asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ფილიპ ლამს ვერ აჩერებენ
ფილიპ ლამს ვერ აჩერებენ
ფილიპ ლამს ვერ აჩერებენ

2010-11-16 15:16:42



ახლახანს დაბადების დღე იზეიმა გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" მცველმა ფილიპ ლამმა, მსოფლიოს ერთ–ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა თავის ამპლუაში და მრავალი სხვადასხვა ტიტულის მფლობელმა.

ფილიპ ლამი "ბაიერნის" აღზრდილია. ასეთებს მიუნხენურ კლუბში აფასებენ და უყვართ. თუმცა, თავად ფილიპი ხშირად ჭირვეული და განებივრებული ბავშვივით იქცევა, რითიც უხერხულ მდგომარეობაში აყენებს როგორც საკუთარ თავს, ისე კლუბს. ერთ ასეთ გამოხდომას მისი მხრიდან ერთი წლის წინ ჰქონდა ადგილი, როდესაც ფეხბურთელმა სკანდალური ინტერვიუ მისცა და რომელშიც მან, რბილად რომ ვთქვათ, მიწასთან გაასწორა გერმანული გრანდის მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი და მასთან ერთად კლუბის მთელი ადმინისტრაცია. მართალია, თავად ფეხბურთელმა სწრაფადვე მოიბოდიშა, მაგრამ ამას კლუბისთვის ხელი არ შეუშლია ლამი სოლიდური თანხით დაეჯარიმებინა. რა თანხით დაჯარიმდა ფეხბურთელი, დღემდე უცნობია, თუმცა, არაოფციალური წყაროები 25 ათას ევროს ასახელებდნენ, რაც რამდენიმე სიტყვისთვის ურიგო თანხა სულაც არ არის. აი, რა თქვა ლამმა:

– ისეთ კლუბებს, როგორებიც არიან "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბარსელონა", საკუთარი სისტემა აქვთ შემუშავებული. ისინი ყიდულობენ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მათი თამაშის სტილს შეეფერებიან, ჩვენ კი მოთამაშეებს ერთი მეორის მიყოლებით ვყიდულობთ. ჩვენ კლუბს აკლია საკუთარი ფილოსოფია, თუმცა ამაში ფეხბურთელები არ არიან დამნაშავეები.

ასევე მაგარ–მაგარი სიტყვებით იყო მოხსენიებული გუნდის მთავარი მწვრთნელი, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა სწორედ ამ სიტყვებმა შეურაცხყო.

ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ამ სიტყვებში სიმართლეც არის. ბოლო წლებში "ბაიერნი" ტრანსფერებზე ევროპის წამყვან კლუბებზე არანაკლებ თანხებს ხარჯავს, მაგრამ უკვე დიდი ხანია კონკურენტუნარიან კლუბს აღარ წარმოადგენს ჩემპიონთა ლიგაში და ბუნდესლიგაშიც, რომელსაც, წესით, არასდროს უნდა ექმნებოდეს პრობლემები. პერიოდულად ხდება ჩავარდნები და სუპერკლუბი ჩემპიონატში ისეთ კლუბებთან მარცხდება, როგორიც, ვთქვათ, "ვოლფსბურგია".

გერმანული გამოცემები დიდი ხანია "ბაიერნს" ფკ "ჰოლივუდად" მოიხსენიებენ და ხშირად არ ერიდებიან ისეთ გამოთქმებს, როგორიც არის, მაგალითად, "ვარსკვლავების ნაგავსაყრელი". მიუნხენური კლუბის ვარსკვლავები ხშირად ჩხუბობენ ერთმანეთში, ხოლო ვარჯიშებს მაღალი წრის საზოგადოების ღონისძიებებზე დასწრებას ამჯობინებენ. ასევე გამუდმებული მწვრთნელების ცვლაც ახდენს გავლენას გუნდის არასტაბილურ თამაშზე.

ლამი პირველად არ არიგებს ჭკუას კლუბის ხელმძღვანელობას. 2008–09 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგიდან "ბარსელონას" მიერ "ბაიერნის" გამოგდების შემდეგ, სხვათა შორის ეს მარცხი მტკივნეული იყო გერმანული გრანდისთვის, ფილიპმა შემდეგი რამ განაცხადა:

– ჩვენ კლუბს წერტილოვანი გაძლიერებები სჭირდება. ამისთვის ჩვენ რამდენიმე მსოფლიო დონის მოთამაშის შეძენა გვჭირდება. ავიღოთ მაგალითისთვის "მანჩესტერ იუნაიტედი". მიუხედავად წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებისა, მან დიმიტარ ბერბატოვი შეიძინა. სწორედ ეს არის წერტილოვანი გაძლიერება, თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ ჩამოვრჩებით ასეთ კლუბებს, როგორებიც არიან "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბარსელონა".

მაგრამ ფილიპი არა მხოლოდ კლუბის პოლიტიკის კრიტიკითაა დაკავებული. მაგალითად, იგი გამუდმებით იმაღლებდა ხმას იურგენ კლინსმანის დასაცავად, რომელიც ორი სეზონის წინ გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა.

– თუ ფეხბურთელები ყველაფერ იმას გაიგებენ, რასაც მათ კლინსმანი ეუბნება, ჩვენი მანქანა ადგილიდან დაიძვრება, – ამბობდა ლამი, – დროა, აზრზე მოვიდეთ. სხვათა შორის, სეზონის ბოლომდე ჯერ კიდევ ბევრი ტურია დარჩენილი, ასე რომ, ყველაფერი ჩვენს ხელშია.

მაგრამ კლინსმანის ბოლომდე დაცვა ლამმა და "ბაიერნის" სხვა ვარსკვლავებმა ვერ შეძლებს და გერმანელი სპეციალისტი კლუბიდან ცუდი შედეგების გამო გაუშვეს.

სამაგიეროდ, ლამის მიერ გაკრიტიკებულმა ვან გაალმა "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მიიყვანა, პარალელურად მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი და თასი. გასულ სეზონში მიუნხენელთათვის ყველაფერი არც ისე კარგად დაიწყო, მაგრამ სეზონის ბოლოსთვის ისინი შესანიშნავ ფორმაში შევიდნენ და მათი შეჩერება მხოლოდ ჟოზე მოურინიუს მილანის "ინტერმა" მოახერხა. ახალ სეზონში "ბაიერნი" კვლავ არასტაბილურად გამოდის და გერმანელი ჟურნალისტები ისევ ალაპარაკდნენ, რომ კოლექტივში დიდი პრობლემებია, ურთიერთობა სამწვრთნელო შტაბსა და მოთამაშეებს შორის გაფუჭდა და ვან გაალის მალე გადადგომაზეც კი აკეთებენ მინიშნებას. ბუნდესლიგაში "ბაიერნი" უკვე 12 ქულით ჩამორჩება ლიდერს, თუმცა, ამ ეტაპზე ასეთ ჩამორჩენას კრიტიკულს ვერ ვუწოდებთ.

ფილიპ ლამი 11 წლის ასაკიდან "ბაიერნის" სკოლაში ვარჯიშობდა, მაგრამ პირველად სახელი ფელიქს მაგათის "შტუტგარტში" გაითქვა, სადაც მიუნხენელებმა იგი ორწლიანი იჯარით გაანათხოვრეს. მაგათმა ნომინალური მარჯვენა მცველი დაცვის მარცხენა ფლანგზე გადაიყვანა და ჯადოქარმა ჯუჯამ (ფილიპის სიმაღლე სულ 170 სანტიმეტრია) ბუნდესლიგაში გაიბრწყინა და ეროვნულ ნაკრებში მიწვევაც კი მიიღო, რომლის შემადგენლობაში ევროპის 2004 წლის ჩემპიონატზე გაემგზავრა. პორტუგალიაში გერმანელები ჯგუფიდანაც კი ვერ გავიდნენ. მათ ფრედ ითამაშეს ლატვიისა და ჰოლანდიის ნაკრებებთან, ხოლო ჩეხებთან დამარცხდნენ.

მაგრამ, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ამის შემდეგ ბუნდისტიმს ჩავარდნა აღარ ჰქონია და გერმანელები მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე, რომელიც იქვე გაიმართა, უმედლებოდ არ დარჩენილან, ისევე, როგორც ევროპის 2008 წლის ჩემპიონატზე, რომელსაც ავსტრია – შვეიცარიამ უმასპინძლა და 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკაში. სხვათა შორის, გერმანიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი გოლი სწორედ ფილიპ ლამმა გაიტანა. გახსნის მატჩში კოსტა რიკის ნაკრებთან, მე–6 წუთზე, ფილიპმა ბრწყინვალე დარტყმით გახსნა ანგარიში. მის მიერ გატანილი გოლი გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში. სამხრეთ აფრიკაში კი ლამი ბუნდესტიმის კაპიტნის რანგში გაემგზავრა. კაპიტნის სამკლაური მან მიქაელ ბალაკის ტრავმის შემდეგ მიიღო.

თუმცა, ფილპმა მაშინვე განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, როდესაც მწყობრში დაბრუნდებოდა ბალაკი, იგი მისთვის კაპიტნის სამკლაურის დაბრუნებას არ აპირებდა. გერმანიაში ამის გამო ბევრი აღშფოთდა, თუმცა მალე ყველაფერი ჩაწყნარდა. ბალაკს ისევ ტრავმა აქვს, ხოლო ლამის გარეშე ნაკრების მთავარ მწვრთნელ იოაჰიმ ლიოვს ძალიან გაუჭირდება. მსოფლიოში არც ისე ბევრია უმაღლესი კლასის მცველი, რომელსაც შეუძლია საიმედოდ ჩაკეტოს ორივე ფლანგი. ფილიპი სწრაფი და ამტანია, ასევე აკეთებს კარგ გადაცემებს და კარშიც შესანიშნავად ურტყამს, ამიტომ მისი ცენტრისკენ გადანაცვლება ყოველთვის ხიფათის მომტანია მეტოქის მეკარეებისთვის.

დღეისთვის ფილიპ ლამი მსოფლიოს ერთ–ერთ საუკეთესო ფლანგურ მცველად ითვლება და მსოფლიოს ყველაზე მდიდარ კლუბებს სურთ მისი შეძენა, მათ შორის მადრიდის "რეალს" და "ბარსელონას". თავად ფეხბურთელსაც არაერთხელ უფიქრია "ბაიერნიდან" წასვლაზე და ამიტომ, გამორიცხული არ არის, ეს სეზონი მისთვის ბოლო აღმოჩნდეს მიუნხენურ კლუბში. მით უმეტეს, რომ კლუბის ხელმძღვანელებს მობეზრდათ ლამის მუდმივი გამონათქვამები პრესის ფურცლებზე. მასში კი 30 მილიონი ევროს მიღება ძნელი არ უნდა იყოს, ფილიპი ხომ ამჟამად შესანიშნავ ფორმაში და კარიერის პიკზე იმყოფება.

თავად ფეხბურთელი კი, მიუხედავად მუდმივი განცხადებებისა კლუბის გამოცვლასთან დაკავშირებით, ბოლო დროს თავის მომავალთან დაკავშირებით დუმილს ამჯობინებს, მაგრამ პირობა დადო, რომ სიტუცია ნათელი სეზონის ბოლოსთვის გახდება.

მოამზადა კახა ხატიაშვილმა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ლამი
კავშირი ტეგთან: ორი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online