაცემა კი თებერვლის ბოლოს იქნება. ახალ სეზონთან ერთად, სიახლეებსაც შემოგთავაზებთ. ყოველწლიურად რაღაცას ვცვლით. უმეტესად, თამაშის წესები იცვლება ხოლმე.
- რამდენად საინტერესოა მოაზროვნის საქმიანობა?
- ძალიან საინტერესოა. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარი ნაწილია. როდესაც ქვეყნიდან გასვლა და რომელიმე ქვეყანაში თამაში გვიწევს, ჩემს ორივე სამსახურში შვებულებას ვიღებ. იმ მომენტში, ინტელექტუალური თამაშის გარდა, სხვა არაფერი არსებობს და მხოლოდ ამაზე ვფიქრობ.
- გარდა ინტელექტუალურ კლუბში თამაშისა, ძირითადად რას საქმიანობთ?
- სასწავლო-ტრენინგ ცენტრ "დელტა ლერნინგში" ვმუშაობ. იქ მე ადობის ექსპერტი ვარ. მანამდე, "დელტა სისტემაში" დიზაინერად ვმუშაობდი, მერე ამ ფირმამ პროფილი შეიცვალა და ახლა მის ფილიალში ვარ. პარალელურად, უმაღლეს საერო სამხატვრო სკოლა-აკადემიაში ვასწავლი. ეს არის ჩვეულებრივი სკოლა, მაგრამ დამატებულია ხელოვნების გაკვეთილები უფრო ფართო პროგრამით. მე ხატვასა და ფერწერას ვასწავლი.
- ვიცი, რომ სამხატვრო აკადემია გაქვთ დამთავრებული. რამ განაპირობა თქვენი ამ მიმართულებით წასვლა?
- დაზგური ფერწერის ფაკულტეტი დავამთავრე. უმეტესად, ტილოებზე ზეთით ვხატავ, ასევე ხშირად გრაფიკაშიც ვმუშაობ. სხვადასხვა სფეროებში ვმუშაობ. პირველ რიგში, მხატვარი ვარ და ეს არის ჩემი საყვარელი საქმე. რადგან ბავშვობიდან ვხატავდი, ამიტომ სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება გადავწყვიტე. პატარაობაში ჩემი მთავარი ინტერესის სფერო ქაღალდები და საღებავები იყო. როდესაც ვხატავდი, ამ დროს ვმშვიდდებოდი, თუ არადა, ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი. მიუხედავად ამისა, სკოლის დამთავრების შემდეგ პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩავაბარე. ერთი პერიოდი დაწყებით კლასებში სახვით ხელოვნებას ვასწავლიდი და მეთოდისტიც ვიყავი. სამი წელი ასე გავატარე. სამხატვრო აკადემია კი ამის შემდეგ დავამთავრე. თავიდანვე იმიტომ არ ჩავაბარე, რომ როცა გავიკითხე, მითხრეს, იქ მოსაწყობად ერთი ჩემოდანი ფული დაგჭირდებაო. წლების მერე კი ვიფიქრე, ვცდი და იქნებ უამისოდაც ჩავაბარო-თქო. ისე მოხდა, რომ აკადემიაში ადვილად ჩავაბარე. ამასთან, 11 წელი მუსიკალურ სკოლაში ვსწავლობდი. მინდოდა, ამ მხრივაც გამეგრძელებინა სწავლა, მაგრამ ხატვა და ვოკალი ისეთი რამეებია, რომ ორივე დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს - ან ერთი უნდა ამერჩია ან მეორე. არჩევანი ისევ ხატვაზე შევაჩერე.
- მოაზროვნეთა კლუბს რაც შეეხება, სტუდენტობიდან დაიწყეთ თამაში?
- სხვათა შორის, არა. ეს ცოტა მოგვიანებით დაიწყო და ამას საინტერესო ისტორია ახლავს თან. თუმცა, ბავშვობიდან სულ ვუყურებდი საბჭოთა დროინდელ "რა სად როდის"-ს და ეს ჩემთვის ყველაზე საყვარელი გადაცემა იყო. ვოცნებობდი, როდესაც დიდი გავიზრდებოდი, მეც მომეგო ბროლის ბუ. წლები გავიდა და როცა სკოლაში ვმუშაობდი, მასწავლებლები შესვენებებზე კროსვორდებს ავსებდნენ. მახსოვს, თითქმის ყველაფერს ვიცნობდი და ეს უკვირდათ. მერე ერთმა მითხრა, შენ ისეთი მონაცემები გაქვს, მოაზროვნეთა კლუბში მიდიო. მისი ქალიშვილიც იქ თამაშობდა. მართლაც, მივედი რუსულ ლიგაში, სადაც ძალიან საინტერესო სიტუაცია იყო. პირველივე დღეს სწორი პასუხების კუთხით მაღალი შედეგი ვაჩვენე და გუნდში დავრჩი. მერე ჩვენი გუნდი ქართულ ლიგაში გადავიდა. 2001 წელს პირველად ვითამაშე სატელევიზიო ვერსიაში, რომელიც მაშინ "მეცხრე არხზე" გადიოდა. ეს კი ჩემთვის საშინელი შოკი იყო. რუსული სკოლა მქონდა დამთავრებული, რადგან რუსეთში ვარ გაზრდილი. ქართულად ცუდად ვმეტყველებდი. ამ მხრივ დღესაც პრობლემები მაქვს და იმ დროს უფრო მეტად მიჭირდა ქართულად მეტყველება. პირველ გადაცემაზე ისე მეშინოდა, ხმა არ ამომიღია, რადგან ორი კამერა მიღებდა. ამ გადაცემის მერე გიორგი მოსიძემ მითხრა, მეორედაც თუ ასე იჯდები, ეს შენი ბოლო გადაცემა იქნებაო. თუმცა, მეორეში უკვე ერთი სწორი პასუხი ვთქვი, მერე კი ნელ-ნელა დავძლიე აქცენტისა და კამერების კომპლექსი. დღეს უკვე ისე გამიჯდა, რომ შიში დავკარგე და ვეღარც ვგრძნობ, კამერა მიღებს თუ არა. თუმცა, იმის შიში მაქვს ხოლმე, რომელიმე ზმნა ან სიტყვა არასწორად რომ წარმოვთქვა.
- აქცენტის გამო უხერხული მომენტებიც გქონიათ?
- მართალია, სულ ვცდილობ, ისეთი სიტყვა ვთქვა, რომელიც ვიცი, რომ ქართულად გამართულია, მაგრამ ერთი ასეთი შემთხვევა კი მქონდა. ვიცოდი, რა იდო შავ ყუთში, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ მეთქვა ქართულად. ეს იყო სიტყვა ნამგალი და ამიტომ ჯერ რუსულად ვთქვი. მერე მითხრეს, ქართულად როგორც იყო. ასე რომ, რამდენიმე ქართული სიტყვა გადაცემის დროს ვისწავლე. კიდევ მახსოვს, რომ შავ ყუთში ბაფთა იდო. სწორი პასუხი ვიცოდი, მაგრამ ეს სიტყვა ვერ გავიხსენე და პეპელა ვთქვი. ყველას გაეცინა. იმდენად შემრცხვა, რომ სულ გავწითლდი.
- რუსეთში გავიზარდეო, ახსენეთ. იქ ხართ დაბადებული?
- არა, საქართველოში დავიბადე, მაგრამ თვეების ვიყავი, როცა რუსეთში წავიდა ჩემი ოჯახი. მამაჩემი სამხედროა და ამიტომ მოგვიწია წასვლა. იქ მთელი ოჯახი რუსულად ლაპარაკობდა. როდესაც უკან დავბრუნდით, მეათე კლასის მოსწავლე ვიყავი. აქაც რუსულ სკოლაში გავაგრძელე სწავლა, ფაკულტეტიც რუსული დავამთავრე. სამხატვრო აკადემიაში კი ქართულად მომიწია სწავლა, თუმცა, ისე ვერ ვისწავლე, როგორც საჭირო იყო. ენის ბარიერმა არ მომცა ამის საშუალება. "რა სად როდის"-ში მისვლის მერე კი ქართულ საუბარს უფრო მეტად მივაქციე ყურადღება. თუმცა, ნერვიულობის დროს, საუბარში შეცდომებს მაინც ვუშვებ ხოლმე.
- ის მომენტი გაიხსენეთ, როდესაც ბავშვობაში ნაოცნებარი ბროლის ბუ მოიპოვეთ.
- ბროლის ბუ, რომელიც მოვიგე, ქართულ კლუბში ჩვენი პირველი სეზონის თამაში იყო, თანაც, პირველი ბროლის ბუ იყო. "მეცხრე არხზე" "რა სად როდის" არალიცენზირებული იყო და ამიტომ ბროლის ბუ არ გვქონდა. მაშინ ბრინჯაოს მოაზროვნეს აძლევდნენ გამარჯვებულებს. ახლა კი ჩვენ ლიცენზია გვაქვს და ისევე ვთამაშობთ, როგორც რუსეთში. მხოლოდ ერთი განსხვავებაა, რომ იქ გადაცემა პირდაპირი ეთერით არის, ჩვენთან კი წინასწარი ჩანაწერებით. მაქვს ასევე პატარა ბროლის ბუ, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ავიღე. ორივე ბროლის ბუ ჩემთვის დიდი სიხარული იყო. ამით ბავშვობის ოცნება ავისრულე.
- კლუბში რომ ქალები ნაკლებად არიან, ეს დისკომფორტს გიქმნით თუ პირიქით?
- არა, დისკომფორტს სულაც არ მიქმნის, კლუბში რამდენიმე ქალი რომ ვართ. თითო გუნდში ერთი ქალია და ასეა ჩვენს გუნდშიც. ალბათ, ქალების ნაკლებობა ამ თამაშში იმიტომ არის, რომ მათ უმრავლესობას თავისუფალი დრო ნაკლებად აქვს, ანდა ბევრს არ აქვს ასეთი ამბიციები. მე ვთვლი, რომ ინტელექტუალური თამაში ცოტა ამბიციურია. კლუბში არაჩვეულებრივი სიტუაციაა, ჩვენ ყველას ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ინტერესებიც საერთო გვაქვს. თუ გინდათ ეს საოცარი სიტუაცია შეიგრძნოთ, მაშინ კლუბში უნდა მოხვიდეთ. სხვათა შორის, დროდადრო ჩვენ ახალ სახეებს ვეძებთ, განსაკუთრებით გოგონები გვჭირდება, რადგან ბიჭები კლუბში ბევრნი არიან. გარდა სატელევიზიო გადაცემებისა, ჩვენ კლუბში ყოველ კვირას ვთამაშობთ.
- რამდენად ენდობიან გუნდის წევრი მამაკაცები თქვენს პასუხებს?
- ყოველთვის იზიარებენ ჩემს ვერსიას, იმიტომ, რომ დარწმუნებულები არიან. მე თუ რაღაცაზე ვიტყვი, ეს ზუსტად ვიცი-თქო, ესე იგი, ჩემს ვერსიაში დარწმუნებული ვარ. საერთოდ, ამ თამაშში მოთამაშეები რომ ამბობენ, პასუხი სწორად ვიციო, ამას წყალი არ გაუვა, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ მან ისიც კი იცის, ეს რომელ წიგნსა და რომელ გვერდზე წერია.
- უამრავი ნახატი გაქვთ სახლში. პერსონალურ გამოფენებს მართავთ ხოლმე?
- ეს მხოლოდ ნაწილია ჩემი ნახატებისა, რადგან დანარჩენები გაყიდული მაქვს. ადრე "ცისფერ გალერეაში" სეზონური გამოფენები ტარდებოდა და იქ ყოველთვის ვმონაწილეობდი. პერსონალური გამოფენა მხოლოდ ერთხელ მქონდა. ჯგუფური გამოფენები უფრო მიყვარს. უფრო მეტად ჩემს ჯგუფელებთან ერთად ვაკეთებდი გამოფენებს. ამ ბოლო წლებში კი იმდენ ნახატს თავს ვერ ვუყრი, რომ გამოვფინო. თუ რამეს დავხატავ, მალევე ვყიდი. წელს კი დამიგროვდა ახალი ნახატები და აუცილებლად მოვაწყობ გამოფენას. უკვე სირცხვილია, ეს ამდენი ხანი რომ ვერ მოვახერხე.
- თქვენი ნახატები საქართველოს გარეთაც გადის?
- კი. ბევრი ჩემი ნამუშევარი აზერბაიჯანშია, უფრო მეტი კი - მოსკოვში. ჩემი ბოლო ორი ნახატი ბრიტანულ საელჩოში გაიყიდა. საელჩოში აუქციონი ჩატარდა და ჩემი ნამუშევრებიც იყო წარმოდგენილი. აქედან ყველა მათგანი გრაფიკული იყო - ქაღალდზე ტუშით დახატული. ძალიან გამიხარდა, ჩემი ორი ნახატი საკმაოდ მაღალ დონეზე რომ შეაფასეს. ხშირად ვახდენ კოპირებას სხვადასხვა ცნობილი ტილოებისა. მაგალითად, მე მაქვს დახატული პეტრე მელიქიშვილის ცოლის პორტრეტი. მეც სწორედ მისი კოპირება მოვახდინე. მისი ორიგინალი XIX საუკუნეში შეიქმნა და ჩვენს მუზეუმში ინახება.
თეონა კენჭიაშვილი
|
დღის სიახლეები
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



შერონ სტოუნმა საცურაო კოსტიუმში ნაკეცებიანი მუცელი გვაჩვენა
იზაბელი ფონტანა ცოლად ბობ მარლის ვაჟს მიჰყვება
კეიტ მოსს კვირაობით ველოსიპედით სეირნობა უყვარს
ენ ჰეტუეი მაიამის სანაპიროზე ახალ ფორმაში წარდგა












სილამაზის დედოფლობიდან ვარსკვლავობამდე 

74 წლის ჯეინ ფონდამ თავისი სითამამით მაყურებელი გააოცა
რას ხედავს სიზმარში ნუცა ხიდირბეგიშვილი
ასაკში გალამაზებული ვარსკვლავები
ჰაიდი კლუმი: ”ჩვენი სილამაზე ჩვენი ძროხების დამსახურებაა”
დოლჩემ და გაბანამ ველოსიპედის დიზაინზე იზრუნეს
ბარ რაფაელს კინოში იღებენ
ვალენტინომ 80 წლის იუბილე აღნიშნა
ლედი გაგა ეპატაჟურ იმიჯს არ ღალატობს 



