asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მილენ ფარმერი – ქალი ბავშვობის გარეშე
მილენ ფარმერი – ქალი ბავშვობის გარეშე
მილენ ფარმერი – ქალი ბავშვობის გარეშე

2010-11-11 16:39:27



20 წლის წინ მილენ ფარმერის პირველი დისკი გამოვიდა, დღეს კი ის ყველაზე პოპულარული ფრანგი მომღერალია. თანამედროვე შოუბიზნესისთვის ეგზოტიკური და იდუმალი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს. პირად ცხოვრებაშიც არავის ახედებს. გლამურულ ცხოვრებას არ ეწევა და ტელეგადაცემებს თავს არიდებს. მოკლედ, ის განსხვავებული ვარსკვლავია.
მილენის ბავშვობაში რაღაც საშინელება მოხდა, რომლის დავიწყებასაც ის მთელი ცხოვრება ცდილობს. თუ რა მოხდა, არ ამხელს, მაგრამ ამბობს, რომ 12 წლამდე მას არაფერი ახსოვს.
მარი ელენ გოტიე 1961 წლის 12 სექტემბერს მონრეალის შემოგარენში დაიბადა. მამამისი, მაქს გოტიე, ხიდების მშენებელ–ინჟინერი იყო, დედა მარგარიტა კი შვილების აღზრდით იყო დაკავებული. მილენს ჰყავს და და ორი ძმა. მიუხედავად იმისა, რომ მათი ოჯახი დიდი და ხმაურიანი იყო, მილენს ბავშვებთან ურთიერთობას მწერებთან ურთიერთობა ერჩია. ის კოლექციასაც აგროვებდა. სანამ კანადაში ცხოვრობდა, ქალთა მონასტერში სწავლობდა. როდესაც მამამისს სამუშაო კონტრაქტი ამოეწურა, ოჯახი საფრანგეთში დაბრუნდა და პარიზის შემოგარენში დასახლდა.
კანადიდან საფრანგეთში გადასახლებამ მილენი უფრო მეტად ჩაკეტა საკუთარ თავში. საფრანგეთის სკოლაში ის თანატოლებმა აბუჩად აიგდეს. აქცენტის გამო კანადელს ეძახდნენ. ამას დამატებული ჭორფლი და ბიჭური იერსახე კიდევ უფრო აძლიერებდა მიზეზს, რომ თანატოლებისგან გარიყულიყო.
როდესაც მას ჟურნალისტები ბავშვობის დეტალებს ახსენებენ, მომღერალი თავაზიანად იღიმის და არაფერს პასუხობს. "თითქმის არ მაქვს ბავშვური მოგონებები. ასე მგონია, რომ ავად ვიყავი. არ მახსოვს. არ მინდა, ჩემს მშობლებს ქვები ვესროლო, მაგრამ ჩანს, რომ მათი სითბო მაკლდა", – ამბობს მილენი.
ყველაზე ახლო ადამიანი მილენისთვის ბებია იყო, რომელიც პატარა ქალაქ შავილში ცხოვრობდა. მილენი მას წერილებს სწერდა, უყვებოდა ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდებოდა, რომ მისი ერთადერთი მეგობრები ის პარალიზებული ბავშვები იყვნენ, რომლებიც სახლის მახლობლად საავადმყოფოში ცხოვრობდნენ. მან იმდენი მოახერხა, რომ მთელი კლასი საავადმყოფოში წაიყვანა ექსკურსიაზე.
მილენი დღემდე რეგულარულად სტუმრობს ამ სპეციალიზირებულ საავადმყოფოს და ცდილობს, მცირეწლოვან პაციენტებს მდგომარეობა შეუმსუბუქოს. "ამ ბავშვების უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. არ შეიძლება, მათ ბოლო იმედები გავუცრუოთ და ვუღალატოთ. საერთოდ ღალატი კაცობრიობის ყველაზე საშინელი მოვლენაა. ასე მგონია, რომ მე ბავშვობაში ხშირად მღალატობდნენ", – ამბობს მომღერალი.
მილენი ადამიანებთან ადვილად ვერასოდეს ამყარებდა კონტაქტს, დიდ დროს ატარებდა ცხოველებთან და ვეტერინარობას აპირებდა. მისი საყვარელი ადგილი იპოდრომი იყო, სადაც ცხენით ჯირითით სერიოზულად იყო გატაცებული. თან ისე, რომ შეჯიბრებებშიც მონაწილეობდა. "გაინტერესებთ ჩემი პირველი კოცნა? ეს იყო ხელოვნური სუნთქვა მანეკენზე. სექსუალურია, ხომ? გაინტერესებთ, პირველად როდის გავიკეთე მაკიაჟი? 17 წლის ასაკში. პომადა თვალშიც მოვიხვედრე. პირველად როდის დავჯექი საჭესთან? ეს იყო ტყეში "რენოს" მანქანა. მართვის მოწმობა არ მქონდა და პოლიციამ გამაჩერა. თავის დასაძვრენად მოვიტყუე, რომ მეძავი ვიყავი და ვმუშაობდი. პირველი სიყვარულის ახსნა? ეს იყო ერთი ბიჭის წერილი, სადაც ეწერა, ამ ცხოვრებაში მხოლოდ შენ და ვარდი მყავხართო და შემდეგ იყო ჩემი და ვარდის შედარება. მას შემდეგ ვერ ვიტან შედარებებს და სიყვარულზე ლაპარაკს", – აღიარებს მილენი.
სკოლის წლებში ასაკისთვის შეუფერებელ წიგნებს კითხულობდა. დაინტერესებული იყო ფროიდით. ავსტრიელი მხატვრის, ეგორ შილეს რეპროდუქციების კოლექცია ჰქონდა, რომელიც ძირითადად სიკვდილს ხატავდა. მილენს უყვარდა სასაფლაოზე სეირნობა. ეს ბებიამ შეაყვარა.
მომღერალი ახლაც აღიარებს, რომ მუდმივად ფიქრობს სიკვდილზე. "საერთოდ არ მეშინია სასაფლაოების. ისინი ჩემთვის პირქუში და ტრაგიზმით აღსავსე არ არის. პირიქით, სრულ სიმშვიდეს ვგრძნობ. როდესაც ვგრძნობ, რომ ცხოვრებაში ორიენტაცია დავკარგე, მაშინვე მივდივარ სასაფლაოზე და ყველაფერი თავის ადგილზე დგება", – აცხადებს ფარმერი.
18 წლის მილენმა სწავლა მაშინ მიატოვა, როცა სკოლის დამთავრებას ორი დღე აკლდა და დენიელ მეზგიშის თეატრალურ კურსებზე ჩაეწერა, შემდეგ კი პოპულარული პარიზული დრამატული სკოლის "კურ ფლორანის" სტუდენტი გახდა.
მისი თანაკურსელები იხსენებენ, რომ მილენი ძალიან მორცხვი იყო სცენისათვის და საერთოდ გაუგებარი იყო, რატომ წავიდა სამსახიობო გზით, რაზეც მოგვიანებით მილენმა განაცხადა, რომ უბრალოდ სხვაგან თავს ვერ ხედავდა. "გავიგე, რომ ადამიანები კვდებიან მაშინ, როცა მათ ივიწყებენ. მეც გამიჩნდა შიში, რომ დავიკარგებოდი", – აღნიშნა ერთ–ერთ ადრეულ ინტერვიუში მილენმა.
სამსახიობო კურსებზე მილენი სამი წელი სწავლობდა. მშობლებს არ მოეწონათ შვილის ეს არჩევანი და დახმარების ხელიც არ გაუწვდიათ მისთვის. მას თავად უწევდა ფულის გამომუშავება და სწვლის ქირის გადახდა. მუშაობა თავიდან ფეხსაცმელების მაღაზიაში დაიწყო გამყიდველად. შემდეგ სტომატოლოგის მდივანიც იყო. ერთი პერიოდი გინეკოლოგის თანაშემწედაც მუშაობდა. მონაწილეობა მიიღო კატალოგ "იკეას" რეკლამაშიც, სადაც იაპონელებისათვის სარეცხ საშუალებებს უკეთებდა რეკლამას.
1984 წელს მილენმა გაიცნო 23 წლის ფრანგი მსახიობი და კომპოზიტორი ლორან ბუტონი, რომელიც იმ დროის პარიზის არისტოკრატიულ წრეებში ძალიან მიღებული პიროვნება გახლდათ. ლორანი კინორეჟისორობაზე ოცნებობდა და ეს საქმე კლიპის გადაღებით დაიწყო. თავის დაწერილ სიმღერაზე კლიპში მონაწილეებისათვის კასტინგი გამოაცხადა, სადაც მილენიც მივიდა.
კლიპი ძალიან თამამი, სექსუალური სცენებით გამოირჩეოდა და ტელევიზიამ მის გაშვებაზე უარი განაცხადა. თავად სიმღერამ კი ფრანგულ ჰიტპარადებში წამყვანი პოზიციები დაიკავა. სრულიად უცნობი გოგონას სასიმღერო მონაცემები ფრანგული საზოგადოებისათვის მისაღები აღმოჩნდა.
მილენი მიხვდა, რომ შეიძლებოდა, ამ სფეროში წარმატებისთვის მიეღწია. მან ღია წაბლისფერი თმა ღია წითლად შეიღება და სახელი შეიცვალა. ფარმერი 50–იანი წლების ამერიკელი კინოვარსკვლავის, ფრენსის ფარმერის პატივსაცემად დაირქვა, რომელმაც ძალიან ხანმოკლე და საშინელი ცხოვრება განვლო: სვამდა, მკურნალობდა ფსიქიატრიულ კლინიკაში და კიბოთი გარდაიცვალა.
თავისი კარიერის დასაწყისს მილენი ასე იხსენებს: "როგორც კი სიმღერა დავიწყე, მაშინვე წითლად შევიღებე თმა, რადგან ჩემი კანის ფერიც წითურია. ბუნებაში რაღაც შეცდომა მოხდა, წითელთმიანი უნდა დავბადებულიყავი".
1986 წელს მილენმა ხელი მოაწერა კონტრაქტს და მისი პირველი ალბომიც გამოვიდა, რომელიც ლორან ბუტონის სიმღერებზე შეიქმნა. ეს ორი ადამიანი ერთმანეთს ძალიან დაუახლოვდა. მათ ბევრი საერთო აღმოაჩნდათ. "ლორანი ჩემი ორეულია. ჩვენი ფანტაზიები აბსოლუტურად ჰგავს ერთმანეთისას. ერთადერთი საფრთხე, რომელიც ასეთი ადამიანების ურთიერთობაში არსებობს, ისაა, რომ შეიძლება თვითგანადგურებამდე მივიდნენ", – თქვა ერთხელ ფარმერმა.
მილენის სიმღერები სულ უფრო პოპულარული ხდებოდა, თავად მომღერალი კი კარგახანს ვერ რისკავდა სცენაზე გამოსვლას. ეს ალბომის გამოსვლიდან სამი წლის შემდეგ გაბედა, მანამდე კი მხოლოდ კლიპებში ჩნდებოდა. ლორანის მუსიკაზე სიმღერის ტექსტებს თავად წერდა.
1989 წლის 11 მაისს მილენი პირველად დადგა სცენაზე და ეს ნამდვილი ბომბის ეფექტის მომტანი აღმოჩნდა. ამით დაიწყო მისი ტურნე, რომლის ფარგლებშიც 80 კონცერტი ჩატარდა. ყოველ კონცერტზე მაყურებელი შტურმით იღებდა საკონცერტო დარბაზს. "ფინალური კონცერტის შემდეგ სერიოზული დეპრესია დამეწყო. ოთხი თვე ლოგინში ვიყავი ჩაწოლილი და ვერავისთან ვლაპარაკობდი. მე ყველაფერი გავაკეთე, რაც ჩაფიქრებული მქონდა, მაგრამ მივხვდი, რომ წარმატება და ბედნიერება ერთი და იგივე არ არის", – განაცხადა მომღერალმა.
პირველი წარმატებული ტურნეს შემდეგ მილენმა არც ერთი კომენტარი არ გააკეთა ჟურნალისტებთან, სამაგიეროდ მწერალმა პატრიკ მილომ მისი ბიოგრაფია დაწერა, რომელიც რეკორდული ტირაჟით გაიყიდა. მილენმა კი მას სასამართლოში უჩივლა. ხალხს თავისი საყვარელი მომღერლის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია აინტერესებდა, მაგრამ ის ყველასთვის ჩაკეტილი იყო.
1990 წელს მილენმა პირველად იმღერა დუეტი იმ დროისათვის უცნობ მომღერალ ჟან ლუი მიურთან. დუეტის გაჟღერებისთანავე გავრცელდა ხმები, რომ მილენი ბუტონს დაშორდა. შედეგად, ერთი წლის შემდეგ გამოვიდა ფარმერის კიდევ ერთი და ყველაზე პირქუში ალბომი, სახელწოდებით "სხვა". მაშინვე ალაპარაკდნენ, რომ მომღერალს თავს დაესხნენ და კლინიკური სიკვდილი გადაიტანა.
მილენს თავს მართლა დაესხნენ. იმ დროს, როდესაც მომღერალი ხმის ჩამწერ სტუდიაში მუშაობდა, იქ პისტოლეტით შეიარაღებული თაყვანისმცემელი შევარდა და თავის კერპთან ლაპარაკს მოითხოვდა. ხმის ჩამწერ სტუდიაში იარაღი გავარდა, მაგრამ, საბედნიეროდ, მხოლოდ მსუბუქად დაიჭრა მომღერლის მდივანი. "ეს ადამიანი ავად იყო. ის მთლიანად იყო შეპყრობილი ჩემი სიმღერებით. ძალიან ბევრი ვიფიქრე, თუ რა როლი ვითამაშე მის ცხოვრებაში, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი სიმღერები არაფერ შუაშია. მე ვმღერი საკუთარ შიშებზე, საკუთარ განცდებზე. ვისწავლე საკუთარი შიშებით ცხოვრება და მათ საშუალებას არ ვაძლევ, მე მმართონ. ვინც ჩემს სიმღერებს კარგად მოუსმენს, იმედია, საკუთარი თავის მართვას ისწავლის", – ამბობს მილენი.
ფარმერმა და ბუტონმა კიდევ ერთხელ სცადეს ურთიერთობის აღდგენა. რეჟისორმა საყვარელი ქალი სრულმეტრაჟიან ფილმ "ჯორჯინოში" გადაიღო. ფილმზე მუშაობა ოთხი წელი გაგრძელდა. ფილმის შექმნაში ბუტონმა და ფარმერმა საკუთარი 80 მილიონი ფრანკი ჩადეს, მაგრამ გაქირავებაში მხოლოდ 1,5 მილიონი ფრანკი მოიგეს. ფილმი არ ნახეს თვით მილენის თაყვანისმცემლებმაც კი. მათ ჩათვალეს, რომ ფილმი მუსიკალური იქნებოდა, სამსაათიანი კლიპის ყურება კი – მოსაბეზრებელი.
"ჯორჯინოს" წარუმატებლობამ ფარმერი და ბუტონი საბოლოოდ დააშორა ერთმანეთს. მილენი ლოს ანჯელესში გაემგზავრა, სადაც ჩაწერა თავისი ცნობილი ალბომი "ანამორფოსი". ფრანგი მომღერლის იმიჯზე მთელმა ჰოლივუდმა დაიწყო მუშაობა. მას ამერიკაში ბრწყინვალე კარიერა ელოდა, მაგრამ მოულოდნელად ისევ საფრანგეთს დაუბრუნდა, სადაც ბევრი უსიამოვნება დახვდა.
ერთ–ერთ კონცერტზე მილენი ორკესტრის ორმოში ჩავარდა და ხელი მოიტეხა. მოგვიანებით კი მისი უსაყვარლესი ძმა ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ამ უბედურების შემდეგ მილენმა ხუთი წლით შეწყვიტა სიმღერა. 2006 წლის 13 იანვარს კი, პაუზის შემდეგ, ის პირველად გამოჩნდა პარიზის სტადიონზე, რითაც 13 დღიანი კონცერტების ციკლი დაიწყო.
კონცერტების წინ მილენმა ყველანაირი პირობა დაარღვია და სატელევიზიო ინტერვიუზეც დათანხმდა. ფარმერმა ამდენი წლის შემდეგ პირველად ახადა თავისი ცხოვრების გარკვეულ დეტალებს ფარდა. მისმა თაყვანისმცემლებმა გაიგეს, რომ მომღერალს სახლში სარკე არ აქვს. რომ მისი ცხოვრების ერთადერთი თანამგზავრი მაიმუნი კაპუცინია, რომელიც უკვე 20 წელია, მასთან ცხოვრობს. გაიგეს, რომ თურმე მას კუჭის წყლული აქვს. "ვიცი, რომ ჩუმად ყოფნა ძალიან საშიშია. ვიცი, რომ ეს მომგებიანი არ არის მომღერლისთვის, მაგრამ რა ვქნა, არ შემიძლია საკუთარ თავზე ლაპარაკი. მე შოუბიზნესში ვმუშაობ, მაგრამ მისი ნაწილი არ ვარ. არასოდეს გავაკეთებ საკუთარი ცხოვრებისგან შოუს. ნება მომეცით, ისეთი ვიყო, როგორიც ვარ. მადლობელი ვარ, რომ ჩემი თაყვანისმცემლები ამ უცნაურობას მპატიობენ", – ასეთი კომენტარი გააკეთა მილენ ფარმერმა.
მომღერალმა ინტერვიუს დასასრულს განაცხადა, რომ ეს ინტერვიუ მის ცხოვრებაში ბოლო იქნებოდა. კითხვაზე, დაძლია თუ არა სიკვდილის შიში, მან განაცხადა: "არა. მე მუდამ ვფიქრობ სიკვდილზე. შეიძლება ისე არ მაშინებს, როგორც ადრე, მაგრამ სიკვდილზე ფიქრი მუდამ საინტერესოა".
მოამზადა ავთო ჩიტიძემ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online