asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

უბილეთო მგზავრი
უბილეთო მგზავრი
უბილეთო მგზავრი

2010-11-20 10:20:53



ნიურა

ომამდელ თბილისში დილა იწყებოდა ყვირილით:

– მაცონ, მალაკო–ოოო! მაცონ, მალაკო–ოოო!..

ეს უახლოესი სოფლების გლეხებს ჩამოჰქონდათ საქონელი. გამყიდველებს ეცვათ სატინის პერანგები ქამრით, შალის წინდებში ჩატნეული სატინის შარვლები, ფეხზე – ქალამნები, თავზე – კახური ქუდი, ხელში – ჯოხი ვირისთვის (საქონელი გლეხებს ვირებით დაჰქონდათ).

"მაცონ, მალაკოს" შემდეგ გამოჩნდებოდა შემდეგი და ყვიროდა:

– კვერცხი! კვერცხი!

ვიღაც ენამახვილი უსათუოდ გაეპასუხებოდა:

– რა, გტკივა?

– კვერცხი! კვერცხი!

გამყიდველებმა რუსული არ იცოდნენ.

მოახლე ნიურა, პატარა, გამხდარი ასაკოვანი ქალი ბამბაზიის ხალათში, დილიდან იდგა ჩვენი ეზოს ჭიშკართან და დოინჯშემოყრილი ელოდა გამყიდველებს. სამიდან ერთი გამყიდველის (ზოგჯერ კი სამივესი ერთად) ვირები თავიანთ ვირულ ხასიათს ამჟღავნებდნენ და უადგილო ადგილზე ჩერდებოდნენ. მაშინ პატრონი გაჯიუტებულ ვირს აგინებდა და ჯოხით სცემდა. ნიურა თითქოს ამას ელოდა, ყვირილით ესხმოდა თავს გამყიდველს: "საძაგელო, აბა, შენ გაგლახონ ასე!" – და იწყებდა ჯოხის წართმევას. იმავე წუთს ეზოდან ნიურას დასახმარებლად გამორბოდა ბუთხუზი, გამძვინვარებული ყეფდა, ხტოდა და საცოდავის ცხვირწინ კბილებს კრეჭდა, მაგრამ არ იკბინებოდა (ნიურა კბენას უშლიდა). მერე გამორბოდნენ მეზობლები და ნიურას და გამყიდველს აშველებდნენ. გამყიდველი ყოველ ჯერზე იმუქრებოდა, რომ თუ ამ სულელ ქალსა და ძაღლს ჯაჭვით არ დააბამდნენ, მისი ფეხი აღარ იქნებოდა ამ უბანში, მაგრამ მაინც მოდიოდა – კომერცია კომერციაა. მეორე დღეს ყველაფერი მეორდებოდა...

ჩიკლიკი და ყაზბეგი. ომის დროს ვერიკოს გასტროლებიდან ჩამოჰქონდა პროდუქტები: სიმინდის ფქვილი, კარაქი, ყველი... ზუგდიდიდან კი ცოცხალი ციკანი ჩამოიყვანა.

მე ციკანს დავუმეგობრდი. ის ცელქი და ალერსიანი იყო, ურთიერთობა უყვარდა. სულ უკან დამდევდა, თან სასაცილოდ სცემდა ფლოქვებს, ხოლო როცა ეზოში ფეხბურთს ვთამაშობდი, ისიც ცდილობდა ბურთის ჩაწოდებას. დასაძინებლადაც ჩემთან ერთად წვებოდა. მე მას ჩიკლიკი დავარქვი – როგორც ჩემს სათამაშო ვეფხვს, რომელიც მოსკოვში დავტოვე.

მე და ჩიკლიკი ერთად ვკითხულობდით. ვერიკოს კარგი თეატრალური ბიბლიოთეკა ჰქონდა და თერთმეტი წლისა მე უკვე მოლიერსა და შექსპირს ვკითხულობდი. განსაკუთრებით "მეთორმეტე ღამე" მომწონდა. მისაღებ ოთახში, ტახტზე ვკითხულობდი: მუცელზე ვიწექი, იდაყვებზე დაყრდნობილი და ჩემ წინ იდო შექსპირის მძიმე ტომი. ჩიკლიკი იქვე, ტახტზე იყო მოკალათებული.

პირველი მაისის დღესასწაულზე ვერიკოს თაყვანისმცემელმა მილიციონერმა ჰამლეტ მამიამ ეზოში ცხვარი მოიყვანა და ნიურას უთხრა: "ეს ვერიკოსთვის. მიირთვას!". მსხვილი ცხვარი იყო, ძლიერი რქებით და ჩვენ ყაზბეგი დავარქვით.

ყაზბეგი სარდაფში შეაგდეს, კარის ჩარაზვა კი დაავიწყდათ. ცხვარი გამოვიდა, ამ დროს მე და ჩიკლიკი ეზოში ბურთს ვთამაშობდით. ყაზბეგმა დაინახა ჩიკლიკი და შეუყვარდა. როდესაც სახლში შევედით, ყაზბეგიც გამოგვყვა. ციკანს სახლში ასე თუ ისე იტანდნენ, მაგრამ ვერიკომ ცხვრის დამწყვდევა და ჩაკეტვა ბრძანა.

ჩავამწყვდიეთ. მე და ჩიკლიკი წასაკითხად წავედით. ტახტზე მოვეწყვეთ, ვწევართ, ვკითხულობთ. მესმის: ქვევიდან დარტყმის ხმა, მერე ფლოქვების თქარუნი და რაღაც მძიმე და ცხელი დაგვეცა. ეს ყაზბეგმა გამოანგრია სარდაფის კარი და თავის მეგობარ ჩიკლიკთან გამოიქცა.

ჭიაურელი დეპუტატი იყო და დეპუტატის ტალონი ჰქონდა, მაგრამ სახლში იმდენი ხალხი ვიყავით, პროდუქტები მაინც არ გვყოფნიდა, თუმცა ყველას ესმოდა, რომ ვერც ყაზბეგს, ვერც ჩიკლიკს ვერ დაკლავდნენ და შეჭამდნენ. ისინი წაიყვანეს დიღომში (სოფელი თბილისის ახლოს, საიდანაც წარმოშობით იყო მიხეილ ჭიაურელი) და ფარაში დატოვეს. ერთხელაც დედაჩემთან ერთად დიღომში ნივთების პროდუქტებში გასაცვლელად წავედით და მე ჩიკლიკის მოსანახულებლად გავემართე. ასეთი სცენა დავინახე: ცხვრები ბალახს ძოვენ, ჩიკლიკი მიდის ერთ–ერთთან და უწყებს რქენას. ცხვარი ითმენს, ითმენს, მერე გადაწყვეტს, დასაჯოს თავხედი. იჭერს საბრძოლო პოზიციას... და უცებ იქვე, მიწაყრილიდან, მოხტის ყაზბეგი, ისარივით გარბის ცხვრის მიმართულებით და გვერდში რქენს. ცხვარი ბალახზე გორდება. ამის მერე ყაზბეგი მიწაყრილზე ბრუნდება, ჩიკლიკი კი სარქენად იწევს შემდეგ ცხვარზე.

– ასე ერთობიან მთელი დღე, მამაძაღლები, – თქვა მწყემსმა.

მე კი ვიფიქრე, რომ ნაადრევად მომივიდა ჩიკლიკისთვის შექსპირის კითხვა. მის ასაკს "მუხა–ცაკატუხა" მოუხდებოდა.

პროფესორი

ძია მიშა ჭიაურელის მძღოლი ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურებოდა, თითქმის ძია მიშასავით და ყოველთვის უფროსის გვერდით იყო. როდესაც გამოჩენილი სტუმრები (ჯონ სტეინბეკი, ჩერჩილის ვაჟი, ნაზიმ ჰიქმეთი) თბილისში ჩამოდიოდნენ, ძია მიშა მათ მძღოლთან ერთად ხვდებოდა და სტუმრებს ასე წარუდგენდა:

– გაიცანით, ეს პროფესორია.

სტუმრები პატივისცემით მიმართავდნენ მიხეილ ზარგარიანს: "ბატონო პროფესორო" და ვერაფრით გაერკვიათ, რა ეჭირა სათუთად მარცხენა ხელში "ბატონ პროფესორს". ეს კი რადიატორის თავსახური იყო, პროფესორს სულ თან დაჰქონდა: ეშინოდა, არ მოეპარათ.

ერთხელ (როცა ჭიაურელი უკვე ცოცხალი აღარ იყო) ასეთ სცენას შევესწარი: დილის ცხრა საათი და ოცდაათი წუთია. სასტუმრო ოთახში, გაკრიალებულ ფიგურულ პარკეტზე, პროფესორი საბურავს მოაგორებს. აღებს საძინებლის კარს, საბურავს შიგნით აგორებს და იძახის:

– ვერიკო! ა, ვერიკო!

– რა? – თვალგაუხელად, ძილბურანში პასუხობს ვერიკო. როგორც ყველა თეატრის მსახიობი, ის გვიან წვებოდა და გვიან დგებოდა.

– გაახილე თვალი! შეხედე!

ვერიკო ცალ თვალს ახელდა.

– რა?

– ასეთი საბურავით სიარული შეიძლება?! შეიძლება?!

– კარგი მძღოლი ასეთითაც შეძლებს, "გოვნოვოზზე" კი ნებისმიერი გასკდება, – ბუზღუნებს ვერიკო.

– ვერა ივლიანოვნა, მე თქვენ გატარებთ, – ახსენებს პროფესორი.

ვერიკო ორივე თვალს ახელს.

– ღმერთო, რა დაგიშავე, რომ ასეთი იდიოტები არიან ჩემ გარშემო!..

დაახლოებით ათი წუთი ვერიკო ტრაგიკულად მოთქვამდა საკუთარ ბედზე. ვერიკო ანჯაფარიძე კრიტიკოსებმა მეოცე საუკუნის ათი საუკეთესო ტრაგიკული მსახიობის რიცხვს მიაკუთვნეს და როდესაც ის ასეთივე პათოსით ლაპარაკობდა სცენაზე, დარბაზი ღრიალებდა, მაგრამ პროფესორი საქმის კაცი იყო და ემოციებს არ ჰყვებოდა. როცა ვერიკო დაიღლებოდა და გაჩუმდებოდა, მშვიდად ეუბნებოდა:

– ფული მომეცი.

ვერიკო მწარედ ოხრავდა, გვერდს იცვლიდა და ბურტყუნებდა:

– ტუმბოში ნახე...

ხოლო როდესაც ვერიკოს მძღოლისა და მანქანის შენახვის სახსრები აღარ ჰქონდა, პროფესორი ფეხბურთის ფოტოგრაფად გადაკვალიფიცირდა და იმაზე დიდი სახელი მოიხვეჭა, ვიდრე ჭიაურელმა, ვიდრე ვერიკომ და სოფიკომ. იმაზე დიდი, ვიდრე კოტე მახარაძემ.

თუკი თბილისის "დინამოს" კარში გადიოდა ბურთი, მთელი სტადიონი, სამოცი ათასი გულშემატკივარი ყვიროდა: "პროფესორ, არ გადაიღო!!!".

ბუთა

ბუთა ბებია ცალკე ცხოვრობდა – მას თავისი ოთახი ჰქონდა. როდესაც მე სამი კვირა შატალოზე დავდიოდი (რატომ – ზევით უკვე მოგიყევით), დილის ცხრა საათზე უკვე ბუთასთან ვიყავი. ბუთა მაჯენდა სავარძელში, ადუღებდა ყავას, პაპიროსს თამბაქოთი ტენიდა (ბუთა ეწეოდა, დედაც ეწეოდა, მამაც ეწეოდა, ვერიკოც ეწეოდა, ოთარიც ეწეოდა, რამაზიც ეწეოდა, ნიურაც ეწეოდა, მე თერთმეტი წლიდან ჩუმად ვეწეოდი – მარტო ჯიუ და ძაღლი ბუთხუზი არ ეწეოდნენ) და ქუთაისში გატარებულ წლებზე ყვებოდა, სათავადაზნაურო შეკრებებზე, მეჯლისებზე (ბებია თავადის ქალი იყო, მესხი). ზუსტად პირველ საათზე, როცა გაკვეთილები მთავრდებოდა, ვიღებდი ჩემს ჩანთას და მივდიოდი სახლში, თან ბუთას ორ ღერ პაპიროსს ავწაპნიდი ხოლმე. ბუთა არ იმჩნევდა – არ უნდოდა, ჩემი მოწევისთვის ოფიციალური სტატუსი მიეცა.

ასე გრძელდებოდა მანამ, ვიდრე ბუთა დედამ არ მოინახულა.

– გიეჩკა ყველაზე ყურადღებიანია ჩემი შვილიშვილებიდან, – უთხრა მას ბუთამ, – ყოველდღე შემომივლის ხოლმე, მოწყენილი რომ არ ვიყო.

– რა დროს შემოივლის ხოლმე? – გაუკვირდა დედას.

– დილით.

– დიდი ხანია?

– ორი კვირა.

– დედა, ბავშვი დილიდან შენთან კი არა, სკოლაში უნდა იყოს! – გული დასწყდა დედას, – აი, რას ნიშნავს, როცა ბიჭი მამის გარეშე იზრდება!

ბუთასაც მოხვდა და მეც. დედამ პირველად და უკანასკნელად წამითაქა, იქვე შეეშინდა და გულგახეთქილმა მკითხა:

– გიეჩკა, გეტკინა?

ერთი საათი ვაწყნარებდი.

ზამთარში კი ბუთას ფეხი მოუცურდა, წაიქცა და თეძო მოიტეხა. ის ვერიკოსთან გადაიყვანეს და პირველ სართულზე, დიდ ოთახში დააწვინეს. ყოველთვის სუფთა, მოვლილი, კეთილგანწყობილი. თავისუფალი დრო ცოტა ჰქონდა. ბუთას გვერდით იდო ტელეფონი და ის დისპეტჩერის მოვალეობას ასრულებდა: ყოველთვის იცოდა, ვინ სად იყო, რაც, სახლში მცხოვრები ადამიანების რაოდენობის პირობაზე, საკმაოდ რთული იყო. გარდა ამისა, ის გვეხმარებოდა ამოცანების ამოხსნაში: მე – არითმეტიკაში, რამაზსა და ჯიუს – ალგებრაში. და კიდევ მათ მაგივრად ფრანგულში დავალებას აკეთებდა. ყოველ შაბათს მოდიოდა ბუთას შვილი, დედას შუათანა ძმა ლევანი და ბალიშის ქვეშ ბუთას ფულს უდებდა. იმ ფულს მერე ჩვენ ვცინცლავდით – კინოსთვის, ნაყინისთვის, მზესუმზირისთვის. ბუთა არასოდეს გვეუბნებოდა უარს, მაგრამ ყველაზე მეტი ჯიუშკას ხვდებოდა (ის ობოლი იყო და ბუთას არამარტო უყვარდა, ეცოდებოდა). ვერიკო კი დედას ეწუწუნებოდა, რომ ბუთა ბავშვებს საბოლოოდ გაათამამებდა.

ძია მიშა ჭიაურელი

ხანდახან, როდესაც ნათესავები ჩამოდიოდნენ, მე მიგებდნენ მისაღებ ოთახში. იქ, კედლებზე, ბევრი ნახატი ეკიდა. განსაკუთრებით ფიროსმანის ნახატი მომწონდა – თეთრი ცხვრები მუქ ფერდობზე, როცა მახსენდება ვერიკოს სახლი, პირველ რიგში, ის, მთვარის შუქით განათებული ცხვრები მახსენდება.

მაგრამ მე მისაღებ ოთახში ძილი არ მიყვარდა. იმიტომ, რომ ზუსტად დილის ექვს საათზე ჭიაურელის კაბინეტში (რომლის კარები მისაღებში გამოდიოდა) სიმღერას იწყებდა კარუზო: ეს ძია მიშამ გაიღვიძა, დააყენა თავისი საყვარელი დისკი და ოსტატობა დაიწყო.

მის კაბინეტში, საწერი მაგიდისა და წიგნის სტელაჟების გარდა, იდგა სამუშაო მაგიდა ინსტრუმენტებით, ტისკებით და სახარატო დაზგით. ძია მიშა სულ რაღაცას ჩხირკედელაობდა: ხან ავეჯს აკეთებდა ქალაქგარეთ სახლისთვის, ხან ნარდს. მეც შემიამხანაგებდა ხოლმე: ძია მიშას ხელმძღვანელობით მუნდშტუკი გამოვთალე, რომელიც მერე ბუთას ვაჩუქე.

მემწვანილის შვილმა მიხეილ ჭიაურელმა ცხოვრებაში ბევრს მიაღწია. ის იყო მოქანდაკე, კინომსახიობი, რეჟისორი, ზეინკალი, ხურო, კარგად უკრავდა გიტარაზე და ძალიან კარგად, პროფესიონალურად მღეროდა: რომანსებსაც (რომლებიც უამრავი იცოდა), და არიებს ოპერებიდან (ის კონსერვატორიაში ვოკალში ემზადებოდა).

როდესაც ვამბობ ხოლმე, რომ ჩემს შემოქმედებაზე უზარმაზარი გავლენა მოახდინა მიხეილ ჭიაურელმა, ბევრს უკვირს, რა შეიძლება იყოს საერთო "ბერლინის დაცემის" დამდგმელ რეჟისორსა და ფილმის "დავდივარ მოსკოვის ქუჩებში" რეჟისორს შორის... მაგრამ მათ არა აქვთ ნანახი ჭიაურელის პირველი ფილმები "ხაბარდა" და "უკანასკნელი მასკარადი". და მთავარი – არ მოუსმენიათ მისი თხრობისთვის. ძია მიშა იყო ბრწყინვალე მთხრობელი, სხვა ასეთი არც მინახავს (უკვე გითხარით, რომ მისი ერთ–ერთი ისტორია დირექტორის შესახებ მთლიანად შევიდა ფილმში "არ დაიდარდო!").

ძია მიშა ყველაფერს იუმორით ყვებოდა. სევდიან ამბავსაც კი.

ჭიაურელის მონათხრობიდან. როდესაც მოხუცი ედიშერი (მიხეილ ჭიაურელის მამა. – მთარგ. შენ.) მოკვდა, ჭიაურელი საზღვარგარეთ იყო. თბილისში დასაფლავებამდე ერთი დღით ადრე ჩამოვიდა. შედის თავის ეზოში, სადაც მაგიდა დგას, მაგიდაზე – კუბო, გარშემო, გარკვეულ მანძილზე, ნათესავები და მეგობრები დგანან. ვერანდის საფეხურებზე მუსიკოსები – ზურნა, დოლი–ბარაბანი და მომღერალი რანტიკი პლეხანოვის სახინკლედან. ზურნას სევდიანი მელოდია გამოჰყავს და რანტიკი წვრილი ფალცეტით მღერის.

კუბოსთან ძია მიშას დედა იჯდა, სულ შავებში, თავდახრილი, სახე არ უჩანდა. ძია მიშა მასთან მივიდა, ხელი მოხვია და იგრძნო, მხრები უცახცახებდა. "ტირის, რასაკვირველია".

– დედა, მე აქ ვარ. ჩამოვედი.

დედა თავაუწევლად მიეფერა ხელზე და ჩუმად, სხვებს რომ არ გაეგოთ, უთხრა:

– კარგია, რომ ჩამოხვედი, შვილო. გემუდარები, უთხარი რანტიკას, გაჩუმდეს, თორემ სიცილისაგან ჩავიფსამ.

ქაღალდზე ეს მონაყოლი ბევრს კარგავს იმიტომ, რომ ჭიაურელი რანტიკას სიმღერას აჯავრებდა – და ჩვენ გვესმოდა, რომ სიცილისგან მართლა შეიძლებოდა ჩაგეფსა.

მღერისას რანტიკა ოდნავ ყმუოდა, მერე უცებ რაღაც სიტყვებს მაღალ ხმაზე წამოიყვირებდა და თან ხტოდა... არა, ეს უნდა მოგესმინათ და გენახათ.

ვერიკომ და ძია მიშამ ხელი ოფიციალურად მოაწერეს, როცა ჭიაურელი სამოცდათხუთმეტი წლის იყო (ისიც იმიტომ, რომ ძია მიშას ანდერძის დაწერა ეზარებოდა). ხოლო როცა ძია მიშამ ოთხმოცდაშვიდ წელს მიუკაკუნა, მათ შორის შედგა პირველი ეჭვიანობის სცენა: ვერიკომ ძია მიშას მუნჯი კინოს ერთ–ერთი ვარსკვლავის სასიყვარულო წერილი უპოვა... იქამდე ისინი მშვიდად ცხოვრობდნენ. მოვალეობები მკაფიოდ ჰქონდათ გადანაწილებული: ძია მიშას ფული შემოჰქონდა და აშენებდა – მას უყვარდა და შეეძლო შენება. მან ეს სახლი ვერიკოს აუშენა, წყნეთის აგარაკის სახლიც, დიდი სახლი დიღომში (სოფელში, სადაც დაიბადა)... ხოლო ვერიკოს უყვარდა და შეეძლო ხარჯვა.

ომის შემდეგ ძია მიშამ ამერიკული "პიკარდი" იყიდა – პროფესორი ამაყი იყო, რომ ასეთი მანქანა დაჰყავდა. მერე ჭიაურელი წავიდა გადაღებაზე, ხოლო როცა გადაღებიდან დაბრუნდა, პროფესორი "პობედით" დახვდა: ვერიკომ გაყიდა "პიკარდი", დარჩენილი ფულით კი ქურქი იყიდა. მომდევნო ჯერზე გადაღებიდან დაბრუნებულ ჭიაურელს პროფესორი "მოსკვიჩზე" დახვდა – ვერიკომ მეორე ქურქი იყიდა. და ქმრის კითხვაზე, "რაში გჭირდება ამდენი ქურქი?" უპასუხა:

– სარა ბერნარს ას ოცდაჩვიდმეტი ჰქონდა. მე კი სამი მაქვს, აქედან ერთი იქუცება.

როდესაც ძია მიშა გარდაიცვალა, ვერიკომ სახლის მეორე სართული გაყიდა – იმისთვის, რომ პირველი გაერემონტებინა.

სოფიკო

სოფიკო ჭიაურელი მამას დაემსგავსა – ისიც დაუღალავი მშენებელია. ვერიკოს სიკვდილის შემდეგ სოფიკომ დააშენა მესამე სართული, მერე ლიფტი მიაშენა, მერე მესამე სართულს ვერანდა მიუშენა... მერე ვერანდის ქვეშ შვილისთვის, ნიკუშასთვის, სამხატვრო სახელოსნო გამართა. ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს ეზოში ბარის დახლი გააკეთა, დადგა მაგიდები ქოლგებით – ბიზნესის კეთება გადაწყვიტა. კაფე მოაწყო. მაგრამ ბიზნესი ჩავარდა – მაგიდების გარშემო სულ მეგობრები და ნაცნობები ისხდნენ და მათთვის ყავის ფულის გამორთმევა უხერხული იყო. არც ჰქონდათ.

ახლა სოფიკომ ეზოში პატარა აუზი გააკეთა, სახლს მეორე ვერანდაც მიაშენა, ვერიკოს სახლის წინ კი, ფიქრის გორის ფერდობზე, თეატრის აშენებას აპირებს. პროექტი უკვე აქვს.

– რა ფულით? – ყოველ ჯერზე მიკვირს მე.

– მე თვითონაც მიკვირს, – მპასუხობს სოფიკო.

ვიღაც უფასოდ მისცემს სამშენებლო მასალას, ვიღაც მუშას გამოუგზავნის – საქართველოში სოფიკო უყვართ. ვალებსაც იღებს, ალბათ.

პატარა სოფიკოზე შემიძლია ვთქვა, რომ ის ძალიან დაკვირვებული გოგონა იყო. ოთარის ქორწილში ეზოში ღორი დაკლეს, დაანაწევრეს და დიდ ქვაბში ხარშვა დაიწყეს.

მე ამ სცენას ვერანდიდან ვაკვირდებოდი და უცებ აღმოვაჩინე, რომ სოფიკოც იქვე იყო და ყველაფერს უყურებდა. სამი წლის ბავშვი – და ასეთი საშინელება!

– გოჭი აბანავეს! – სიხარულით მომახსენა სოფიკომ.

სოფიკო ჩემზე რვა წლით ახალგაზრდაა. რა თქმა უნდა, მესმოდა, რომ ის კარგი მსახიობია, ნიჭიერი, მაგრამ ჩემთვის დიდი მსახიობი იყო ვერიკო. ვუყურებდი ფილმებს, სადაც თამაშობს სოფიკო, დავდიოდი მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლებზე სოფიკოს მონაწილეობით, როცა ისინი გასტროლებზე მოსკოვში ჩამოდიოდნენ. პირველ რიგში ვიჯექი და ვწვალობდი: ოცი წუთის შემდეგ ისე მინდოდა სიგარეტის მოწევა, რომ არ მესმოდა, რა ხდება სცენაზე და ანტრაქტს ველოდებოდი (და ასე იყო ყოველთვის, ვიდრე სიგარეტის მოწევას თავი არ დავანებე. არ გამომიტოვებია ლეონოვის არც ერთი პრემიერა, მაგრამ, შეიძლება ითქვას, არც ერთი მინახავს).

როგორი მსახიობია სოფიკო – ამას მაშინ მივხვდი, როდესაც ხელოვნების მუშაკთა სახლში მისი შემოქმედებითი საღამო გაიმართა. იქ იყო ფრაგმენტები მისი ფილმებიდან, ის აჩვენებდა ნაწყვეტებს სპექტაკლებიდან და ჩემ თვალწინ გაიხსნა ისეთი ფართო დიაპაზონის მსახიობი, ისეთი მდიდრული პალიტრით, რომ მივხვდი – ვერიკოს სახლში იყო არა ერთი, არამედ ორი დიდი მსახიობი.

ძია მიშა სოფიკოზე გიჟდებოდა. ცხოვრებაში მისთვის შენიშვნა არ მიუცია და ყველაფერში მხარს უჭერდა. შუათანა შვილთან, რამაზთანაც არ ჰქონია პრობლემა. ძია მიშას მთელი ენერგია უფროსი ვაჟისკენ, ოთარისკენ იყო მიმართული.

ოთარი

ოთარი სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა, მაგრამ სწავლით თავს არ იწუხებდა. აკადემიის ლექტორი ჭიაურელთან შეხვედრისას ყოველთვის ჩიოდა: ოთარი ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი და ძია მიშა სისტემატურად უკითხავდა ოთარს ნოტაციებს. ეუბნებოდა, რომ მის ასაკში უკვე საკუთარ თავს ინახავდა და უმცროს და–ძმას ზრდიდა.

ოთარს მობეზრდა მამამისის ნოტაციები და საწყობში მოეწყო. ერთ მშვენიერ დღეს ვერიკოს სახლთან ჩამოდგა სატვირთო მანქანა, ოთარმა ვიღაც ბიჭთან ერთად მძიმე ტომარა ჩამოტვირთა და ორივემ მისაღები ოთახის გავლით ჭიაურელის კაბინეტში შეიტანა.

– რა არის? – იკითხა ძია მიშამ.

– მარილი, – ამაყად თქვა ოთარმა (ეს ამბავი ომის დროს ხდებოდა და მარილი დიდი დეფიციტი იყო), – ოჯახისთვის.

– საიდან?

– ნიჩბებზე გავცვალეთ.

– ნიჩბები საიდან აიღეთ?

– ნიჩბები ზედმეტი იყო.

ძია მიშამ დაუყოვნებლივ მოითხოვა მარილისა და ნიჩბების დაბრუნება და შვილს წაუკითხა ლექცია იმის შესახებ, რომ ღირსება ფულზე ძვირი ღირს.

ოთარმა მარილი წაიღო, ნიჩბები დააბრუნა და საწყობიდან წამოვიდა. ის გახდა ქრონიკერი თბილისის კინოსტუდიაში და ცხოვრობდა საბჭოთა მოსამსახურის ცხოვრებით.

ხოლო ბიჭი, ვისთან ერთადაც მან მარილი მოიტანა, დარჩა საწყობში სამუშაოდ და ორმოცდაათიან წლებში ქართული სპორტის მხარდასაჭერად, თავის ხარჯზე, სამი თვითმფრინავით დაჰყავდა გულშემატკივრები ყველა იმ ქალაქში, სადაც თბილისის "დინამო" თამაშობდა.

მართალია, ოთარი ჩემი ღვიძლი დეიდაშვილი არ იყო (მიხეილ ჭიაურელის შვილი პირველი ქორწინებიდან. – მთარგ. შენ.), მაგრამ ის მთავარი ძმა იყო. ოცი წლისას მას უკვე შეეძლო ღერძზე აღმა ტრიალი, შეეძლო სულმოუთქმელად დაელია ორლიტრიანი ყანწი, შეეძლო სასაცილო ნახატების დახატვა, მღეროდა, უკრავდა გიტარაზე და როიალზე. თავისუფლად შეეძლო სამი კაცის გალახვა, მიუხედავად იმისა, რომ ტანით დაბალი და მხრებში მოხრილი გახლდათ. მართალია, ოთარი ჩემზე ბევრად დიდი იყო, მაგრამ ის ყოველთვის თანატოლივით მექცეოდა, მისალმებისას ხელს მართმევდა, ყურადღებით მისმენდა და არასოდეს მაძლევდა შენიშვნას.

ძმები

ოთარი ჩემზე ბევრად უფროსი იყო და მასთან არც ისე ხშირად მქონდა ურთიერთობა, მაგრამ სხვა ძმებთან, როდესაც თბილისში ვცხოვრობდი, განუყრელი ვიყავი. რამაზი ჩემზე სამი წლით უფროსი იყო, ჯიუ – ორით, თემური – ერთით.

რამაზი ფანტაზიორი იყო და სულ რაღაცას ორიგინალობდა – თავისუფალი ორთაბრძოლის სექცია, ფეხბურთის გუნდი, ჭადრაკის კლუბი... ომის დროს კი ორგანიზება გაუკეთა წაღების სახელოსნოს "ძმები და კ", ჩვენ ვკერავდით სანდლებს და ბაზარში ვყიდდით.

ის ექსპერიმენტატორიც იყო. ორმოცდაერთი წლის ახალ წელს მე და რამაზს თითო ქილა შესქელებული რძე გვაჩუქეს (ჯიუშკა არ იყო. ის ქუთაისში დეიდასთან გაემგზავრა). უფროსები სადღაც წავიდნენ, ჩვენ კი ზუსტად ღამის თორმეტ საათზე ქილები გავხსენით და დავიწყეთ ჭამა. ვჭამთ, ვჭამთ... ნახევარი ქილა შევჭამეთ – მეტი არ ჩაგვდის. რამაზმა თქვა, რომ რძეში ყავა უნდა ჩავყაროთ: "გაცილებით გემრიელი იქნება. ვერიკოს აქვს ყავა, ვიცი, სადაც ინახავს". შევიდა ვერიკოს საძინებელში და პაკეტი მოიტანა. თავის ქილაში სამი კოვზი ჩაიყარა, ჩემთვისაც უნდოდა ჩაყრა, მაგრამ მე უარი ვუთხარი: "ჯერ შენსას გავსინჯავ". გავსინჯე – არ მომეწონა: ძალიან მწარე იყო. რამაზმა კი თავისი ყავიანი რძე ბოლომდე შეჭამა. ამბობდა, რომ მე ვცდები: "მწარე გემო კი არ აქვს, არამედ პიკანტური".

მეორე დილას კი ვერიკომ ყვირილი ატეხა: "ვინ აიღო ჩემი ინა (ხნა)?!" (თურქული ფხვნილი წითურ ფერად თმის შესაღებად).

რამაზს მერე ეშინოდა, ვაითუ ტაკოზე წითური თმები ამომივიდაო, მაგრამ გადარჩა...

ჯიუშკა მშვიდი და ჩუმი იყო. არასოდეს კამათობდა, არ ჩხუბობდა, არ ბრაზობდა. თუ მე დავუწყებდი ჩხუბს, არ მპასუხობდა, თუმცა ჩემზე გაცილებით ძლიერი იყო. თემურს უყვარდა ხალხთან ურთიერთობა: თბილისში ყველას იცნობდა და მასაც ყველა იცნობდა. და კიდევ, ის საშინლად აკურატული იყო: როდესაც ჩემთან, მოსკოვში ჩამოდიოდა, შარვალს აკურატულად დებდა ლეიბის ქვეშ.

რამაზი კინორეჟისორი გახდა, ჯიუ – გეოლოგი, თემური – ექიმი.

პირველი მოკვდა ოთარი.

მერე – ჯიუშკა. მეზობელმა ჯიუშკას "მოსკვიჩის" გარემონტებაში დახმარება სთხოვა, ჯიუშკამ ხელით ამოიღო ძრავი და გული ასტკივდა. წავიდა საავადმყოფოში თემურთან, გამოსაკვლევად. თემურმა კი უთხრა, რომ ჯიუშკას ორი ინფარქტი ფეხზე გადაუტანია.

– მეტად აღარ ასწიო ძრავები, – უბრძანა თემურმა, – ამისთვის არსებობს ტექნიკა.

ძრავები ჯიუშკას არ აუწევია, მაგრამ... ერთ კვირადღეს ის ტახტზე იწვა, კითხულობდა, აივანზე ლეკვი თამაშობდა, რომელიც ჯიუშკას შვილმა მოიყვანა. ლეკვი მოაჯირებს შორის გაძვრა და აივნიდან გადავარდა. ჯიუშკა წამოხტა და – გული გაუსკდა.

მერე წავიდა რამაზი. ორმოცდაათი წლისაც არ იყო, როდესაც მძიმედ გახდა ავად. საოპერაცოდ დააწვინეს, გაჭრეს და ისევ გაკერეს: ყველაფერი მეტასტაზებში იყო. რამაზმა იცოდა, რომ არაოპერაბელური კიბო იყო. ძლიერი ტკივილები ჰქონდა და თემურს სთხოვა, მისთვის წასვლა შეემსუბუქებინა...

ახლა თემურიც აღარ არის.

შარშან თბილისში ვიყავი. სოფიკოსთან გავჩერდი. საღამოს სოფიკო და კოტე ვიღაცის იუბილეზე წავიდნენ. მეც დამიძახეს, მაგრამ არ წავედი – ორი დღით ვიყავი ჩასული, მინდოდა, მეგობრების ნახვა მომესწრო. გადავშალე ჩანაწერების წიგნაკი, გადავფურცლე... და მივხვდი: დასარეკი აღარავისთანაა.

გრემ გრინი წერდა, რომ სტატისტიკოსებს შეუძლიათ ბეჭდონ თავიანთი ანგარიშები, აღწერონ მოსახლეობა, მაგრამ თითოეული ადამიანისთვის ქალაქი შედგება რამდენიმე ქუჩისგან, რამდენიმე სახლისგან, რამდენიმე ადამიანისგან. არ იქნება ეს ხალხი – და ქალაქიც არ იქნება, დარჩება მხოლოდ მოგონება განცდილ ტკივილზე...

პ.ს.

ჩემმა ბევრმა ნაცნობმა, ახლობლებმა ან არც ისეთმა ახლობლებმა, კოლეგებმა, მსახიობებმა, რეჟისორებმა, ოპერატორებმა – დაწერეს წიგნები. პირველი, რასაც ვაკეთებ, როდესაც ისინი თავიანთ წიგნს მჩუქნიან – ვუყურებ ფოტოსურათებს, ჩემს თავს ვეძებ. თუ ვერ ვნახულობ, ტექსტს ვფურცლავ, ვეძებ ჩემს გვარს. თუ ვერ ვპოულობ, ყურადღებით კითხვას ვიწყებ: "ასე, ამაზე დაწერა... იმაზე დაწერა... იმაზეც... ჩემზეც შეეძლო – არც მე ვარ სანაგვეზე ნაპოვნი!"

როდესაც ამ წიგნის წერა დავიწყე, გადავწყვიტე, არ გამემეორებინა კოლეგების შეცდომა და დამეწერა ყველაზე, ვისთანაც ვმუშაობდი, ვისთანაც ვმეგობრობდი, ვისთანაც ვსწავლობდი, მაგრამ... მალე მივხვდი, მაშინ ჩემი წიგნი დიდი ქალაქის სატელეფონო ცნობარს დაემსგავსებოდა. ამიტომ ისინი, ვინც უნდა მეხსენებინა ამ წიგნში, მაგრამ საკუთარი თავი ვერ იპოვეს, ნუ მიწყენენ. მე ისინი არ დამვიწყებია. უბრალოდ ვიხსენებ მათ, ვინც მხვდება ჩემი თხრობის გზაზე.

და კიდევ. ბევრი უკვე აღარ არის. ჩემი მეგობარი, ლევ ონიკოვი – გამოცდილი თამადა – მასწავლიდა, როდესაც სვამ წასულების სადღეგრძელოს, ყველას ჩამოთვლა არ შეიძლება, იმიტომ, რომ შეიძლება ვიღაც გამოგრჩეს და იმას იქ არ დაუსხამენო.

ცარიელი თასით იდგება...

21 აგვისტო, 2002 წელი

დასასრული

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online