asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

როგორ იზრდებოდა ვარსკვლავი
როგორ იზრდებოდა ვარსკვლავი
როგორ იზრდებოდა ვარსკვლავი

2010-11-16 15:16:38



გაგრძელება

ნაკრებში პირველი ნაბიჯები 17 წლამდელთა გუნდში გადავდგი, რომელსაც თეოდორო ნიეტო ხელმძღვანელობდა. მას შემდეგ, რაც კატალონიის ნაკრებსა და ტენერიფეს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში მნახეს საქმეში, ეროვნულ გუნდში გადაწყვიტეს ჩემი გამოძახება.

პირველი დიდი ტურნირი პორტუგალიაში გამართული "მერიდიანის" თასი იყო. ფინალში ნიგერიასთან დავმარცხდით, მაგრამ ამ ფაქტს სერიოზული პოლემიკა მოჰყვა, რადგან აფრიკელთა გამარჯვების გოლი, ფეხბურთის წესების თვალსაზრისით, ძალიან საეჭვო იყო.

მალე მსოფლიოს 17 წლამდელთა ჩემპიონატის ჯერიც დადგა, რომელსაც ეგვიპტემ უმასპინძლა. ნაკრებში გამოძახებამ ძალიან გამაკვირვა. გუნდში ყველაზე პატარა ვიყავი ასაკით, თანაც, სანტისტებანის ბიჭები კარგად იყვნენ შეთამაშებულნი, რადგან დიდი ხანი ბურთაობდნენ ერთად. სწორედ იქ გავიცანი იკერ კასილასი.

ტურნირზე მესამე ადგილი დავიკავეთ, ნახევარფინალში განასთან დავმარცხდით. ბრინჯაოს მედლებისთვის გერმანიას შევებრძოლეთ და 2:1 მოვუგეთ. მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელად სერხიო სანტამარია დაასახელეს, რომლის მხარდამხარაც დუბლებში ვთამაშობდი.

ორი წლის შემდეგ, 1999 წლის აპრილში, 20 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯერი დადგა. ინიაკი საესმა ახალგაზრდა, ამბიციური და მძლავრი გუნდი შეკრა. "ვეფხვს" სჯეროდა თავისი ბიჭების. ინიაკის მეტსახელად "ვეფხვი" შეარქვეს, რადგან ამ სიტყვას ძალიან ხშირად ხმარობდა: "ვეფხვო, როგორაა საქმეები"? "ვეფხვო, ყველაფერი რიგზეა?, "დღეს უნდა მოვიგოთ, ვეფხვო". და ასე იყო მუდამ, ვეფხვი იქეთ, ვეფხვი აქეთ.

ინიაკი ძალიან მშვიდი და გულღია ადამიანი იყო. მამაჩემისა და ჟოან ვილას შემდეგ, ის მესამე მთავარი მასწავლებელი გახლავთ ჩემთვის. ის იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც საღად აზროვნების არაჩვეულებრივი ნიჭით არიან დაჯილდოვებულნი.

საესი არ გვტვირთავდა ტაქტიკური მეცადინეობებით. მისი მთავარი ამოცანა იმაში მდგომარეობდა, რომ მოედანზე სათამაშო დისციპლინა ყოფილიყო და ფეხბურთელებს იმ პოზიციებზე ეთამაშათ, რომლებზეც თავიანთ კლუბებში ირჯებოდნენ. მოკლედ რომ ვთქვათ, კონკრეტულ დავალებებს იძლეოდა.

საესს 4–2–3–1 სათამაშო სქემა უყვარდა. განსაკუთრებულ ყურადღებას სტანდარტულ სიტუაციებს აქცევდა. გათამაშების ოთხ ძირითად ვარიანტს ვამუშავებდით, სხვა მხრივ კი ყველაფერს ისე ვაკეთებდით, როგორც კლუბებში. ინიაკის კარგად ვუგებდით. პედაგოგიური ნიჭით იყო დაჯილდოვებული, რაც ახალგაზრდებთან მუშაობისას აუცილებელია.

ტურნირი ყოვლისშემძლე ბრაზილიასთან მატჩით დავიწყეთ. სელესაოს რიგებში ერთი ბიჭუნა ბურთაობდა, რომელსაც პუბლიკა ჭკუიდან გადაჰყავდა. მას რონალდო ერქვა. მოგვიანებით მსოფლიომ ის რონალდინიოს სახელით გაიცნო.

გაბრის ბრწყინვალე თამაშის წყალობით, რომელმაც დუბლი შეასრულა, 2:0 გავიმარჯვეთ. მაშინ გაბრი "მედიაპუნტას" პოზიციაზე თამაშობდა და ვერტიკალურად თამაშის უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდა. "ბარსელონადან" ინიაკიმ სამი ფეხბურთელი გამოგვიძახა ნაკრებში – გაბრი, ბერმუდო და თქვენი მონა–მორჩილი.

მომდევნო შეხვედრაში ზამბიას დავუზავდით – 0:0, ხოლო ბოლო ტურში ჰონდურასს ვძლიეთ 3:1 და ფლეი–ოფში გავედით.

მერვედფინალში ჩვენი მეტოქე აშშ–ს ნაკრები იყო, რომლის დამარცხებაც ძალიან გაგვიჭირდა. იანკებს 3:2 მოვუგეთ, ერთი გოლი მე გავიტანე. დადგა განას ჯერი, გუნდისა, რომელის რიგებშიც დე–იურე და დე–ფაქტო, კაცები თამაშობდნენ და არა ყმაწვილები. ყველაზე პატარა 175 სმ სიმაღლის იყო. თამაშს თუ დავუბრუნდებით, მოგახსენებთ, რომ ტურნირზე ყველაზე დაძაბული ორთაბრძოლა იყო. მატჩის შემდეგ ლიმონივით გამოწურულები ვიყავით.

ანგარიში ჩვენ გავხსენით, თერთმეტმეტრიანი დარტყმა სანსებასტიანელმა ბაკერომ შეასრულა ზუსტად. მიუხედავად ამისა, გულშემატკივრების მიერ შეგულიანებულმა აფრიკელებმა ფარ–ხმალი არ დაყარეს და რიკოშეტული საჯარიმო დარტყმით მატჩის მიწურულს ანგარიში გაათანაბრეს.

დამატებით დროში განელები 10 კაცის ამარა დარჩნენ, მაგრამ საფინალო სასტვენამდე ანგარიში მაინც არ შეცვლილა და შეხვედრა პენალტების სერიაში გადავიდა.

თერთმეტმეტრიანების გაუთავებელი სერია, რომელიც სტადიონზე ელექტროენერგიის უეცარი გამორთვის გამო 30 წუთამდე გაიწელა, იკერის ვაჟკაცობით და ნახევარფინალის საგზურით დასრულდა.

კასილასმა ერთი ბურთი მოიგერია, რაც განელთა გათამაშებიდან გამოსათიშად საკმარისი გამოდგა. გამარჯვებას მთლად ტკბილი გემო მაინც არ ჰქონია. უნდა ითქვას, რომ ნიგერიაში ყოფითი და ჰიგიენური პირობები აუტანელი იყო, რაც მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელს ნამდვილად არ შეშვენოდა. განასთან დაღვრილმა ოფლმა ჩვენი მოთმინების ფიალი აავსო და ბუნტის მიზეზი გახდა. აფრიკაში ყოფნისას ნაკრების თითოეულმა ფეხბურთელმა 3–4 კგ დაიკლო.

სასტუმროები ისეთი იყო, შიგ არ შეისვლებოდა, რადგან ჩვენ არა დედაქალაქში, არამედ კადუნეში ვიყავით დაბანაკებულნი, ბაბანგიდას სოფელში, სადაც შენობებში ვირთხისოდენა ხვლიკები დარბოდნენ. აუტანელი სიცხეები იყო. მართალია, აპრილის თვე იდგა, მაგრამ თერმომეტრი 40 გრადუსს აჩვენებდა, თანაც, გვაიძულებდნენ 3 საათზე გვეთამაშა.

ასეთი საერთო სურათის ფონზე და ნახევარფინალის საგზურით ხელდამშვენებულებმა ინიაკისა და კარლოს ლორენსანოსთან (ხოსე ანტონიო კამაჩოს მარჯვენა ხელი) გადავწყვიტეთ შეხვედრა, რომელიც ნიგერიაში ჩვენს საქმეში სანახავად იყო ჩამოსული. მოკლედ რომ ვთქვათ, ნაკრების ხელმძღვანელებისთვის ჩვენი გულისტკივილი გვინდოდა გავეზიარებინა და ესპანეთში დაბრუნების ვარიანტი განგვეხილა.

ჩვენი პარლამენტარი გუნდის კაპიტანი ორბაისი იყო. საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, თითქოს საუბარი არც კი შემდგარიყო... ლორენსანო ცოფებს ყრიდა. მან გვითხრა, რომ დიდ საქმეს ვაკეთებდით, არც კი ფიქრობთ რას ჩადიხართ, ეს მსოფლიოს ჩემპიონატია და არა საბავშვო ბაღი, უსინდისოები ხართო და ა.შ. მოგეხსენებათ, რომ შტორმის შემდეგ შტილი ისადგურებს ხოლმე, ჰოდა, მას შემდეგ მომხდარი აღარავის გაუხსენებია.

ნახევარფინალში ჩვენი მეტოქე მალის ნაკრები იყო, რომელსაც სეიდუ კეიტა კაპიტნობდა. მაშინ ის მარსელის "ოლიმპიკის" ღირსებას იცავდა. ვარელას ორი გოლი, ერთიც ჩემი და ფინალში ვიყავით, სადაც იაპონიასთან გველოდა თამაში.

გადამწყვეტ შეხვედრაში აზიელები ბეჭებზე დავდეთ – 4:0. ფინალის წინ, ოთახში, რომელშიც მე და გაბრი ვცხოვრობდით, ექიმი გუილენი შემოვიდა და გვითხრა, ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ ორივენი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულზე ხართ ნომინირებულნიო, მაგრამ ეს საიდუმლო იყო. ვიცოდით, რომ ფინალის შემდეგ პრესტიჟული პრემია ერთ–ერთ ჩვენგანს უნდა რგებოდა წილად.

უნდა გენახათ ჩვენი გაოცებული სახეები, როდესაც დაჯილდოვების ცერემონიალზე, მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელებისას, სეიდუ კეიტას სახელი და გვარი გამოაცხადეს.

ესპანური დელეგაციის აღშფოთება იმდენად დიდი იყო, რომ პროტესტის ნიშნად დარბაზი დავტოვეთ და იმავე ოტელის რესტორანში, სადაც ეს ცერემონიალი იმართებოდა, პიცის საჭმელად წავედით. ცოტა ხანში მიშელ პლატინი და ვაშინგტონ ტაბარესი ჩამოვიდნენ, რომლებიც სამსაჯო კომისიაში შედიოდნენ და ბოდიში მოგვიხადეს, ხოლო საკუთარი გადაწყვეტილება შემდეგნაირად ახსნეს, პრიზის აფრიკელი ფეხბურთელისთვის გადაცემა უფრო პოლიტიკური და მასმედიური ჟესტი იყოო.

ესპანეთში მსოფლიო თასით დაბრუნებულმა პირველად გავიაზრე, რა იყო "ჟურნალისტების ნადირობა", რადგან "ბარახასის" აეროპორტში ასობით კამერა ელოდა ჩვენს გამოჩენას. მონკლოასა და სერსუელას სასახლეში გამართული საზეიმო მიღება ძალიან ამაღელვებელი იყო.

– ძალიან მომწონს შენი თამაში, – ეს სიტყვები მითხრა მისმა აღმატებულებამ ხუან კარლოს |–მა ხელის ჩამორთმევისას.

ინიაკი საესისა და ჩემი გზები პორტუგალიის ევროპირველობაზე კიდევ ერთხელ გადაიკვეთა. თუმცა, ამ ტურნირზე ბედი არ მწყალობდა: ალბელდა–ბარახას დუეტმა პრიმერა დივიზიონში ბრწყინვალედ იასპარეზა და ტურნირზე შეუცვლელად სათამაშოდ განწირული იყო. სიმართლე გითხრათ, ძალიან დამწყვიტა გული იმ ფაქტმა, რომ ჩემპიონატზე ერთი წუთიც არ დავყავი მოედანზე.

არადა, გათამაშებას ჩინებულ ფორმაში შევხდვდი, "ბარსელონაში" კარგი სეზონი ჩავატარე, იქ ყველა მენდობოდა და ჩემი იმედი ჰქონდათ. ევროპის ჩემპიონატზე იგნორირება მხოლოდ მე როდი მწყენია.

ტეოდორო ნიეტო, რომელმაც ნაკრებში გამიხსნა გზა, მაშინ ეროვნულ გუნდში ანალიტიკოსად მუშაობდა, მეტოქეთა შესახებ ვიდეომასალის შეგროვება და მათი შესწავლა ევალებოდა. ერთხელ მან კარგად თქვა:

– არ მესმის, რატომ არ ათამაშებენ ევროპის საუკეთესო ნახევარმცველს!

– მეგობარო, ნუ ფანტაზიორობ, – ვპასუხობდი მე.

– შენ უბრალოდ არაფერი გესმის. როდესაც მოედანზე შეგიშვებენ, ყველაფერს მიხვდები.

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია! გვერდით ყოველთვის ისეთი ხალხი მყავდა, რომლებსაც ჩემი შესაძლებლობების უფრო სჯეროდათ, ვიდრე თავად მე. ერთ–ერთი ასეთი ადამიანი ხოსე ანტონიო კამაჩო იყო. ის პირველი გახლდათ, ვინც ეროვნულ გუნდში სისტემატურად მიძახებდა.

პირველ რიგში იმან გამაოცა, რომ ბურთის კონტროლსა და კვადრატის თამაშს ანიჭებდა უპირატესობას. მკაცრი იყო, მაგრამ შეგირდებთან ურთიერთობა არ უჭირდა.

მახსოვს, "ბარსაში" საქმეები კარგად არ მიმდიოდა, მაგრამ ჩემი და პუიოლის გვარი მუდამ გახლდათ ნაკრების განაცხადში. პირველად 2000 წლის ნოემბერში გამომიძახა. ამის შესახებ ტელევიზორის საშუალებით შევიტყე. აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე მანამდე საუბარი არ ყოფილა, თუმცა პრესიდან ვიცოდი, რომ გაფართოებულ სიაში ჩემი გვარიც ფიგურირებდა. მე და პუიოლს გვიხმო. უნდა ითქვას, რომ ჩვენი დებიუტი სევილიაში ჰოლანდიასთან მატჩში შედგა, რომელსაც ლუის ვან გაალი წვრთნიდა.

ამის სემდეგ "ფურია როხაში" სისტემატურად მიძახებდნენ, მაგრამ, როგორც კი გვარდიოლა გამოჯანმრთელდა, ნაკრების კარი ჩემთვის დაიხურა. თუმცა, კორეა–იაპონიის მუნდიალისთვის პეპმა ფორმაში შესვლა ვერ მოასწრო და კამაჩომ გუნდში დამაბრუნა. ჩემი პირველი მუნდიალი! რამხელა პატივია!

მსოფლიო პირველობაზე სამ მატჩში მივიღე მონაწილეობა. სლოვენიასთან არ მითამაშია, პარაგვაისთან 20 წუთი დავყავი მოედანზე, ხოლო სამხრეთ აფრიკასთან შეუცვლელად ვითამაშე. მერვედფინალში ირლანდიასთან მატჩში არ მიასპარეზია, სამხრეთ კორეასთან გამართულ მეოთხედფინალურ ორთაბრძოლაში კი მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში მივიღე მონაწილეობა.

კამაჩო ფსიქოლოგიური ზეწოლისგან გვიცავდა, რომელიც ყველა მხრიდან მოდიოდა. ამას იუმორის დახმარებით ახერხებდა. მაგალითად, ვარჯიშზე ორმხრივ მატჩშიდამარცხებულ გუნდს გამარჯვებული "საჩემპიონო კორიდორს" უკეთებდა და "ლუზერები" მოედანს ალიყურნათავაზებნი ტოვებდნენ. არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა კამაჩოსთან, რომელიც საკუთარ სამუშაოს სამართლიანობაზე, დისციპლინასა და პატივისცემაზე აგებდა. ხელმძღვანელობის აგრესიულ სტილზეც შეეძლო გადასვლა, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ აკეთებდა, ფეხბურთელის აზრზე მოყვანა თუ უნდოდა.

ძალიან სამწუხაროა, კორეა–იაპონიაში მეოთხედფინალს რომ ვერ გავცდით, რადგან მშვენიერი გუნდი გვყავდა. იმ კოლექტივს უფრო მეტის გაკეთება შეეძლო. ისეთიადამიანები, როგორებიც იერო, დე პედრო, კანისარესი, ვალერონი, ნადალი და ლუის ანრიკე არიან, გაცილებით მეტს იმსახურებდნენ.

იმ წელს ქვეყნის ჩემპიონატი მოვიგეთ, თუმცა წარმატებას გემო ბოლომდე მაინც ვერ გავუსინჯე. საქმე ისაა, რომ ვიტორიაში გამართულ შეხვედრაში, რომელშიც ოქროს მედლები მოვიგეთ, მონაწილეობა არ მიმიღია, რადგან ამ დროს დუბლებთან ერთად ალბასეტეში გახლდით.

ვან გაალის მხრიდან ეს კეთილი ნების გამომხატველი ჟესტი იყო დუბლებისადმი, რომლებიც სეგუნდაში ადგილის შენარჩუნებას ცდილობდნენ. მთავარმა მწვრთნელმა არ ისურვა ვიტორიაში ყველა იმ ფეხბურთელის წაყვანა, რომლებიც საჩემპიონატო განაცხადში იყვნენ, რადგან ეს მეტოქისადმი უპატივცემულობად შეიძლებოდა ჩაეთვალათ. თუმცა, რომ წაგვეგო, სასაცილო მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით.

არ მინდა რამეში დავძრახო, მაგრამ ფაქტია, რომ ჰოლანდიელს კიდევ ერთხელ არ ეყო ტაქტის გრძნობა. კაპიტანმა და ვიცე კაპიტანმა თხოვნით მიმართეს, რათა "ოქროს მატჩზე" ყველა წაეყვანა, ვისაც კი რამე წვლილი მიუწღვოდა ამ წარმატებაში, მაგრამ ვან გაალი შეუვალი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ საჩემპიონო მატჩში ჩირიჩს, როხერს, არნაუს და მე არ მიგვიღია მონაწილეობა, სონი ანდერსონმა მაისური შეგვინახა და ამ ჟესტით "ალავესთან" გამარჯვება და ეროვნული პირველობის მოგება ჩვენ მოგვიძღვნა. გარდერობის ამ დეტალს დღეს საპატიო ადგილი უკავია ანხელ მურის მუზეუმში.

ბედს უნდა შევგუებოდი და გადამწყვეტი მატჩისთვის ტელევიზორში მეყურებინა. ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა სათანადოდ არც კი აღმინიშნავს, რადგან მეორე დღეს 17 საათზე დუბლებში მქონდა თამაში. ჩემთვის ხასიათი საბოლოოდ რომ გაეფუჭებინა, "სალამანკა" ადგა და სამი უპასუხო გოლი გაგვიტანა.

იმ სეზონში უკვე მქონდა საკუთარი კარადა გასახდელში. გილერმო ამორისგან მერგო მემკვიდრეობით და ორივე მხრიდან "წმინდა ძროხის", ფიგუსა და გვარდიოლას ნავსაყუდელით იყო გარშემორტყმული. ეს ორი ფეხბურთელი, ლუის ენრიკესთან, აბელარდოსა და სერხისთან ერთად, გუნდის ლიდერად ითვლებოდა და ხელშეუხებელნი იყვნენ.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ახალბედად აღარ ვითვლებოდი, "ძველი გვარდიის" წარმომადგენელთა მხრიდან ჩემი მისამართით გაკეთებული ზოგიერთი კომენტარი უხერხულ მდგომარეობაში მაგდებდა. ძალიან კარგად მექცეოდნენ, მაგრამ განებივრებულიც არ ვყოფილვარ. ვარჯიშებზე სრული კონცენტრაცია მოგვეთხოვებოდა. რამე თუ არ გამოგდიოდა, პირველები "ბაბუები" გკარნახობდნენ და ჭეშმარიტ გზაზე გაყენებდნენ. ეს საფეხბურთო მაგისტრატურის დაჩქარებული კურსი გახლდათ.

ყველაფერთან ერთად, პირველი პროფესიონალური დასკვნები გამოვიტანე. ყველაზე რადიკალური შემდეგი გახლავთ: თუ გინდა რომ გუნდმა ეფექტურად იფუნქციონიროს, კოლექტივში ჯანსაღი კონკურენცია უნდა სუფევდეს. რა მინდა ამით ვთქვა, დღეს პროფესიონალური ფეხბურთის წარმოდგენა კონკურენციისა და პაექრობის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ ეს ყველაფერი ურთიერთპატივისცემისა და მეგობრული ოხუნჯობების თანხლებით უნდა ხდებოდეს.

18 წლის ბიჭისთვის ასეთი სწრაფი ტემპებით ზრდა იოლი არ არის. სწორედ მაშინ მივხვდი იმას, რომ მთავარ გუნდში თამაში თუ გინდა, ძლიერი უნდა იყო. ზრდა რთულია, ვარდნა – იოლი. ისიც გასათვალისწინებელია, რომ "ბარსაში" ჩემი ასაკის არავინ იყო, ვისაც რამეს გავუზიარებდი. ყველაზე ახალგაზრდები როხერი და არნაუ იყვნენ, მაგრამ ჩვენ შორის რამდენიმე წელი მაინც იყო სხვაობა ასაკში. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გასახდელის თილისმა ვიყავი. არა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არაფრად მაგდებდნენ. სავსებით ნორმალურია, რომ უფროსები თავიანთ თემებზე საუბრობდნენ და ჩვენი ერთიანობა არ ყოფილა ტოტალური.

ასე იყო თუ ისე, სადებიუტო სეზონში "ვალიადოლიდის" კარში გატანილი გოლის შემდეგ, კარგი პრესის პირველი პორცია მივიღე. ჟურნალისტებმა ვან გაალის მიერ მთავარი მწვრთნელის პოსტის შენარჩუნება ჩემს დამსახურებად ჩათვალეს და "მხსნელი" მიწოდეს. ამ ფაქტამდე ერთი კვირით ადრე პრეზიდენტი ნუნიესი გასახდელშიც კი ჩამოვიდა, რათა ფეხბურთელები დაეშოშმინებინა და ჰოლანდიელისადმი ნდობა გამოეხატა.

თუმცა, ხომ გაგიგიათ, ბოლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო. მინდა განვმარტო, რომ მაშინ გავრცელებული ხმები, თითქოს ამ გოლის გამო თანაგუნდელებმა მისაყვედურეს, ტყუილია. ასეთ ფაქტს თუ ჰქონდა ადგილი, ეს მხოლოდ ხუმრობა იყო და მეტი არაფერი.

ვან გაალი შეფასებებისა და ჩანაწერების კეთების მოყვარული იყო. თავის სახელგანთქმულ ბლოკნოტში თითოეული ფეხბურთელის გარჯის დონეს საზღვრავდა. მატჩის მეორე დღეს თამაშის განხილვა ჯერ კოლექტიურ ჭრილში ხდებოდა, ხოლო შემდეგ მწვრთნელი ინდივიდუალურ ანალიზზე გადადიოდა. ზოგჯერ, შეფასებისას, ძალიან უხეში იყო. საკუთარი სამართლიანობა ზღვრამდე დაჰყავდა და იყო შემთხვევები, როდესაც შეგირდებს უსამართლოდ აძლევდა შენიშვნებს. მახსოვს, კოვაჩევიჩის გოლის გამო მე და ფერნანდო ნავაროს გვიხმო თავისთან. მე უზუსტო გადაცემისთვის გამლანძღა, რომელსაც დე პედროს მიერ წამოწყებული კონტრშეტევა მოჰყვა, ხოლო ფერნანდოს იმის გამო მოხვდა, რომ ფლანგი ვერ გადაკეტა. ასე როგორ შეიძლება?! აღშფოთებას ვერ მალავდა ვან გაალი. ჩვენ კი თავდახრილნი ვუსმენდით.

უნივერსალიზმის არსს სწორედ ვან გაალთან მუშაობისას ჩავწვდი. 170 სანტიმეტრი სიმაღლის ფეხბურთელმა აბელარდოსთან ერთად ცენტრალურ მცველადაც მოვასწარი თამაში და განაპირა მცველადაც "ბენიდორმთან" მატჩში სამეფო თასზე. ძმებ დე ბურებს სწორედ ამ შეხვედრაში ჰქონდათ დებიუტი. მეორეს მხრივ, ჩვენთან კიდევ ერთი ადამიანი იყო, რომელიც უკვე მაშინ ამჟღავნებდა სამწვრთნელო ნიჭს. ჟოზე მოურინიუ ახალგაზრდებს ავარჯიშებდა და კატალონიის თასზე ზოგიერთ მატჩში თავად გაჰყავდა ხოლმე გუნდი მოედანზე. მაშინვე იგრძნობოდა, რომ ფეხბურთის შესახებ ყველაფერი იცოდა. 13 წლიდან აკვირდებოდა მამამისს და სპორტის ამ სახეობისთვის დამახასიათებელი ყველა ნიუანსი გათავისებული ჰქონდა. ძალიან მომთხოვნი იყო, მაგრამ ამავდროულად მეთოდურად განსწავლული.

მასში მტკიცე ხასიათი, სიამაყე და თავმოყვარეობა იყო გაერთიანებული, ასევე მწარე ენა და საკუთარი განსაკუთრებულობისთვის ხაზის გასმის სურვილი. რატომაც არ უნდა ვთქვათ ამის შესახებ! შესაძლოა, ბარსელონისტებს პორტუგალიელის ხასიათის სწორედ ეს ორი ბოლო მახასიათებელი ჩარჩათ გონებაში და ამის გამო ვერ იტანენ. თავის მხრივ, მოურინიუ ძალიან იმედგაცრუებულია მოღვაწეობის კატალონიური ეტაპით, რადგან აქ მის მიმართ ბევრი რამ ითქვა ისეთი, რაც საფუძველს იყო მოკლებული. ყოველთვის, როდესაც ჩვენს წინააღმდეგ თამაშობს, მასში რევანშის უდიდესი სურვილი ღვივის.

1999–2000 წლების სეზონიც მძიმედ დაიწყო ჩემთვის. ვან გაალმა 26 ნომერი დამიტოვა და ამით იმაზე მიმანიშნა, რომ დუბლებისკენ მიმავალი ლიფტის კარი კვლავინდებურად ღია იყო ჩემთვის. ასე იყო თუ ისე, პირველი ორი თვე რეგულარულად ვთამაშობდი, მაგრამ შვედურ "აიკთან" მატჩმა, რომელიც 2:1 მოვიგეთ, ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

მართალია, გავიმარჯვეთ, მაგრამ ყველაზე ცუდად სწორედ ამ შეხვედრაში გავისარჯე. მეორე დღეს ვან გაალმა ვარჯიშის დროს დამიძახა და მითხრა, იმედები გამიცრუე და მინდა, დუბლებში დაბრუნდეო. ვცდილობდი, ჰოლანდიელისთვის სიტუაცია ამეხსნა, ვეუბნებოდი, აქ მინდა დარჩენა, სეგუნდა ბ უკან გადადგმული ნაბიჯია ჩემთვის–თქო... მაგრამ, არა, ისეთ ასაკში ხარ, რომ ყოველ კვირა გჭირდება თამაშიო, – მიპასუხა მისტერმა.

და აი, "მინიზე" "ფიგუერესთან" ვთამაშობ. 0:2–ს ვაგებთ, მე კი საშინლად ვირჯები, საშინლად. ხუთი შეხებიდან ოთხი ბურთის დაკარგვით მთავრდება. პერსონალური მეურვე მომიჩინეს, რომელსაც თავი ვერაფრით დავაღწიე. სამშაბათს, მთავარი გუნდის ვარჯიშზე ვან გაალმა აღსარების სათქმელად გამომიძახა:

– აბა, როგორ ჩაიარა ორთაბრძოლამ?

– არც ისე კარგად, მისტერ, 0:2 წავაგეთ.

– შენ როგორ ითამაშე?

– ცუდად.

– ცუდად? ცუდად კი არა, საშინლად! მთელი მატჩი ვნახე, ამაზრზენად ითამაშე. გააგრძელე დუბლებსი თამაში.

მომდევნო დღეს ფილიალს "ნასტიკთან" ჰქონდა მატჩი. ის შეხვედრა 2:1 მოვიგეთ. კარგად ვითამაშე. ორშაბათს კვლავ მთავარი გუნდის ვარჯიშზე გავემგზავრე.

– როგორ მიდის საქმეები?

– ნორმალურად. მოვიგეთ და ვფიქრობ, კარგად ვითამაშე.

– არა, შენ ფენომენალურად ითამაშე, შეგიძლია ჩემს ჯგუფში დარჩე.

ჯგუფს ვან გაალი იმ ფეხბურთელებს ეძახდა, რომლებსაც თვალდახუჭული ენდობოდა. ამ გამოცდის ჩაბარება იმიტომ მაიძულეს, რომ გამოვწრთობილიყავი. მივხვდი, რომ "ბარსაში" არ შეიძლება ცუდი იყო. აქ სიტყვა კარგი არ ჭრის, აქ მხოლოდ საუკეთესოები თამაშობენ. დუბლებში აღარ აღმოვჩენილვარ.

ყველაფერთან ერთად, ვან გაალს ჰქონდა იმის საფუძველი, რომ გამოვეთათხე, რადგან წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპზე ერთ–ერთ ვარჯიშზე "ზენდენის დახმარებით" მხარი ვიტკინე. ბოლომ, ძველი დროის გახსენება გადაწყვიტა, როდესაც თავის ასაკობრივ ჯგუფში ჰოლანდიის ჩემპიონი იყო ძიუდოში და ისეთი ილეთი გამიკეთა, რომ მხრის სახსარი დამიზიანა.

გუნდის ექიმებს, რიკარდო პრუნოსა და ანხელ მურს, მოველაპარაკე, რომ ვან გაალისთვის ეთქვათ, თითქოს აბაზანაში დავეცი. მისტერმა, რა თქმა უნდა, ბოლომდე არ დაიჯერა, მაგრამ ჩვენ იმდენად ხატოვნად მოვუყევით ყველაფერი, რომ დაუჯერებელი ისტორია რეალობად იქცა. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და არაჩვეულებრივ ექიმს, რიკარდო პრუნოს, რომელიც დროთა განმავლობაში ჩემს უფროს ძმად იქცა, გულითადი მოკითხვა გადავცე.

ამ ისტორიიდან რამდენიმე თვე იყო გასული. სახლში ვარ, ღამე მომშივდა და მაცივარს მივადექი, რომ წამეხემსა. კარის გაღება და შუშის ჭიქის გადმოვარდნა ერთი იყო, ფეხის ცერა თითზე დამეცა. იმდენად ღრმა ჭრილობა მქონდა, რომ სისხლდენა ვერ შევაჩერეთ და მამა იძულებული გახდა სასწრაფო გამოეძახა. საავადმყოფოში შვიდი ნაკერი დამადეს თითზე.

როდესაც ეს ისტორია ვან გაალს მოვუყევი, ერთი სიტყვაც არ დაიჯერა.

– ძალიან იშვიათ ტრავმებს იღებ, თანაც, მოედანს მიღმა! ფეხი დისკოთეკაზე ცეკვისას დაიზიანე, – ბუზღუნებდა ვან გაალი. ამჯერად სიმართლეს ვამბობდი, მაგრამ მისტერმა აღარ იცოდა, რა ეფიქრა.

სახალისო ისტორიები იქეთ იყოს და სეზონი "ბარსასთვის" ტრაგედიით დასრულდა, როგორც სპორტული, ისე სოციალური თვალსაზრისით. უსამართლო კამპანია აგორდა ვან გაალის გადასაყენებლად, რომელიც მხარდამჭერების გარეშე დარჩა. გუნდში ჰოლანდიელს მომხრეებიც ჰყავდა და მოწინააღმდეგეებიც. რთული ხასიათი ჰქონდა, მომენტალურად პოლემიკაში შედიოდა ყველასთან, მათ შორის შეგირდებთანაც.

ვან გაალის წასვლა ინსტიტუციონალური კრიზისის შედეგი გახლდათ, რომელიც ნუნიესის მმართველობას უკავშირდებოდა. ყოველთვის მადლიერი ვიქნები მისტერის იმ რწმენისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩემდამი იჩენდა. არასდროს დამავიწყდება ის, რომ მთავარ გუნდში ათამაშების იმპულსი სწორედ მან მომცა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ხოსეპ გვარდიოლა
კავშირი ტეგთან: ხოსეპ გვარდიოლა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online