asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ნუკი კოშკელიშვილი: "ვალენტინოს სახლმა რომ დამასახელოს უგემოვნოდ, სტილს მაინც არ შევიცვლი!"
”ახალ წელს ყვითელი კაბა მეცვა”
ნუკი კოშკელიშვილი: "ვალენტინოს სახლმა რომ დამასახელოს უგემოვნოდ, სტილს მაინც არ შევიცვლი!"

2012-01-20 16:55:53



ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ეკრანზე ყოველთვის მკვეთრი, თვალშისაცემი, მხიარული ჩაცმულობით ჩნდება, ეს არ "შეარჩინეს" და გასული, 2011 წლის ბოლოს ერთ–ერთ ტოქ შოუში დააჯილდოვეს კიდეც "ყველაზე უგემოვნო ჩამცმელის" სტატუსით. ნუკის ეს დიდად არ ანაღვლებს და არც სტილის შეცვლას აპირებს. ზოგადად კი ასეთი გამოკითხვების და გემოვნებაზე ლაქლაქის მომხრე არ არის, მისთვის გაცილებით ძვირფასია ის ინდივიდუალური ხიბლი, რაც თითოეულ ადამიანში იმალება.
– ნუკი, გილოცავთ ახალ წელს! მოგვიყევით, როგორ შეხვდით ამ დღესასწაულს, რა გარემოში?
– მეგობრებთან ერთად ბორჯომში წავედი და იქ ვიწრო წრეში ვიზეიმე. არ ვყოფილვარ არანაირ კონცერტზე, ღონისძიებაზე. 2012 წელს ჩემთვის, გარიყულად, ყველაზე ახლობელი ადამიანების გარემოში შევხვდი. ჩემთვის ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია.
– როგორი სამოსით შეეგებეთ 2012 წელს?
– ყვითელი კაბა მეცვა. ტრადიციად მაქვს, ყოველ ახალ წელს ახალი სამოსით შევხვდე. სხვა ვერაფრის ყიდვა ვერ მოვასწარი.
– როგორ აღიქვით ის ფაქტი, რომ 2011 წლის ყველაზე უგემოვნო ჩამცმელად დაგასახელეს? სახეზე ღიმილი გქონდათ, მაგრამ გულში რას ფიქრობდით, შეგიძლიათ გაგვიმხილოთ?
– ამ ნომინაციაში გამარჯვებას საერთოდ არ ველოდი, მაგრამ, რადგან დამასახელეს, რა თქმა უნდა, იუმორით აღვიქვი. გულზე რომ მომხვედროდა, თავი გამეგიჟებინა, მეტირა, რა გამოვიდოდა? მოგეხსენებათ, რომ გემოვნებაზე არ დავობენ, ვიღაცას ასეთი მოსწონს, ვიღაცას – ისეთი. ეტყობა, ვინც გამოჰკითხეს, იმ საზოგადოებას არ მოვწონვარ და ამიტომაც დამასახელეს ყველაზე უგემოვნო ჩამცმელად. რას ვიზამ? თუ გამოკითხულ ადამიანებში ჩემი მაყურებლები შედიან, მაშინ აუცილებლად ვეცდები, მათთვის უფრო გემოვნებიანი გავხდე. სიმართლე გითხრათ, ძალიან მომწონს, რასაც ვიცვამ და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. არასოდეს მიფიქრია იმაზე, რომ შეიძლებოდა მე განსაკუთრებულად უგემოვნო ვყოფილიყავი.
– ახლა სტილს შეიცვლით?
– არა, სხვა სტილს ვერ ავირჩევ. ვალენტინოს სახლმა რომ დამასახელოს ყველაზე უგემოვნოდ, სტილს მაინც არ შევიცვლი! მე ასეთი ვარ და საზოგადოებამ ასეთი უნდა მიმიღოს.
– თქვენ როგორ ადამიანს უწოდებთ უგემოვნოდ ჩაცმულს?
– უგემოვნოდ ჩაცმული ის ადამიანია, რომელიც ცდილობს, მაქსიმალურად მიჰყვეს მოდას და ის ჩაიცვას, რაც მისი არ არის. ის უნდა ჩავიცვათ, რაც გვიხდება. თუ ხარ კედების ქალი, მაშინ კედი უნდა ჩაიცვა, თუ ქუსლიანი ფეხსაცმელი გიხდება, მაშინ ასეთი ფეხსაცმელი უნდა იხმარო. ერთმანეთისგან იმით გამოვირჩევით, რომ ჩვენ–ჩვენი სტილი გვაქვს და ინდივიდუალურები ვართ. ამიტომ მე არასოდეს არავის გემოვნებაზე არ ვიდავებ. მე არ ვარ კომპეტენტური, რომ ვიღაცის ჩაცმის სტილი შევაფასო და გავაკრიტიკო. რა თქმა უნდა, არასოდეს არავისთვის დავიშურებ კომპლიმენტებს.
– იმაზე არ გიფიქრიათ, რა პრინციპით დაგასახელეს ამ ნომინაციაში? იქნებ თქვენი სამოსის სიჭრელე არ მოსწონთ ან ზედმეტად გამომწვევად ჩაცმულად მიგიჩნევენ?
– რაც შეეხება გამომწვევ ჩაცმულობას, არა მგონია, ჩემი სამოსი ასეთი იყოს. არ ვიცვამ დეკოლტეებს, მოკლე ქვედატანებს... ნამდვილად არ მიკითხავს საკუთარი თავისთვის, ნეტა, რატომ დამასახელეს უგემოვნოდ, ვის აქვს ჩემი ჯინი–მეთქი. თუ უგემოვნო ვარ, არა უშავს. რა პრობლემაა? ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. თუ საუკეთესო ჩამცმელად დაგასახელებენ, მხოლოდ მაშინ უნდა იარო ცხვირაბზეკილმა? მე ახლაც ცხვირაბზეკილი დავდივარ, რადგან თუ რომელიმე ნომინაციაში დამასახელეს, იმას ნიშნავს, რომ ხალხისთვის საინტერესო ვარ. ვიღაც საერთოდ არ გაახსენდათ, მე კი გამიხსენეს. ეს ჩემთვის კარგია, როგორც ტელესახისა და წამყვანისთვის. გამოდის, რომ საზოგადოებას ჩემი უგემოვნოდ ჩაცმა ადარდებს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამას ხმამაღლა ამბობენ, რაც კომპლიმენტად მივიღე. გამოდის, რომ მაყურებელი ჩემზე ზრუნავს. როგორც ჩანს, მათ უნდათ, რომ ეკრანზე მიყურონ, ოღონდ იმაზე უკეთესი ნუკი იხილონ, ვიდრე ახლა ვარ. მე რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებ, კრიტიკას დადებითად აღვიქვამ. ყველანაირად ვეცდები, რომ მომდევნო გადაცემებში ცოტა უკეთესად ჩავიცვა.
– საერთოდ, თქვენთვის ვისი აზრია ყველაზე მნიშვნელოვანი ჩაცმის საკითხში, ვის ენდობით?
– მხოლოდ და მხოლოდ დედაჩემის აზრი მაინტერესებს. რჩევებს დედას ვეკითხები. შემიძლია ვთქვა, რომ იდეალური გემოვნება აქვს. იმას ვგულისხმობ, რომ დაშტამპული წარმოსახვა არ აქვს და შეუძლია ნებისმიერ ადამიანს თავისი სტილი მოარგოს.
– თქვენს სტილს რა ჰქვია?
– სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, სპორტული სტილი არასოდეს მომწონდა. ყოველთვის ერთი და იგივე სტილი მქონდა. რა თქმა უნდა, ასაკთან ერთად რაღაცეები იცვლება. მახსოვს, 18 წლის ასაკში ძალიან მომწონდა დეკოლტეები და ვიცვამდი კიდეც ასეთ ტანსაცმელს, მაგრამ მოკლე ქვედატანი არასოდეს ჩამიცვამს. ბოლო ორი წელია, დეკოლტეც არ ჩამიცვამს. მგონი, ახლა ამის ხასიათზე არ ვარ და ამიტომაც არ ვიცვამ. მე უფრო ქალური, კლასიკური სტილი მაქვს მორგებული.
მეცინება, როცა ადამიანებისთვის პრიორიტეტული ჩაცმულობა ხდება. მერჩივნა, ინტელექტის თვალსაზრისით ყოფილიყო კრიტიკა და არა – გარეგნობის მხრივ. ჩემს ცხვირს რომ მთელი საქართველო აკრიტიკებს, ეს ვიცი, მაგრამ ალბათ კარგი იქნება, თუ საზოგადოება განვითარდება. ჩემი გარეგნობა მარტივი შესაცვლელია. შემიძლია წავიდე და სხვების მსგავსად გავიკეთო ლამაზი ცხვირი, ლიპოსაქცია. ისეთი გავხდები, ჩემისთანას მეორეს ვერ ნახავთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩემი დადებითი ჩემს ვიზუალში კი არა, შინაგანშია. ვმუშაობ იმაზე, რომ ნაკლი, რომელიც გამაჩნია, ერთგვარ ქარიზმად გადაიქცეს. ქართულ ტელესივრცეში ბევრი ლამაზი ქალბატონია და მე მინდა, რომ მათგან სულ სხვა რაღაცეებით გამოვირჩეოდე.
– კარგად ერკვევით მოდის ტენდენციებში ან მოდის კვირეულებს თუ ადევნებთ თვალს?
– ვერ ვიტყვი, რომ მოდის სფეროში ოსტატი ვარ. სამწუხაროდ, ფეშენ ვიკებზე არ დავდივარ. იმას არ ვამბობ, რომ არ მომწონს, პირიქით, მიხარია, რომ საქართველოში მოდის სფერო ვითარდება. სხვადასხვა ქვეყნის მოდის კვირეულებზე ვყოფილვარ და მსოფლიოს მოდის ტენდენციებში მეტნაკლებად ვერკვევი.
– თქვენთვის აუცილებელია, რომ მოდური სამოსი გეცვათ?
– შეიძლება ის, რაც წინა წელს იყო მოდაში, წელს მოგეწონოს, ანუ მაშინ, როცა უკვე აღარაა მოდური. ხშირად ვამბობ, რომ მოდა შინაგანი ტენდენციაა. კრისტიან დიორი რომ იტყვის, წელს ტერაკოტის ფერს გავხდი აქტუალურსო, უცებ ყველა ტერაკოტის ფერისკენ დაიწყებს ლტოლვას. ეტყობა, ყოველ წელს, სეზონს თავისი ხასიათი აქვს. მინდა, თქვენს მკითხველს ვუთხრა, რომ ბრენდი თავად აირჩიონ. არ აქვს მნიშვნელობა, უგემოვნოდ დაგასახელებენ თუ გემოვნებიანად, მთავარია, თავად მოგწონდეთ საკუთარი იმიჯი და გარშემომყოფთ თქვენთან ურთიერთობა სიამოვნებდეთ.
– სახლიდან გასვლამდე რა დროს უთმობთ თავის მოწესრიგებას?
– დაახლოებით ნახევარ საათს. ამ დროში ვასწრებ წყლის გადავლებას, თმის გაშრობას, მაკიაჟის გაკეთებას და ჩაცმას. ამ ბოლო დროს რატომღაც მაკიაჟს აღარ ვიკეთებ, სახის კანს ვასვენებ. ადრე თავის მოვლას უფრო მეტ დროს ვუთმობდი, ახლა ტემპი ჩავაგდე და ხალხმა არ მაპატია. შემახსენეს, დროა, თავს მიხედოო.
– თუ მნიშვნელოვან საღამოზე მიდიხართ, მაშინაც ნახევარი საათი გყოფნით?
– მაშინ ერთი საათი მჭირდება. ამ შემთხვევაში თმის დაყენებაც უნდა მოვასწრო, რასაც დიდი დრო მიაქვს.
– საღამოს კაბები რა რაოდენობითაა თქვენს გარდერობში?
– საღამოს კაბები მაქვს, მაგრამ ხშირად არ ვიყენებ. საქართველოში რატომღაც არ ტარდება ისეთი ღონისძიებები, სადაც შემიძლია საღამოს გრძელი კაბა ჩავიცვა. ჩემი აზრით, კოქტეილის კაბა ყველა სიტუაციისთვის მოსახერხებელია და ძალიან უხდება უხეშ ჩექმას, შუზებს. ასეთ ფორმაში შეგიძლია წახვიდე დაბადების დღეზე ან კონცერტზე. საღამოს კაბა ძალიან დასამახსოვრებელი, მაგრამ არაპრაქტიკულია. ერთხელ რომ ჩაიცვამ, მეორედ უკვე აღარ აქვს ეფექტი.
შოპოგოლიკი ვარ. მიყვარს აქსესუარები, ფეხსაცმელები. მართალია, ბევრ წყვილ ფეხსაცმელს ვყიდულობ, მაგრამ უფრო კაბებზე ვარ გაგიჟებული. ყველა ჯერ კაბას ყიდულობს და შემდეგ ფეხსაცმელს უხამებს, მე პირიქით ვარ – ჯერ ფეხსაცმელს ვყიდულობ და მერე ძალიან ბევრ ისეთ კაბას, რომლის ჩაცმაც იმ ფეხსაცმელზე შემეძლება. შარვლებიც ძალიან მიყვარს და ელასტიკებიც. საერთოდ, ყველაფერი ძალიან ბევრი მაქვს.
– და მაინც, გგონიათ, რომ "ჩასაცმელი არაფერი გაქვთ"?
– კი. გარკვეული დროის შემდეგ კაბები თითქოს ქრება და ვეღარ ვხედავ. ამიტომ ახლის ყიდვა მიწევს, რადგან მგონია, რომ აღარაფერი მაქვს. მგონი, ეს ქალის ყველაზე დიდი ავადმყოფობაა, რომელიც, წესით, უნდა იკურნებოდეს. ყველა ფსიქიატრებთან ვართ მისასვლელი!
– ზრუნავთ იმაზე, რომ თქვენი გარდერობი ყოველთვის წესრიგში იყოს?
– კი, ჩემს გარდერობში დამონტაჟებული მაქვს კარგი არომატის დასაყენებელი, რის გამოც ყველა დამცინის. რომ გითხრათ, პედანტი ვარ–მეთქი, ასე არაა.
– საყიდლებზე რა სიხშირით დადიხართ?
– მაღაზიებში სულ დავდივარ და ვაკვირდები, სად რა არის. როცა განსაკუთრებულად მომწონს რაღაც, აუცილებლად ვყიდულობ. ჩემს გარდერობს ყოველ თვეში პატარა დეტალს ვუმატებ, ერთიანად განახლების მომხრე არ ვარ.
– ყველა სამოსს იყენებთ თუ ჩაუცმელებიც ბლომად გიგროვდებათ?
– ჩემს გარდერობში ბევრ ისეთ ტანსაცმელს იპოვით, რომელიც "ბირკით" კიდია და საერთოდ არ ჩამომიხსნია. ვფიქრობ, მაღაზია ხომ არ გავხსნა. ტანსაცმელს ძალიან ვუფრთხილდები, ვამბობ, ამას განსაკუთრებულ ადგილას ჩავიცვამ–მეთქი, მაგრამ ბოლოს მავიწყდება.
– ყველაზე მეტად რომელი აქსესუარი გიყვართ?
– ბეჭდები და ყელსაბამები. საყურეს თითქმის არ ვხმარობ, სულ ერთი წყვილი მიკეთია. საათიც ერთი მაქვს.
– როგორ უნდა ეცვას მამაკაცს, რომ შეხედოთ და თქვათ, გემოვნებით აცვიაო?
– ჩვენს ქვეყანაში ასეთი მამაკაცი ძალიან იშვიათია. მიყვარს ახალგაზრდულად, მოდურად, ელეგანტურად ჩაცმული კაცები და არა – ძველბიჭურად, ჩაჩაჩულ შარვლებში გამოწყობილი. კაცებს თუ ჩემი გულის დაპყრობა უნდათ, ნორმალური ტანსაცმელი ჩაიცვან!
– თქვენი გული ხომ უკვე დაპყრობილია. მას თუ ურჩევთ სამოსს?
– კი და ჩემს შეყვარებულს არაჩვეულებრივად აცვია. ჩვენ ერთმანეთის რჩევებს ვითვალისწინებთ, ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს.
ქეთი დინოშვილი


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online