asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სოფო გორდაძე: "ქმრისგან საჩუქრად ყველაზე მეტად ტანსაცმელი მიხარია"
”ყიდვისას საერთოდ არ ვფიქრობ”
სოფო გორდაძე: "ქმრისგან საჩუქრად ყველაზე მეტად ტანსაცმელი მიხარია"

2012-02-21 00:09:46



"იმედის დილის" ახალბედა წამყვანს, სოფო გორდაძეს, სატელევიზიო დრესკოდის ჩარჩოების დაცვა არ გასჭირვებია, რადგან იქამდეც მისი ყოველდღიური სამოსის სტილი იგივე იყო – ნახევრად კლასიკური, ნახევრად თავისუფალი. უყვარს ფერადი სამოსი, ოღონდ თბილ, მზიან ამინდებში. ცდილობს ყოველთვის და ყველგან მოწესრიგებულად გამოიყურებოდეს და, მიუხედავად იმისა, რომ სამ ადგილას მუშაობს, ჰყავს ქმარი და პატარა შვილი, ამას მაინც ახერხებს.
– სოფო, როგორ სტილს ანიჭებთ უპირატესობას?
– ისეთი ფოტოები გადავიღე, რომ გითხრათ, ბოტასები მიყვარს–მეთქი, ხომ არ დამიჯერებთ? ძირითადად ნახევრად კლასიკური სტილი მაქვს მორგებული. სპორტული დიდად არ მიყვარს. მხოლოდ შაბათს ვისვენებ და სპორტულ სამოსს ამ დღეს ვიცვამ. შეიძლება ასაკიც თავის როლს თამაშობს. 26 წლის ვარ და ჩემი სტილი უკვე არჩეული მაქვს.
– ნახევრად კლასიკურ სტილში რას გულისხმობთ?
– კლასიკური პიჯაკები, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და მათთან შეხამებული ჯინსის შარვლები. ჯინსი ჩემია, ყოველთვის მაცვია და არასოდეს მბეზრდება, ამიტომ ძალიან ბევრი მაქვს. ზაფხულში ნაჭრის ფერად–ფერად შარვლებს ვიცვამ.
– ფერების შეხამებას ყოველთვის ყურადღებას აქცევთ?
– კი, ყოველთვის. ფეხსაცმლიდან დაწყებული აქსესუარებით დამთავრებული, ყველაფერს ვუხამებ ერთმანეთს. მომხრე ვარ, რომ შედარებით იაფფასიანი ტანსაცმელი მქონდეს და ბევრი, ვიდრე ძალიან ძვირფასი, მაგრამ – ცოტა. რა თქმა უნდა, მეც მინდა ცნობილი ბრენდების სამოსი, მაგრამ ეს ყველაფერი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. როცა ბევრი ტანსაცმელი გაქვს, ფერების შეხამება უფრო ადვილია, მაგრამ როცა გარდერობში დოლჩე და გაბანას მხოლოდ 10 კაბა გიკიდია, ლავირების საშუალება არ გაქვს.
– ზაფხულში ალბათ სიჭრელე გიყვართ.
– კი, ძალიან მიყვარს. ადრე ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ იასამნისფერ ზედატანზე მწვანე შარვალს ჩავიცვამდი. არის რაღაც მკვეთრი ფერები, რომლებიც ერთმანეთს უხდება. თუმცა, რა თქმა უნდა, რამდენიმე ფერი ისეთია, რომლებსაც ერთმანეთს ვერ შეუხამებ, მაგალითად, წითელს ვერასოდეს ჩავიცვამ ვარდისფერზე. შავის გარდა ყველა ფერს კარგად ვხმარობ. ჩემს გარდერობში ყველაზე ცოტა შავი ფერის სამოსია.
– მგონი, პირველი რესპონდენტი ხართ, ვინც მითხრა, რომ შავი არ უყვარს.
– თუ შავი ტანსაცმელი მაცვია, მაშინ რამე მკვეთრი ფერის აქსესუარი მაინც უნდა მეკეთოს, თორემ მთელი დღე ძალიან ცუდ ხასიათზე ვიქნები. შავ ტანსაცმელს სახლშიც კი არ ვიცვამ. ალბათ 6 წელია შავი ფეხსაცმელი არ მიყიდია. ახლახან რაღაცაში დამჭირდა და იძულებული გავხდი, შემეძინა. რატომღაც ამბობენ, რომ შავი ყველა ფერთან მიდის, მაგრამ რუხი ფეხსაცმელიც ბევრ ფერთან მიდის და ამ ფერის საკმაოდ ბევრი ფეხსაცმელი მაქვს. როცა გარდერობში 10 წყვილი ფეხსაცმელი გაქვს, ყოველდღიურად სხვადასხვა გაცვია და მალე არ გიფუჭდება, ამიტომ ჩემი ფეხსაცმელები მარადიულად ძლებს.
– როგორც ქალების უმრავლესობისთვის თქვენთვისაც რელაქსაციაა შოპინგი?
– კი, ჩემთვის ნამდვილად არის. შეიძლება ითქვას, ავადმყოფურად ვყიდულობ ტანსაცმელს, არ ვჩერდები. ჩემი ბავშვობა ომებთან, შიმშილობასთან ასოცირდება. თქვენ წარმოიდგინეთ, იმ პერიოდშიც კი იმაზე ვფიქრობდი, რომ თუნდაც ერთი შარფი ან აქსესუარი შემეძინა. ჩემმა ქმარმა იცის, რომ დაბადების დღეზე საჩუქრად ყველაზე მეტად ტანსაცმელი გამიხარდება. ქორწილშიც ტანსაცმელი რომ ეჩუქებინათ, ძალიან გამიხარდებოდა. ხანდახან ცოტა "ხამობა" მემართება. ზამთარი მიყვარს, მაგრამ უკვე აღარ მაქვს ნაირ–ნაირი სამოსის ჩაცმის სურვილი. ერთი სული მაქვს, ცოტა დათბეს, რომ ჩემი გარდერობი გამოვყარო.
– თქვენი და თქვენი მეუღლის შეხედულებები ჩაცმულობის საკითხში ემთხვევა ერთმანეთს?
– კი, არაფერს მიშლის. რაც მინდა, იმას ვიცვამ, მაგრამ ვერასოდეს მნახავთ გამომწვევად ჩაცმულს. ზაფხულში მოკლე ქვედატანებს ვიცვამ. არც ამას მიშლის.
– ყიდვის პროცესში გიჭირთ შერჩევა თუ იოლად იღებთ გადაწყვეტილებებს?
– ყიდვისას საერთოდ არ ვფიქრობ. "იმედის დილაში" ერთ–ერთი მაღაზია გვაცმევს და რომ შევდივარ, ერთს შევხედავ და ზუსტად ვიცი, რაც მომიხდება.
– ალბათ უკვე გაერკვიეთ, ეკრანს რა ფერები უხდება.
– არის რაღაც შეზღუდვები. მაგალითად, არ შეიძლება ზოლიანი პიჯაკის ჩაცმა, რადგან ეკრანზე ციმციმებს. შავი მე არ მიყვარს და ალბათ არც იქნება ლამაზი, დილის გადაცემაში შავი სამოსით დაჯდე.
– აქსესუარებისადმი რა დამოკიდებულება გაქვთ, თქვენი სისუსტეა?
– ბევრი ბიჟუტერია მაქვს. ადრე ვფიქრობდი, ხომ არ გავაქირავო–მეთქი. ქორწილში, დაბადების დღეებზე ვინც მიდიოდა, ყველას ჩემი აქსესუარები ეკეთა. უთვალავი სამაჯური მაქვს. ბევრი ფული რომ მქონდეს, დარწმუნებული ვარ, უმეტესობას ბიჟუტერიაში დავხარჯავდი. ზოგადად უფრო ვერცხლისფერი სამკაულები მიყვარს, მაგრამ ამ ბოლო დროს სპილენძისფერი შემოვიდა მოდაში. ოქროსფერსა და ოქროზე არ ვგიჟდები.
– თუ არის რაიმე ისეთი, რაც სხვებზე მოგწონთ, მაგრამ თავად ვერ იხდენთ?
– სხვებზე მომწონს ძალიან მოტკეცილი მოკლე კაბები, მაგრამ მე ვერ ვიხდენ, სამწუხაროდ, ტანწერწეტა არ ვარ.
– სახლიდან გასვლის წინ დიდხანს ანდომებთ სარკესთან ტრიალს?
– არა, უცებ ვემზადები და გავდივარ. იმის გამო, რომ სამ ადგილას ვმუშაობ, დიდ დროს ვერ ვუთმობ მომზადებას. როცა ღამით დასაძინებლად ვწვები, უკვე ვიცი, მეორე დღეს რას ჩავიცვამ. სახლშიც კი სულ მოწესრიგებული ვარ, რომ ჩემს ქმარს ყოველთვის მოვეწონო.
– ჩაცმულობასთან დაკავშირებით ვის აზრს და რჩევას უჯერებთ, ვინ არის თქვენთვის ავტორიტეტი?
– ყველა იმ ადამიანის აზრს ვაქცევ ყურადღებას, ვის გემოვნებასაც ვენდობი. ჩემი მეუღლის აზრი ძალიან საინტერესო და განსაკუთრებულია ჩემთვის. მაგალითად, ჩემი მეგობარი ნინო ჩხეიძე სულ მაძლევს რჩევებს. ახლაც, როცა ეკრანზე გამოვჩნდი, რამდენიმე რჩევა მომცა. ვიცი, რომ მას კარგი გემოვნება აქვს და ამიტომ თვალდახუჭული ვენდობი.
– საღამოს კაბები რა რაოდენობით გაქვთ?
– ჩემს გარდერობში ალბათ 7 კაბა თუ მოიძებნება. არ მიყვარს კაბები, არადა ზაფხულში ძალიან პრაქტიკულია.
ქეთი დინოშვილი


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
კავშირი ტეგთან: სტილი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online