asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ნორმან უიზდომი – მისტერ პიტკინი ეკრანსა და რეალურ ცხოვრებაში
მისტერ პიტკინი ეკრანსა და რეალურ ცხოვრებაში
ნორმან უიზდომი – მისტერ პიტკინი ეკრანსა და რეალურ ცხოვრებაში

2010-11-17 12:54:05



ინგლისელი მსახიობი, კომპოზიტორი და სცენარისტი, ნორმან უიზდომი, ერთი თვის წინ 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. საკმარისია, მისი კომიკური პერსონაჟი, მისტერ პიტკინი ვახსენოთ, რომ ყველასათვის ნაცნობი ხდება, თუ ვისზეა საუბარი. კინოისტორიაში ეს იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ფილმის პერსონაჟმა მსახიობის პოპულარობას რამდენჯერმე გადააჭარბა. მსახიობი მთელი ცხოვრება ცდილობდა პიტკინისაგან თავის დაღწევას, მაგრამ არ გამოუვიდა.

მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მსოფლიოს ერთ–ერთი პოპულარული კომიკოსი ძილში, ყოველგვარი ტკივილისა და ტანჯვის გარეშე გარდაიცვალა.

ნორმან უიზდომი 1915 წლის 4 თებერვალს ტაქსისტის ოჯახში დაიბადა. მამამისი ლოთი და შფოთისთავი იყო. ჯერ სახლიდან ცოლი გააგდო, შემდეგ კი – 9 წლის შვილი. ნორმანმაც მოხეტიალე ცხოვრება დაიწყო. მოგვიანებით ის სავაჭრო გემის კაპიტნის მოსამსახურედ მოეწყო. მუშაობდა პორტიედ და მეშახტედაც. 15 წლის იყო, როდესაც სამეფო ფლოტში დასარტყამ ინსტრუმენტზე უკრავდა.

"ჩემი ბავშვობიდან კარგი ბევრი არაფერი მახსოვს. როდესაც 9 წლისა ქუჩაში აღმოჩნდები, გგონია, რომ ცხოვრება დამთავრდა, მაგრამ სწორედ ქუჩამ მასწავლა ის ყველაფერი, რაც შემდგომ ცხოვრებაში გამომადგა. მე ალბათ ერთადერთი იდიოტი ბავშვი ვიყავი დედამიწის ზურგზე, რომელიც სახლიდან გამოაგდეს და იმედგაცრუებას არ მიეცა. ცხოვრება მანც მიხაროდა. ყველაზე საინტერესო ეტაპი კი მაშინ დადგა ჩემს ცხოვრებაში, როდესაც სამხედრო ფლოტთან ერთად ინდოეთში აღმოვჩნდი. ინდოეთმა ძალიან ბევრი რამ დამიტოვა. იქ ვისწავლე საყვირზე და კლარნეტზე დაკვრა. ამასთანავე, ინდოეთის ჩემპიონიც გავხდი ბრიტანული არმიის ჩემპიონატში კრივში", – იხსენებდა ნორმანი.

მეორე მსოფლიო ომის დროს მომავალი მსახიობი უინსტონ ჩერჩილის ბუნკერში ტელეფონისტად მუშაობდა. ერთხელ გაცოფებული ჩერჩილი სააპარატურო ოთახში თავად მივიდა იმის გასარკვევად, თუ რომელ იდიოტს ეშლებოდა მუდმივად და სხვასთან აერთებდა. ამ შეცდომას ისიც ემატებოდა, რომ ნორმანი პრემიერს ხშირად ვინის ეძახდა. თურმე ჩერჩილი იმუქრებოდა, მას ტრიბუნალს გადავცემო, მაგრამ შემდეგ მუქარა ავიწყდებოდა.

საერთოდ ის პოლიტიკოსების ყურადღებას ხშირად იქცევდა. მაგალითად, სტალინისტმა დიქტატორმა ენვერ ხოჯამ მისტერ პიტკინი ალბანეთის ეროვნულ გმირად გამოაცხადა. ამ ქვეყანაში მხოლოდ იმ ფილმებს აჩვენებდნენ, სადაც ნორმანი თამაშობდა. სხვა დანარჩენი კაპიტალისტური ფილმები აკრძალული იყო. 1990 წელს ტირანაში ის ისე მიიღეს, როგორც რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი. 2001 წელს კი ინგლისისა და ალბანეთის ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩის წინ ნორმან უიზდომი მოედანზე გამოვიდა ალბანეთის მხარდასაჭერად და თაყვანისმცემლებში ისეთი ექსტაზი გამოიწვია, რომ დევიდ ბეკჰემიც კი მიავიწყდათ თაყვანისმცემლებს.

მომავალი მსახიობი ყველაფერს იფიქრებდა, იმის გარდა, რომ თავის ცხოვრებას კინოს დაუკავშირებდა. ის თვლიდა, რომ კინემატოგრაფია ზედმეტად ბოჰემური და მაღალი კლასისათვის განკუთვნილი სფერო იყო, მაგრამ მისმა ნიჭმა მაინც თავისი გააკეთა და მხიარული ბიჭუნა მალე მიუზიკ ჰოლის ხელმძღვანელობის ყურადღების ქვეშ აღმოჩნდა.

ნორმანის სამსახიობო დებიუტი 1946 წელს შედგა კომედიურ მიუზიკლში. ინგლისური პრესა მასზე მაშინვე ალაპარაკდა, როგორც უნივერსალურ ექსცენტრიკოსზე. მისი კომედიური შესაძლებლობები მართლაც უსაზღვრო იყო. მას ეპატიჟებოდნენ ტელესტუდიებში. რამდენიმე წარმატებული ტელეშოუს შემდეგ უიზდომი ამერიკაში გაემგზავრა, სადაც ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე წამყვან ტელეპროექტში მოუწია მონაწილეობა.

"ბედის ირონიაა ის, რომ ცხოვრებაში არასოდეს მქონია საქმე სასაცილოდ, არადა სწორედ სიცილით ვშოულობდი ფულს. სულ იმას ვფიქრობ, ეს მიმიკები რომ არ გამომყოლოდა, რას გავაკეთებდი ცხოვრებაში. ჩემთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტი იყო, როდესაც ამერიკულ ტელევიზიაში მითხრეს, მოლაპარაკე ჩარლი ჩაპლინი ხარო", – იხსენებდა მსახიობი.

კინოში ნორმანის დებიუტი 1948 წელს შედგა ფილმით "პაემანი ოცნებასთან". 10 წლის შემდეგ კი უიზდომმა უკვე სახელი გაითქვა, როგორც სცენარისტმა, რადგან მას ეკუთვნის სცენარი ფილმისა "მისტერ პიტკინი მტრის ზურგში".

ამ ფილმმა მსოფლიო კინემატოგრაფიაში კომედიური ჟანრი სულ სხვა ელფერით წარმოაჩინა. კინოთეატრებიდან სიცილისგან აცრემლებული ხალხი გამოდიოდა.

"ვერ აგიწერთ, რა ბედნიერებაა, როდესაც შენი სასაცილო სახე კინოთეატრში დიდ ეკრანზე გადის და მაყურებელიც ბედნიერი და მომღიმარი გიყურებს. კომედიური სიტუაციების დაწერა უფრო მეხერხებოდა, ვიდრე ამის გადმოცემა. ჩემი იუმორის სხვა ადამიანის მიერ თამაში კიდევ უფრო რთული იყო, ამიტომაც ხშირად ამის გაკეთება მე მიწევდა", – აღნიშნავდა ნორმანი.

მისტერ პიტკინის დაბადებას მალე მოჰყვა შემდგომი სერიები. ერთი შეხედვით, მშიშარა და სულელი გმირი ყველაზე პოპულარულ კინოპერსონაჟად იქცა.

"ჩემი კომედიები განსაზღვრულია 3–დან 93 წლამდე ასაკის მაყურებლისთვის. ხშირად იმის გამო მაკრიტიკებდნენ, რომ ჩემი დაწერილი კომედიები ძველმოდური იყო, მაგრამ მე იმით ვამაყობ, რომ ჩემს ფილმებში ყოველთვის ჩანდა ტრადიციები", – ამაყად განაცხადა ერთ–ერთ თავის ინტერვიუში ნორმან უიზდომმა.

მოგვიანებით მსახიობმა ძალები ესტრადაზეც სცადა, მაგრამ ამ მხრივ ნაკლები აღიარება ჰქონდა. მისი კომპოზიციები კარგი იყო, მაგრამ მისი ნამღერი ისეთი არ იყო, რომ საკონცერტო დარბაზები გაევსო.

"სიმღერა ჩემთვის სულიერი საზრდო იყო. ყველაზე მეტად ჩემი თავი სიმღერის დროს მომწონდა. ვფიქრობდი, რომ ამ დროს უფრო მეტად გამოვხატავდი ჩემს ემოციებს და ნამდვილ სახეს. ჩემი სიმღერები არ იყო სასაცილო და ალბათ ეს ის საქმე იყო, რომელსაც მთელი სერიოზულობით ვაკეთებდი, მაგრამ ჩემი სერიოზულობა არავის მოეწონა", – აღნიშნავდა მსახიობი.

როგორც კომიკოსების უმრავლესობა, ცხოვრებაში ნორმანიც ნაკლებად გამორჩეული და ხმაურიანი იყო. მისი პირადი ცხოვრება ყოველთვის ფარდაჩამოფარებული გახლდათ. მისი ოჯახური ცხოვრების შესახებ თაყვანისმცემლებმა ბევრი არაფერი იცოდნენ. ამას თავად ასე განმარტავდა: "მყავს ოჯახი, რომლებიც არ არიან ფილმის პერსონაჟები. მთელი ბავშვობა მოსიყვარულე ოჯახზე ვოცნებობდი და ვამბობდი, როცა საკუთარი ოჯახი მექნება, არავის მივცემ უფლებას, მას რაიმე ავნოს–მეთქი. ეს ინსტინქტი ალბათ მთელი ცხოვრება გამყვა. პრემიერებზეც კი ვცდილობდი, ჩემი ოჯახის გარეშე წავსულიყავი. რატომღაც მეშინოდა, რომ თუ ჩემი ცოლი და შვილები ჩაერთვებოდნენ იმ ცხოვრებაში, სადაც მე ვიყავი, ჩვენი ოჯახი დაზარალდებოდა".

სიცოცხლის ბოლო წლებში ნორმანი ცდილობდა, ბოლომდე აქტიური ყოფილიყო. ექსცენტრულობა არც სიბერეში დაუკარგავს. 70 წელს იყო მიტანებული, როდესაც პანკების ერთ–ერთი მუსიკალური ჯგუფის კლიპში მიიღო მონაწილეობა. სიცოცხლის ბოლო წუთამდე ის ტელევიზიაში და კაბარეში მუშაობდა.

"ჩემი ხასიათი ძალიან დამეხმარა, რომ აქტიური ბებერი ვყოფილიყავი. ტელევიზიაში და კაბარეში ყოველდღიური მუშაობა იმის საშუალებას მაძლევს, რომ სიბერის სენტიმენტალობაზე არ ვიფიქრო. სწორედ ახლახან მივხვდი, რომ სიცილი მართლაც კარგი ჯანმრთელობის საწინდარია. როდესაც კამერას ვუყურებ და ჩემი მიმიკებით სასაცილო სიტუაციებს ვქმნი, ვგრძნობ, რომ სიცოცხლე მემატება", – განაცხადა მსახიობმა გარდაცვალებამდე ნახევარი წლით ადრე.

სიცოცხლის ბოლო 6 თვე ნორმანმა კუნძულ მენის მოხუცთა თავშესაფარში გაატარა. იქ დამკვიდრების სურვილი თავად ჰქონია. მისი შვილის სიტყვებით, გარდაცვალების მიზეზი ინფარქტი იყო. ბოლო წლებში მან რამდენიმე ინფარქტი გადაიტანა. თავად მსახიობის მოთხოვნა იყო, რომ საფლავზე თავისი უკვდავი გმირის, პიტკინის გვარიც დაეწერათ.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online