asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

გურამ ჯაიანი: "მზიური" ჩემთვის პოლიტიკური თავშესაფარია"
"მზიური" ჩემთვის პოლიტიკური თავშესაფარია"
გურამ ჯაიანი: "მზიური" ჩემთვის პოლიტიკური თავშესაფარია"

2010-11-24 13:37:57



რამდენიმე ხნის წინ ჩვენს დედაქალაქში ლეგენდარული "მზიურის" ვარსკვლავი გაიხსნა. ეს, უპირველესად, ამ ანსამბლის "მამისა" და შემქმნელის, გურამ ჯაიანისთვის იყო დიდი ჯილდო და მერე, რა თქმა უნდა, მზიურელებისთვის, რომლებიც ახლაც, 39 წლის შემდეგ, ფილარმონიის სცენაზე ისევ პატარა გოგონებად გრძნობდნენ თავს.

ამ ანსამბლის მემატიანეც ბატონი გურამია. ის დღესაც თავისი თითოეული აღზრდილის ცხოვრებას ადევნებს თვალს და, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მათგანი უკვე ბებიაა, პედაგოგი მათ მაინც გოგონებად მოიხსენიებს.

– ბატონო გურამ, "სარკე" გილოცავთ თქვენ და "მზიურს" ამდენი წლის შემდეგაც ასეთ წარმატებას. მოდით, საუბარი იქიდან დავიწყოთ, 39 წლის როგორ გაჩნდა პატარა გოგონების ანსამბლის შექმნის იდეა.

– კონსერვატორიის სტუდენტი ვიყავი, როცა პიონერთა სასახლეში მივედი. მუსიკალურმა ხელმძღვანელმა, გურამ ბზვანელმა მითხრა, ბავშვთა ვოკალურ–ინსტრუმენტული ანსამბლი ჩამომეყალიბებინა. მანამდე ამაზე არავის უფიქრია. ბიჭების ანსამბლი გვყავდა, მაგრამ საინტერესო არ იყო. ახალი სასწავლო წლიდან ახალი ანსამბლის შეკრებას ვაპირებდით. ერთ–ერთი რეპეტიციის დროს სრულიად უცხო გოგონები შემოვიდნენ დარბაზში, მიუსხდნენ ინსტრუმენტებს, ერთმა თქვა, ფორტეპიანოზე დავდივარ, ელექტროორღანზე ვუკრავო და დაკვრა დაიწყო. აი, სწორედ მაშინ მომივიდა აზრად, რომ გოგონათა ანსამბლი შეგვექმნა. გადავწყვიტეთ, ბავშვები პიონერთა ბანაკში წაგვეყვანა და ექსპერიმენტი იქ ჩაგვეტარებინა. პირველი რეპეტიცია 1971 წლის 4 ივლისს ჩავატარეთ. ამის შემდეგ ბიჭები გავუშვით და გოგონები დავტოვეთ. 18 ნოემბერს უკვე რუსთაველის თეატრის სცენაზე, პიონერთა სასახლის 30 წლის იუბილეზე გამოვედით. ჩვენი წარმატება იმ დღის შემდეგ დაიწყო.

– თქვენ ასწავლეთ გოგონებს მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა?

– ჩასაბერის გარდა, ფაქტობრივად ყველა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა მე ვასწავლე. მათთან ერთად მეც ვსწავლობდი. ჩვენი ურთიერთობა ისეთი იყო, როგორიც პედაგოგისა და მოსწავლის უნდა ყოფილიყო, მათთან დაახლოება შემდეგ, ასაკის მატებასთან ერთად მოხდა.

– ძნელი არ იყო ამდენი ნიჭიერი ბავშვის ერთად შეკრება?

– თავიდან გოგონებს ვეხვეწებოდი, ჩვენს ანსამბლში მოსულიყვნენ. მაშინ პოპულარულები არ ვიყავით და ამის გამო ბევრი ყოყმანობდა.

– სახელი "მზიური" როგორ შეარჩიეთ?

– ეს სახელი იმიტომ დავარქვით, რომ იმ პიონერთა ბანაკს, სადაც ჩვენ პირველი რეპეტიცია გვქონდა, "მზიანეთი" ერქვა.

– ცნობილი ფილმის "მზიურის" გადაღებებიდან რას გაიხსენებდით?

– ჩემი მოვალეობა მხოლოდ გადასაღებ მოედანზე ბავშვების მიყვანა იყო. რეჟისორი ზაალ კაკაბაძე გახლდათ და მის საქმეში არ ვერეოდი. გადაღების პროცესი ძალიან საინტერესო იყო.

– თქვენ მაშინ სტუდენტი იყავით და ასეთი წარმატება ალბათ ბევრს ნიშნავდა...

– თქვენ წარმოიდგინეთ, მაშინ ამას ყურადღებას არ ვაქცევდი, მეგონა, ყველაფერი კიდევ წინ იყო და ასეთ წარმატებას კიდევ ბევრჯერ მივაღწევდით. მართლაც საინტერესო ცხოვრება გვქონდა – კონცერტები, საზღვარგარეთ გასტროლები... ეს ყველაფერი წლების შემდეგ დავაფასე სათანადოდ.

– თქვენს ოჯახზე, მეუღლეზე, შვილებსა და შვილიშვილებზე გვიამბეთ.

– "მზიური" რომ ჩამოყალიბდა, ოჯახი იმ პერიოდში შევქმენი. ორი ქალიშვილი მყავს. უფროსი გოგონა, ნატა, "მზიურის" მესამე თაობაში იყო, გიტარაზე უკრავდა. მერე სამედიცინო სფერო აირჩია. მეორე ქალიშვილი, ეკა, ნიჭიერთა ათწლედში სწავლობდა, მაგრამ ბოლო წელს სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა. ახლა ერთ–ერთ სარეკლამო ფირმაში მუშაობს. ორი შვილიშვილი მყავს, უფროსი "მზიურის" მეშვიდე თაობაშია, მღერის და უკრავს. მეორე შვილიშვილი კი ჯერ ძალიან პატარაა.

– ბუნებრივია, ანსამბლს, ბავშვებთან მუშაობას ბევრი დრო დასჭირდებოდა. მეუღლეს თქვენს ასეთ სამუშაო გრაფიკთან შეგუება არ უჭირდა?

– მსაყვედურობდა, რადგან სახლში არასოდეს ვიყავი. წელიწადში 120–150 კონცერტს ვმართავდით. საკმაოდ დატვირთულები ვიყავით. თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალურად ვმუშაობდი, ცალ–ცალკე ვასწავლიდი დაკვრას. მერე ამ ყველაფერს ვაერთიანებდით. ნამდვილად კარგი თაობა იყო.

– ამბობენ, რომ მკაცრი პედაგოგი იყავით. მართალია?

– კი, საკმაოდ მკაცრი ვიყავი. სხვანაირად ბავშვებთან მუშაობას ვერ შევძლებდი. პატარამ უნდა იცოდეს, რომ სიზარმაცით ვერაფერს მიაღწევს. ზოგი ზედმეტად ზარმაცი იყო, ზოგი – ზედმეტად მშრომელი.

– ამ თვისებებით ყველაზე მეტად ანსამბლის რომელი წევრები გამოირჩეოდნენ?

– თამრიკო გვერდწითელი გამორჩეულად ნიჭიერი და მშრომელი იყო. მასზე არანაკლებ ნიჭიერები იყვნენ თამრიკო ჭოხონელიძე და მაია ჯაბუა, მაგრამ სამაგიეროდ ნაკლებს შრომობდნენ. შრომა – ეს მეორე ნიჭია. თამრიკო გვერდწითელი კი უზომოდ ბევრს შრომობდა და ამიტომაც არის ასეთი წარმატებული.

– როცა "მზიურის" ვარსკვლავი გახსნეს, რა შეგრძნება დაგეუფლათ?

– ეიფორიაში ვიყავი. ამ დღემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ხალხს ვუყვარვართ და ვახსოვართ. მთავარი სწორედ ეს არის. ახლა ყველა მზიურელს თავისი ცხოვრება, გზა აქვს. ისინი უკვე ორმოცდაათ წლამდე ქალები არიან. ყველას გვეამაყება, რომ ჩვენს ქალაქში ჩვენი ვარსკვლავია.

– მზიურელები დღემდე მასწავლებელს გეძახიან?

– გოგონები დღემდე რაჟდენიჩს მეძახიან. ზოგიერთს ხშირად ვხვდები, რამდენიმე აქ, მოსაწავლეთა სასახლეში მუშაობს, ახლა თვითონ ასწავლიან ბავშვებს. თითოეულის ასავალ–დასავალი, ცხოვრება ვიცი. ყველა ძალიან მიყვარს. მათთან გატარებული თითოეული წუთი კარგად მახსენდება. ერთმანეთთან ნათესაური კავშირიც გვაკავშირებს, მაგალითად, ლენა ცარციძის (მევიოლინე, ავტ.) შვილები მოვნათლე. მისი ქმრის მეჯვარე ვიყავი. აი, ასე წავიდა ჩვენი ურთიერთობა.

– როცა იკრიბებით, ალბათ ბევრ რამეს იხსენებთ.

– 10 წლის მანძილზე ერთად გატარებულ დღეებს ვიხსენებთ. იმდენი თავგადასავალი გვქონდა, რომ სალაპარაკო თემა არ გველევა. საოცარი საყურებელია, როცა გოგონები რაღაცეებს იხსენებენ, დიდი ჟრიამულია. დღემდე ვერ გამიგია, ისეთ ყაყანში ერთმანეთის როგორ ესმით.

– რატომ აღარ გაგრძელდა ანსამბლის ცხოვრება?

– გოგონები რომ წამოიზარდნენ და სკოლა დაამთავრეს, ანსამბლიც დაიშალა. აპარატურის შოვნა და ამ საქმის დამოუკიდებლად გაგრძელება ძალიან რთული იყო. რომელიმე უნივერსიტეტს უნდა ეთავა, რომ მათი საქმიანობა არ შეწყვეტილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა.

– მათ შემდეგ გყოლიათ ასეთივე ნიჭიერი თაობა?

– ბავშვი ყველა ნიჭიერია. ისინი სუფთა დაფას ჰგვანან, რასაც ჩადებ, იმას მიაღწევ. ნატო მეტონიძე, რომელიც მესამე თაობაში მღეროდა, არანაკლებ ნიჭიერი იყო. ეს სკოლა სულ ახლახან გაიარეს თიკა ჯამბურიამ, თათია გიორგობიანმა, თეონა კონტრიძემ... ყველა თაობაში იყო გამორჩეულად ნიჭიერი ბავშვი, მაგრამ დღეს "მზიური" ვეღარ გადის გასტროლებზე. მაშინ ეს ყველაფერი სახელმწიფო დაფინანსებით ხდებოდა. ახლა კი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომ დღეს კონცერტებს უკვე ნაკლებად ვმართავთ. პრობლემაა, როგორ წავიღოთ ინსტრუმენტები, რადგან ავტობუსი არ გვყავს... 41 წელი სასახლის კედლებში გავატარე. ნამდვილად არ ველოდი, ჩემი საქმიანობა ასეთ შედეგს თუ გამოიღებდა და "მზიურის" ვარსკვლავი გაიხსნებოდა. ჩემს ცხოვრებაში მეტი არაფერი მიკეთებია. დღეს ჩემი საქმით ოჯახს ვერ ვინახავ, მაგრამ ხმის ჩამწერ სტუდიაში ვმუშაობ და ეს მეხმარება, საარსებო წყარო მქონდეს. "მზიური" ჩემთვის პოლიტიკური თავშესაფარია. არავის ვაძლევ უფლებას, რომ ეს სტუდია ფასიანი გახადოს. შემეძლო, ფასიანი სტუდია გამეკეთებინა, 200–300 ბავშვი ამეყვანა და კარგი ანაზღაურებაც მქონოდა, მაგრამ ჩემი სურვილია, არჩევანის გაკეთების საშუალება მქონდეს, რომ საუკეთესო ბავშვები შევარჩიო. კიდევ კარგი, ჯანმრთელი კაცი ვარ, ამიტომაც ყოველდღე აქ ვარ და რეპეტიციებს ვატარებ. ბავშვებთან მუშაობა მიყვარს. პატარა ბიჭი უკვე აღარ ვარ.

– მაინც რამდენი წლის ბრძანდებით, ბატონო გურამ?

– ვარსკვლავის გახსნამდე საქართველოს პატრიარქს შევხვდით. ერთი კორესპონდენტი დაინტერესდა გოგონების ასაკით. პატრიარქმა იხუმრა, არასოდეს გაამხილოთ, რა ასაკის ხართ, მე ვიცნობდი ერთ ქალბატონს, კატო მასხულიას, როცა მას ასაკს ეკითხებოდნენ, ის პასუხობდა, მე უკვე 17 წელს ვარ გადაცილებულიო. ამიტომაც ჩვენ, მზიურელები, უკვე 17–ს ვართ გადაცილებულები. ბედნიერი კაცი ვარ, რადგან მთელი ცხოვრება ვაკეთებდი იმ საქმეს, რაც მიყვარდა. ამაში ჩემმა მეუღლემ დიდი როლი ითამაშა. "მზიური" იყო, არის და იქნება.

– ვინმე თუ გეგულებათ ისეთი, ვინც თქვენს საქმეს გააგრძელებს?

– ამ საქმეს ჩემი ქალიშვილი, ნატა მოჰკიდებს ხელს. როცა თავისი შვილი მოჰყავს, ბავშვებს ეხმარება, უხსნის, რა და როგორ გააკეთონ. მას ეს სკოლა გავლილი აქვს და საქმეს კარგად გაუძღვება.

ლანა კიკნაძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დავით კაკაბაძე
კავშირი ტეგთან: დავით კაკაბაძე
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online