| ქალი და მამაკაცი |

წარსულში ცნობილი ტელესახე, ბავშვების საყვარელი "მანანა დეიდა" – მანანა მაჩაბელი – კოსმეტიკას და მაკიაჟს დიდად არასოდეს "სწყალობდა", არც მაშინ, როცა ტელევიზიაში მუშაობდა და არც ახლა, როდესაც სრულიად სხვა საქმიანობით არის დაკავებული (იგი ამჟამად ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გახლავთ და თეატრალურ უნივერსიტეტსა და სამხატვრო აკადემიაში ლექციებს კითხულობს). მისი მომხიბვლელობა ყოველთვის ნატურალური იყო. შესაბამისად, თავის მოვლაც იაფი უჯდებოდა. ერთადერთი, რასაც მკაცრად აკონტროლებს თავის გარეგნობაში, წონაა.
– ქალბატონო მანანა, რა დროს უთმობთ სარკეს?
– ძალიან ცოტა დროს. სარკის წინ დიდხანს ტრიალი და კეკლუცობა არასოდეს მყვარებია. ალბათ ამის არც დრო მქონდა და არც ის საშუალებები, რაც დღეს უხვად არის პარფიუმერიულ მაღაზიებში. ამიტომ მე ბებიის რეცეპტებით ვსარგებლობ.
– მაგალითად, კანს როგორ უვლით ამ რეცეპტებით?
– ვყიდულობ რუსულ კრემს, რომელიც თხის რძეზეა დამზადებული. მწვანე აფთიაქიდან გამომაქვს სხვადასხვა სახის ბუნებრივი ინგრედიენტები, ყურძნის წიპწების, ატმის, ნუშის ზეთები. მერე ერთმანეთში ვურევ და სახისთვის ვიყენებ.
– როგორი იყო საეკრანო გრიმი მაშინ, როცა ტელევიზიაში მუშაობდით და პოპულარული წამყვანი იყავით?
– იმ პერიოდში მაკიაჟს ყველა დიქტორი თავად იკეთებდა, ვიზაჟისტი არ გვყავდა.
– საბჭოთა პერიოდში რა კოსმეტიკურ საშუალებებს იყენებდით? მაგალითად, ცნობილია, რომ მაშინ ფრანგული სუნამოები დიდი იშვიათობა იყო. თქვენ ახერხებდით, გეშოვათ, რაც გჭირდებოდათ?
– ფრანგული სუნამო – არა, მაშინ პოლონური იყო მოდაში. ყველაფერი ძნელად იშოვებოდა, მაგრამ დიქტორებს პატივს გვცემდნენ და პარფიუმერიის შოვნა შედარებით გვიადვილდებოდა. ზოგჯერ მოსკოვში ვყიდულობდი. საერთოდ, კოსმეტიკაში ყოველთვის ცოტა ფულს ვხარჯავდი, იაფფასიანს ვყიდულობდი.
– კოსმეტოლოგთან ვიზიტი დაგჭირვებიათ?
– ერთადერთხელ ვიყავი და ძალიან ცუდად მახსოვს. ფორებიანი სახე არ მაქვს და კანზე გართულებები არასოდეს მქონია, მაგრამ მაინც წავედი კოსმეტოლოგთან. სახეს რომ მიორთქლავდნენ, ზემოდან რაღაც მეფარა. ორი წუთი გავძელი და ვკითხე, კიდევ რამდენი ხანი უნდა გავჩერებულიყავი ასე. რომ მიპასუხა, ხუთი წუთი მაინცო, იქიდან გამოვიქეცი, მიუხედავად იმისა, რომ ფული უკვე გადახდილი მქონდა.
– მაკიაჟის მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
– ფერუმარილი თითქმის არასოდეს გამომიყენებია. ამისთვის ტუჩსაცხს ვიყენებ. ოღონდ ვიცი ზომა, რომ თურაშაულის ვაშლს არ ვგავდე. ტონალური კრემიც არასოდეს წამისვამს. პუდრს კი მხოლოდ ტელევიზიაში, ჩაწერებზე ვისვამდი და ისიც იმიტომ, რომ იძულებული ვიყავი, გამომეყენებინა.
– თანამედროვე თაობის გოგონების მაკიაჟი თუ მოგწონთ?
– ახლა რასაც აკთებენ, არ მომწონს, რობოტებს ჰგვანან. სკოლიდან უნდა ასწავლონ, იმდენი მაკიაჟი არ წაისვან, სახე ნიღაბს დაემსგავსოს. დღეს თბილისში ძირითადად "ნიღბები" დადიან. ხანდახან მინდება, რომ კონკრეტულ ვინმეს ვუთხრა, ტუჩზე რაც გისვია, არ გიხდება, უფრო ბაცი ფერი რომ აგერჩია, გაცილებით ლამაზი გამოჩნდებოდა–მეთქი. თავს იუშნოვებენ. როგორც არ ვარგა ზედმეტი მარილი, შაქარი და ა.შ., ისე ზედმეტი მაკიაჟი არ შეიძლება, ყველაფერს აფუჭებს. როდესაც ადამიანი მოდის და 10 მეტრზე გცემს მისი სუნამოს სუნი, ეს, რა თქმა უნდა, მოსაწონი არ არის. მაკიაჟი და სუნამო შეუმჩნეველი უნდა იყოს.
– დიეტას, ვარჯიშს მიმართავთ ფორმის შესანარჩუნებლად?
– მთელი ცხოვრება დიეტაზე ვიყავი. ცხოვრებაში ბევრი რამ გვხვდება ისეთი, რაც გვანერვიულებს. ფსიქოლოგიაში კი ცნობილია, რომ არსებობს ნერვული ჭამა. ამ დროს ფიზიოლოგიურად შემდეგი პროცესი მიმდინარეობს: მუცელს რომ ამოიყორავ საკვებით, მთელი სისხლი, რომელიც ტვინს მიეწოდებოდა, კუჭთან გადადის. თუ ადამიანმა იცის, რომ ნერვულია, ნებისყოფა უნდა მოიკრიბოს და არ ჭამოს. 10 თვე ვმარხულობ, ხორცი არ მიყვარს, კარაქს კი თითქმის არ ვიღებ. წელიწადში ერთხელ თუ მომენატრება, შეიძლება გავსინჯო. ნახევარი ლიტრი ზეთი ერთი თვე მყოფნის. სამაგიეროდ ძალიან მიყვარს ხილი, ბოსტნეული და ბურღულეული. დილით რომ ვდგები, ჩემი ულუფა არის ფაფა ცოტა მაწვნით, ყოველგვარი მარილისა და შაქრის გარეშე. ყავაზე უარი ვერ ვთქვი, მაგრამ 2 საათის შემდეგ აღარ ვსვამ. როცა სტუმრად მივდივარ და ვახშმის შემდეგ დესერტია, ყავის და ჩაის მაგივრად ადუღებულ წყალს ვითხოვ. კოფეინის გვიან მიღებას ვერიდები. ფეხით სიარული ძალიან მიყვარს. ჩემთვის ეს არის ფიზიკური ვარჯიში. ერთი პერიოდი კუს ტბაზე ფეხით ავდიოდი, ვცურავდი, იქიდან ფეხით ჩამოვდიოდი და სახლში ტრანსპორტით ვბრუნდებოდი. ყველა იმ ხერხის მომხრე ვარ, რაც ბუნებრიობასთან ახლოს არის.
– უფრო მეტის საშუალება რომ გქონდეთ, თავს როგორ მოუვლიდით?
– მასაჟებზე ვივლიდი სიამოვნებით. ძალიან მიყვარდა ცურვა. ფიტნესვარჯიშებზეც დიდი სიამოვნებით ვივლიდი.
– თმას როგორ უვლით?
– თმის მოვლის სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებების დიდად არ მჯერა. ერთადერთი, ზამთარში და ზაფხულში აუცილებლად რაღაც მახურავს თავზე, რომ თმა არ გამომიშრეს. თმის საშრობს ვერიდები, მხოლოდ ზამთარში ვიყენებ და თანაც იშვიათად. გრძელი თმა მაქვს, მაგრამ არ ვიშლი, თუმცა ჩემი ქალიშვილი სულ ამას მთხოვს. ჩემი ასაკის ქალს გაშლილი თმა აღარ შეეფერება, მხოლოდ სახლში ვიშლი თმას, რომ სისხლმა კარგად იმოძრაოს.
– რას ფიქრობთ პლასტიკურ ქირურგიაზე?
– მარტო იმ შემთხვევაში მიმაჩნია მიზანშეწონილად, თუ ვინმეს სირანო დე ბერჟერაკის ცხვირი აქვს, ანუ ნახევარმეტრიანი. სილამაზე შეფარდებითია. თუ ვერ გავიცინებ და ნიღბით ვივლი, ეს რა სილამაზე იქნება?! დაბერილი ტუჩები ფერადკანიანებს აქვთ. ქართველს იგივე არ უნდა ჰქონდეს, მის გარეგნობაში არ ჯდება. ზოგს ძალიან წვრილი ტუჩები აქვს, რაც მის ხასიათს ამჟღავნებს. კი, ბატონო, ამ შემთხვევაში შეიშხაპუნოს სილიკონი, თუმცა მაინც არ მესმის, ხელოვნურად გადიდებული ტუჩები და მკერდი სილამაზე რატომ არის. როცა ტრავმების გამო ადამიანს რაღაც უზიანდება, რა თქმა უნდა, პლასტიკური ოპერაცია უნდა გაიკეთოს. მახსოვს, ალ პაჩინოზე რომ გავიგე, პლატისკური ოპერაცია გაიკეთა, ვიტირე. მაიკლ დუგლასმა რომ გაიკეთა, ეს არაფერი იყო, რადგან ახალგაზრდა ცოლი ჰყავს, მაგრამ რად უნდოდა ალ პაჩინოს პლასტიკური ოპერაცია?! მეწყინა.
– რა არის თქვენთვის სილამაზე?
– სხეულის სილამაზე სულიერ სილამაზეს არ ნიშნავს. ხანდახან ხედავ, მოდის ორმეტრიანი ახალგაზრდა, თითქოს ყველაფერი მწყობრში აქვს, მაგრამ თვალებში სიშტერე ჩანს. პლასტიკური ოპერაცია არასოდეს გაუკეთებიათ დოდო ჭიჭინაძეს, მედეა ჯაფარიძეს, თამარ ციციშვილს, მაგრამ ახლანდელი ლამაზმანები მათ გვერდითაც ვერ დაუდგებიან. ეს არის სილამაზე, რასაც ღმერთი ან გაძლევს, ან – არა.
მანანა ნოდია
|
დღის სიახლეები
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



შერონ სტოუნმა საცურაო კოსტიუმში ნაკეცებიანი მუცელი გვაჩვენა
იზაბელი ფონტანა ცოლად ბობ მარლის ვაჟს მიჰყვება
კეიტ მოსს კვირაობით ველოსიპედით სეირნობა უყვარს
ენ ჰეტუეი მაიამის სანაპიროზე ახალ ფორმაში წარდგა












სილამაზის დედოფლობიდან ვარსკვლავობამდე 

74 წლის ჯეინ ფონდამ თავისი სითამამით მაყურებელი გააოცა
რას ხედავს სიზმარში ნუცა ხიდირბეგიშვილი
ასაკში გალამაზებული ვარსკვლავები
ჰაიდი კლუმი: ”ჩვენი სილამაზე ჩვენი ძროხების დამსახურებაა”
დოლჩემ და გაბანამ ველოსიპედის დიზაინზე იზრუნეს
ბარ რაფაელს კინოში იღებენ
ვალენტინომ 80 წლის იუბილე აღნიშნა
ლედი გაგა ეპატაჟურ იმიჯს არ ღალატობს 



