asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ლეგენდები მარმელადის შესახებ
ლეგენდები მარმელადის შესახებ
ლეგენდები მარმელადის შესახებ

2010-11-25 15:46:05



უგემრიელეს და ყველა ასაკის ადამიანისათვის საყვარელ ტკბილეულს, მარმელადს, საკმაოდ გრძელი და საინტერესო ისტორია აქვს. ის საკონდიტრო პერიოდის აყვავების დროს, მე–18 საუკუნეში, ვაშლისა და კომშისაგან საკმაოდ დიდი რაოდენობით მზადდებოდა. მიუხედავად ამისა, მარმელადის წარმოშობის თარიღად მე–18 საუკუნე არ ითვლება.

ბერძნებმა მას პელტე შეარქვეს, რაც მსუბუქს ნიშნავდა. პირველი მარმელადი ევროპაში მე–14 საუკუნეში გამოჩნდა, ხოლო აღმოსავლეთში მას ათასწლოვანი ისტორია აქვს. ფიქრობენ, რომ მარმელადის წინაპარი რახათ–ლუქუმია. მას ბიბლიური დროიდან ხარშავდნენ თაფლის, სახამებლის, ხილისა და ვარდის წყლისაგან. მისი ევროპული ვარიანტი ისეთი ტკბილი არ გამოვიდა, თუმცა უფრო მეტი ხილის შემცველობა აქვს.

ჯვაროსნულ ლაშქრობამდე დასავლეთ ევროპაში არ იცოდნენ, რა იყო მურაბა, რადგან შაქარსაც არ იცნობდნენ. მხოლოდ მე–14 საუკუნეში, როცა ევროპაში იაფფასიანი ამერიკული შაქარი გამოჩნდა, ხილის საკონდიტრო ნაწარმის მომზადება დაიწყეს. ევროპის ნაწილში გამოჩნდა ჯემი, ხოლო ნაწილში – კონფიტიური.

საფრანგეთში შეიმუშავეს უფრო დახვეწილი მეთოდი მაგარი, კანფეტისებური მურაბის სახეობისა, რომელმაც მათთან მარმელადის სახელი მიიღო. ამზადებდნენ სხვადასხვა სახეობებს – მინანქარში ამოვლებულს, მინანქრის გარეშე, ჟელესებურს, წელვადს. ფრანგმა კონდიტერებმა შენიშნეს, რომ მხოლოდ რამდენიმე ხილი, მაგალითად, კომში, ვაშლი და გარგარი იძლეოდნენ ხარშვის შედეგად მყარ მასას. სწორედ ეს ხილი წარმოადგენდა მარმელადის მომზადების საფუძველს, ხოლო სხვა დანარჩენი ხილის წვენებს მარმელადს მცირე რაოდენობით უმატებდნენ. მე–19 საუკუნეში ისწავლეს ხელოვნური მარმელადის მომზადებაც, თუმცაღა ნამდვილ მარმელადად მაინც ზემოთ ხსენებული ხილისაგან დამზადებული ითვლება.

ამერიკაში მარმელადის ყველაზე გავრცელებული ვარიანტია "ჟელი ბინი" – ლობიოს ფორმის კაშკაშა ჟელეს კანფეტები. მას მყარი ზედაპირი და მარმელადის შიგთავსი აქვს. ბავშვებს ყოველთვის უყვარდათ ეს ტკბილეული, ხოლო როცა ამერიკის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი გახდა, რომელიც "ჟელი ბინის" ფანი იყო და მის გარეშე ვერ იძინებდა, მარმელადი ამერიკის ნაციონალურ სიამაყედ იქცა.

ფრანგი კონდიტერები, რამდენადაც უნდა გაგიკვირდეთ, მარმელადის დასამზადებლად ხბოს ხორცსა და ხრტილებს იყენებენ. მე–20 საუკუნეში მარმელადის შემადგენლობაში დაიწყო იაფფასიანი გამასქელებელი ნივთიერების დამატება სახამებლის სახით, ხოლო ფერის გასაძლიერებლად გამოიყენეს კაშკაშა ხელოვნური საღებავები.

სხვათა შორის, თუ დასავლეთში მარმელადს მოითხოვთ, მოგართმევენ ძალიან გემრიელ ნუგბარს, მაგრამ არა – იმას, რასაც ითხოვდით. მარმელადი დასავლურ წარმოდგენაში, პირველ რიგში, გახლავთ ფორთოხლის მურაბა და სხვა ერებზე მეტად ასეთ მარმელადს ინგლისელები აფასებენ – ყოველ მეორე ბრიტანულ ოჯახს ვერ წარმოუდგენია საუზმე ფორთოხლის მარმელადის გარეშე. ამბობენ, რომ მისი გამომგონებელი შოტლანდიის დედოფლის, მარიას პირადი ექიმი გახლდათ, რომელიც მის აღმატებულებას ზღვის დაავადების საწინააღმდეგო მკურნალობას უტარებდა კანიანი ფორთოხლის ნაჭრებით, რომელზეც მოყრილი იყო შაქარი. დედოფლის მზარეული კი ამ "წამალს" გემოს გასაუმჯობესებლად კომშისა და ფორთოხლის ტკბილ ნახარშს უმატებდა. ეს "წამალი" ისე მოეწონა დედოფალს, რომ მუდამ ჰქონდა საწოლთან, პატარა მაგიდაზე.

რაც შეეხება სახელწოდებას, ითვლებოდა, რომ სიტყვა "მარმელადი" ფრაზისგან "მარი ე მალად" წარმოიშვა, რაც ფრანგულად "მარია ავად არის" ნიშნავს, თუმცა ეს ვერსია ეჭვებს ბადებს. სიტყვის ფუძე "მარმელო" პორტუგალიურ ენაზე "კომშს" ნიშნავს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ფრანგები მარმელადს კომშისგან მომზადებულ მურაბას უწოდებდნენ. ასე რომ, დედოფლის ავადმყოფობასთან დაკავშირებული ვერსია მართლაც ცოტა სათუოა.

შოტლანდიელებს თავიანთი ლეგენდა აქვთ ფორთოხლის ჯემის შესახებ. მე–18 საუკუნის დასაწყისში ეს ნუგბარი ვინმე ჯენიტ კეილერმა "გამოიგონა", როდესაც მისმა ქმარმა ბევრი იაფფასიანი ფორთოხალი იყიდა ესპანურ ხომალდზე. ფორთოხალი მწარე აღმოჩნდა, მაგრამ მოხერხებულმა დიასახლისმა მოიფიქრა და მისგან ჯემი მოამზადა, რომელმაც სწრაფად გაითქვა სახელი. რთული არ არის იმის მიხვედრა, რომ სიტყვა "ჯემი" მისი "ავტორის", ჯენისგან წარმოდგა.

ადამიანს ყოველთვის უყვარდა საღეჭი ნუგბარები. უძველესი დროიდან თავს ინებივრებდა ალუბლის, არყის და ფიჭვის ხისაგან მიღებული ქარვისფერი ფისით. საღეჭი მარმელადი პირველად მოხსენიებულია დაახლოებით მე–19 საუკუნის შუა ხანებში. მაშინ ამერიკული საკონდიტრო ნაწარმის ისტორიაში გაჩნდა ახალი სახელწოდება, ზემოთ ხსენებული "ჟელი ბინი". ზუსტად ამ სახელით გამოჩნდა პირველად გაყიდვაში საღეჭი მარმელადი. მან თავიდანვე მიიზიდა ადამიანები არა მარტო გემოს ხარისხით, არამედ ხანგრძლივი შენახვის შესაძლებლობით, რისი მეშვეობითაც შეიძლებოდა მისი წაღება სასეირნოდ წასვლის დროს ან მგზავრობისას. ბევრ ამერიკელს ახლაც ვერ წარმოუდგენია სააღდგომო მაგიდა "ჟელი ბინის" გარეშე. ის პოპულარულია როგორც უფროსებში, ისე ბავშვებშიც.

მოამზადა თათია ბოჭორიძემ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online