| ქალი და მამაკაცი |

11 თებერვალს მსოფლიო ტრაგიკულმა ამბავმა მოიცვა – თანამედროვეობის ყველაზე ნიჭიერი მომღერალი, განუმეორებელი ხმის პატრონი უიტნი ჰიუსტონი, 48 წლის ასაკში სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა. "სამწუხაროდ, ეს მართალია, უიტნი გარდაიცვალა", – განუცხადა შოკში ჩავარდნილ საზოგადოებას ჰიუსტონის პრესმდივანმა კრისტენ ფოსტერმა.
ლეგენდარული მომღერალი ლოს ანჯელესში, "ბევერლი ჰილტონის" სასტუმროს ნომერში, მისმა პირადმა მცველმა უგონო მდგომარეობაში აბაზანაში აღმოაჩინა და სასწრაფო და პოლიცია გამოიძახა. ექიმების ყველანაირი მცდელობა ამაო აღმოჩნდა და ადგილობრივი დროით 15 საათსა და 55 წუთზე უიტნი გარდაიცვალა.
ტრაგედიას პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ–ერთი პირველი ვერსია მაშინვე ნარკოტიკების გადამეტებულ დოზას დაუკავშირდა. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, 9 თებერვალს, პაპარაცებმა მომღერალი ღამის კლუბიდან გამოსვლის მომენტში დააფიქსირეს. უიტნი მეტად არაადეკვატურად იქცეოდა, ის ან ძალიან მთვრალი იყო, ან ნარკოტიკების გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. მომღერალი ნარკოტიკების ტყვეობაში 2000 წლიდან მოექცა. ცხოვრების ეს მავნე წესი მისი ქმრის, ბობი ბრაუნის დამსახურება იყო.
ექიმების პირველადი დასკვნის მიხედვით, ჰიუსტონის ფილტვებში წყალი აღმოჩნდა. გარდაცვალების შემდეგ კი ფილტვებში წყალი არავითარ შემთხვევაში არ ხვდება. ამით ჩანს, რომ წყლით სავსე აბაზანაში მომღერალმა ჯერ გონება დაკარგა ან ჩაეძინა და მერე გარდაიცვალა. ის რეგულარულად იღებდა ანტიდეპრესანტ "ქსანაქსს". სასტუმროს ნომერში იგი დიდი რაოდენობით ნახეს. იმავე პრეპარატის და ალკოჰოლის კვალი აღმოჩნდა უიტნის ორგანიზმშიც. ცნობილია, რომ "ქსანაქსის" გამოყენების პერიოდში კატეგორიულად დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება, რადგან ეს გონების დაკარგვას იწვევს.
ჟურნალისტების ერთი ნაწილი სასწრაფო დახმარების ბრიგადას დაგვიანებაში ადანაშაულებს. აღმოჩნდა, რომ ექიმები სასტუმროში გამოძახებიდან 10 წუთის შემდეგ მივიდნენ. როგორც ამბობენ, რამდენიმე წუთით ადრე რომ მისულიყვნენ, შესაძლებელი იყო სხვა შედეგი მიეღოთ. ყველა ერთხმად აცხადებს, რომ სარეანიმაციო პროცედურები გვიან დაიწყეს. სწორედ ეს ირკვევა ამჟამად – რატომ არ აღმოუჩინა ჰიუსტონს სასტუმროს ექიმმა პირველადი დახმარება.
მომღერალმა სასტუმროში ნომერი თავის ბოიფრენდ რეი ჯემთან ერთად დაჯავშნა, მაგრამ არავინ იცის, ტრაგედიის მომენტში ბოიფრენდი სად იმყოფებოდა. უკანასკნელი ადამიანი, რომელსაც უიტნი სიკვდილამდე ნახევარი საათით ადრე ელაპარაკა, დედამისი კისი ჰიუსტონი იყო. "უიტნის ხმაში არაფერი იყო შემაშფოთებელი და საეჭვო, ჯანმრთელობაზეც არაფერი დაუწუწუნია", – განაცხადა მომღერლის დედამ "ლაიფთან" ინტერვიუში.
ტრაგედიის წინა საღამოს უიტნი გრემის წინასადღესასწაულო მიღებაზე იმყოფებოდა. ეს წვეულება მომღერალს ყველაზე მეტად უყვარდა, რადგან მისი საუკეთესო მეგობარი, პროდიუსერი კლივ დეივისი აწყობდა. წვეულების სტუმრები ერთპიროვნულად აღნიშნავენ, რომ მომღერალი იმ საღამოს განსაკუთრებულად ხალისიანი იყო. წვეულების ბოლოს კი რატომღაც ცუდად გახდა და იქაურობა მოულოდნელად დატოვა.
როდესაც ტრაგედიის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ლოს ანჯელესში წლის მთავარი მუსიკალური მოვლენის, გრემის დაჯილდოების ცერემონიალის გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობდა. მოულოდნელმა ცნობამ მთელი შოუბიზნესი ადგილზე გაყინა. ტექნიკური პერსონალის განცხადებით, ყველანი გაშეშდნენ და ცრემლები წამოუვიდათ. რეპეტიცია ჩაიშალა და ცერემონიალის ორგანიზატორებს მეორე დღეს დაგეგმილი კონცერტის გადადებაც უნდოდათ, მაგრამ მოგვიანებით ცერემონიალის ფორმატი შეიცვალა და ბუნებრივია, მთლიანად უიტნი ჰიუსტონს მიეძღვნა.
მსოფლიო შოუბიზნესმა სოციალურ ქსელებში ლეგენდარული მომღერლის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ტრაგედია თავისებურად გადმოსცა. მომღერალმა რიანამ თავის სოციალურ ქსელში მხოლოდ ორი წინადადება დაწერა: "სიტყვები არ მაქვს, მხოლოდ ცრემლები".
პერის ჰილტონი: "ძალიან სამწუხაროა, როცა გესმის ამბავი უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალების შესახებ. ის ძალიან ნიჭიერი და ძლიერი ქალი იყო. მთელი გულით ვუერთდები მისი ოჯახის ტრაგედიას".
კრისტინა აგილერა: "ჩვენ დავკარგეთ კიდევ ერთი ლეგენდა. უიტნის ოჯახის წევრებთან ერთად ვლოცულობ მისი სულისათვის. ის დროთა განმავლობაში თითოეულ ჩვენგანს დაგვაკლდება".
ტონი ბრექსტონი: "მან მუსიკალურ სამყაროში შექმნა ის გზა, რაზეც მთელმა თაობამ გაიარა. ის იყო ლეგენდა და საუკეთესო მომღერალი მთელ მსოფლიოში".
ტონი ბენეტი: "ეს ტრაგედიაა. უიტნი ჰიუსტონი იყო უდიდესი მომღერალი, რომელიც ოდესმე მომისმენია. მისი ხმა შეიძლება მთელ მსოფლიოს კარგა ხანი დააკლდეს, მას ვერავინ შეცვლის".
მომღერალი, მსახიობი, პროდიუსერი და ყოფილი ფოტომოდელი, უიტნი ჰიუსტონი, 1963 წლის 9 აგვისტოს დაიბადა. მსოფლიო ვარსკვლავის ტიტული კი 1992 წელს მოიპოვა, როდესაც ეკრანებზე გამოვიდა ფილმი "პირადი მცველი". ამ ფილმიდან სიმღერა "აი ვილ ოლვეის ლავ იუ" ("ყოველთვის მეყვარები") მსოფლიო ჰიტად და სიყვარულის ჰიმნად იქცა.
ჰიუსტონი გინესის რეკორდების წიგნშიც არის შესული, როგორც მომღერალი, რომელსაც ყველაზე ბევრი პროფესიული ჯილდო აქვს მიღებული. უიტნიმ, რომელმაც სიმღერა 11 წლიდან დაიწყო, მთელი თავისი კარიერის განმავლობაში აიღო 6 გრემი, 15 ჯილდო ბილბორდ მიუზიკ ევერდისგან და 21 ჯილდო ამერიკან მიუზიკ ევერდისგან. გარდა ამისა, მას აქვს მიღებული 2 ემი და მუსიკალური ინდუსტრიის სხვა უამრავი პრიზი.
უიტნი ჰიუსტონის თაყვანისმცემლებს ძალიან უჭირთ მომხდარის დაჯერება. თავიანთი კერპის დაკარგვის შემდეგ მთელი მათი აგრესია მომღერლის ყოფილი ქმრის, ბობი ბრაუნისკენ წარიმართა. მილიონობით თაყვანისმცემელმა სოციალურ ქსელებში ღია განცხადებების გაკეთება დაიწყო მის წინააღმდეგ. "ის მთავარი დამნაშავეა მთელ ამ უბედურებაში. უიტნი ჯერ მორალურად გაანადგურა, შემდეგ კი – ფიზიკურად. მისი გაცნობის შემდეგ მომღერლის კარიერა უკან წავიდა. ვაღმერთებთ უიტნის, გვეზიზღება ბრაუნი!" – აცხადებენ უიტნის ფანკლუბის წევრები.
ბობი ბრაუნმა ეს ტრაგედია პირდაპირ სცენაზე შეიტყო. ის თავის ჯგუფთან ერთად გასტროლებზე იმყოფებოდა. "მე შენ ძალიან მიყვარხარ, უიტნი, და ყოველთვის მეყვარები!" – იყვირა მან სცენაზე, შემდეგ კი რამდენიმე ხანი შეუჩერებლად ტიროდა.
უიტნი ჰიუსტონის 18 წლის ქალიშვილი, ბობი კრისტინა ბრაუნი, იმის გამო, რომ პოლიციამ დედის ცხედართან არ მიუშვა, შოკში ჩავარდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ამჟამად მისი მდგომარეობა ნორმალურია.
მოამზადა
ავთო ჩიტიძემ


|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



კიმ კარდაშიანის უზარმაზარი საჯდომი ვიწრო შორტებში ძლივს ჩაეკვეხა
სერენა უილიამსი რეპს კითხულობს
ადელს პოპულარობა არ მოსწონს
ჯენიფერ ჰადსონის სიძე ოჯახის წევრების მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს











ქართველი მომღერლები ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდნენ 

ასაკში გალამაზებული ვარსკვლავები
დიანა ღურწკაია სიჩქარის გადაჭარბების გამო დააჯარიმეს
ხატია ძერყორაშვილი: "ახალგორიდან მე და დედამ გადაცმულებმა გამოვაღწიეთ"
არმანი: „შონ პენს შეუძლია, მსოფლიო შეცვალოს"
მადონას დიეტის საიდუმლო
ჯენიფერ ლოპესი ყველაზე გავლენიანი ცნობილი ადამიანია
"დისკოს დედოფალი" დონა სამერი გარდაიცვალა
ბრიტნი სპირსი შოუზე დასისხლიანებული თითებით მივიდა
უიტნი ჰიუსტონს ათასწლეულის პრემიას გადასცემენ 








































