asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

თაკო ჩხეიძე: ”მოდის კვირეულები უნდა გავაერთიანოთ”

თაკო ჩხეიძე: ”მოდის კვირეულები უნდა გავაერთიანოთ”

2011-12-12 15:41:50



თაკო ჩხეიძე თბილისის მოდის კვირეულს აგერ უკვე მერამდენედ მართავს, მაგრამ თავად დიდი ხანია პოდიუმს დაემშვიდობა. გამონაკლისს მეგობრების ხათრით უშვებს, როცა მათ ჩვენებებში მონაწილეობს. სამი ბიჭის დედაა და პირველი მაშინ გააჩინა, როცა მოდელის კარიერა ახალი დაწყებული ჰქონდა. დანარჩენი ორი კი სრული მოულოდნელობა იყო. ახლა ამბობს, ამდენ ხანს არ უნდა დამეცადა, შვილებს შორის დიდი შუალედი გამომივიდაო.
თაკო ჩხეიძის ცხოვრება ორადაა გაყოფილი თბილისი–ტალინის, ტალინი–თბილისის ავიარესიებით, რადგან მისი ქმარი, რუსლან აბაშიძე, საქართველოს ელჩია ესტონეთში. სამი შვილი, დიპლომატის ცოლობა, მოდის კვირეული – როგორ ართმევს ამ საპასუხსიმგებლო საქმეებს ყოფილი მოდელი?
"სარკესთან" საუბარი მან ახლახან ჩამთავრებული თბილისის მოდის მეხუთე კვირეულით დაიწყო:
– კმაყოფილი ვარ, ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა. ძალიან კარგი აღმოჩენები გავაკეთეთ. მოდის კვირეულისთვის მთავარია კარგი კოლექციები, რაც ამ ჩვენებებზე ნამდვილად იყო. რთულია ამ ყველაფრის ორგანიზება. არაჩვეულებრივი პარტნიორები რომ არ მყავდეს, მარტო ვერ გავაკეთებდი. სამუშაო პერიოდი კვირეულიდან კვირეულამდე გრძელდება, საკმაოდ შრომატევადი საქმეა.
– საქართველოში ორი მოდის კვირეულის არსებობა ლამის სახუმარო თემად იქცა. გაერთიანებას ისევ არ აპირებთ?
– ჩვენ ძალიან მარტივად ვუდგებით ამ საკითხს და მომხრე ვართ, რომ ამ ორი კვირეულის საუკეთესო რესურსი გაერთიანდეს. ასე უფრო ძლიერ მოდის კვირეულებს ჩავატარებთ. ამ თემაზე მოლაპარაკებები გადაიდო, რადგან ორივე მხარეს უკვე დაგეგმილი გვქონდა შემოდგომის კვირეულები. როცა გაერთიანებაზე ვსაუბრობთ, ბევრი რამ უნდა ავწონდავწონოთ. ახლა შეიძლება ეს საკითხი გადაწყდეს. ისეთ პატარა ქვეყანაში, სადაც არ არის ბაზარი, ორი კვირეულის არსებობა ცოტა რთულია.
– როგორ ფიქრობთ, ქართულ სამოდელო ბიზნესში გავლენიან ფიგურად იქეცით?
– ამ სფეროში უკვე 16 წელია ვარ. მგონი, საკმაოდ ბევრი რამ მაქვს გაკეთებული, როგორც ამ ქვეყანაში, ასევე უცხოეთში. რაც შეეხება ჩემს გავლენას, ამაზე ვერაფერს გიპასუხებთ. ჩემი აზრით, უბრალოდ ნაცნობი სახე ვარ, რომელიც აქტიურად ვმუშაობდი და ახლაც ასე ვცხოვრობ. ჩემი საქმე ძალიან მიყვარს და ამ სფეროზე გული შემტკივა. მოდის კვირეულის კეთებამ გაამართლა, ეს სფერო ბევრად განვითარდა. საინტერესო დიზაინერები გამოჩნდნენ. მოკლედ, არ ვიცი, გავლენიანი ვარ თუ არა, მაგრამ საკმაოდ ბევრს ვშრომობ, რომ ეს სფერო განვითარდეს. ეს არ არის ჩემი ან ჩემი პარტნიორების კვირეული, მთლიანად ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს ეკუთვნით.
რამდენიმე წელია სამოდელო სააგენტო "ჯეო მოდელსი" მაქვს. ვცდილობ, დამწყებ მოდელებს გზა გავუკვალო, ვეძებ ახალ სახეებს. ჩვენს სააგენტოში ბევრი პოპულარული მოდელია. უცხოურ სააგენტოებთან ვთანამშრომლობ. ახალი წლის შემდეგ ორი მოდელი მილანში გაემგზავრება სამუშაოდ. მეგობრული, შეკრული ჯგუფი ვართ. წარმატების მიზეზიც სწორედ ეს არის. ჩვენს სააგენტოს ძალიან ცნობილი მოდელები ჰყავს, მაგალითად, ანი ჩიხლაძე, ნინი კაკაბაძეს, მარიამ აბირაძე, რომლებიც მალე ტელევიზიაში გადადგამენ პირველ ნაბიჯებს. წინა წლის მოდის კვირეულში ჩვენი ახალი სახე – მულატი მარიამ სანოგო მონაწილეობდა. ის ძალიან აქტიური სახე გახდა ამ სფეროში.
– პოდიუმზე აღარ გამოდიხართ, მაგრამ დიზაინერ გიორგი შაღაშვილის ჩვენებებში ყოველთვის მონაწილეობთ. ეს დიზაინერი თქვენი ფავორიტია?
– ჩემი ფავორიტი ბევრი დიზაინერია. მათ შორის ბევრი მეგობარი მყავს, რომლებსაც ჩვენებაში მონაწილეობაზე უარს არასოდეს ვეუბნები. გიორგიც ჩემი მეგობარია.
– როგორ აბალანსებთ პირად ცხოვრებას და საქმეს, ერთის ხარჯზე მეორეს უმატებთ თუ არა?
– ამისთვის არანაირი რეცეპტი არ გამაჩნია. რა თქმა უნდა, რთულია, საქმე და ოჯახი ერთმანეთს შეუთავსო. დრო არაფრისთვის მყოფნის. დღე ისე გადის, რომ მინდა ბევრი რამ მოვასწრო, მაგრამ არ გამომდის. ოჯახისგან დიდ ხელშეწყობას ვგრძნობ. ისეთ სფეროში ვტრიალებ, რომ სულ ფორმაში უნდა ვიყო, რადგან მიწვევენ გადაცემებში, მაქვს გადაღებები. არის მომენტები, როცა აღარც ინტერვიუ მინდა და არც – გადაღება. ერთადერთი, რაც მსურს, დასვენებაა, რისი ფუფუნებაც, სამწუხაროდ, არ მაქვს.
– თბილისსა და ტალინს შორის გიწევთ მიმოსვლა. რომ იტყვიან, სულ ჩემოდნებზე ზიხართ. ალბათ ეს ძალიან დამღლელია.
– ეს საკმაოდ რთულია. შვილებთან ერთად მივდივარ და მოვდივარ, ამას კი ბევრი ნერვიულობა და დიდი სტრესი ახლავს თან.
– ერთ–ერთ სოციალურ ქსელზე ხშირად დებთ მეგობრებთან ერთად გადაღებულ მოგზაურობის ფოტოებს. ოჯახის გარეშე დასვენება მოგწონთ?
– მეგობრები ყოველთვის წინასწარ ვგეგმავთ, რომ რამდენიმე დღე ერთად გავატაროთ საზღვარგარეთ. ამ ბოლოს მილანში ვიყავით და ჯორჯ მაიკლის კონცერტს დავესწარით. დაემთხვა, რომ თან საქმიანი მოლაპარაკებებიც მქონდა. მეგობრები გამიგიჟდნენ, იქაც საქმეებზე რომ დავდიოდი. მათთან განტვირთვას რომ არ ვახერხებდე, ალბათ მართლა გავგიჟდებოდი.
– როგორ ერთობით დასავლეთში – ევროპულად თუ ქართულად?
– ჩვეულებრივად ვერთობით, ვცეკვავთ, ვმღერით. როცა ერთად ვართ, ძალიან ვმხიარულობთ. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, თბილისში ვართ თუ მილანში. ერთად ყველგან მშვენივრად ვატარებთ დროს. მილანში წასვლა ისე დავგეგმეთ, რომ ჯორჯ მაიკლის კონცერტს დავსწრებოდით. მანამდე ტალინში შადეს კონცერტზე ვიყავი. კარგა ხანია ასეთი სიამოვნება არ მიმიღია. ჯორჯ მაიკლის კონცერტზე რომ მივდიოდით, "ჩეპე" დაგვემართა. მე ტალინიდან რიგაში მივფრინავდი, ჩემი მეგობრები თბილისიდან რიგაში მოფრინავდნენ და იქ უნდა შევხვედროდით ერთმანეთს. რიგას რომ მივუახლოვდით, გამოაცხადეს, თვითმფრინავი უამინდობის გამო აეროპორტში ვერ დაჯდებაო და ვილნიუსში წავედით. ჩემს მეგობრებს რომ დავურეკე, მითხრეს, ჩვენი თვითმფრინავი ტალინში დაეშვაო. ტალინში მთელი დღე ჩემ გარეშე გაატარეს... საოცარი გზებით ძლივს ჩავაღწიეთ მილანში. არავინ იცოდა, ვინ სად იყო, სად მიფრინავდა და მოფრინავდა. ისედაც სამი დღით მივდიოდით მილანში და ისიც ჰაერში გავატარეთ.
– სამი შვილის დედა ხართ. კარგია, რომ განმუხტვისთვის დრო გრჩებათ.
– სამი ბიჭი მყავს. უფროსი, სერგი, 11 წლის არის, ალექსანდრე – 2 წლის, დავითი – 4 თვის, პატრიარქის ნათლულია. ძალიან საყვარელი შვილები მყავს. ვამბობ, სახლში პატარა სათამაშოები მყავს–მეთქი. პირველსა და მეორე შვილს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა, რასაც ახლა ძალიან ვნანობ. დრო არ უნდა დაგვეკარგა.
– მეორე და მესამე შვილის გაჩენას არ გეგმავდით?
– ვერასოდეს წარმომედგინა, რომ სამი შვილის დედა ვიქნებოდი. ეს ყველაფერი თავისით მოხდა. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. მესამე შვილის გაჩენის შემდეგ ვიგრძენი დიდი პასუხისმგებლობა. ვცდილობ, რომ შვილებს თანაბარად გავუნაწილო ყურადღება. ძმებს ერთმანეთი ძალიან უყვართ. არ ეჭვიანობენ, ეფერებიან და კოცნიან ერთმანეთს. შუათანამ სერგის სახელი გადაარქვა და გეგას ეძახის. სერგი დიდი ბიჭია. მასთან ვმეგობრობ და ბავშვივით ვეღარ ვეფერები. კარგად სწავლობს, სპორტი იზიდავს.
– არ გეშინოდათ, რომ სამი ორსულობის შემდეგ პოდიუმზე ვეღარ დადგებოდით?
– არა. ადრე მოდელები შვილებს გვიან ასაკში აჩენდნენ. ახლა კი მთელ მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მოდელებსაც კი შვილები ჰყავთ. ეს ძალიან კარგია.
– მეოთხე შვილის გაჩენასაც ხომ არ აპირებთ?
– ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ, მაგრამ გამორიცხული არ არის, მეოთხე შვილიც გავაჩინო. სქესს მნიშვნელობა არ ექნება. მინდა, მეტი ყურადღება დავუთმო ბავშვებს. მესამე შვილი რომ შემეძინა, სახლიდან გასვლა არ მინდოდა. იმდენად მსიამოვნებდა შვილის გაზრდა, რომ არც ღამის გათენება მიჭირდა. სამსახურში დაბრუნება გამიჭირდა.
– ქმარზე ყოველთვის თავშეკავებით საუბრობთ. მიზეზი რა არის?
– ჩემი მეუღლე პროფესიით დიპლომატია. ამჟამად საქართველოს ელჩია ესტონეთში. ორივეს რადიკალურად განსხვავებული ცხოვრება გვაქვს. ესტონეთში სხვანაირი ცხოვრებაა, საქართველოში – სხვანაირი. როცა აქ ძალიან ვიღლები, ესტონეთში განტვირთვის დღეებს ვიწყობ. 13 წელია ერთად ვართ. ჩემი პროფესიის დიდი გულშემატკივარია.
ლანა კიკნაძე


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: თაკო ჩხეიძე
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online