asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

უბილეთო მგზავრი
უბილეთო მგზავრი
უბილეთო მგზავრი

2010-11-11 16:39:26



ხალხთა მეგობრობა

"არ დაიდარდო"–ს გადამღები ჯგუფი შერეული კოლექტივი იყო: ოპერატორების ჯგუფი და გახმოვანება – "მოსფილმიდან", რეჟისორთა ჯგუფი და ადმინისტრაცია – ქართველები, მაგრამ მეგობრულად ვმუშაობდით. დიდი ხანია შევნიშნე, რომ, როდესაც ადამიანები მუშაობენ, ნაციონალური პრობლემები არ წარმოიქმნება, მაგრამ გაუგებრობა ხდება.

როდესაც თბილისთან ახლოს, მთებში ვიღებდით, ვიღაცას საჭმელი თან მოჰქონდა, ვიღაც კი სადილად რესტორანში დადიოდა. რესტორნიდან იუსოვი და მისი ცოლი მობრუნდნენ და იუსოვი მეუბნება:

– ჩვენ მივდივართ, აღარ გვინდა აქ მუშაობა. თუ ქართველები რუსებს ასე ექცევიან, მე არ მინდა მათ შესახებ ფილმის გადაღება.

გაირკვა, რომ იუსოვმა რესტორანში ჯიგარი შეუკვეთა და უთხრეს, რომ არ ჰქონდათ. მერე შემოვიდა დათო ქართველ ასისტენტ ქალთან ერთად და მათ ჯიგარი მიართვეს.

– ვადიმ, ნუ გაცხარდები, – ვუთხარი მე, – რაღაც არ არის ისე. იქნებ ხაზეინს რამე აწყენინე?

– არაფერიც არ მიწყენინებია. უბრალოდ მე რუსი ვარ.

რესტორნის მეპატრონესთან მივედი.

– პატივცემულო, – მითხრა მან, – შეხედე მენიუს. იქ წერია: "ჯიგარი – 37 კაპ.", მე კი ჯიგარს ბაზარში ვყიდულობ, თითო პორცია მანეთი და სამოცი კაპიკი მიჯდება. ახლა ზედნადები, ისა, ესა... ორი მანეთი. ქართველმა იცის და ორ მანეთს იხდის. რუსმა ან ლატვიელმა არ იცის და იხდის, როგორც წერია. საჩუქარი რატომ უნდა გავუკეთო?!

მე ყველაფერი ვადიმს ავუხსენი. პირველად არ დამიჯერა. საღამოს კი ასეთი ექსპერიმენტი ჩავატარეთ: ვადიმი წავიდა სხვა რესტორანში და უთხრა ოფიციანტს, როგორც მე დავარიგე:

– რამე კარგი მომიტანეთ. ვიცი, რამდენიც ღირს.

და ოფიციანტი შეკვეთის შესასრულებლად გავარდა.

მეტად ვადიმ იუსოვს საქართველოში პრობლემა არ ჰქონია.

პრობლემა შეექმნა ევგენი ლეონოვს.

გორში ვიღებდით სცენას ხიდზე "ბენჟამენისა და ლუკას შეხვედრა ჯარისკაცთან". შესვენებაზე მე და ჟენია სასადილოში წავედით, შევუკვეთეთ სუპ–ხარჩო. ლეონოვს მაშინვე მიაჩერდა სასადილოში მყოფი მილიციელი, ასე, ორმოცდაათი წლის, გამხდარი, უთმო, დაჭმუჭნულ, ფერგადასულ სამოსში. პირდაპირ თვალებით ხვრეტდა. ლეონოვმა ვერ მოითმინა და იკითხა:

– რა იყო?

– მე შენ გიცანი!

ჟენიამ გაუღიმა – ის მიჩვეული იყო, რომ ცნობდნენ. მილიციელმა კი ნაგანი ამოიღო და ლეონოვს დაუმიზნა:

– ხელები მაღლა!

– გააფრინე?! – ვკითხე მე, – რეებს კადრულობ?!

– შენც, ხელები მაღლა! თორემ ვისვრი!

მე და ლეონოვმა ხელები ავწიეთ.

– სწრაფად, გარეთ! თორემ ვისვრი!

– წავედით, – ვეუბნები ჟენიას, – ერთიც ვნახოთ და ამ იდიოტმა მართლა ისროლა.

სასადილოდან ქუჩაში გამოვედით. წინ – მე და ლეონოვი აწეული ხელებით, უკან – მილიციელი ნაგანით. გამვლელები ჩერდებიან, ლეონოვს ცნობენ, იღიმებიან, ვიღაცამ ტაშიც შემოჰკრა. კინოშნიკები ერთობიან!

– ხელების ჩამოწევა შეიძლება? – ვკითხე მე.

– კრინტი! თორემ ვისვრი!

ასე შევედით განყოფილებაში.

– აი, ის, ვიპოვე! – მილიციელმა უფროსს მოახსენა.

– ისევ? – დაღლილი ხმით ჰკითხა უფროსმა, – შენ თვალები გაქვს? ფოტოსურათს შეხედე: ის გამხდარია, მაღალი, ეს კი... – უფროსი გაშტერდა, – მაპატიეთ, თქვენ მსახიობი ლეონოვი არ ხართ?

– დიახ, ეს ევგენი ლეონოვია, – ვუთხარი მე.

უფროსმა ხელები თავზე შემოირტყა:

– მაპატიეთ, ამხანაგო ლეონოვ! ეს იდიოტია! ეს კრეტინია!

და მილიციელს:

– შენ რეებს აკეთებ! გინდა, მე ჩამსვან? მომეცი აქ რევოლვერი! დაუყოვნებლივ! და იარაღის ტარების მოწმობა! აღარ გაქვს მოწმობა!

და ლეონოვს:

– ამხანაგო ლეონოვ, ათასი ბოდიში! ციხიდან განსაკუთრებით საშიში დამნაშავე გაიქცა, ეროვნებით რუსი. ამ ვირმა კი თავის მოწონება გადაწყვიტა, თქვენ უკვე მეხუთე რუსი ხართ, ვინც მოჰყავს! გუშინ მეცხრე კლასის მოწაფე მომიყვანა.

და მილიციელს დაუყვირა:

– რამდენჯერ უნდა გაგიმეორო, ვირო, რომ რუსი არ არის განსაკუთრებული ნიშანი! რუსი – ეს ეროვნებაა!

ხელქვეითის საქციელი რომ გამოესწორებინა, უფროსმა სადილად დაგვპატიჟა, თან თითო ჭიქის გადაკვრა გვთხოვა. დალევა არ შეგვეძლო – გადაღება გვქონდა. მაგრამ ხარჩოს გარდა სასადილოში შემწვარი გოჭი მოგვართვეს. (მილიციის უფროსი – ყველგან ფიგურაა).

...და კიდევ ერთი პატარა პრობლემა წარმოიქმნა, როდესაც ჩამოფრინდა ნასტია ვერტინსკაია (ნასტია – დედით ქართველი თავადიშვილი – ლევან–ზაქარიაძის ქალიშვილის როლს თამაშობდა). მე ნასტიას თბილისის აეროპორტში დავხვდი და, როდესაც დავინახე, შემეშინდა: მოსკოვში მოდაში შემოდიოდა მინი ქვედაკაბები და ნასტიამ ჩაიცვა არა უბრალოდ მინი, არამედ სუპერმინი. თბილისამდე მინის ჯერ არ ჩამოეღწია.

ნასტიას ხუთკაციანი დაცვა მაინც დასჭირდებოდა!

იქამდე ზაქარიაძეს და ვერტინსკაიას ერთმანეთი არ ენახათ. ქალიშვილისა და მამის სცენებს ჩვენ მონტაჟურად ვიღებდით, ზაქარიაძე ცალკე და ვერტინსკაია ცალკე, იმიტომ, რომ როდესაც ზაქარიაძეს ვიღებდით, ვერტინსკაიას სპექტაკლი ჰქონდა, ხოლო როდესაც ის გათავისუფლდა, ზაქარიაძე გადაღებაზე იტალიაში გაემგზავრა. და აი, როგორც იქნა, მამას და ქალიშვილს ერთმანეთი უნდა გაეცნოთ და ერთად გადაგვეღო.

როდესაც ზაქარიაძე რეპეტიციაზე სასტუმროში მოვიდა და ჩემს ნომერში დაინახა ნასტია თავისი მინი ქვედაკაბით, დერეფანში გამომიძახა და მკაცრად მკითხა:

– ვინ არის ის ქალი?

– თქვენი შვილი.

– რომელ საროსკიპოში გამოჩხრიკე?

– სერგეი ალექსანდროვიჩ, ეს ნასტია ვერტინსკაიაა, ალექსანდრ ვერტინსკის ქალიშვილი. ის ოფელიას თამაშობდა კოზინცევის "ჰამლეტში".

– ნასტენკა! – დათბა ზაქარიაძე, – მე ის ხელში მეჭირა, როცა პატარა იყო!

და მთხოვა:

– მაგრამ ქუჩაში ასეთ ფორმაში არ გაუშვა! და კიდევ – არავის უთხრათ, რომ ჩემს ქალიშვილს თამაშობს!

და მიმინომ მართლა დაუწესა დაცვა ნასტიას და დაცვის თითოეული წევრი მკაცრად გააფრთხილა: მსახიობს ფეხებზე არ შეხედონ!

ბედისწერა

ჩემთან მოვიდა ასე ორმოცი წლის მამაკაცი, გამეცნო და მითხრა, რომ მისმა ვაჟმა სკოლა დაამთავრა და კინოში მუშაობა სურდა. მამას კი უნდოდა, რომ მის ბიჭს მოსკოვის ჯგუფთან ემუშავა. რასაკვირველია, ესმოდა, რომ ყველა ადგილი დაკავებული იყო, მაგრამ თუკი დირექტორი თანახმა იქნებოდა, ის თვითონ გადაუხდიდა შვილს ხელფასს. დავთანხმდი.

მეორე დილით გადასაღებ მოედანზე გამოცხადდა გამხდარი ვაჟი ცისფერი თვალებითა და გრძელი, შავი თმით. ისეთი ლამაზი, ალენ დელონს ჩაისვამდა ჯიბეში! თავაზიანი, დაუზარელი. სიამოვნებით აკეთებდა ყველაფერს, რასაც ავალებდნენ, რადგან კონკრეტული მოვალეობები არ ჰქონდა, უფრო ხშირად იქვე იჯდა, ეწეოდა და გვაკვირდებოდა. თბილისში გადასაღებად ჩამოვიდა ნასტია ვერტინსკაია. გადაღების შემდეგ მან მითხრა, ყურადღება მიმექცია გრძელთმიანი ყმაწვილისთვის, ის ანაშას ეწეოდა. მეორე დღეს, შესვენებაზე, ბიჭი გვერდზე გავიყვანე:

– შენ რა, ნარკოტიკს ეწევი?

– დიახ, – მითხრა მან.

– რატომ? ეს ხომ მავნეა.

– მე მინდა, ვიყო რეჟისორი.

– რა შუაშია?

– ნამდვილი რეჟისორი უნდა იღებდეს ნარკოტიკს.

– ეს არ არის ფაქტი, – ვუთხარი მე, – მე, მაგალითად, არასოდეს მიმიღია. რატომ მიტრიალდი?

– გეორგი ნიკოლაევიჩ, – თქვა ბიჭმა, – გულწრფელად გეტყვით, რა რეჟისორი თქვენ ხართ!

და მან გამანდო, რომ ჯერ საბოლოოდ არ გადაუწყვეტია, გახდეს თუ არა რეჟისორი. შეიძლება წავიდეს ინდოეთში და გახდეს ბუდისტი. "ღმერთო, – გავიფიქრე მე, – რამდენი ნაგავია ამ ბიჭის თავში!".

ჩვენს გადამღებ ჯგუფთან მუშაობის შემდეგ ის ბიჭი "გრუზია–ფილმში" აიყვანეს. მუშაობდა რეჟისორის თანაშემწედ, რეჟისორის ასისტენტად, ზოგჯერ იღებდნენ. მე ის ვნახე ტიტო კალატოზოვის (მიხეილ კალატოზოვის შვილის) დეტექტივში – იქ ჩვენი ბიჭი ვიღაც გაბურძგნულ წვეროსანს თამაშობდა.

ერთი წლის შემდეგ ჩემს მოსკოვის ბინაში გაისმა ზარი. გავაღე. დგას აკურატული ახალგაზრდა კაცი, გარეგნობით – ახალგაზრდა დიპლომატი: კოსტიუმში, თეთრ პერანგში, ჰალსტუხში და მოკლედ თმაშეკრეჭილი. ის ბიჭი იყო. ვგიკ–ში ჩასაბარებლად ჩამოვიდა და ჩემთან კონსულტაციის გავლა უნდოდა.

– ეს კი თქვენ, – მან სკამზე დადო კოლოფში მოთავსებული ძვირფასი კონიაკები, – მამამ მთხოვა, გადმომეცა!

– კონსულტაციისთვის მოდი, – ვუთხარი მე, – ეს კი წაიღე.

კოლოფი დავუბრუნე და ის ქვევით, კიბეზე დაეშვა. ორი მარშიც არ ჩაევლო, რომ ჩემს სართულზე ლიფტი გაჩერდა და იქიდან გამოვიდნენ ბონდარჩუკი და ჩეხეთის ელჩი. მე კი გრამი დასალევი არ მაქვს!

– ეი! – დავუყვირე ბიჭს, – მომიცადე!

დავეწიე და ორი ბოთლი გამოვართვი (პირველი და უკანასკნელი ქრთამი ჩემს ცხოვრებაში).

– ხვალ გამოიარე, დაგიბრუნებ.

მაგრამ ის არ მოვიდა და მე ის არასოდეს მინახავს. ყური მოვკარი, თითქოს ვგიკ–ში მოხვდა, მაგრამ არ დაუმთავრებია და თბილისში დაბრუნდა. მერე მომიყვენ, თითქოს რაღაც პერიოდის შემდეგ ის მოძღვარი გახდა, ეკლესიაში მსახურობდა. მერე კი საკუთარ თავზე აიღო სერიოზული პოლიტიკური დანაშაული (ამ ისტორიას არ მოვყვები – ბევრისთვის ძალიან მტკივნეული თემაა) და ის დახვრიტეს. ნეტავ მართლა ინდოეთში წასულიყო, ცისფერთვალა...

ამარკორდი

ფილმი "არ დაიდარდო!" პირველმა, როგორც ყოველთვის, ნახა ტექნიკური კონტროლის განყოფილებამ. ფილმს აბარებდა ხმის ოპერატორი ინნა ზელენცევა. ჩვენების შემდეგ მოვიდა და თქვა:

– მინერვინმა თქვა, რომ გენიალური სურათია.

სასიამოვნოა. მინერვინი გამოცდილი ხმის ოპერატორია.

ფილმი სხვებსაც მოეწონათ. "არ დაიდარდო!" არ მოეწონა მხოლოდ სამ ადამიანს – ერთ მხატვარ მანდილოსანს და ორ კინორეჟისორს – ლეონიდ გაიდაის და სერგო ფარაჯანოვს.

გაიდაისთან ვმეგობრობდი. მომწონდა ის, რასაც გაიდაი აკეთებდა ("ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას", "ბრილიანტის ხელი" და ა. შ.). მას ჰქონდა განსაკუთრებული ნიჭი. ხშირად ცილს სწამებდნენ, რომ ის ახალს არაფერს იგონებდა, მხოლოდ იღებდა და იყენებდა მუნჯი კინოს ტრიუკებს, მაგრამ ბევრი შეეცადა მუნჯი კინოს ტრიუკების გამოყენებას და არავის, გაიდაის გარდა, არაფერი გამოსვლია.

კინოს სახლში ჩვენების შემდეგ მან მითხრა, რომ ტყუილად ავურიე ორი ჟანრი – შენს ფილმში ადამიანები რომ არ იხოცებოდნენ, შეიძლებოდა კარგი კომედია გამოსულიყოო.

სერგო ფარაჯანოვმა დამირეკა და მკითხა, სად შეიძლება ვნახო "არ დაიდარდო"–ო. მას აინტერესებდა, როგორ მოვახერხე ფრანგული მასალის საქართველოში გადმოტანა. მე სამონტაჟოში პატარა დარბაზი შევუკვეთე და მე და სერგომ ერთად ვნახეთ ფილმი. მერე ის დიდხანს იყო ჩუმად, და ბოლოს გამოტყდა:

– გული არ გაიტეხო. ყველა შემოქმედს აქვს წარუმატებლობის უფლება.

მე გული არ გამიტეხია. ფარაჯანოვს არ შეიძლებოდა მოსწონებოდა "არ დაიდარდო!": ის აბსოლუტურად სხვანაირად აზროვნებდა.

სამაგიეროდ ჩემი შემდეგი ფილმი "სულ დაღუპული" ფარაჯანოვმა ცაში აიყვანა. ის ამტკიცებდა, რომ ეს არის შედევრი, მაჩუქა ხატი და ნოხი (საერთოდ უყვარდა საჩუქრების გაკეთება) და თქვა, რომ თვითონ, საკუთარი ხელებით გააკეთებს პრიზს ამ ფილმისთვის. დაიწყო კიდეც პრიზის გაკეთება, მაგრამ ვერ მოასწრო – ციხეში მოხვდა.

როცა იქიდან გამოვიდა და ერთმანეთს შევხვდით, პირველი, რაც მითხრა:

– შენი მოვალე ვარ, ჩემგან პრიზი გეკუთვნის.

ვუთხარი, რომ არ იყო საჭირო. წინაზე დაიწყო გაკეთება და ციხეში ამოყო თავი, გამოდის, პრიზი ცუდი ნიშანია.

ოთხმოცდაცამეტ წელს რიმინში ფესტივალზე ვიყავი ფილმით "ნასტია". კინოსურათი კონკურსის წესით არ გადიოდა და დასკვნით ცერემონიაზე მშვიდად ვიჯექი – ფილმისთვის არანაირი ჯილდო არ იყო გათვალისწინებული.

უცებ სცენაზე ავიდა ჩემი მეგობარი, ცნობილი სცენარისტი ტონინო გუერა და იტალიურად რაღაცის ლაპარაკი დაიწყო. ჯერ გავიგე "ფელინი", მერე – "ფარაჯანოვი", მერე – "დანელია გრანდა რედჟისტა". მერე ყველამ დაუკრა ტაში და ტონინომ სცენაზე გამომიძახა, გადმომცა რაღაც კოლოფი და მთხოვა, რომ გამეხსნა და დარბაზისთვის მეჩვენებინა. გავხსენი და ვაჩვენე. დარბაზმა ისევ დაცხო ტაში. კოლოფში იდო პატარა ვერცხლის მედალიონი – ღვთისმშობელი მარიამი. თავი დავუკარი, გულითადი მადლობა გადავუხადე ტონინოს და გაურკვევლობაში მყოფი დარბაზში ჩავედი (მაშინ, ჩვენი ოცდაათწლიანი მეგობრობის შემდეგ პირველად – ტონინო თავისი ცოლის, ლორას გარეშე იყო, რომელიც ყოველთვის თარგმნიდა მის სიტყვებს.). მხოლოდ ცერემონიის მერე ლორამ ამიხსნა: ციხეში ფარაჯანოვი აგროვებდა ფოლგის თავსახურებს, რომლებიც მაშინ რძის ბოთლებს ეხურა. ის მათ მედალიონად წნეხავდა და ლურსმნით მედალიონზე ჭედური ნაკეთობა გამოჰყავდა. ერთი ასეთი მედალიონი მან აჩუქა ტონინო გუერას. ტონინომ მედალიონი ვერცხლში ჩამოასხა და აჩუქა თავის მეგობარს ფედერიკო ფელინის, ვისთვისაც ბევრი სცენარი ჰქონდა დაწერილი. იმ მომენტისთვის ფელინი ავად იყო და საავადმყოფოში იწვა. მან უთხრა ტონინოს:

– მოდი, ამ მედლისგან გავაკეთოთ პრიზი, დავარქვათ "ამარკორდი" და მისი გადაცემა დავაწესოთ რიმინის ფესტივალზე – ქალაქში, სადაც ჩვენ გავიზარდეთ და სადაც გადავიღეთ ფილმი "ამარკორდი". ეს იქნება ჩვენი პრიზი.

ტონინომ უამბო ფელინის, რომელი ფილმები მონაწილეობდნენ ფესტივალის კონკურსში და რომელი რეჟისორები ჩამოვიდნენ. ფელინიმ პრიზის ჩემთვის გადაცემა შესთავაზა.

– მაგრამ შენ ხომ არ გინახავს ფილმი, რომელიც დანელიამ ჩამოიტანა, – თქვა გუერამ.

– არც არის საჭირო. მე ვნახე "არ დაიდარდო!", ჩემთვის საკმარისია.

ასე მივიღე პრიზი "ამარკორდი" ფელინისგან სურათისთვის "ნასტია", რომელიც მას არ უნახავს, მაგრამ უყვარდა ფილმი "არ დაიდარდო!" და ფარაჯანოვისგან – ფილმისთვის "არ დაიდარდო!", რომელიც მას არ მოსწონდა.

მაესტრო

80–იანი წლების დასაწყისში რომში ჩატარდა ბიენალე (ფესტივალი), სახელწოდებით "მე ქურდი". ყველა მოწვეულ რეჟისორს (რეჟისორები კი ბევრი ქვეყნიდან იყვნენ) უნდა დაესახელებინა მაესტროს სახელი, ვისმა ფილმებმაც გავლენა მოახდინეს მის შემოქმედებაზე, აჩვენოს ფრაგმენტები მისი ფილმებიდან, ახსნას, რაში მდგომარეობს ეს გავლენა და აჩვენოს საკუთარი ფილმი.

საბჭოთა კავშირიდან ბიენალეზე დაპატიჟეს ბონდარჩუკი, ტარკოვსკი და მე (მე იმიტომ, რომ ვენეციის ფესტივალზე ჩემი ფილმი "შემოდგომის მარათონი" აღიარებული იყო, როგორც საუკეთესო).

მე ჩემს კერპად დავასახელე ფედერიკო ფელინი და ვთხოვე, ეჩვენებინათ ორი ნარკვევი მისი ფილმიდან "რვანახევარი" და ჩემი – "შემოდგომის მარათონი". ძალიან გამიკვირდა, როდესაც აღმოჩნდა, რომ დაპატიჟებულებიდან ფელინი დავასახელე მხოლოდ მე. დანარჩენებმა, როგორც ჩანს, ორიგინალობა გადაწყვიტეს და დაასახელეს რეჟისორები, ვისი სახელიც ცოტამ იცოდა. ეს ტონინო გუერამ მითხრა, ის და ლორა აეროპორტში დამხვდნენ. და კიდევ ტონინომ მითხრა, რომ ფელინი აპირებდა საღამოს ჩვენებაზე მოსვლას.

– არ არის საჭირო, – ვთქვი მე, – თუ მეცოდინება, რომ ფელინი დარბაზშია, სიტყვის თქმა გამიჭირდება, გავიჭედები (ასეთი რამ მომსვლია. თუკი გადაღებაზე მოდიოდა დედაჩემი, ვიჭედებოდი და ორი სიტყვის გადაბმას ვერ ვახერხებდი).

ტონინო დამპირდა, რომ ფელინის ჩემს თხოვნას გადასცემდა.

საღამოს სასტუმროში გამომიარა ვალერა ნარიმოვმა (იტალიაში "სოვექსპორტფილმის" წარმომადგენელმა) და კინოთეატრში მივედით. უცებ ვეკითხები (ინტუიციამ თუ მიკარნახა):

– ვალერა, შეამოწმე, ახლავს თუ არა "შემოდგომის მარათონს" სუბტიტრები.

– რასაკვირველია! ის ხომ გვქონდა ვენეციაში!

– მოდი, შევამოწმოთ.

გავჩერდით, საბარგულიდან კოფრი ამოვიღეთ, გავხსენით კოლოფი, ფირი გადავახვიეთ.

ინტუიციამ არ მომატყუა – სუბტიტრები არ იყო. ვიღაცამ რთული სამუშაო შეასრულა: სუბტიტრებიანი ფირი ვენეციიდან მოსკოვში წაიღო, რომში სხვა ჩამოიტანა, სუბტიტრების გარეშე. რა გავაკეთო?! დარბაზი სინქრონული თარგმანისთვის არ არის მოწყობილი, "შემოდგომის მარათონის" სუბტიტრების გარეშე ჩვენება უაზრობაა...

იქვე გამახსენდა, "სოვექსპორტფილმის" წინა წარმომადგენელი ამბობდა, რომ "არ დაიდარდო!" იტალიური სუბტიტრებით ჰქონდა ნანახი. მოვაბრუნეთ მანქანა, წავედით, მოვძებნეთ კოფრი ფილმით... და ბიენალეზე "შემოდგომის მარათონის" ნაცვლად "რვანახევარის" ფრაგმენტების ჩვენების შემდეგ გავიდა "არ დაიდარდო!".

მეორე დღეს, დილით, დამირეკა ფელინიმ და მადლობა მითხრა მისი მისამართით თქმული თბილი სიტყვებისთვის. და შეაქო ჩემი ფილმი (აღმოჩნდა, რომ მან არ დაუჯერა ტონინოს, მოვიდა ჩემს საღამოზე და უყურა "არ დაიდარდო!"–ს). უკვე აეროპორტში (მე იმავე დღეს მივფრინავდი) ტონინომ და ლორამ გადმომცეს საჩუქარი ფელინისგან – მისი ორი ნახატი.

ახლა ეს ნახატები ოთახში ყველაზე საპატიო ადგილზე მიკიდია, ყველაზე ლამაზ ჩარჩოებში. თვითონ მაესტროს კი ვერ შევხვდი.

მე მადლობელი ვარ მისი, ვინც წაიღო ფირი "შემოდგომის მარათონი". "შემოდგომის მარათონი" არ არის ცუდი ფილმი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის ისე არ მოეწონებოდა ფელინის, როგორც "არ დაიდარდო!" და მერე მე არ მივიღებდი "ამარკორდს" – ყველაზე მნიშვნელოვან პრიზს ყველა ჩემი პრიზიდან.

სხვათა შორის. ხშირად ვხედავ ერთსა და იმავე სიზმარს: მეუბნებიან, რომ ვერ ჩავაბარე რაღაც გამოცდა და საიდანღაც გამრიცხავენ. საიდან – არ ვიცი, მაგრამ ყოველ ჯერზე გაწბილებული ვიღვიძებ.

მგონი, ვიცი, რატომ მომეწება ეს სიზმარი. მე ვიხედები უკან და ვხვდები – რამდენი დამთხვევაა ჩემს შემოქმედებაში! ავიღოთ თუნდაც ის ოთხი ფილმი, რომლებიც მე დავწერე – თითოეული მათგანი შემთხვევითობების ჯაჭვის შედეგად გაჩნდა. დანარჩენი ათიც ასევე (ფელინიმაც კი "არ დაიდარდო!" სრულიად შემთხვევით ნახა).

როდესაც ჩემს შემოქმედებას აქებენ – არ დაგიმალავთ, მსიამოვნებს, მაგრამ ამასთან ერთად თავს ტრამვაიში მჯდარი უბილეთო მგზავრივით ვგრძნობ: აი, ახლა შემოვა კონტროლიორი, დამაჯარიმებს, შემარცხვენს და ჩასვლას მომთხოვს!

ვერიკოს სახლი

ვიღაც ჩემს საუკეთესო ფილმად თვლის "დავდივარ მოსკოვის ქუჩებში", ვიღაც – "შემოდგომის მარათონს", ვიღაც "ქინ–ძა–ძას" ან "ცრემლები ცვიოდა"–ს, მაგრამ უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ჩემი საუკეთესო ფილმია "არ დაიდარდო!": "შენ, დანელია, ქართველი ხარ, იმიტომაც გამოგივიდა".

არ ვიცი, შეიძლება ასეცაა.

ომამდე დედას ყოველ ზაფხულს ჩავყავდი თბილისში და მე დედაჩემის დის, ვერიკო ანჯაფარიძის სახლში ვცხოვრობდი.

ვერიკოს სახლი მოსახვევში, გორაკზე იდგა, რომლის სახელწოდება ასე ითარგმნება: "ფიქრის გორა". ვერიკოს ქმარმა, ძია მიშა ჭიაურელმა, ეს სახლი იმ ადგილზე ააშენა, სადაც პირველად აკოცა ვერიკოს.

ვერიკოს სახლი ორსართულიანი იყო, დიდი მისაღებით, მოასფალტებული ვერანდით მეორე სართულზე და ეზოთი, სადაც ხარობდა ორი ხე, კაკალი და ალუბალი. ქვევით, ხრამში, ვერა–რეჩკა მირბოდა, მეორე ნაპირზე – ღობე და ხეები. ზოოპარკი. ეზოში ცხოვრობდა კავკასიური ნაგაზი ბუთხუზი.

ზაფხულში, როცა ცხელოდა, მე და ჩემს ბიძაშვილებს, რამაზსა და ჯიუს, დასაძინებლად ვერანდაზე გვაწვენდნენ: ასფალტზე პირდაპირ დებდნენ ლეიბებს. ჩვენ ვიწექით და ვარსკვლავებს ვუყურებდით. რამაზი გვაჩვენებდა პოლარულ ვარსკვლავს, დიდ დათვს, მეძებარი ძაღლების თანავარსკვლავედს... ვარსკვლავები თბილისის ცაზე გაცილებით დიდი და კაშკაშაა, ვიდრე მოსკოვში – სამხრეთი!

ქვევით, ხრამში, ვერა–რეჩკა ხმაურობდა და დროგამოშვებით ისმოდა მხეცების ღრიალი. ხშირად მესიზმრებოდა, რომ ზოოპარკიდან გამოიპარა ლომი და ახლა ჩვენთან მოდის. მეღვიძებოდა, მაგრამ არ მეშინოდა – ჩემ გვერდით ჩემი ძმები იწვნენ.

მოპირდაპირე სახლის ფანჯარაში კი ჩანდა გოგონას სილუეტი – ის როიალზე უკრავდა.

ასეც დამამახსოვრდა: ვარსკვლავები, ძმები, შოპენის ვალსი და აკაციის სურნელი. ბავშვობა...

ახლა ვერიკოს სახლი აღარ არის. ასფალტირებული ვერანდა აღარ არის – ქმრის სიკვდილის შემდეგ ვერიკომ მეორე სართული გაყიდა. მისი სიკვდილის შემდეგ სოფიკოს გამოსყიდვა უნდოდა, მაგრამ მეპატრონე არ დათანხმდა და სოფიკომ დააშენა მესამე სართული. ის იქ ოჯახთან ერთად ცხოვრობს – ქმართან, კოტე მახარაძესთან და ბავშვებთან. პირველ სართულზე კი სოფიკომ ვერიკო ანჯაფარიძის და მიხეილ ჭიაურელის მუზეუმი და ერთი მსახიობის თეატრი მოაწყო. კაკალი და ალუბალი აღარ არის, ეზოში პატარა აუზი გააკეთეს. ხრამი დიდი ხანია არ არის, ვერა–რეჩკაც არ არის – ის მიწის ქვეშ, მილში შეაგდეს, მის ადგილზე კი დღეს განიერი ქუჩაა...

ადრე ვერიკოს სახლში ცხოვრობდნენ ვერიკო, ძია მიშა ჭიაურელი, მათი შვილები რამაზი და სოფიკო, ჯიუ – დედაჩემის გარდაცვლილი ძმის შვილი, ოთარი – ძია მიშა ჭიაურელის შვილი პირველი ქორწინებიდან, ძია მიშას უფროსი და – მსუქანი ნატაშა, ძია მიშას ბიძაშვილი ანიკო, მოახლე ნიურა, სოფიკოს ბონნა, მეტსახელად ლაპუპედორი და ვერიკოს თაყვანისმცემელი კოჭლი თინა.

ბებია (ვერიკოს და დედაჩემის დედა), რომელსაც ერქვა ბუთა, ცალკე ცხოვრობდა, მაგრამ ორმოცდაორში, როდესაც წაიქცა და თეძო მოიტეხა, ისიც ვერიკოს სახლში იწვა. ხშირად იყვნენ სხვა ნათესავებიც: დედაჩემის შუათანა ძმა ლევანი, მისი შვილი თემური, ჩემი ასაკის, მისი ქალიშვილი ქეთი – სოფიკოს ასაკის, ბებიაჩემის დისშვილები – ძმები ივაშჩენკოები და მიშურკა – თოჯინების თეატრის მსახიობი. ღამეს არ ათევდა, მაგრამ სისტემატურად იქ იმყოფებოდა მიხეილ ჭიაურელის მძღოლი ზარგარიანი, მეტსახელად პროფესორი. ყოველ საღამოს მოდიოდნენ ვერიკოს თეატრის მსახიობები, კინოსტუდიის თანამშრომლები და შორეული ნათესავები, რომლებიც ომის დროს კომენდანტის საათის გამო ღამითაც რჩებოდნენ...

სიბერეში, როგორც ჭოგრიტში, ისე ჩანს ყველაფერი – რაც უფრო შორს, მით უკეთესად...

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: გიორგი დანელია
კავშირი ტეგთან: გიორგი დანელია
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online